„მინდოდა სულ მემღერა, მაგრამ ჩემთან ყველაფერი გაყინულია“
პოპულარული მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი შიდა ქართლის უძველესი, მშვენიერი სოფელ კარალეთის მკვიდრია. მან იქ ულამაზესი ბაღი გააშენა და დროის უმეტეს ნაწილს იქ ატარებს. მომღერალმა ძალიან კარგად იცის საზღვრისპირა სოფლების მდგომარეობა და იქაური მოსახლეობის პრობლემები. გიორგი სუხიტაშვილი არაერთ მტკივნეულ თემაზე გვესაუბრება:
- კარალეთი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილია. ის ძალიან ახლოსაა რუსების გავლებულ ე.წ. საზღვართან. ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობა აქ კი არ მცირდება, პირიქით, მატულობს, ოჯახები იქმნება და ახალი სახლები შენდება, რაც ძალიან მახარებს. აგვისტო კარალეთის მკვიდრებისთვის და ჩემთვისაც ძალიან მძიმე თვეა, რადგან 2008 წლის მოვლენებს მახსენებს. ვცდილობ იმ დღეებზე ბევრი არ ვიფიქრო, მაგრამ აგვისტოს თვემ ჩემთვის სტატუსი შეიცვალა - ამ სიტყვის ხსენებაზე პირველად 2008 წლის მოვლენები მახსენდება. კარალეთში ჯარი შემოდგომამდე იდგა, სოფლის შესასვლელი მავთულხლართებით იყო გადაკეტილი და რუსეთის დროშები ეკიდა. მოკლედ, ძალიან არასასიამოვნო პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ მძიმე განცდას თან ახლავს სიამაყე იმის გამო, რომ არაერთ ქართველს შეუძლია ქვეყნისთვის თავი გაწიროს და იქ დადგეს, სადაც სამშობლოს სჭირდება. გული მტკივა, როცა ჩვენი გმირების საფლავებთან მდგომი კოსტიუმიან-ჰალსტუხიანი ადამიანები ისეთ რამეს ამტკიცებენ, რაც მათ გმირობას, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს შეურაცხყოფს. ეს ძალიან დიდი მავნებლობაა ჩვენი ქვეყნის მომავლის, მისი პერსპექტივის.
- რას ეტყოდით იმ ხალხს, რომელიც ამტკიცებს, აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო?
- უკვე მრავალი წელია ამას იმეორებენ და გვაჩვევენ, რომ ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო. აბა, შიდა ქართლის მოსახლეობას ჰკითხონ, აგვისტოს ომი როდის დაიწყო!
7 აგვისტოს თბილისში ვიყავი. ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რაც ხდებოდა, მაშინვე სოფელში წამოვედი. ის ტანკები, რომლებიც აქ შემოჯლიგინდნენ, ორ საათში გაჩნდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე?! ზემო სოფლებში მცხოვრები ოსი მოსახლეობა წინა დღეებში საერთოდ "გაქრა" და რუსულ საფრთხეს მხოლოდ ქართველები დახვდნენ - ამას გეტყვით ყველა, ვინც ვერ დააბეჩავეს და ვერ შეაშინეს, რუსეთში ვაშლს ვეღარ გაყიდითო...
ძალიან მინდა გავამხნევო ყველა, ვისაც სახლ-კარის დატოვება მოუხდა! ვერაფერი წაშლის იმ სევდას, რასაც შენი ეზოს, შენი ხელით დარგულის და მოწეულის მიტოვება ჰქვია. რაც უნდა კარგ პირობებში ცხოვრობდე, შენს ეზო-მიდამოს ვერაფერი ჩაანაცვლებს.
ამ ხალხს მშვიდობაზე როგორ ესაუბრებიან? ან როგორ შეიძლება ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრო იმ ქვეყანასთან, რომლის ჯარიც ჩვენს ტერიტორიაზე ახლაც დგას. როცა ე.წ. მშვიდობაზე საუბრობენ, ალბათ, თავიანთი მომხრეების გულის მოგებას ცდილობენ.
