ქართველი მილიონერი პარფიუმერი, რომელიც ამერიკიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - გიორგი მაჩაბელის ბურუსით მოცული სიკვდილი - კვირის პალიტრა

ქართველი მილიონერი პარფიუმერი, რომელიც ამერიკიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - გიორგი მაჩაბელის ბურუსით მოცული სიკვდილი

მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ 1937-1938 წლის რეპრესიებს, მათ შორის - ჯალათებისა და მსხვერპლთა ცხოვრება/აღსასრულს, საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობ. სტალინის პერიოდის საბჭოთა იმპერიაში შემთხვევით არაფერი ხდებოდა: კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც უკვე ბევრის მცოდნე ჯალათების „გაქრობის“ აუცილებლობა დადგა, „დიდმა ბელადმა“ თბილისიდან გამოიძახა ამ საქმის „ოსტატი“, რომელსაც ყოფილი ჯალათები, როგორც „ხალხის მტრები“ და „იმპერიალიზმის აგენტები“, იმ ქვეყანას უნდა გაესტუმრებინა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გავრცელებული იყო ვერსია (პირადად მაქვს მოსმენილი), რომ 1937-1938 წლებში (1938 წლის ზაფხულამდე) ლავრენტი ბერიას ბედი ბეწვზე ეკიდა და ნ. ეჟოვი მისი დაპატიმრებისთვის (რაც დახვრეტით დასრულდებოდა) კომპრომატებს აგროვებდა. საქართველოში „შინაურულად“ იმაზეც საუბრობდნენ, რომ მაშინ ლ. ბერიამ საქართველოს სსრ შინსახკომის ხელმძღვანელის, სერგო გოგლიძის დროული გაფრთხილების შემდეგ მოახერხა მოსკოვში ჩასვლა, სტალინთან შეხვედრა და ამგვარად გადაურჩა „ეჟოვის კლანჭებს“.

ლ. ბერიას ეჟოვთან საკუთარი ანგარიშები ჰქონდა, რაც კარგად იცოდა სტალინმა და ამიტომაც დანიშნა ის სსრკ-ის შინაგან საქმეთა კომისრად და ეჟოვის შეცდომა/დარღვევების „შესწავლა“ დაავალა. ყველაფერი ლოგიკურია, ხომ მართალია? ნ. ეჟოვი კვალის წაშლას ამაოდ ცდილობდა: არასასურველი მოწმეები (მაგ. მაჩაბელი და გორიაჩევი) თავიდან კი მოიცილა, თუმცა მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს“. სერგო გოგლიძე კი ამის შემდეგ, 15 წლის მანძილზე, ლ. ბერიას „გუნდის“ უცვლელი წევრი გახდა.

როგორც ყველა ერთპიროვნული მმართველი, იოსებ სტალინიც ახალისებდა და აქეზებდა შიდადაპირისპირებას პარტიაშიც და საბჭოთა სპეცსამსახურებშიც: ჯერ იაგოდას დაუპირისპირა ეჟოვი, შემდეგ - თავად ეჟოვს - ლავრენტი ბერია. ეს იყო „ბრძოლა წესების გარეშე“: იმარჯვებდა ყველაზე მოხერხებული და დაუნდობელი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული ყოველთვის „დიდი ბელადი“ რჩებოდა.

picture7-1755589022.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: მირ ჯაფარ ბაგიროვი (აზერბაიჯანის სსრ-ის ხელმძღვანელი), ლავრენტი ბერია (საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელი), ნიკოლაი ეჟოვი (მაშინ ვკპ(ბ) ცკ-ს პასუხისმგებელი მუშაკი და სტალინის „მარჯვენა ხელი“ საკადრო საკითხებში ), აღასი ხანჯიანი (სომხეთის სსრ-ის ხელმძღვანელი) და რობერტ ეიჰე (ვკპ(ბ) ცკ-ს პასუხისმგებელი მუშაკი). საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) მე-17 ყრილობა. მოსკოვი, 1934 წლის ზამთარი.

