ანექსირებული ყირიმის აღიარების სახიფათო პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებების მოთხოვნაშიც ხომ არ გადაიზრდება?! - კვირის პალიტრა

ანექსირებული ყირიმის აღიარების სახიფათო პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებების მოთხოვნაშიც ხომ არ გადაიზრდება?!

დღეს,18 აგვისტოს, გადამწყვეტი მომენტი დგება, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს ბოლო წლების უმნიშვნელოვანეს კითხვას - შეწყდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეიარაღებული დაპირისპირება ევროპაში თუ რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ გაგრძელდება და ხანგრძლივობით თვით ამ, მეორე მსოფლიო ომსაც კი მიუახლოვდება?!

დღეს, საღამოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ერთად მიიღებს ევროპის ქვეყნების ლიდერებსაც, სადაც მათ გააცნობს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ ალასკას შეხვედრაზე გაჟღერებულ კატეგორიულ მოთხოვნებს - უკრაინის მხრიდან დონბასის სრული დათმობა, ნატოზე უარის თქმა, რუსული ენის ოფიციალურად გამოცხადება და ა.შ.

ამ ულტიმატუმური მოთხოვნებიდან უკრაინისთვის, ერთი შეხედვით, ყველაზე მიუღებლად მოჩანს დონეცკის ოლქის დარჩენილი 25-28% ტერიტორიის და იქ მდებარე ორი დიდი უკრაინული ქალაქის - კრამატორსკისა და სლოვიანსკის უბრძოლველად დათმობა რუსეთისთვის მაშინ, როდესაც იმავე დონბასში უკრაინის დამცველები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ თითოეული სოფლისთვის...

მაგრამ ამაზე ბევრად უფრო საშიშრად მოჩანს პუტინის სხვა კატეგორიული მოთხოვნა - რუსეთის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს ოკუპირებული და შემდეგ ანექსირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის კიევის მიერ რუსეთის ფედერაციის ნაწილად ოფიციალურად ცნობა...

რუსი ოკუპანტები ისედაც მიმდგარნი არიან კრამატორსკსა და სლოვიანსკზე და თვეების შეტევების შემდეგ რუსმა აგრესორებმა ეს უკრაინული ქალაქები შეიძლება მიწასთან ისევე გაასწორონ, როგორც ეს ბახმუტსა თუ სხვა უკრაინულ დასახლებებში გააკეთეს,მაგრამ ანექსირებული ყირიმის ოფიციალურად „გადაფორმება“ აგრესორი ქვეყნისთვის, ძალიან სახიფათო პრეცედენტს შექმნის მთელი მსოფლიოსთვის...

პირველ რიგში კი, ჩვენი საქართველოსთვის, როდესაც იგივე რუსეთი, ფრთაშესხმული ყირიმის საბოლოოდ დაპატრონებით, შეეცდება, თბილისი აიძულოს, ცნოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ ან უფრო უარესიც - რუსეთი მორიგი თავისი „რეფერენდუმის“ შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გამოაცხადებს და ამის ოფიციალურად აღიარებას მოგვთხოვს...

ჯერჯერობით ეს, ყველაფერი, ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ის, რასაც ულტიმატუმის სახით ითხოვს პუტინი და თითქმის გასდის, ძალიან ბევრ საფრთხეს წარმოშობს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„ზელენსკის შეუძლია, რუსეთთან ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს ან ბრძოლა გააგრძელოს... ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატოში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“ - აცხადებს ტრამპი, თეთრ სახლში შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე და უკვე გასაგებია, თუ როგორი პოზიცია ექნება მას საღამოს ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას. როდესაც 3,5 წელი ასეთი ფართომასშტაბიანი და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარებს შენს მშობლიურ მიწაზე, ნადგურდება სოფლები და ქალაქები, ყოველდღე იღუპება ასობით თანამემამულე, ომის შეწყვეტა, ალბათ, ყველა უკრაინელს სურს, მაგრამ რა პირობებით უნდა მოხდეს ის?

ასევე დაგაინტერესებთ: "რუსეთი დიდი სახელმწიფოა, უკრაინა კი არა. კიევს მოუწევს დათანხმება“ - ალასკაზე ტრამპის სტიმული პუტინისთვის... ომის გასაგრძელებლად"

ნულოვანი ეფექტი: "ალასკაზე აპოკალიფსი არ მომხდარა, თუმცა..."

The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: "ცირკი დასრულდა - პუტინმა ტრამპისაგან სწორედ ის მიიღო, რაც სურდა"

პირველი - უკრაინა შეგუებულია იმ მძიმე რეალობას, რომ ახლო მომავალში ის ვერ შეძლებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული მიწების სრულ გათავისუფლებას;

მეორე - ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს წარმოადგენს ფრონტის ხაზის „გაყინვა“ იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს;

მესამე - ოკუპანტ რუსეთთან რეალური სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინას აუცილებლად სჭირდება იმის მტკიცე გარანტიები, რომ რუსეთი სამხედრო აგრესიას აღარ გაარძელებს, გარკვეული ხნის შემდეგ;

მეოთხე - უსაფრთხოების ასეთი გარანტიების მიცემა უკრაინისთვის შეუძლიათ ევროპის რიგ ქვეყნებსა და აშშ-ს. ევროპელები უკვე გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შემდეგ ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის დაცვას ჰაერსა და ზღვაზე, თუმცა რატომღაც არ ახსენებენ ხმელეთს, რაც უმთავრესია;

მეხუთე - მთავარია, ჩაერთვება თუ არა ტრამპის ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში, რადგან აშშ-ის გარეშე დასავლეთის ამ გარანტიებს ნაკლები ფასი ექნება.

ახლა ბურთი ზელენსკის მოედანზეა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ პუტინის ამ ულტიმატუმური მოთხოვნების შემთხვევაში, ომი უკრაინის მიწაზე შეიძლება გარკვეული დროით „გაიყინოს“ და ამით ამოისუნთქონ უკრაინელებმა, მაგრამ ეს თავად პრეზიდენტ ზელენსკისთვის პოლიტიკური კარიერის თვითმკვლელობად იქცევა - მას არ აპატიებენ უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას...