სკანდალური ვერსია: "კავკასიაში, შესაძლოა, აშშ-ის ტერიტორია გაჩნდეს" - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: "რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა ემუქრება"
"უკრაინაში ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უკვე იკვეთება - და ეს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის ისტორიული გარდატეხაა" - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონის ლიდერობით მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის განთავსებას ითვალისწინებს, რუსეთი სრულიად მოულოდნელი რეალობის წინაშე დააყენა. „მოსკოვს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის „დაბრუნებას“ გეგმავდა, ახლა სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა ემუქრება“ , - ამბობს მირიანაშვილი, რომელიც პროცესების განვითარების სკანდალურ სცენარზე საუბრობს:
- ამ პროცესიდან ერთდროულად დამაინტრიგებელი და მოულოდნელი ფაქტორი გამოიკვეთა - ამერიკის ლიდერობით, პრაქტიკულად, შეთანხმდა უკრაინაში ზავის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ვაშინგტონში გამართული დისკუსიის მთავარი თემაც სწორედ ეს იყო.
რამდენად არის ეს წინასწარ შეთანხმებული ვლადიმირ პუტინთან - ძნელი სათქმელია, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით უკვე ნათელია: ზავის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება საფრანგეთისა და ბრიტანეთის ექსპედიციური კორპუსი. მათ, სავარაუდოდ, შეიძლება დაემატონ თურქული ძალებიც, ხოლო დანარჩენი ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ ჰაერიდან პატრულირებას. შედეგად, დასავლეთ უკრაინაში შეიქმნება სახმელეთო კომპონენტი, ხოლო საჰაერო სივრცის დაცვა და პატრულირება მთელ უკრაინაზე გავრცელდება
- ამას გულისხმობდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, როდესაც უკრაინისთვის „ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემაზე საუბრობდა?
- დიახ, ბოლო კვირების განმავლობაში ამ საკითხზე ევროპაში სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობდა. თუ აქამდე იტალია და სამხრეთ ევროპის ზოგი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს, გუშინ ჯორჯა მელონიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიაც შეუერთდა საერთო პოზიციას. ფაქტობრივად, დღეს უკვე ნატოს ევროპული ბლოკი კონსოლიდირებულად უჭერს მხარს ამ გეგმას. მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა ვაშინგტონის პოზიციაშიც. აქამდე ამერიკა თითქოს გვერდიდან აკვირდებოდა პროცესს და ევროპელებს ეუბნებოდა: „გინდათ? - გააკეთეთ“. თუმცა ტრამპის გუშინდელი განცხადებებით მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ შეერთებული შტატები თავადაც მხარს უჭერს გეგმას და შესაძლოა, სამხედრო ბაზებით უკრაინაშიც გამოჩნდეს. ეს იმდენად მოულოდნელი და სკანდალური ცვლილებაა, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეეგუება რუსეთი. მოსკოვი ელოდებოდა სრულიად საპირისპირო სცენარს – რომ ტრამპი ზელენსკის ხელს გადაუგრიხავდა და უკრაინა იძულებული იქნებოდა, რუსეთთან მისაღებ საზავო პირობებზე დათანხმებულიყო. რეალურად კი მივიღეთ ფუნდამენტურად განსხვავებული შედეგი.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპს უკრაინის ფრონტის რუკა გადაუშალეს - მოვლენების განვითარების 6 სცენარი ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური "დუელი"?!
- ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარემ უნდა დათმოს ტერიტორიები, ხოლო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, მაგალითად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთისთვის დონბასის დათმობას აშშ-ის მიერ ფლორიდის დათმობას ადარებს. თქვენი აზრით, ვინ რა შეიძლება დათმოს ამ პროცესში და კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს დათმობა რუსეთის მხრიდან?