კარგად დააკვირდით ამ სურათს: არც ერთი მათგანი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, ყველა სხვადასხვა წლებში დახვრიტეს!

სამწუხაროა, რომ ჯალათების კულუარულ დაპირისპირებას და „კაციჭამია ვირთხების“ ომს რიგითი მოქალაქენიც ეწირებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი ილია მაჩაბელი აღმოჩნდა. ცნობილი ქართველი თეატრთმცოდნე, პროფესორი ვასილ კიკნაძე ამგვარად ახასიათებდა ილია მაჩაბელს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „სანდრო ახმეტელმა ადმინისტრატორი ილო მაჩაბელი გაგზავნა მოსკოვში. ამ ენერგიულსა და ადმინისტრატორული ნიჭით დაჯილდოებულ კაცს დაავალა სასტუმროს საკითხების მოგვარება, დეკორაციების მოვლა და, რაც მთავარია, რეკლამა. ილო მაჩაბელმა დიდი მუშაობა გასწია“ (ვ. კიკნაძე, „ცხოვრება სანდრო ახმეტელისა“). ჩემი აზრით, ილია მაჩაბელს, მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ლ. ბერიაზე რაიმე განსაკუთრებული კომპრომატები სცოდნოდა. თუმცა მისი ნათესაური მდგომარეობა ეჟოვ-ფრინოვსკის დუეტს ბერიას წინააღმდეგ „მტკიცებულებების“ მოპოვების დიდ პერსპექტივებს უქმნიდა: ილია მაჩაბელი ხომ ანტისაბჭოთა შეხედულება/მოქმედებებით გამორჩეული ქართველი ემიგრანტის, გიორგი მაჩაბლის უმცროსი ძმა გახლდათ.

თუ ეჟოვი შეძლებდა ქართული „კონტრევოლუციურ–ფაშისტურ ემიგრაციასთან“ ლ. ბერიას ფარული კავშირების „დადგენას“ და მის დაკავშირებას, თუნდაც უკვე გარდაცვლილ გ. მაჩაბელთან, ეს საქართველოს „პატარა დიქტატორისთვის“ სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნებოდა. ვის შეიძლება ყველაზე კარგად სცოდნოდა ამ კავშირების შესახებ? რა თქმა უნდა, ილია მაჩაბელს, რომელიც 1938 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ეჟოვ-ფრინოვსკის „ლუბიანკის“ შიდაციხეში სპეციალურად ამ მიზნით ჰყავდათ გამოკეტილი. მას ბერიას მამხილებელი ჩვენებები უნდა მიეცა.

picture6-1755589022.jpg

სანდრო ახმეტელი. 1910-იანი წლები

თუ 1936 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს შინსახკომში ილია მაჩაბლის დაკითხვის ოქმები საქართველოს შსს-ს არქივში შემონახული და ცნობილია (რამდენად სარწმუნოა ისინი, ეს სხვა საკითხია), 1938 წელს „ლუბიანკაზე“ ი. მაჩაბლის დაკითხვის ოქმები ან განადგურებულია, ან რუსეთის ეფ-ეს-ბეს არქივშია საგულდაგულოდ ჩაკეტილი.

ასევე დაგაინტერესებთ: ლავრენტი ბერია 1937 წელს დახვრეტას გადაურჩა?! - სტალინის კარის თამაშები ანუ ვინ აგროვებდა კომპრომატებს ლავრენტი პავლოვიჩზე?

"ბერია არ გვაპატიებს, რომ ბუდუ მდივანი მოსკოვში და არა თბილისში „გავტეხეთ" - სასიკვდილოდ განწირული ეჟოვის წერილი სტალინს: "სისხლიანი ლილიპუტის" აღსასრული

სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ

ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები

ბედის ირონია ისაა, რომ 1933-1936 წლებში სანდრო ახმეტელისადმი პირადი შურისძიების სურვილით დაბრმავებულმა ლ. ბერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ დიდი ქართველი რეჟისორი უცხო ქვეყნების (!!!) აგენტად და კონტრრევოლუციონერ-ტერორისტად წარმოეჩინა, რისთვისაც მან ახმეტელ-გიორგი მაჩაბლის არსებული ან შესაძლო კავშირ/კონტაქტები გამოიყენა. 1933 წელს რუსთაველის თეატრს და სანდრო ახმეტელს უკვე საერთაშორისო აღიარება ჰქონდათ, იყო მრავალი საგასტროლო მიწვევა უცხოეთიდან, მათ შორის - აშშ-იდან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გასტროლების ხელშეწყობა/დაფინანსებაში გ. მაჩაბელიც აუცილებლად იქნებოდა ჩართული.

გიორგი მაჩაბელი ახალგაზრდობიდანვე ებრძოდა რუსეთის იმპერიას. დოკუმენტურად დადასტურებულია მისი და ვასო დუმბაძის ანტირუსული მოღვაწეობა პირველი მსოფლიო ომის დროს. ვასო დუმბაძე რუსეთის სამხედრო მინისტრ ვლადიმერ სუხომლინოვის თანაშემწე იყო. მის სახელს უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დროს განხორციელებული გახმაურებული დივერსიული აქცია: რუსეთის არმიისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკვეთილი 15 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ჭურვები, გიორგი მაჩაბლის გეგმის თანახმად, ვასო დუმბაძემ განსხვავებული კალიბრით გერმანიის ქარხნებს დაამზადებინა. ჭურვები რუსული არტილერიისათვის უვარგისი გამოდგა.

გასული საუკუნის 10-იან წლებში გერმანიაში თავშეფარებულ გიორგი მაჩაბელზე საქართველოში უკვე ლეგენდები დადიოდა. სპირიდონ კედიას ქვრივი სოფო კედია-ჩიჯავაძე ძალზე საინტერესო მოგონებების წიგნში - „ნასმენ-ნახული“ ამგვარად იხსენებს გ. მაჩაბელს (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): „ ცოტა დაგვიანებით მეორე წყალქვეშა ნავით საქართველოს ესტუმრა გიორგი მაჩაბელი. სპირიდონი მას შეჰხვდა ფოთის ერთ სიმინდის ყანაში. აქვე მინდა გიამბო, თეო, რომ გიორგი ამ მოგზაურობის დროს კინაღამ დაიჭირეს. ეს იყო ვლადიკავკასში. დილით ოტელში მიადგა “პრისტავი“ ... გიორგიმ სწრაფი მოძრაობით მოახერხა კარების შემოკეტვა და პოლიციელის პირისპირ დადგომა, ცალ ხელში რევოლვერით, მეორეში - ფულის დასტით, უთხრა: “აირჩიე, რომელიც გინდა“. პრისტავმა ფული ჩაიდო ჯიბეში და გავიდა. იმ ხნის განმავლობაში ამნაირი შემთხვევა ბევრი ჰქონდა, რამდენი გრიმი ჰქონდა გაკეთებული, ტანისამოსი გამოცვლილი და სხვა, ამ პატრიოტ ქართველს“.

სანდრო ახმეტელი და გიორგი მაჩაბელი გასული საუკუნის დასაწყისიდან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს: ისინი ერთხანს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წევრები იყვნენ. თუმცა 1917 წლის ოქტობერში სანდრო ახმეტელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ. გამოვიდნენ პარტიიდან და ახალი: „საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია“ შექმნეს და ყოველკვირეული გაზეთი: „ჩვენი რესპუბლიკა“ დააარსეს. თავიდანვე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „ქიზიყელების პარტიას“ უწოდებდნენ - იმიტომ, რომ წევრთა უდიდესი უმრავლესობა საქართველოს ამ ლამაზი კუთხიდან იყო და ქიზიყში ჰყავდათ ყველაზე მეტი მხარდამჭერი. შემდეგ

