"ზურიკოს დაბადების დღე გამორჩეულად მახსოვს, ახლა ჩადენილი კრიმინალი უნდა გავთქვა...“ - კვირის პალიტრა

"ზურიკოს დაბადების დღე გამორჩეულად მახსოვს, ახლა ჩადენილი კრიმინალი უნდა გავთქვა...“

„ჩვენი მეგობრობა ნახევარ საუკუნეს ითვლის“

"45-მდე წიგნი მაქვს დაწერილი ადამიანებზე, რომელთა დიდი ნაწილი ამქვეყნად აღარ არის, როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანი დამავიწყდეს, მაგრამ თუ ერთი პიროვნების გახსენებას მთხოვთ, აუცილებლად ზურა ბერიკაშვილზე უნდა ვისაუბრო. ჩვენ ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან მოვყვებოდით. უბანი, სკოლა, მეზობლობა და შემდეგ იყო პროფესიული კავშირი, ნათელმირონობა. თავს მისი ოჯახის წევრად ვთვლიდი, როგორც თავად იყო ჩემი ოჯახის წევრი", - ამბობს რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი.

aaaa-1755440165.jpg

- ვერასდროს დავივიწყებ ჩემს მასწავლებლებს: ლილი იოსელიანს, გიგა ლორთქიფანიძეს, ლეილა კაპანაძეს, თამარ თეთრაძეს. სცენურ პარტნიორებს: სოფიკო ჭიაურელს, ელენე ყიფშიძეს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, კოტე მახარაძეს, ნოდარ მგალობლიშვილს. ვერ დავივიწყებ თემურ ჩხეიძეს, მედეა კუჭუხიძეს, გოგი თოდაძეს, დათო ანდრულაძეს... ზურა ბერიკაშვილის წასვლამ და იმ წინა 9-თვიანმა საშინელმა პროცესმა, რომელიც ახლობლებმა მასთან ერთად გავიარეთ, არდავიწყების კონტექტსტში ყველა გადაფარა.

ზურა როგორიც ბავშვობაში იყო, ისეთი­ დარჩა მთელი ცხოვრება - გამორჩეულად მორიდებული და მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, გივი ბერიკაშვილის შვილი იყო, როდესაც­ პროფესიული არჩევანი გააკეთა, მისი ეს ნაბიჯი ბევრისთვის საკვირველი აღმოჩნდა.

ნებისმიერ შეთავაზებას, როლს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ეს მისი ხასიათი იყო. როლს "ეპარებოდა" და რომ მიმხვდარიყავი, როგორ თამაშობდა, მეხუთე, მეექვსე სპექტაკლში უნდა გენახა, სადაც უკვე ბოლომდე გახსნილი იყო და როლში­ "ბანაობდა"...

bbb-1755440165.jpg

რამდენადაც მოკრძალებული იყო საზოგადოებაში, იმდენად დიდი სიყვარულის გადმოფრქვევა შეეძლო მეგობრების ვიწრო წრეში...

სახალხო გამოკითხვებში ძალიან ბევრჯერ გივი ბერიკაშვილი დაასახელეს სასურველ მეკვლედ და ჩვენც რამდენჯერმე ბატონ გივისთან ერთად საკონცერტო პროგრამით მთელი საქართველო მოვიარეთ. თავად ვარ შემსწრე, როგორი საყოველთაო სიყვარულით ხვდებოდნენ მას რეგიონებში. 8-კაციანი ჯგუფიდან ზურა იყო ყველაზე მორიდებული. ჩვენ რომ თავი კიტრად მოგვქონდა, რადგან ბატონი გივის გარემოცვაში ვიყავით, ზურა იყო უკიდურესად მოკრძალებული. ზურიკოს ინტერვიუებს დააკვირდით, ყველგან მორიდებულად საუბრობს, ბავშვობიდან ასეთი იყო.

- ინტერვიუები არ უყვარდა, ჭირდა დათანხმება.

- დიახ, ასე იყო. ზურიკო თამაშობდა­ მთავარ როლს და სატელევიზიო ინტერვიუებში არსად ჩანდა, წინ იდგნენ სხვა მსახიობები და ჰყვებოდნენ ამბებს პიესასთან დაკავშირებით.