ოკუპაციის გაპროტესტებას ზოგიერთი "ნაცობად" მიიჩნევს, ხოლო ოკუპანტის უსამართლო ქმედებებზე თვალის დახუჭვას - მშვიდობას. ამ სიგიჟეში გაგვხვიეს და როცა ვამბობთ, რომ რუსეთი მტერია, ვიღაც "შპანა" გამოეფინება და კითხულობს, აბა, ამერიკა გინდათო? - აი, ამ სიგიჟეში გვიწევს ცხოვრება.
ვიდრე რუსი ჯარისკაცები ჩვენს ტერიტორიაზე რჩებიან, მანამდე ლეგიტიმური და სამართლიანია ოკუპაციის დაგმობაც და გაპროტესტებაც. უფრო მეტიც, მიწაში უნდა ლპებოდეს ყველა, ვინც ჩვენს მიწაზე უბოდიშოდ შემოჯლიგინდა და სამაჩაბლოს ქართული სოფლები გადაწვა! გვიმტკიცებენ, მტრობა თურქეთსა და ირანთანაც გვქონდაო, მაგრამ თურქეთის, ირანისა და რუსეთის ერთ სიბრტყეში დაყენება ახლა, ამ ეპოქაში, უმეცრებაა.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს იმას, ვინც თავისი ქვეყნის უახლესი ისტორია არ იცის, ასეთ ხალხს საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება არა აქვს.
- რა პრობლემები აქვს დღესდღეობით თქვენი მხარის მოსახლეობას?
- სამწუხაროდ, ყველაზე მძაფრი რუსული პროპაგანდა შიდა ქართლში მიმდინარეობს: აქ თავისუფლად უსმენენ რუსულ მაუწყებლობას, რუსულენოვან ტელეარხებს და რადიოს. ნუთუ არ შეიძლება ის არხები დაახშონ, რომლებითაც აქ რუსულ პროპაგანდას ეწევიან? ეს იმიტომ ხდება, რომ ამ რეგიონს პატრონი არა ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლება ყოფითი პრობლემების მოგვარებასაც ვერ ახერხებს. როცა ადამიანს მოუწოდებ, რომ სოფელში დაბრუნდეს, ელემენტარული პირობები ხომ უნდა დაახვედრო? ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღე ქრებოდა შუქი, მეც თითქმის ყოველდღე ვურეკავდი, მაგრამ მანამ არ გამოასწორეს, სანამ ენერგოობმუდსმენს არ დავუკავშირდი და საქმეში არ ჩაერია. ნორმალური გზაც არ გვქონდა, არც ისე დიდი ხანია, რაც ასფალტი დააგეს. რატომ უნდა დავდიოდეთ ნაგვის გადასაყრელად ცენტრალურ გზაზე და რატომ არ უნდა იყოს აქვე ახლოს ბუნკერები? - სწორედ ასეთი დეტალებისგან იქმნება ნორმალური ცივილიზებული პირობები ადამიანებისთვის. ბევრ სოფელს სარწყავი წყლის და საძოვრების პრობლემაც აქვს. სოფლებში ინფორმაცია არა აქვთ, რისი უფლება აქვთ და რა უნდა მოითხოვოს. შემიძლია კიდევ უამრავ პრობლემაზე ვილაპარაკო, მაგრამ არ მინდა ყველას თავი მოვაბეზრო, არ მინდა ვინმემ თქვას, რეგიონში ჩამოვიდა და პოლიტიკური აქტივიზმი გააჩაღაო. აქტივისტი არა ვარ, მაგრამ ჩემი ხალხი მიყვარს და მინდა ნორმალურ, ადამიანურ პირობებში ცხოვრობდეს. ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფო ამას არ აკეთებს, პირიქით, ცდილობს მოსახლეობა ვაკუუმში ჰყავდეს, რადგან ინფორმირებულ ადამიანს მეტი პრეტენზია და მეტი კითხვა უჩნდება.
- და ბოლოს, რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ამჟამად კარალეთში ვარ და აქედან ვმუშაობ, დისტანციურად. სიმღერა ჩემი მთავარი მოწოდებაა, მინდოდა სულ მემღერა, მაგრამ ჩემთან ყველაფერი გაყინულია.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ერთ კონცერტშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან ჩემთვის არავის დაურეკავს. ვწუხვარ, მაგრამ სიმართლე ეს არის.
ხათუნა ჩიგოგიძე