ს. ახმეტელისა და გ. მაჩაბლის გზები გაიყო: ერთი საბჭოთა საქართველოში დარჩა და ახალი ქართული თეტრის დამაარსებლად მოგვევლინა, მეორე კი ემიგრაციაში წავიდა, გახდა წარმატებული ბიზნესმენი და იქიდან ცდილობდა ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული სამშობლოს გათავისუფლებას. გარკვეული პერიოდი (1919-1921) გიორგი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში.

picture5-1755589022.jpg

მარცხნიდან სხედან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. ბერლინი. 1918 წლის ივნისი.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევროპაში გახიზნული ქართველი ემიგრანტები მძიმე არჩევნის წინაშე დადგნენ. ბევრმა უცხო ენაც არ იცოდა, რომ არაფერი ვთქვათ კონკრეტული პროფესიის ფლობაზე. ამიტომაც მათ ოჯახებს სულ მალე მრავალი პრობლემა შეექმნათ. როგორ აღწევდნენ თავს ისინი ამ პრობლემებს? ყველა თავისი გზის მოძებნას ცდილობდა. მაგალითად, მენშევიკების პარტიის წევრები ფრანგულ საავტომობილო ფირმა „რენოში“ დაასაქმეს, ჟორდანიასა და რამიშვილის ჩარევის შემდეგ. ვინც ამ პარტიის წევრი არ იყო, სამუშაოს პოვნა უჭირდა და მისთვის ემიგრაციაში ყოფნა გაუსაძლისი იყო.

გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაწვნის ბიზნესი დაიწყო. მას ბევრმა მიბაძა. სხვა ქართველმა ემიგრანტებმა ტაქსის მძღოლობით გადაწყვიტეს ოჯახების რჩენა, თუმცა, როგორი სანახავი იქნებოდა ქართველი თავადი პარიზის ქუჩებში ტაქსის მძღოლად, ეს ადვილი წარმოსადგენი არ არის. ერთხანს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, სპირიდონ კედიასაც სურდა ტაქსის საქმის დაწყება, თუმცა, გიორგი მაჩაბელმა გადააფიქრებინა. ემიგრაციის ნაწილს საბჭოთა რუსეთი გამოუჩნდა „პატრონად“. ევროპის დედაქალაქებში საბჭოთა საელჩოებს თავშეფარებული საბჭოთა ვე-ჩე-კასა და ოგე-პე-უს თანამშრომლები ემიგრანტებს შორის დაუღალავ აგიტაციას ეწეოდნენ, საბჭოთა საქართველოს „წარმატებების" საჩვენებლად. პარალელურად საჩუქრებსა და თანხებს არ იშურებდნენ მერყევი ემიგრანტების მოსასყიდად. ბევრის გადაბირებაც შეძლეს (გ. ვეშაპელი, კ. სულაქველიძე და სხვ.).

საბჭოთა ხელისუფლების გათვლა მარტივი იყო: ევროპის ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ და ქართველი ემიგრანტების დასაქმებაზე ვერ იზრუნებდნენ, ამიტომაც გაჭირვებული ქართველი ემიგრანტები ადვილი გადასაბირებლები იყვნენ.

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციას გიორგი მაჩაბელი ევროპაში შეხვდა და ემიგრაციაში ცდილობდა იტალიაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ფუნქციების შესრულებას. 1923 წლის ბოლოს გ. მაჩაბელი იტალიელ მეუღლე ნორინა ჯილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად. მანამდე კი, იმავე წლის 16 აგვისტოს, გ. მაჩაბელი ბერლინიდან შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის ჯერ ისევ სტამბოლში მყოფ კედიას: „ჩემი ცოლი მიწვეულია ნიუ-იორკში ამ ზამთარს იმ დიდ პანტომიმაში სათამაშოთ, რომელიც 1912 წ. იყო დადგმული ლონდონში და რის შემდეგაც მან მაშინ ხმა გაიგდო. შესაძლებელია მეც გავყვე ამერიკაში და იქ რამე მოვაწყო ფულის საშოვნელად. ამაზედ ჯერ ნურავის ნუ ეტყვით. ეს საქმე ჩვენ ეხლა უნდა მოვაწყოთ“.