არსებობდა მამის ჩრდილქვეშ ყოფნის ფაქტორიც. ზურიკო ხუმრობდა, შემჭამეს, სულ მეუბნებიან, მამის ჩრდილქვეშ, მამის ჩრდილქვეშ, თითქოს ცუდი ჩრდილი იყოსო. ის მამამისის შვილობას ღმერთის საჩუქრად თვლიდა.

ზურას როლებისთვის არასდროს უბრძოლია. მაქვს შეგრძნება და პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ ზურიკო ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. მასთან, როგორც რეჟისორმა, რამდენიმე სპექტაკლზე ვიმუშავე, მაგრამ 5 სპექტაკლის ნაცვლად, შეიძლებოდა 10 და 15 ყოფილიყო. ცხოვრება იმდენად სწრაფად გარბის, ვერ ეწევი, გაქვს შეგრძნება, სულ ასე იქნება, არადა, თურმე ბევრი რამ მოსწრებაზეა. ყველა რეჟისორი, ვისაც მასთან უმუშავია, აღნიშნავდა, რომ ზურას მსგავსი კომფორტული არტისტი იშვიათობა იყო.

10-მდე ფილმშია გადაღებული, თეატრში 50-ზე მეტი როლი ითამაშა, მათ შორის, არაერთი მთავარი როლი. ზურას არ ეთაკილობდა ეპიზოდური როლებიც.

zuras-bavshvoba-1755440165.jpg

მედეა კუჭუხიძის სპექტაკლი "დიადი მცირეში" ჩინური იგავებით აწყობილი წარმოდგენა იყო და ზურა ერთადერთ წინადადებას ამბობდა - "მოვითხოვ პატივისცემას!" მისი პერსონაჟი დროდადრო გაივლიდა სცენაზე შეძახილით, "მოვითხოვ პატივისცემას!" და კულისებში შედიოდა... სპექტაკლის მსვლელობისას ეს სცენა 10-12-ჯერ მეორდებოდა და ზურა ამ ორი სიტყვით სათქმელს იმდენად სწორი მუხტითა და ემოციით ამბობდა, რომ მაყურებელი მას ყოველი გამოჩენისას მქუხარე ტაშით აჯილდოებდა. არადა, ადვილი ნამდვილად არ არის, მაყურებელზე 2 სიტყვით მოახდინო შთაბეჭდილება...

არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი სპექტაკლი "ქამუშაძის გაჭირვება", რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დავდგი.

1995 წელი იყო, პრემიერამდე 5 დღით ადრე ზური­კოს დაუდგინეს დიაბეტი და საავადმყოფოში დააწვინეს, არადა, ოტია ქამუშაძის როლს ასრულებს. რა გავაკეთო? ის წლებია, ძალიან ცოტა სპექტაკლი რომ იდგმება და ყველაფერი ვადებშია გაწერილი. თამაშობენ თამარა სხირტლაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გელოვანი... მოკლედ, შემდეგი სეზონისთვის ვერ გადავიტან. გამოსავალი ისევ ზურამ იპოვა - საავადმყოფოდან იპარებოდა და რეპეტიციებზე მოდიოდა. დედამისთან მოილაპარაკა, ახლა გვერდით უნდა დამიდგეო. ქალბატონი ლეილა იჯდა პალატაში და ექიმი ან ექთანი თუ შემოვიდოდა, ეუბნებოდა, ზურა საპირფარეშოშიაო... ეჰ, რამდენი რამ მახსენდება, ზურამ 55 წელი იცხოვრა და ჩვენი მეგობრობა თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.

ccc-1755440165.jpg

უფრო ახლო ურთიერთობა, როგორიც მე და ზურას გვქონდა, ძნელი წარმოსადგენია. ამ ურთიერთობის ძალიან დიდი პატივისმცემელი იყო.

