სისხლიანი ფეხბურთი: დიდი ტრაგედიებით დასრულებული სპორტული ზეიმი - ჭყლეტა თბილისში, დაწყევლილი რეისი და 5 ტყვია ავტოგოლის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

სისხლიანი ფეხბურთი: დიდი ტრაგედიებით დასრულებული სპორტული ზეიმი - ჭყლეტა თბილისში, დაწყევლილი რეისი და 5 ტყვია ავტოგოლის სანაცვლოდ

ფეხბურთი სამწუხაროდ ყოველთვის სიხარულთან არ ასოცირდება, ბევრი ტრაგედია დატრიალებულა მწვანე საფარზე და მის გარეთაც. სწორედ ამ სამწუხარო ინციდენტების შესახებ გიამბობთ.

პრინციპული მატჩი ტრაგედიით დამთავრდა

66 წლის წინ, 1954 წლის 4 აპრილს, თბილისში გაიმართა "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრა, რომელიც თბილისელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

"1954 წლის 4 აპრილს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გახსნის მატჩამდე, თბილისის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დაიღუპა. 35-ათასიანმა სტადიონმა ყველა მსურველი ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ჭყლეტაში გარდაიცვალა", - წერს სპორტული მიმომხილველი აკსელ ვართანიანი.

1586030879-91782822-3407828382567050-6691118529552318464-n-1755844910.jpg

აკსელ ვართანიანი ქართველების მაშინდელი განწყობების მიზეზებსაც იხსენებს: "1953 წლის ბოლოს, კომუნისტური პარტიის მმართველების გადაწყვეტილებით, თბილისელებს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლება წაართვეს და ჩემპიონად "სპარტაკი" გამოაცხადეს. ქართველი ფეხბურთელებისთვის ხელისუფლების მიერ წართმეული საჩემპიონო შანსის შემდეგ ეს პრინციპული მატჩი იყო. უკიდურესად დიდი იყო მათი მოტივაცია, სპორტული თვალსაზრისითაც უპირატესობა ჰქონდათ (გაზაფხულზე სამხრეთის გუნდები უკეთ გამოიყურებოდნენ), გადაჭედილი ტრიბუნები კი, მათთვის ძლიერმოქმედი დოპინგის როლს ასრულებდნენ... დედაქალაქისკენ საქართველოში მცხოვრები ლამის ყველა მამაკაცი დაიძრა. მსურველთა რაოდენობამ ტრიბუნების ტევადობას ბევრად გადააჭარბა. უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ - 200 ათასს, 350 ათასს და სრულიად წარმოუდგენელ 500 ათასსაც. უბილეთო ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფი სტადიონის ერთადერთ შესასვლელს მიაწყდა გენერალური იერიშიც მალევე დაიწყო. ადამიანურ სტიქიასთან გამკლავება ვერც მილიციის რაზმებმა შეძლეს. მასას ვერც რკინის ღობეებმა გაუძლო და დიდი ზეწოლის შემდეგ ჯართად გადაიქცა. წარმოუდგენელმა ჭყლეტამ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიწირა. ტრაგედიის შესახებ რამდენიმე საათში ინფორმაცია უცხოურმა რადიოსადგურებმა გაავრცელეს. ჰყვებოდნენ დეტალებზე, 60 ან 70 გარდაცვლილზე".

დაწყევლილი რეისი

2016 წლის 28 ნოემბერს ბრაზილიური, მსოფლიოში არცთუ ისე ცნობილი გუნდი "შაპეკოენსე" კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ კოლუმბიაში "ატლეტიკო ნასიოლთან" მიფრინავდა. მაშინ 71 კაცი დაიღუპა LAMIA AIღLINEშ 2933-ე რეისის კატასტროფისას. ბორტზე 77 კაცი იყო. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი, 19 ფეხბურთელი, სამწვრთნელო და კლუბის თანამშრომლები, 2 სტუმარი და 21 ჟურნალისტი. გადარჩა 6 კაცი - სამი ფეხბურთელი, ორი ეკიპაჟის წევრი და ერთი ჟურნალისტი. ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ფეხბურთელმა ნეტომ, რომელიც ერთ-ერთია იმ ექვსი იღბლიანიდან, დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 34 წლის მცველს ორწლიანი რეაბილიტაციის პერიოდი ჰქონდა, სანამ მოედანს დაუბრუნდებოდა, თუმცა ინტერვიუში განაცხადა, რომ ტკივილები ისევ აწუხებს და თამაშს ვეღარ შეძლებს.

ბოლივიელი ერვინ ტუმირი, რომელიც ავიაკატასტროფაში სიკვდილს გადაურჩა, ავტოავარიის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. ავტობუსი, რომელშიც 30 წლის ტუმირი იმყოფებოდა, ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსთან ახლოს გზიდან გადავიდა და 150-მეტრიანი ფერდობიდან გადავარდა. ავტობუსში მყოფი 52 კაციდან 21 დაიღუპა, დანარჩენებმა, მათ შორის, ტუმირიმ, სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღეს.

ტრიბუნაზე ჭყლეტისას "წითლების" 96 გულშემატკივარი დაიღუპა

a5437bb0-c6da-4de5-8298-c55abc4c6d17-1755436307.jpg

1989 წლის 15 აპრილს შეფილდში "ჰილსბროს" სტადიონზე, "ნოტინგემ ფორესტსა" და "ლივერპულს" შორის ინგლისის თასის ნახევარფინალური მატჩის დროს ტრიბუნაზე წარმოქმნილი ჭყლეტისას "წითლების" 96 გულშემატკივარი დაიღუპა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 766-მა კაცმა. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი იყო 10 წლის ჯონ-პოლ ჯილჰული "ლივერპულის" მომავალი კაპიტნის, სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი.

ინციდენტის შემდეგ ინგლისში მიიღეს გადაწყვეტილება ყველა არენიდან მოეშორებინათ რკინის ღობეები, რომელიც ტრიბუნებს მინდორისგან ყოფდა. სწორედ ეს ბარიერი გახდა ტრაგედიის მიზეზი.

ავტოგოლი და 6 ტყვია

1129ff74-514f-435f-b1e3-dbead68cbf83-1755436307.jpg

1994 წლის 2 ივლისს კოლუმბიელ ანდრეს ესკობარს მედელინში 6-ჯერ ესროლეს - მიზეზი ის გახლდათ, რომ ესკობარმა მსოფლიო ჩემპიონატზე ავტოგოლი გაიტანა, რის გამოც მისი გუნდი ჩემპიონატს გამოეთიშა. 1994 წელს ტურნირის მასპინძელ აშშ-ის ნაკრებთან თამაშისას ესკობარმა ბურთი შემთხვევით საკუთარ კარში გაიტანა. "ცხოვრება ამით არ მთავრდება", - განაცხადა მან თამაშის შემდეგ.

27 წლის ფეხბურთელი იტალიურ "მილანში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბია რუმინეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. სწორედ ამას მოჰყვა საბედისწერო მატჩი აშშ-თან, რომელიც კოლუმბიამ ანგარიშით 1:2 დათმო. შვეიცარიასთან გამარჯვება (2:0) ჯგუფიდან გასვლისთვის კი საკმარისი არ აღმოჩნდა. კოლუმბია კორუფციასა და კოკაინის ბიზნესში ჩაძირული ქვეყანა იყო. მედელინს ანდრეს ესკობარის მოგვარე, პაბლო ესკობარის კარტელი აკონტროლებდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვიდან 5 დღის შემდეგ ანდრეს ესკობარს თავს დაესხა რამდენიმე კაცი - ფეხბურთელს 6 ტყვია მოხვდა. თითოეულ გასროლას თავდამსხმელების შეძახილი ახლდა: "გოლი!" ანდრეს ესკობარი თავდასხმიდან 45 წუთში გარდაიცვალა. 1994 წლის 2 ივლისს კოლუმბიური ნარკოკარტელის ერთ-ერთმა წევრმა უმბერტო კასტრომ დანაშაული აღიარა - მას 43 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა "სამაგალითოდ მოქცევისთვის" 11 წელიწადში გაათავისუფლეს. პაბლო ესკობარს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონდა - მიჩნეულია, რომ ანდრეს ესკობარის მკვლელობა ძმები გალონების შეკვეთილი იყო.

რეისი არ გადაიდო...

6b4fde3c-c19c-4d81-b5c1-69edb79cfe33-1755436307.jpg

6 თებერვალი, 1958 წელი, მიუნხენის აეროპორტი, შეჯახება 15 საათსა და 04 წუთზე. საათი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და გუნდის აღზევების დრო უნდა დაეთვალა, ზამთრის სუსხიან დღეს ერთ ადგილზე გაჩერდა და მის ისრებთან ერთად 23 გულისცემა გაჩერდა, მათ შორის იყო "წითელი ეშმაკების" 8 ფეხბურთელი. ცუდი ამინდის გამო პილოტებმა რეისის გადადება გადაწყვიტეს, მაგრამ "იუნაიტედს" ინგლისში ეჩქარებოდა. გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მატჩამდე განსაზღვრული დროით ადრე ქვეყანაში უნდა ყოფილიყო და რეისის გადადება წესის დარღვევას ნიშნავდა. შედეგად მეტ ბასბის შეგირდებს "ვულვზთან" ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდათ და მრისხანე მწვრთნელმა გაფრენა ბრძანა.

