პოსტსაბჭოთა „ჩრდილოეთი კორეა“ ანუ დიქტატურაში არეული მარაზმის ამბავი - ექიმი, მეწარმე, ლიდერი თურქმენულად
სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყველაზე მეტად ბალტიისპირელებს გაუმართლა - ნატოშიც მიიღეს და ევროკავშირშიც, დანარჩენ "მოძმე რესპუბლიკებს" კი არც ისე... კავკასიაში ომები იყო - საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირება და რუსეთის ინსპირირებული ომები ტანჯავდა, იქით სომხები და აზერბაიჯანელები ხოცავდნენ ერთმანეთს. რუსეთში ჩეჩნებს ლამის გენოციდი მოუწყვეს, ტერიტორიები მოლდოვასაც "აახიეს", შემდეგ უკრაინის ჯერიც დადგა... აქედან მეტ-ნაკლები დემოკრატია (ყოფილ სსრკ-ს ვგულისხმობთ) იყო/არის ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. რუსეთში რამდენიმეწლიან დემოკრატიას პუტინმა მოუღო ბოლო და დღეს ეს ქვეყანა ერთი დიდი ციხეა, რომელსაც ყველა მეზობლის ამ ციხეში შეთრევა სურს. ბელარუსს ლუკაშენკო "მოაჯდა", აზერბაიჯანში დემოკრატიაზე საუბარი არასერიოზულია, შუა აზიის ქვეყნებში ვითომდა არჩეული პრეზიდენტები სამუდამოდ გამეფდნენ...თუმცა არის ერთი ქვეყანა, რომელსაც "საბჭოთა ჩრდილოეთ კორეას" უწოდებენ და რომელიც პოსტსაბჭოთა კოლეგებისგან მარაზმში არეული დიქტატურით გამოირჩევა (თუმცა რუსეთი ძალიან სწრაფი ტემპით ეწევა). ყველაფერი კი ასე დაიწყო:
თურქმენბაშის "რეფორმები"
თურქმენეთის პირველი პრეზიდენტი ცეკა-ს ყოფილი მდივანი საფარმურატ ნიაზოვი გახდა. ის ობოლი იყო - მამა მეორე მსოფლიო ომში დაკარგა, დედა და ძმები კი 1948 წელს აშხაბადში დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაეღუპა. გახდა თუ არა პრეზიდენტი, ნიაზოვმა პიროვნების კულტის დამკვიდრება დაიწყო. "თურქმენბაში" (თურქმენთა მეთაური) დაირქვა და უმალ იგივე სახელი უწოდეს ყველა სკოლას, ქარხანასა თუ ოდნავ მსხვილ დაწესებულებას. ყველა სტუდენტი და ჯარისკაცი ვალდებული იყო თან ეტარებინა საათი, რომელზეც თურქმენბაშის პორტრეტი იყო გამოსახული, თითოეული სკოლის მოსწავლე გაკვეთილების დაწყების წინ დებდა ფიცს: "თუ ვუღალატე დიად საფარმურატ თურქმენბაშის, დაე, გაჩერდეს ჩემი გული". ყოველ ნაბიჯზე 40 დოლარად იყიდებოდა თურქმენბაშის მოოქრული ბიუსტი. საფარმურატ ნიაზოვმა საკუთარ თავს ქვეყანაში 14000 ძეგლი დაუდგა. მათგან ყველაზე გრანდიოზულია 75-მეტრიანი ძეგლი, რომელიც ისე ბრუნავს, რომ სახე მუდმივად მზისკენ აქვს.
საფარმურატ ნიაზოვმა მწერლობა დაიჩემა და დაწერა "რუჰნამა" - "ყველა თურქმენთა წმინდა" წიგნი, რომელშიც თურქმენების ისტორიაა შეჯამებული. მან შეუცვალა დასახელებები თვეებსა და კვირის დღეებს - მაგალითად, იანვარს თურქმენბაში ერქვა, მარტს დედის სახელი უწოდა, სექტემბერს კი "რუჰნამა". აშხაბადის ქუჩებს ციფრები მიანიჭეს - მხოლოდ იმ ქუჩებს არ შეეხნენ, რომელთაც ნიაზოვის ნათესავების სახელები ერქვა. სკოლებში ფიზკულტურისა და შრომის გაკვეთილები გაუქმდა - მათ ნაცვლად კონკრეტულ პროფესიებს ასწავლიდნენ. დაიხურა თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემია, თურქმენებს საზღვარგარეთ განათლების მიღება აეკრძალათ.