ზურიკოს საოცარი სატირული იუმორი ჰქონდა, იუმორში­ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ ისე, რომ არავი­სთვის დამამცირებელი არ იყო... მახსოვს­ ერთხელ­ პიესაში "მელიები" სულ სახალხო არტისტები განაწილდნენ. კოტე თოლორაიამ მსახიობების ჩამონათვალი რომ წაიკითხა, ხისტად იხუმრა, "მელიებს" დგამენ და როლებზე­ მგლები გაუნაწილებიათო. ეს ვიღაცამ იუმორით მიიღო, ვიღაცას ეწყინა. ზურიკო ასეთ იუმორში ხისტი არ იყო... ყველაფერს კარგად ხვდებოდა, ალბათ, იმასაც გრძნობდა, რომ მისი, როგორც მსახიობის სათანადოდ "დახარჯვა" ვერ ხდებოდა, მაგრამ...

- არ აპროტესტებდა?

- ადამიანური ურთიერთობები მეტად უღირდა. კონფლიქტური არ იყო, თუმცა კონფლიქტი სიჩუმეშიც შეიძლება იყოს... წინ თუ ვინმე გადაუხტებოდა, საერთო წარმატებას მიითვისებდა, რეაქცია არ ჰქონდა, ეს იმდენად სასაცილოდ ეჩვენებოდა. თვლიდა, რომ მაყურებელს ვინმეს შეყვარება თუ უნდა, თავისთავად შეიყვარებს და ამის საუკეთესო მაგალითი შინ ჰყავდა.

- ვიცი, უყვარდა მეგობრების შეკრება,­ გირეკავდათ, გივის კარგი ღვინო აქვსო...

- დარეკავდა და იტყოდა: რამე ხომ არ გავაფუჭოთ? ასეთ შეკრებებზე გიჟდებოდა, მაგრამ თავად ცოტას სვამდა. მეხუმრებოდა, საცავი რომ გაქვს, შეყავი ხელი, ერთი ვისკი შეარჩიე, ოღონდ არ იწუწურაქო, კარგი ხარისხის წამოიღეო. ჩემი და ზურიკოს მეგობარი, მეჯვარე და ბავშვების ნათლიაა გიგა ბერაძე. პანდემიის დროს ოჯახებში რიგრიგობით წრეზე დავდიოდით. კომენდატის საათის რეჟიმში ვცხოვრობდით - საღამოს ვიკრიბებოდით და დილით ხსნილი რომ იყო, ვიშლებოდით. ეს არ გვბეზრდებოდა.

ზურიკოს დაბადების დღე გამორჩეულად­ მახსოვს, ახლა ჩადენილი კრიმინალი უნდა გავთქვა: ზურიკოს მეუღლეს, მე, გიგას, ჩვენს მეუღლეებს - ხუთივეს "კოვიდი" გვქონდა, მხოლოდ ზურას არ ჰქონდა და ხუმრობდა, ინსულინს რომ ვიკეთებ, ეგ მიცავსო. ზურას დაბადების დღეზე კოვიდიანები მასთან შევიკრიბეთ. ბუნებრივია, ალკოჰოლი არ მიგვიღია, "მშრალი კანონის" ეპოქაში ხომ დაბრუნდითო, ხუმრობდა ზურა და­ კომპოტებს გვიხსნიდა. ასე ვიქეიფეთ კომპოტით. ეს დღე ძალიან ძვირფასი იყო...

ზურას იმ 9-თვიან პერიოდზე ადამიანები ამბობდნენ, ღმერთმა ასეთი კარგი ბიჭი რატომ გაწირაო. მე სხვა შეგრძნება მქონდა, ღმერთს არ ემეტებოდა ამ ქვეყნიდან გასაყვანად. ზურა 13 სექტემბერს გარდაიცვალა, აგვისტოს ბოლო დღეებამდე იმედი მაინც გვქონდა, მაგრამ... მასთან სანახავად რომ შევდიოდი, სრულიად უკონტაქტო იყო, თუმცა სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც გაიგო, რაღაც მაგრძნობინა.

ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე, ზურიკოს წასვლით ცხოვრება გაუფერულდაო. ჩვენმა­ სამეგობრომ სისხლსავსეობა დაკარგა. სასაფლაოზე დავდივარ, მაგრამ იქ რაიმე ენერგეტიკას ვგრძნობ-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება, იმიტომ, რომ ზურიკო უძრაობა არ იყო. ის ჩემს ცნობიერებაში დალექილია როგორც სიცოცხლის, სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულებისა და ნიჭიერების სიმბოლო.

თამუნა კვინიკაძე