"ბრძოლა თბილისისთვის": სენსაციური პროგნოზი ვახტანგ ძაბირაძისგან - "დიახ, ირაკლი კუპრაძეს აქვს შანსი, გახდეს თბილისის მერი, თუ..."
თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის, მმართველი გუნდის კანდიდატის - კახა კალაძის ოპონენტი უკვე ცნობილია, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. ოფიციალური პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა სლოგანებით: „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები“. „ქართული ოცნების“ კანდიდატის - მოქმედი მერის, კანდიდატად მესამედ წარდგენილი კახა კალაძის სლოგანია: „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“. შეგახსენებთ, რომ არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. რიგმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ შორის - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“, მონაწილეობაზე უარი თქვა. სალომე ზურაბიშვილმა პროცესს „შემოგდებული თემა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამან ოპოზიცია დაასუსტა. გამარჯვების რა შანსი აქვს „ლელოს“ გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს არჩევნების პერიოდში? -ამის საკუთარ ვერსიას ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გვიზიარებს.
- ირაკლი კუპრაძე ცუდი კანდიდატი არ არის, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ რეიტინგული პოლიტიკოსია. ახლა ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ მთავარი ფაქტორი ის იქნება, რამდენად შეძლებს ოპოზიციური ამომრჩეველი აქტიურად ჩართვას არჩევნებში. ამ მოცემულობაში ამომრჩევლის მობილიზება კანდიდატის პერსონაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ ოპოზიციური ელექტორატი მასობრივად მივა უბნებზე, კახა კალაძესა და ირაკლი კუპრაძეს შორის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება. ამ კონტექსტში ბოიკოტის სტრატეგია ოპოზიციისთვის წამგებიანია, რადგან იგი საბოლოოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს.
- თქვენი შეფასებით, რამდენად დიდ როლს ითამაშებს კახა კალაძის პირადი რეიტინგი და მერად მუშაობის გამოცდილება მის მესამე ვადაზე კენჭისყრისას?
- რაც არ უნდა ისაუბრონ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა და აპიარონ თავიანთი კანდიდატი, კახა კალაძის რეიტინგი რეალურად დაფუძნებულია პარტიის ელექტორატსა და ხელისუფლების რესურსებზე. დღეს კალაძეს, პრაქტიკულად, აღარ ჰყავს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი. რვა წლის წინ მას ნამდვილად შეეძლო თავისუფლად ემოქმედა და მოქმედებდა კიდეც, მაგრამ დღეს ვითარება შეცვლილია.
ასევე დაგაინტერესებთ: ნადირობა „შეგზავნილებზე“ ანუ რეალურად ვინ ასხამს წყალს მმართველი გუნდის წისქვილზე?!
შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს ამომრჩევლის მიყვანას საარჩევნო უბნებზე. შეძლებენ თუ არა „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას? თუ -კი, არსებობს შანსი, რომ მერის არჩევნებში ირაკლი კუპრაძემ გაიმარჯვოს.
- ირაკლი კუპრაძის გამარჯვებისთვის, ალბათ, მხოლოდ „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ამომრჩევლის მობილიზაცია საკმარისი არ იქნება. შეძლებენ თუ არა, ისინი სხვა ოპოზიციური ძალების ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალია პოლიტიკური თვითშეგნება ქართველ საზოგადოებაში. თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში მართლაც გაიზარდა პოლიტიკური კულტურა, მაშინ მიუხედავად იმისა, ვინ რას აცხადებს ან რას მოუწოდებს, ამომრჩეველი მაინც მივა არჩევნებზე. თუ ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, რთული სიტუაცია შეიქმნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევნები, გარკვეულწილად, ქართველი საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის ტესტია – შეძლებს თუ არა ის ამ გამოცდის ჩაბარებას? არჩევნებზე მისვლა არ გამორიცხავს იმას, რომ შემდეგ ადამიანი კვლავ შეუერთდეს საპროტესტო აქციებს, თუმცა ამის გააზრება და სწორად გათვლა სწორედ პოლიტიკური კულტურის დონეზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება გაიზარდა და პოლიტიკური შეგნება ამაღლდა, ყველაფერი რიგზე იქნება. თუ კვლავ იმავე დონეზე ვართ, რაც 90-იან წლებში გვქონდა, მაშინ არაფერი გვეშველება. ამ პროცესში საზოგადოებრივი მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კარგად გაიზრონ როგორ ოპოზიციის ლიდერებმა, ასევე, მათმა ელექტორატმა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)