თურქმენბაშიმ აკრძალა ბალეტი, ცირკი, ესტრადა და ოპერა. "როგორ უნდა მოეწონოს თურქმენს ბალეტი, როდესაც ეს სისხლში არა აქვს", - ბრძანა ერთხელ ნიაზოვმა. ოპერის დახურვას კი ასე ამართლებდა: "ერთხელ ლენინგრადში ოპერაში ვიყავი და ვერაფერი გავიგე"; აკრძალა მაკიაჟი; თურქმენებს აეკრძალათ თმის შეღებვა, თუმცა თავად ის თმას შავად იღებავდა; ვისაც ოქროს კბილები ჰქონდა, იძულებით დააძვრეს; ქალებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოკლე კაბებითა და შარვლებით გამოჩენა აღარ შეეძლოთ. აშხაბადელებს მხოლოდ ერთი შინაური ცხოველი უნდა ჰყოლადათ, ხოლო თუ თურქმენ გოგონაზე დაქორწინდებოდით, სახელმწიფოსთვის 50.000 დოლარის გადახდა მოგიწევდათ.
ნიაზოვმა რეგიონებში ყველა საავადმყოფო იმ მოტივით დახურა, რომ თუ ვინმე ავად გახდებოდა, შეეძლო აშხაბადში ჩასულიყო. თურქმენბაშიმ ყველა ინფექციური დაავადება, მათ შორის შიდსი და ქოლერა, კანონგარეშედ გამოაცხადა და მათი ხსენება აკრძალა... წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ თურქმენები. თუმცა ერთი ბონუსი ჰქონდათ - საწვავი, კომუნალური მომსახურება, სწავლა და მედიცინა უფასო იყო.
თურქმენბაში 2006 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. სხვათა შორის, მისი შვილები ლონდონში ცხოვრობენ და არა აშხაბადში.

"ექიმი, ლიდერი, მეწარმე" თურქმენულად
საფარმურატ ნიაზოვი ჯანდაცვის მინისტრმა (პროფესიით სტომატოლოგმა) გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა შეცვალა, რომელმაც "არკადაგი" დაირქვა (საყრდენი, იმედი). პირველ რიგში, "არკადაგმა" თვეებსა და კვირის დღეებს თავისი სახელები დაუბრუნა, "გააქრო" ყველა სივრციდან თურქმენბაშის ფოტოები და ისინი... ბერდიმუჰამედოვის პორტრეტებით ჩაანაცვლეს. 2013 წლიდან ყველა ახალდაქორწინებული ვალდებული იყო ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ ფოტო არკადაგის პორტრეტთან გადაეღო.
არკადაგმა წინამორბედის აკრძალვების ნაწილი გააუქმა, თუმცა თავისი დაამატა. მაგალითად, აიკრძალა შავი მანქანებით სიარული, რადგან ბერდიმუჰამედოვის აზრით, შავ ფერს უბედურება მოაქვს და ქვეყანას თარსავს. არკადაგის ერთ-ერთი ჰობი იყო და არის წიგნების წერა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეებსა და ცხენებზე. სპეციალური შტატია შექმნილი, რომელიც მის ოპუსებს სხვადასხვა ენაზე თარგმნის. გარდა ამისა, არკადაგს აქვს პრეტენზია, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ველოსიპედისტი და სნაიპერია. ერთხელ ჯარისკაცების წინ ველოსიპედზე შემჯდარმა სამიზნეს მშვილდ-ისარი ესროლა. ის თავს მსოფლიოში საუკეთესო მრბოლელადაც მიიჩნევს - თურქმენეთში სპორტული ავტომობილებით შეჯიბრებაში ბერდიმუჰამედოვმა პროფესიონალებს "მოუგო". არკადაგი თავს თურქმენეთის მთავარ ცხენოსნადაც მიიჩნევს და შეჯიბრებებს ზედიზედ იგებს, თუმცა ერთ-ერთი რბოლისას ცხენიდან გადმოვარდა (დაცვა კი შეეცადა ტრიბუნებზე მყოფებისგან მაქსიმალურად ამოეღო მობილური ტელეფონები, მაგრამ ეს კადრები ინტერნეტში მაინც მოხვდა). ამის მიუხედავად, გამარჯვებულად გამოცხადდა და საპრიზო ფონდი - 11 მილიონი დოლარი მიიღო.
მას განსაკუთრებით კონცერტების გამართვა უყვარდა. ცენტრალური ტელევიზიები გადასცემდნენ, თუ როგორ უკრავდა პრეზიდენტი თავის შვილიშვილთან ერთად და როგორ მღეროდა თავისივე დაწერილ სიმღერებს - რეპსაც და ბალადებსაც. თუმცა ზოგჯერ ის უცხოურ ჰიტებსაც ასრულებდა. 2013 წელს არკადაგმა თავის დაბადების დღეზე ჯენიფერ ლოპესი ჩამოიყვანა. სხვათა შორის, თურქმენებს წაადგათ პრეზიდენტის ხელოვნებით გატაცება - არკადაგმა აშხაბადის ოპერა აღადგინა.
