"დაზამთრდება და ვრჩებით მარტო, ჩვენ და სოფელი“
პირიქითა ხევსურეთში, შატილის თემში, ერთი ლამაზი სოფელია, რომელსაც დღეს ნასოფლარის სტატუსი აქვს. საზღვრისპირა ანდაქი მდინარე ანდაქის ნაპირზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 1550 მეტრის სიმაღლიდან გადმოჰყურებს არემარეს. როგორც ხევსურეთის უმრავლეს სოფლებში, აქაც ბევრის მნახველი ძველი ნასახლარებია, რომლებიც წლებია, პატრონის ხელის შევლებას ელიან. სოფელი რამდენჯერმე დაიცალა როგორც იძულებით, ისე ნებით. ამჯერად სოფლისა და კაცის გაყრის მიზეზი საცხოვრებელი პირობების არარსებობაა, მთაში ამოსვლას რომ გადაგაფიქრებინებს. სოსო ზვიადაური გამონაკლისია, ის მეუღლესთან ერთად წლებია არ ტოვებს მშობლიურ მხარეს და ამით არა მარტო ჯოყოლა პაპას ანდერძს ასრულებს. ყოფილი მესაზღვრე დღესაც საზღვარზე დგას, სოფელს ამაგრებს, ეზო-ყურეს არ ატიალებს, პირიქით, საგვარეულო კოშკების აღდგენაზე მუშაობს და ზაფხულობით სტუმრებსაც მასპინძლობს. "ჯანმრთელობა თუ ხელს შემიწყობს, აქედან არ წავალ, მერე ჩემი შვილები გააგრძელებენ ამ საქმეს, სოფლის პატრონობა უნდა გაგრძელდეს. სოფელში ერთი ოჯახიც რომ ცხოვრობს, ეგეც დიდი საქმეა, კაცი ასოფლებს და ინახავს სოფელს", - მეუბნება ანდაქის ერთადერთი მკვიდრი.
- ანდაქში ვარ დაბადებული, 1964 წელს. სოფელში მხოლოდ დაწყებითი სკოლა იყო, რის მერეც ბარისახოს უნდა წასულიყავი, სკოლა-ინტერნატში. 1973-ში ოჯახით სოფელ გამარჯვებაში გადავსახლდით მშობლები და ძმები. 1985 წელს ჯარიდან ჩამოვედი და ისევ ანდაქს მოვბრუნდით. დედა რომ გარდაიცვალა, მამა ვეღარ გაუძღვა ოჯახის საქმეებს, საქონელიც შევაცოტავეთ, ცხვარიც... 1999 წლიდან მე და ჩემმა ძმამ სასაზღვრო პოლიციაში დავიწყეთ მუშაობა და სოფელს ვაქცევდით ყურადღებას, მას მერე ასე მოვდივართ.

ბოლო წლებში ჩვენი კოშკის აღდგენა დავიწყე (ორი გვაქვს, გვერდიგვერდ), ერთი, როგორც იქნა, გავაკეთე. ჩემი შვილები აქ მეხუთე თაობაა, ისე, არდოტიდან ვართ გადმოსული - პაპის მამა წამოვიდა. ერთი კოშკი შედარებით ძველია, 1870-იან წლებში, მეორე 1914 წელსაა აშენებული, მათ მიხედვა სჭირდებოდა. კოშკის აღდგენაში ცხონებული ირაკლი სუთიძე დამეხმარა, მხატვარი. ერთობლივი დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ძველი ტრადიციები უნდა აღგვედგინა სოფელში, როგორიცაა ხორბლის მოყვანა, ფარდაგების ქსოვა, წისქვილის აღდგენა, ეკობიოსოფლის შექმნა გვინდოდა, რომელიც შემეცნებითიც უნდა ყოფილიყო - ძველი სამუშაო ნივთები და საბრძოლო იარაღები მაქვს შემონახული, ხანჯლები, სპილენძის ჭურჭელი... ასეთი ჩანაფიქრი გვქონდა...