ორი თვის შემდეგ გაგზავნილ წერილში გ. მაჩაბელი უფრო დაწვრილებით ხსნის ამერიკაში გამგზავრების მიზნებს (სტილი უცვლელია): „მეორე ამბავი არის - ჩემი გამგზავრება ამერიკაში დეკემბრის დასაწყისში. მე ჯერ არ ვფიქრობდი წასვლას და მინდოდა, პარიზში დავრჩენილიყავ. ეხლა მეც ვიშოვე სამუშაო ნიუ იორკში, ასე რომ, მეც ალბათ მომიხდება წასვლა. უკანასკნელი სიტყვა არ მიმიცია (ერთი იტალ. საზოგადოებაა – მის წარმომადგენლობას მაძლევენ), რადგან ჯერ მინდა მოვუცადო, თუ პოლიტიკურ ნაბიჯისაგან რა შედეგს დავინახავთ. ეჭვს გარეშეა, რომ თუ აქ ჩვენი საქმე ამოძრავდა, ამერიკას თავს დავანებებ და აქ დავრჩები. ან ერთი ან მეორე. ამნაირად თუ აქ არაფერი გამოვიდა, მაშინ მთელი ჩემი ენერგია და ყურადღება უნდა დაუპირდაპირო, ვიშოვოთ სადმე ფული. მდიდარ ქვეყანაში ფულის შოვნა უფრო ადვილია ვიდრე ღარიბში– აშკარაა. მაწუხებს მხოლოდ, რომ პოლიტიკურად თქვენთან ერთად პარიზში ვეღარ ვიმუშავებ, მაგრამ იქნებ სხვანაირად უფრო მეტად დაგეხმაროთ“.გავიდა ხუთი წელი და 1928 წლის 10 ნოემბერს გ. მაჩაბელი ამგვარი შინაარსის წერილს უგზავნის პარიზში ს. კედიას (სტილი უცვლელია – ბ.ა.): „არ გწერდით და არ გესაუბრებოდით მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი პასუხისგებლობა ავიღე ჩემ თავზედ, საშინელი სატანჯელი დრო გამოვიარე; ვიდრე დღევანდელ პირობებში ჩემს საქმეს მოვაწყობდი. თვით ვასომ (საუბარია ვასილ დუმბაძეზე - ბ.ა.), რომელიც აქ ახლო იყო ჩემთან, არ იცის კარგად, თუ რა მორალური და მატერიალური ტანჯვა გამოვიარე ეს წლები. მაგრამ ამაზედ არ ღირს ლაპარაკი, რადგან თქვენ ყველამ, იქნებ ჩემზედ მეტი იტანჯეთ ამ მხრივ და იქნებ აქამდინაც განუწყვეტლივ ბრძოლაში იმყოფებით. ევროპა რომ დავსტოვე - დამარცხებულმა და წინდაუხედავმა (პოლიტიკურად) და გაღატაკებულმა (მატერიალურად), დავისვი მიზნათ, შემექმნა საქმე, რომელიც მომცემდა მომავალში შესაძლებლობას, გამენახლებინა ბრძოლა, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო... პოლიტიკურ ჰორიზონტზედ დიდი ამბებია მოსალოდნელი, ამიტომ ასე ტყავიდგან ვძვრები, რომ რაც შეიძლება ჩქარა ფული ვიშოვოთ, რომ ხელცარიელნი არ ვიყოთ, როდესაც ჩვენი გამოსვლა იქნება საჭირო“. მაშინაც და ამჟამადაც იშვიათია ქართველი ემიგრანტი, რომელსაც უცხოეთში ისეთი წარმატებისთვის მიეღწიოს, როგორსაც გიორგი მაჩაბელმა მიაღწია. ჯერ კიდევ ზუსტად გარკვეული არ არის, ვინ მიაწოდა სუნამოების წარმოების იდეა, თუმცა, 30-იანი წლების დასაწყისში ის ამერიკასა და ევროპაში რამდენიმე სუნამოს ფაბრიკის მფლობელი და მილიონერი იყო.”... მე მინდა გავხდე ყველაზედ ძვირი პარფიუმერი და ამიტომ მთელი ჩემი ენერგია არის მიმართული, რომ რაც შეიძლება ლამაზი და საუკეთესო საქონელი მქონდეს“, – წერდა 1930 წელს გიორგი მაჩაბელი სპირიდონ კედიას .

picture4d-1755589022.jpg

გ. მაჩაბელი და სუნამო „პრინცი მაჩაბელი“

გიორგი მაჩაბლის დიდ ადამიანურ თვისებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სხვა, ემიგრაციაში გამდიდრებული ქართველებისგან განსხვავებით, ის საკუთარი ფინანსების დიდ ნაწილს საქართველოსთვის ბრძოლასა და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს ახმარდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდია გიორგი მაჩაბლის დამსახურება სპირიდონ კედიას, მიხაკო წერეთლისა და სხვა ქართველი ემიგრანტების ოჯახების ფიზიკურ გადარჩენაში. გიორგი მაჩაბელი მათ ეხმარებოდა როგორც ფინანსურად, ასევე - სამსახურის მოძებნაში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სპირიდონ კედია კლემარში მაჩაბლის სუნამოს ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე, ხოლო მისი ოჯახი მაჩაბლის კუთვნილ სახლში ათწლეულების მანძილზე უსასყიდლოდ ცხოვრობდა. გიორგი მაჩაბელი ფულს არ იშურებდა ქართველი ახალგაზრდების სწავლა-განათლების დაფინანსებისთვისაც.

გ. მაჩაბლის პოლიტიკური აქტიურობა და ფინანსური სიძლიერე ხელს არ აძლევდა საბჭოთა ხელისუფლებას, ამიტომაც სტალინის პირადი დავალებით, საბჭოთა საგარეო დაზვერვა (ИНО) წლების მანძილზე ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებს ატარებდა გ. მაჩაბლისა და სხვა პატრიოტი ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია იყო ეგრეთ წოდებული „ჩერვონცების" საქმე, რითაც საბჭოთა დაზვერვას სურდა სპირიდონ კედიას, გიორგი მაჩაბლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სხვა ემიგრანტების კომპრომეტირება, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო. თუმცა, საბჭოთა სპეცსამსახურებს პირადად სტალინისგან სხვა დავალებაც ჰქონდათ.

დღეს არსებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მთავარი ამოცანა ქართველი ემიგრანტების არა მარტო კომპრომეტირება, არამედ ფიზიკური ლიკვიდაცია იყო. ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა თუნდაც ნოე რამიშვილის მკვლელობა 1930 წელს, როდესაც საბჭოთა დაზვერვამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მაინც ვერ შეძლო რამიშვილის მკვლელ პარმენ ჭანუყვაძესთან კავშირის დამალვა. 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა დაზვერვამ რამდენიმე პროვოკაცია მოუწყო მაჩაბელს, რაც მისი წერილითაც დასტურდება.