თურქმენული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ბერდიმუჰამედოვი გენიალური ინჟინერიცაა - თურმე თვითონ დააპროექტა და ააწყო მანქანა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მისივე სახელი უწოდეს.
2022 წელს არკადაგმა გადაწყვიტა პრეზიდენტის პოსტი თავისი 40 წლის შვილისთვის, სერდარ ბერდიმუჰამედოვისთვის დაეთმო. თურქმენეთში ეს გაუხარდათ, რადგან სმენოდათ, რომ სერდარი პროგრესულად მოაზროვნეა და ელოდნენ, რომ ქვეყანაში არსებულ მარაზმს თუ არ მოუღებდა ბოლოს, შეამცირებდა მაინც, თუმცა...

ქალებთან მეომარი პრეზიდენტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვი დახურულ გარემოში იზრდებოდა, სადაც ულტრანაციონალიზმსა და ულტრატრადიციონალიზმს უნერგავდნენ. კერძოდ, სერდარს გარემოცვა და, რა თქმა უნდა, უპირველესად მამა მუდმივად ჩასძახოდნენ, რომ ქალის ადგილი სახლშია და ის მამაკაცის მორჩილი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სერდარი (რომელსაც წინამორბედებისგან განსხვავებით მეტსახელი არ აუღია) გახდა თუ არა პრეზიდენტი, მაშინვე ქალებს შეუტია.
კერძოდ, ახალ-ახალი განკარგულებებით (თურქმენეთში ხშირად ასეთი განკარგულებები მხოლოდ სიტყვიერია, თუმცა ყველა ემორჩილება), პირველ ეტაპზე ქალებს აეკრძალათ წარბების გამოქნა, წამწამების დაგრძელება, პლასტიკური ოპერაციები (განსაკუთრებით მკერდზე), თმის შეღებვა და ფრჩხილების დაგრძელება. ამ აკრძალვების ნაწილი ნიაზოვის დროიდან კი მოქმედებდა, მაგრამ არკადაგის დროს მის აღსრულებაზე თავს მაინცდამაინც არ იკლავდნენ. სერდარმა კი პირდაპირ დაავალა სამართალდამცავებს, რომ ამ აკრძალვების შესრულება მკაცრად გაეკონტროლებინათ. შესაბამისად, აშხაბადის ქუჩებში ხშირად ეწყობა რეიდები და სამართალდამცავები ქალებს ამოწმებენ. "დამნაშავე" თუ მხოლოდ ჯარიმით გამოძვრა, კიდევ არა უშავს - ცოტა ხნის წინ სამსახურებიდან ასეულობით ქალი დაითხოვეს იმის გამო, რომ ტუჩები ჰქონდათ დაბერილი.
მეორე ეტაპზე ქალებს აეკრძალათ ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა. სერდარის აზრით, კდემამოსილ ქალს მამაკაცი მძღოლის გვერდით არაფერი ესაქმება და თუ პატიოსანია, კეთილინებოს და უკანა სავარძელზე დაჯდეს. თუ ვინმე ქალს წინ ჩაისვამს, მძღოლიც დაჯარიმდება და მგზავრიც. ქალებს აეკრძალათ მართვის მოწმობის აღებაც (მხოლოდ სიტყვიერი განკარგულებით).
ერთ მშვენიერ დღეს თუ ღამეს სერდარი, ალბათ, დაფიქრდა, რამდენად ჯდება "ტრადიციულ ფასეულობებში" ის, რომ ქალი და მამაკაცი, თუ ისინი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებული, ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული დადიან? არ ჯდება - აიკრძალოს! მოკლედ, თუ თურქმენეთში მეუღლესთან ერთად მოხვდებოდით და ხელიხელჩაკიდებულს მოგინდებოდათ გასეირნება, აუცილებლად უნდა გქონოდათ ქორწინების მოწმობა - პოლიციელები აუცილებლად შეგამოწმებდნენ და მხოლოდ ეს დოკუმენტი თუ გადაგარჩენდათ უსიამოვნებას. დღეს აშხაბადის ქუჩებში უკვე ცოლ-ქმარსაც აღარ შეუძლია ხელიხელჩაკიდებული სეირნობა, რადგან პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი მიიჩნევს, რომ გრძნობების საჯაროდ გამოხატვა ეწინააღმდეგება მორალურ პრინციპებს.
ქალებთან ომს რომ მორჩება, სავარაუდოდ, სერდარი სხვა სფეროებისთვისაც მოიცლის და თურქმენული "საოცრებები" გაგრძელდება.
გიორგი კვიტაშვილი