ტრამპს უკრაინის ფრონტის რუკა გადაუშალეს - მოვლენების განვითარების 6 სცენარი ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური "დუელი"?!
2025 წლის 18 აგვისტო მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე წარმომადგენლობითი მოლაპარაკებები, გამართული თეთრ სახლში...
ამ დღეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ტრამპმა თავისთან მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მასთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომელსაც მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ფინეთის პირველი პირები, ასევე, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც შეუერთდნენ.
ეს გაფართოებული შეხვედრა, ტრამპმა 40 წუთით დატოვა და ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა, რის შემდეგაც ოვალურ კაბინეტში გაგრძელდა მოლაპარაკებები...
რა არის ცნობილი თეთრ სახლში რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ?
კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული, თუმცა გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
პირველი - ტრამპი ეცდება, უახლოეს დღეებში ორგანიზება გაუკეთოს პუტინი-ზელენკის პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც თავადაც ჩაერთვება მოლაპარაკებაში;
მეორე - ტრამპი, რომელიც აქამდე შორს იჭერდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, ახლა თანახმაა, რომ ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების „კოორდინატორი“ გახდეს, მაგრამ რაში გამოიხატება ეს „კოორდინაცია“, ჯერ არ დაზუსტებულა;
მესამე - ამერიკული მხარე კვლავ აჟღერებს „ტერიტორიების გაცვლის“ პრინციპს, რომელიც პუტინმა ულტიმატუმის სახით დააყენა ტრამპთან ალასკის შეხვედრაზე და გულისხმობს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული მიწების რუსეთისთვის გადაცემას, იმის გარანტიით, რომ რუსეთი გავა სუმისა და ხარკოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „გაყინავს“ ფრონტის ხაზს.
მეოთხე - პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ტერიტორიების თემაზე მოლაპარაკებას მხოლოდ უშუალოდ პუტინთან გამართავს.
მეხუთე - „დაბადებით“ ბიზნესმენის-პრეზიდენტ ტრამპის „მოსათაფლად“ უკრაინამ შესთავაზა 100 მლრდ დოლარის შეიარაღების შესყიდვა (რა თქმა უნდა, ევროპის დახმარებით) ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან, რაც აშშ-ს დიდ ფინანსურ მოგებას მისცემს და ტრამპიც ამომრჩევლების გულს მოიგებს. ამის გარდა, 50 მლრდ დოლარის საერთო ღირებულების დრონების დამზადება მოხდება, ამაში ამერიკელებზე უკვე ბევრად უკეთესად გათვითცნობიერებული უკრაინული ფირმების მიერ, რასაც შეიძენს აშშ-ის შეიარაღებული ძალები.
ასევე დაგაინტერესებთ: ანექსირებული ყირიმის აღიარების სახიფათო პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებების მოთხოვნაშიც ხომ არ გადაიზრდება?!
რაღა საჭირო იყო ალასკის შეხვედრა, თუკი პუტინის ულტიმატურული მოთხოვნები იგივე დარჩებოდა?
მეექვსე - უკრაინა კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთმა მის ტერიტორიაზე შეჭრის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს, რისი განხორციელებაც შეიძლება დასავლეთში გაყინული 300 მლრდ დოლარის ოდენობის რუსული აქტივებიდან.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის ფრონტის რუკა გადაუშალა და გააცნო მთავარი ინფორმაცია - ამ მომენტისთვის რუსეთს ოკუპირებული აქვს ყირიმის ნახევარკუნძული მთლიანად, ხერსონის ოლქის 73%,ზაპოროჟიეს 73%, დონეცკის 76%, ლუგანსკის 99%, ხარკოვის 4%, სუმის 1%, დნეპროპეტროვსკის 1% და ნიკოლაევის 1%.
ამ რუკის ჩამოკიდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმიტომაც იყო აუცილებელი, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სავარაუდოდ, არათუ ის არ იცის, პუტინის რუსეთს უკრაინის რამდენი ოლქის რამდენი პროცენტი აქვს ოკუპირებული, არამედ... ცუდად ერკვევა თუ საერთოდ სად მდებარეობს და ვის და რას ესაზღვრება უკრაინა...
ეს ცოტა დაუჯერებლადაც შეიძლება მოჩანდეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა საქვეყნოდ რამდენიმე მორიგი „მარგალიტი“ გააჟღერა - თურმე, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას დაუკარგავს გასასვლელი... ოკეანეზე(!) და მეორეც - ერთ რუს გენერალს რომ არ შეშლოდა და კიევზე შეტევისას ტანკები მინდორში კი არა, სადაც ისინი ჩარჩნენ, არამედ გზაზე გაეშვა, კიევში ოთხ საათში ჩავიდოდნენო და ეს რუსი გენერალი პუტინმა ამისთვის, ალბათ, დახვრიტაო...
რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინამ მართლაც დაკარგა გასასვლელი, მაგრამ არა ოკეანის, არამედ - აზოვის ზღვის სანაპიროზე და თავად აზოვის ზღვაც შიდაზღვად ითვლება და სტრატეგიული მნიშვნელობით ჩამოუვარდება უკრაინის ოდესა-ოჩაკოვის შავი ზღვის სანაპიროს.
რაც შეეხება ომის დასაწყისში რუსული ტანკების უკრაინის დედაქალაქზე შეტევას, რუსი ოკუპანტების ჯავშანსატანკო არმადები ბელარუსიიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან კიევისკენ მიმავალი სწორედ ასფალტირებული გზებით გადაადგილდებოდნენ სწრაფად, მაგრამ უკრაინელების მიერ „ჯაველინებით“ მოწყობილ ჩასაფრებებში მოჰყვნენ, სწორედ იმ ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინების“, რომელთა მიყიდვა უკრაინისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-მა პირველად სწორედ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში გაბედა...
პრეზიდენტი ტრამპისგან ასეთი და კიდევ უფრო უარესი შეცდომების დაშვება სამხედრო საკითხებში, ძალაუნებურად, გაფიქრებინებს, რომ თეთრ სახლს არ ჰყავს პროფესიონალი სამხედრო მრჩევლები, თუმცა ეს ასე არ არის, უბრალოდ ტრამპს არავის მოსმენა არ სურს და ერთხელ ნათქვამ შეცდომას შემდგომშიც ჯიუტად ატირაჟებს...
არ შეიძლება არ აღინიშნოს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თითქოს პირდაპირ არ ეხება გუშინდელ მოლაპარაკებებს თეთრ სახლში, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან დიდ როლს თამაშობს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის კეთილგანწყობაზე - თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის დროს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში თითქმის ერთმანეთზე გაიწიეს, ტრამპის გუნდის გაბრაზება თურმე იმასაც გამოუწვევია, თუ როგორ გაბედა ზელენსკის ოფიციალური პიჯაკისა და ჰალსტუხის გარეშე, მწვანე მაისურით თეთრ სახლში შემობიჯებაო...
ახლაც, ევროპელმა ლიდერებმა ურჩიეს ზელენკის იმიჯის შეცვლა და ამჯერად თეთრი სახლის ზღურბლთან დახვედრილმა ტრამპმა მოუწონა ზელენსკის შავი პიჯაკი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს ჰალსტუხი მაინც არ ეკეთა...
წარმოიდგინეთ, მეოთხე წელია, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, მებრძოლებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც ყოველდღე იღუპებიან და ამერიკელი პოლიტიკური სნობები, რომლებსაც ჰალსტუხები უჭერთ, მაღალი დონის ოფიციალური სტუმრისაგან პიჯაკისა და ჰალსტუხის ტარებას მოითხოვენ... საინტერესოა, იმავე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, როდესაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი - მოდი სტუმრობდა, მას ეცვა ტრადიციული პიჯაკი ან ეკეთა ჰალსტუხი?
და კიდევ ერთი - თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში თებერვალში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ზელენსკი დაარიგეს, რომ მას ხშირად ეხადა მადლობები ტრამპისთვის და უკრაინის პრეზიდენტიც ასე მოიქცა, გუშინდელ შეხვედრის წინ - ჟურნალისტების თანდასწრებით მან რვაჯერ მოასწრო ტრამპისთვის მადლობის გადახდა ამერიკის დახმარების გამო, თუმცა რეალურად, მას შემდეგ, რაც ტრამპი იანვრის ბოლოს ხელმეორედ ჩაჯდა პრეზიდენტი სავარძელში, აშშ-ს თვეების განმავლობაში არათუ ახალი სამხედრო დახმარება არ გამოუყვია რუსეთთან ასეთ უთანასწორო ომში მყოფი უკრაინისთვის, არამედ - ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობისას გამოყოფილი სამხედრო დახმარებები გააუქმა ტრამპის თავდაცვის მინისტრმა, რითაც მძიმე დარტყმა მიაყენა უკრაინის თავდაცვისუნარიანობას...
უბრალოდ კარგად გამოჩნდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ძალიან სიამოვნებს ქება და ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ასეთი ფარისევლური ხოტბა-დიდებით თეთრი სახლის ბინადარის გულის მოგებას ცდილობენ, თუმცა ავიწყდებათ,რომ ტრამპს „შვიდი პარასკევი“ აქვს და მალე ვნახავთ კიდევ რამდენჯერ შეიცვლის ის პოზიციას, უკრაინის ომთან მიმართებაში...