გ. მაჩაბელი 1932 წლის 20 მაისს ნიუ-იორკიდან წერილს უგზავნის სპირიდონ კედიას პარიზში. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ დოკუმენტიდან (სტილი უცვლელია):

„უპირველესად ძალიან გთხოვ, მაპატიეთ ამდენი სიჩუმე. დიდი უსიამოვნება გამოვიარე და დიდ საფრთხეს ავაცილე ჩემი თავი იმით, რომ შევიკავე თავი და ძაღლსავით არ გავაგორე ის გახრწნილი სომეხი, რომელმაც მოინდომა სრულიად დავეღუპე. სასიამოვნოთ, იმდენა ბრალი დამდო და ნამეტნავად ბოლშევიკობა, რომ ადვილი იყო თავის გამართლება და ყველა მხოლოდ იცინოდა ამგვარ ბრალდებაზედ. ამ ამბავს დაწვრილებით მერე გიამბობ, ეხლა დრო არა მაქვს, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ მალე თუ გვიან ამ სომეხს არ დავტოვებ დაუსჯელად. უკვე ამერიკის მთავრობის მოხელეები არჩევენ მის პიროვნების ვინაობას. დანამდვილებითი საბუთები გვაქვს, რომ 1919 წელს ყოფილა კისლოვოდსკის ჩეკისტი”.

დოკუმენტი მინიშნებებს გვაძლევს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტი, სუნამო „პრინც მაჩაბლის“ შემქმნელი, მილიონერი გიორგი მაჩაბელი, საფრანგეთშიც და ამერიკაშიც, მუდმივად საბჭოთა საგარეო დაზვერის სამიზნე იყო. იქნებოდა თუ არა ლავრენტი ბერია ამ ოპერაციებში ჩართული? რა თქმა უნდა: გავიხსენოთ, რომ 1925-1946 წლებში სპირიდონ კედიას გარემოცვაში აქტიურად მოქმედებდა საბჭოთა აგენტი გოგი გეგელია. 1935 წლის 31 მარტს გიორგი მაჩაბლის გარდაცვალება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისი ახლობლებისთვის და ქართული ემიგრაციისთვის. ოფიციალური ვერსიით ის ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამ ფაქტმა იმთავითვე მრავალ ვერსიას დაუდო საფუძველი.

გ. მაჩაბელმა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 1935 წლისთვის შეძლო საკუთარი ბიზნესის არა მარტო გამოცოცხლება, არამედ მნიშვნელოვნად გაფართოებაც კი. წინ დიდი მიზნები და გეგმები ჰქონდა: ის ფიქრობდა ანტისაბჭოთა ოპერაციების დაფინანსების გაზრდას და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა. ეჭვებს აძლირებს ის გარემოებაც, რომ იმ დღეებში გ. მაჩაბელს არაფერი აწუხებდა და ძალზე ენერგიულად იყო: გარდაცვალების დღეს ორ კოქტეილზე ყოფილა მიპატიჟებული და ორივეგან მისულა. შინ დაბრუნებული კი უეცრად ცუდად გამხდარა და გარდაცვლილა. ეს შოკის მომგვრელი ფაქტი ქართულ ემიგრაციაში იმთავითვე საბჭოთა სპეცსამსახურის აგენტურას დაბრალდა. პირდაპირ აცხადებდნენ: "მის სიკვდილში საბჭოთა მთავრობის ხელი ურევიაო". ეს არის ვერსია/ვარაუდი, რომლის უეჭველობა, პირდაპირი დოკუმენტური სამხილების უქონლობის გამო, ჯერ არ არის დამტკიცებული. არასასურველი ობიექტის მშვიდობიან პერიოდში ლიკვიდაციისათვის საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები თითქმის ყოველთვის ქმნიდნენ/ქმნიან უბედური შემთხვევის იმიტაციას, რადგანაც ჯანმრთელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების "საუკეთესო" ახსნა, საყოფაცხოვრებო პირობებში მისი ტრაგიკული დაღუპვა ან სხვა უბედური შემთხვევაა (ავტოავარია, დენის დარტყმა, აბაზანაში "დახრჩობა", იარაღის "გავარდნა", „ფილტვების ანთება“, საკვები პროდუქტით „მოწამვლა“, „გაზით გაგუდვა“ და ა.შ. - ეს სპეცსამსახურის ფანტაზიაზე და კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

(მეცამეტე ნაწილის დასასრული)