ახლა საოჯახო სასტუმრო გვაქვს, მე და მეუღლე ვამუშავებთ. ახლაც გავისტუმრეთ უცხოელები, გერმანელები მოდიან ხშირად, ინტერესდებიან, როგორაა აშენებული ხევსურული სახლები, აინტერესებთ ჩვენი ტრადიციები და სიძველეები. ზამთარ-ზაფხულ სოფელში ვართ, მარტონი. ზაფხულში ერთი ოჯახიღა ამოდის - არდოტელების.
აქ გაძლება ყველანაირად ჭირს, შეშაც ზურგით უნდა მოიტანო და პროდუქტიც წინასწარ უნდა მოიმარაგო, სანამ თოვლი მოვა და უღელტეხილი ჩაიკეტება, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, მაის-ივნისამდე რომ გეყოს. აქამდე სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობდი, ახლა თავი დავანებე, ამ ზამთარს ან დავრჩები იქ, ან არა, პენსია დამენიშნება. ცოტა ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს, ეs პენსია რას გეყოფა, დროებითი უნდა სამუშაო გამოვნახო.
მთაში პრობლემას რა დალევს... მზის ბატარეები ზამთარში ვეღარ იძლევა შუქს და კვირების განმავლობაში არც დენია, არც ინტერნეტი და არც ტელევიზორი, სრულ ვაკუუმში ხარ. სამანქანე გზა 3 წელია გაიჭრა, ეგეც "მთის ამბების" წყალობით გამოიყვანეს.

გეტყვით, ამ მკაცრ პირობებში რა მაძლებინებს... პაპაჩემის თავს ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველაფერი დაემართა. 1921 წელს ძმა მოუკლეს, პირველი ოჯახი, სამი შვილი და მეუღლე დაეხოცა, მერე მეორე ცოლი მოიყვანა და ცოლისძმა თვალწინ მოუკლეს. ვისაც რა ეკუთვნოდა, ყველას პასუხი გასცა, მაგრამ...
მამაჩემი ძალიან გვიან დაბადებულა, პაპა 50 წელს გადაცილებული ყოფილა, როცა ორი გოგონას მერე ვაჟი შეეძინა. პაპას როცა გაუგია, ბიჭი ეყოლა, უთქვამს, აბა, მე მაგის დავაჟკაცებას ვერ მოვესწრები და სახლის და ადგილ-მამულის პატრონი ის იქნება, ის გაუძღვება და გააძლიერებსო. ჯოყოლა პაპამ ეს სიტყვები მარტო მამაჩემზე კი არა, ჩვენზეც ხომ თქვა, შვილიშვილებზე, ანდერძივით დაგვიტოვა. მისი სიტყვების გარდა, შენც არ გინდა წახვიდე, მიატოვო აქაობა და გააცივო კერა და სოფელი. ესეცაა ჩემი აქ დამკვიდრების მიზეზი.
პაპას ძმადნაფიცი იყო ცნობილი დათვია ლიქოკელი, ბოლშევიკებით შეწუხებულმა ხევსურებმა ამერიკის პრეზიდენტს თხოვნის წერილი რომ გაუგზავნეს, მისი ერთ-ერთი ავტორი. სამწუხაროდ, წერილი ადრესატამდე არ მისულა. რადგან ჩვენი პაპები ძმადნაფიცები იყვნენ, ჩვენ და ლიქოკელებს დღემდე გვაქვს ურთიერთობა. პაპა ამბოხებებში მონაწილეობდა და მუდმივად დევნაში იყო, ის ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობდა.
მე და ირაკლის (სუთიძეს) ცხენები გვყავდა, მაინცდამაინც ისეთი ცხენები არ იყო, ტურისტებზე გვემუშავა და გავასხვისე. ჩემი ბიჭი ემსახურებოდა ტურისტებს, მთა-თუშეთში გადაჰყავდა, მაგრამ სტუმრების სიმცირის გამო შეეშვა. ირაკლის ხელით გაკეთებული აღვირი და უნაგირები მაქვს შემონახული, ცხენები ძალიან უყვარდა. ირაკლი 2000-იან წლებში გავიცანი, აქ ხშირად ამოდიოდა ვაჟა ჭინჭარაულთან ერთად. ერთხელ მითხრა, ნუ ჩამოაქცევ აქაურობას, მეც გვერდში დაგიდგები, აღვადგინოთ ყველაფერი, ცოტა შემოსავალიც რომ იყოს და აქ რომ დაფუძნდე და დამაგრდეო. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა, ცხონებული...
რაც გზა გაიხსნა, მიმომსვლელმაც მოიმატა, ჩვენს სახლს ძეგლის სტატუსი აქვს ციხე-სახლი ანდაქი, ასე ჰქვია. სანამ გადასახლდებოდნენ, სოფელში 17 კომლი იყო და თითო ოჯახს 5 და 5-ზე მეტი შვილი ჰყავდა, 70-იან წლებში კარგი და დიდი სოფელი იყო ანდაქი, მერე უგზოობამ და სხვა პრობლემებმა დაცალა.– სკოლა აქ არ იყო, გზა, დენი, ამბულატორია და მაღაზია... ახლა აქ უმეტესად ნასახლარებია, ყველა სახლი აღსადგენია (მხოლოდ ერთმა აღადგინა), ისე საცოდავად გამოიყურებიან... მე როცა აღვადგინე, სახლისთვის სახე არ შემიცვლია, როგორიც ადრე იყო, ისეთივე დავტოვე - ბანიანი სახლია. მოსახლეობა რომ მოიზიდო, პირობების გარეშე როგორ იქნება? დენი თუ არ იქნა, რანაირად? ზამთარში შეშა აუცილებელია, მაგრამ ზაფხულშიც ხომ ფეჩს ანთებ სადილის გასაკეთებლად და გასაცხელებლად... ჩვენ ხანდახან გაზის ბალონი ამოგვაქვს. ზაფხულშიც ფეჩი რა ბედენაა? იყოს ელექტროენერგია, სადილი რომ გააცხელო მაინც... ზამთარშიც ხომ გინდა აბანო? პირობების გარდა, ისიც მთავარია, შენი კუთხე გიყვარდეს, აქ ძალათი ვერავის ამოიყვან და დაიჭერ. მზის პანელები და ინტერნეტიც 2019 წელს გაგვიკეთეს, ზაფხულში კი გვყოფნის შუქი, ზამთარში ცუდად გვაქვს საქმე...
გზას სახელმწიფო სტატუსი არა აქვსო, და ვისაც ევალება, ის არ აკეთებს. ამ გზაზე ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება, ისევ სოფლის ფული. ინტერესი და მონდომება რომ იყოს, უკეთ ვიქნებოდით. აბა, გული როგორ არ დაგწყდება, ამდენი ნასოფლარ-ნასახლარის პატრონები ვართ, ეს როგორი საყურებელია? ძლიერი გული უნდა გქონდეს, არ აგეტიროს კაცს...

ხევსურეთის სოფლების უმრავლესობა დაცლილია, შატილსა და ბარისახოს ზაფხულობით თუ ამოვა ხალხი, თორემ არც იქაა ხალხმრავლობა. ზოგი ბარისახოს სკოლა-ინტერნატშია დასაქმებული ან სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს. აქ, ძირითადად, მასწავლებლები, მესაზღვრეები და მათი ოჯახები არიან.
სასაზღვრო პოლიციაში 26 წელი ვიმსახურე, მანამდე დაცვის პოლიციაშიც ვმუშაობდი. მეუღლე, მაია ჩაჩანიძე, ოჯახში დიასახლისობს, სტუმრებს ემსახურება, სადილს აკეთებს. იმერელი ქალია და მაგას უფრო მოსწონს აქ ყოფნა. მოსავალიც მოგვყავს, ეკოპროდუქტი - კარტოფილი, ხახვი, მწვანილი, ყველაფერი მოდის, ჩვენც გვყოფნის და სტუმარსაც. ორი ბიჭი მყავს, გამარჯვებაში მუშაობენ, თავისუფალ დროს ამოდიან და, ალბათ, ისინი გააგრძელებენ ჩვენს გზას.