თვითმფრინავმა სიჩქარე აკრიფა და... და ახლომდებარე შენობას მთელი ძალით შეასკდა. ბორტზე 44 კაცი იყო. სახანძრო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს საშინელი სურათი დახვდათ - სკამებზე მიჯაჭვული მგზავრები სისხლისგან იცლებოდნენ, მხოლოდ ერთი ადამიანი დარბოდა და ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან მგზავრები გამოჰყავდა...

როდესაც მეტ ბასბიმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან გუნდი შეკრა, არავინ ელოდა მათგან დიდ წარმატებას. ბიჭებს "ბასბის ჩვილები" შეარქვეს, რადგან მათი ასაკი 21 წელს არ აღემატებოდა, მხოლოდ მეკარე ჰარი გრეგი იყო ბასბის ბიჭებზე ოდნავ უფროსი. ის გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მისი უხეში ხასიათი კი ხანდახან კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა. სისხლიან სხეულებს შორის მორბენალ ჰარის არც ერთი წამით არ უფიქრია თვითმფრინავის მიტოვება, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან არაერთი დაშავებული გამოიყვანა. ჰარი გრეგმა სიკვდილს გამოსტაცა სერ ბობი ჩარლტონი და სხვა მგზავრები, მან ფეხბურთს საგმირო ისტორია დაუტოვა. იმ ავბედით დღეს 23 კაცი შეეწირა, მათ შორის იყო 8 ფეხბურთელი. ტრაგედიიდან ორიოდ კვირაში სიცოცხლეს დანკან ედვარდსიც გამოემშვიდობა, მან მიღებულ ტრავმებს ვერ გაუძლო.

"რუნის დარტყმა, ბექჰემის პასი, სქოულზის ხედვა და გიგზის სისწრაფე, ასეთი არაფერი მინახავს, დანკან ედვარდსში ეს ყველაფერი ერთად იყო" - ეს სიტყვები სერ ბობი ჩარლტონმა 21 წლის დანკან ედვარდსის სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ თქვა. სერ ბობი ჩარლტონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, საპატიო პრეზიდენტი და რეკორდსმენია. ის ტრაგედიას ჰარი გრეგის წყალობით გადაურჩა და ფეხბურთს თავი დაანება, რადგან აღარ შეეძლო მეგობრების გარეშე თამაში, მთავარი მწვრთნელი სერ მეტ ბასბი 6 თვის მერე საავადმყოფოდან გამოწერილი ბობი ჩარლტონის სახლისკენ გაეშურა, რომელსაც თვეების განმავლობაში არწმუნებდა, რომ ფეხბურთში უნდა დაბრუნებულიყო, რასაც ბობი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ერთხელაც სავარჯიშო მოედნიდან რამდენიმე მეტრში, ყავისფერ კოსტიუმში გამოწყობილი, ყავარჯნიანი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. ის კოჭლობით უახლოვდებოდა "მანჩესტერელთა" მწვანედ აბიბინებულ მოედანს და მის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო იკვეთებოდა ალისფრად აელვარებული მრისხანე თვალები. "ბიჭებო, დახედეთ ჩვენს ემბლემას. ეს ფენიქსია, რომელიც მკვდრეთით აღდგა", - შეუძახა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველ ვარჯიშზე ყავარჯნებით მისულმა, თვალებში ცეცხლანთებულმა სერ მეტ ბასბიმ ბიჭებს, რომელთა ზურგს უკან იდგა ქერათმიანი, 9-ნომრიან მაისურში გამოწკეპილი ახალგაზრდა ინგლისელი, რომელსაც იმ მომენტში ფეხბურთი ყველაზე მეტად ეზიზღებოდა. ეს ბიჭი მართლაც მკვდრეთით აღდგა და ორმაგი ძალით და მოტივაციით შეუდგა ფეხბურთის თამაშს: 1966 წელს ინგლისთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2 წლის შემდეგ კი, მიუნხენის ტრაგედიის მე-10 წლისთავზე, სერ მეტ ბასბის თავკაცობით, მან, თვით სერ ბობი ჩარლტონმა, ჯორჯ ბესტის გოლების დახმარებით და თავისი გოლის წყალობით ჩემპიონთა თასის ფინალში "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა. "ეს, რა თქმა უნდა, მათ ეძღვნებათ, ჩემს ბიჭებს".

ნიკოლოზ თევდორაშვილი