The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: "ცირკი დასრულდა - პუტინმა ტრამპისაგან სწორედ ის მიიღო, რაც სურდა"
ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) 17 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „პუტინმა ტრამპისაგან სწორედ ის მიიღო, რაც სურდა - მსოფლიო არენაზე დაბრუნება“ (ავტორი - დომინიკ ნიკოლსი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგა გაანებივრა, ვლადიმერ პუტინმა იგრძნო, რომ მსოფლიომ მკაფიოდ დაინახა: იგი ისევ თავის კანონიერ ადგილზეა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი.
როცა მოლაპარაკება ვადაზე ადრე დასრულდა, ყველას კითხვა გაუჩნდა - მიაღწიეს თუ არა პრეზიდენტებმა ცეცხლის შეწყვეტას, ზავს? იმავდროულად ათობით ჟურნალისტმა, რომლებიც სამხედრო ბაზაზე იყვნენ შეკრებილნი, ანკორიჯში, იფიქრეს, რომ ვლადიმერ პუტინს კატასტროფა მოუვიდა: მან აშკარად გააბრაზა დონალდ ტრამპი... მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. ჩვენ ამას იმავე წუთს მივხვდით, როცა ორივენი პრესკონფერენციაზე მოღიმარი სახეებით მოვიდნენ.
პუტინმა ლაპარაკი პირველმა დაიწყო და შეეცადა, რაც შეიძლება მეტი ეთქვა ტრამპთან შეხების წერტილებზე. თავის სიტყვაში, რომელიც მას შეეძლო, ერთი წლის წინათაც კი ეთქვა, რუსეთის პრეზიდენტმა სწრაფად გააცნო ჟურნალისტებს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ისა და სსრ კავშირის თანამშრომლობა, ახსენა ალასკაზე დაკრძალული დაღუპული საბჭოთა მფრინავების საფლავები და ის საერთო მტერი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი და ამერიკა ერთად იბრძოდნენ, ილაპარაკა „საერთო მემკვიდრეობაზე“... „ამ შეხვედრას დიდი ხანია ველოდით“, - ენთუზიაზმით განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მანერით, რომელიც მას ახასიათებს. მან გააკრიტიკა ჯო ბაიდენი („ვცდილობდი, რომ მის ყურამდე მიმეწვდინა, მაგრამ ყრუ აღმოჩნდა“) და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი მართლაც არ დაიწყებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი რომ იმ დროს დონალდ ტრამპი ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი ცნობილი და საკმაოდ მოსაწყენი იყო.
თავის ძალიან მოკლე საპასუხო გამოსვლაში ბატონმა ტრამპმა რაღაც მომენტში ვლადიმერ პუტინს „ბოსი“ უწოდა, რის გამოც აუდიტორიაში მყოფთა სახეებზე აღშფოთება გამოიხატა. ვისაც რუსი ლიდერი არ მოსწონდა, მათთვის ასეთი მიმართვა წარმოუდგენელი იყო.
რაღაც მომენტში პუტინმა თქვა: „მთლიანობაში, ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება, რასაკვირველია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს“. ნუთუ ეს წამოსცდა? ჩვეულებრივად, იგი ყოველთვის უარყოფს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს მომენტი იშვიათი, მაგრამ დასამახსოვრებელია.
დასასრულს, ვლადიმერ პუტინმა, უკვე ინგლისურ ენაზე, თავისი „მეზობელი“ დონალდ ტრამპი მოსკოვში სტუმრად მიიწვია. რასაკვირველია, ეს არ მოეწონათ ევროპელ ლიდერებს, მაგრამ მისთვის ევროპელების და უკრაინის ლიდერის პოზიცია უმნიშვნელოა. ამით პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი უფრო მეტად მისი თანამოაზრეა, ვიდრე - ევროპელების მხარდამჭერი.
ასევე დაგაინტერესებთ: რაღა საჭირო იყო ალასკის შეხვედრა, თუკი პუტინის ულტიმატურული მოთხოვნები იგივე დარჩებოდა?
ტრამპი-პუტინის „ჩახუტება“ შედგა, მაგრამ უკრაინის ხარჯზე?
შემდეგ კი უეცრად ყველაფერი დასრულდა: ორმა ლიდერმა ჟურნალისტებს ზურგი აქცია და სცენა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტთა წამოყვირებისათვის ყურადღება არ მიუქეცევიათ. არავითარი შეთანხმება, არავითარი ცეცხლის შეწყვეტა და არავითარი პასუხისმგებლობა ჩადენილზე.
თეთრმა სახლმა მასშტაბური მოჩვენებითობა მოაწყო: პუტინს წითელი ხალიჩა გაუფინა, მიიწვია პრეზიდენტის ავტომობილში... ჰაერში ხუთმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა, ავიაესკორტის სახით... და ეს, ყველაფერი, ხდებოდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე რუსებმა ქალაქ სუმის ბაზარი დაბომბეს. შესაძლოა, მასპინძელმა ეს ინციდენტი არ იცოდა, მაგრამ რომც სცოდნოდა, სტუმრის მიღების მომენტის დაჩრდილვა არ სურდა.
კრიტიკოსების თვალსაზრისი ორად გაიყო: ერთნი დონალდ ტრამპის მოქმედებას სუსტი პრეზიდენტის ლაჩრულ ქცევად აფასებენ, რომელიც ცდილობს, პატივი მიაგოს ადამიანს, სამხედრო დამნაშავედ შერაცხულს. მეორენი კი ამბობენ, რომ საერთაშორისო დიპლომატიაში ასეთი მომენტებიც ხდება და მათ გვერდს ვერ აუქცევ.
ცირკი დასრულდა. ვლადიმერ პუტინმა მოახერხა დონალდ ტრამპისათვის ხელის ჩამორთმევა. მან მსოფლიოს დაუმტკიცა: რუსეთი თავის კანონიერ ადგილზე დაბრუნდა, თანაც - მძიმეწონიანი მოთამაშის სახით, მსოფლიოს პოლიტიკაში.
თუ ევროპელი ლიდერები ამის შემდეგაც უკრაინისადმი მხარდაჭერას არ გააძლიერებენ, მათ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევთ.
მოამზადა სიმონ კილაძემ