ადრე მდინარეზე ხიდიც არ იყო, რამდენჯერ ჩავვარდნილვარ, ფეხიც კი მოვიტეხე, როცა სახლისთვის კოჭებს ვეზიდებოდი. მე კი გადავრჩი, მაგრამ რამდენიმე კაცია მდინარეში დაღუპული. სულ ჩემი ხელით და ზურგით მიკეთებია ყველაფერი, აქეთ ვინცაა, ყველა ეგრე აკეთებს. ჩვენი ტრანსპორტი ცხენი და ვირია. დღეს პრობლემას რა დალევს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც. მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს და ყველაფერს მიექცევა ყურადღება, რა ვიცი, ასე ვფიქრობ...
სასაზღვრო პოლიციას ვერტმფრენი ჰყავს, ყველას გვეხმარებიან, ამოსვლა იქნება, წასვლა, ექიმთან გადაყვანა თუ სხვა. დარჩენილი მოსახლე ვინც არის, მეზობელი სოფლებიდან, ამოდიან, ჩვენც ჩავდივართ, მოვინახულებთ ხოლმე ერთმანეთს, ზაფხული მაგისია. მერე კი ზამთრდება და ვრჩებით მარტო - ჩვენ და სოფელი. სოფლისკენ გახედვა არავის უნდა, რას ვიზამთ, დალხენილი ცხოვრება არავის აქვს. გეგმები კი არის, მაგრამ... მინდა ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე - მეორე კოშკიც აღვადგინო, ჭერი, ჰიდროიზოლაცია და რაღაცები გავაკეთე.
ამ კუთხეს ბევრი ცუდი ახსოვს - მოსახლეობა ჯერ ჩეჩნეთში გაასახლეს, მერე, 1953-ში, ინგუშეთს უკრეს თავი. ალბათ, კა-გე-ბე ვერ აკონტროლებდა ამ კუთხეს, ერთ საბანქვეშ უნდა ჰყოლოდა ხალხი, რასაც ვერ ახერხებდნენ.
პაპაჩემსაც უპირებდნენ გასახლებას, იცოდა, რომ დაიჭერდნენ და გაექცათ (ერთხელ იყო დაჭერილი, დათვიჯვრის უღელტეხილიდან მოაბრუნეს). რადგან ის ხელისუფლების უკმაყოფილო, ერთ-ერთი ამბოხებული და ქაქუცას მეგობარი იყო, ეს იცოდა უშიშროებამ, ფაქტობრივად, დევნილი იყო. მერე პოლიციელებს წინ პაპას მეგობრები დაუხვდნენ იარაღით და გააშვებინეს. ეს რომ არა, პაპასაც, ალბათ, გადაასახლებდნენ. ჩვენი ბიძაშვილი წაიყვანეს და მას მერე დაიკარგა, ციხიდან აღარ დაბრუნდა.
ხევსურებმა ინგუშებს სახლ-კარი და საქონელი დაუტოვეს და ყველანი ამობრუნდნენ სამშობლოში. დროთა განმავლობაში კი ნებით დაიცალა ხევსურეთის სოფლები. მოიფიქრონ ისეთი რამ, რომ აქ გაამაგრონ მოსახლეობა. ბევრს აქვს ამის დიდი სურვილი, მაგრამ სამსახური და პირობები ექნებათ? ანდაქი საზღვრისპირა სოფელია, ჩვენი სამშობლოა, და მას გაფრთხილება უნდა, აბა, დავკარგოთ და მტერს ჩავაბაროთ? სანამ ცოცხალი ვარ, ამას არ ვაპირებ, მერე ჩემი შვილები შეინახავენ სოფელს.