- დეკლარირებულად რუსეთი თანახმა იყო მხოლოდ მცირე ტერიტორიულ დათმობებზე - სუმისა და ხარკოვის ოლქებში, სანაცვლოდ კი მოითხოვდა დონბასს. არაოფიციალურად კი საუბარია იმაზეც, რომ მოსკოვი მზად არის, დათმოს ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ნაწილი, ოღონდ იმ პირობით, რომ ყირიმთან სახმელეთო კავშირი შეინარჩუნოს. თუ ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშ ამ ოლქების დაახლოებით 70%-ია, გავრცელებული ცნობებით, იგი შეიძლება დათანხმდეს 35-35%-ის დათმობას, იმ პირობით, რომ უკრაინამ უპირობოდ დაუთმოს სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა და სხვა სტრატეგიული ქალაქები. ჩემ მიერ მოპოვებული სხვადასხვა წყაროს თანახმად, პუტინი სწორედ ასეთი პირობების დასაყენებლად იყო მზად ალასკაში, ტრამპთან შეხვედრისას. თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპს თავიდანვე არ ჰქონია გეგმა ზელენსკისთვის „ხელები გადაეგრიხა“. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი საგრძნობლად დაკლებული რეიტინგია, რომელიც ახლა ის 38%-ს შეადგენს და რაც ამერიკის პრეზიდენტებისთვის უიშვიათესად დაბალი მაჩვენებელია, ჯიმი კარტერის შემდეგ.
ასეთ ვითარებაში ტრამპისთვის მოლაპარაკებების ფორმატში წარუმატებლობა პოლიტიკური რისკის ტოლფასია. ამიტომ, სავარაუდოდ, ტრამპის ტაქტიკა ეფუძნება ეტაპობრივ მიდგომას: ჯერ რუსეთს აიძულებს მცირე დათმობაზე წამოვიდეს, შემდეგ უფრო მასშტაბურზე და საბოლოოდ მიიყვანოს ზავამდე, სადაც მთავარი დამთმობი მხარე მხოლოდ რუსეთი იქნება.
- თქვენი აზრით, პუტინი ტრამპს ამ პროცესში შეჰყვება?
- პუტინის პოლიტიკური ჰაბიტუსიდან გამომდინარე ამის დაჯერება რთულია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ უკვე განხორციელებულ დათმობებს და მის ტრაექტორიას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ამაზეც დათანხმდება. ფაქტი ერთია - ამ ეტაპზე დამთმობი მხარე მხოლოდ რუსეთია. მოვლენები ისეთი მიმართულებით ვითარდება, რომ სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი სულ უფრო გადამწყვეტ როლს იძენს და დონბასის ზღუდეებს მნიშვნელობა თანდათან ეკარგება. მთავარი ფაქტორი კი ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენაა უკრაინაში. თუ ამას დაემატება ამერიკული ძალების შესაძლო განლაგებაც სამხრეთ კავკასიაში, ზანგეზურის კორიდორის რაიონში, და ამას დავუმატებთ ბოლო მოვლენებს შუა აზიაში, სადაც პოზიციები ჩინეთმა გაიმყარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ომი, რომელიც რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცის „დაბრუნების“ გეგმებით დაიწყო, რეალურად დასრულდა მისი სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფით.
ეს კატასტროფა უპრეცედენტო მასშტაბისაა: რუსეთი, ფაქტობრივად, ვერ ინარჩუნებს იმ ტერიტორიების ერთ პროცენტსაც კი, რომელზეც საბჭოთა კავშირის აღდგენის პრეტენზია ჰქონდა. შედეგად, მან დაკარგა თითქმის ყველაფერი და სანაცვლოდ მიიღო მხოლოდ დანგრეული ტერიტორიის ნაფლეთი.
- როგორ შეეგუება ამას რუსეთის ხელისუფლება და შეძლებს თუ არა მოვლენების ასეთი განვითარების ახალ რეალობად მიღებას?
- დღევანდელ რეალობაში რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ ერთდროულად გაუმკლავდეს ევროპასა და ამერიკას უკრაინაში, ჩინეთს - შუა აზიაში და თურქეთთან ერთად დასავლეთს - ამიერკავკასიაში. სწორედ ამიტომაც ნათლად ჩანს რუსეთის პრეტენზიების შემცირების ტენდენცია, რომელსაც ახლა დამაჩქარებელი ფაქტორებიც დაემატა.
- ყირიმის საკითხი როგორ შეიძლება გადაწყდეს?
- ყირიმის საკითხი ცალკე დისკუსიის თემაა. ტრამპი ცდილობს, ეს საკითხი უკრაინის სხვა კონტექსტისგან გამიჯნოს, რაც მას შიდაპოლიტიკის თვალსაზრისით აწყობს. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ყირიმი ობამამ „უმტკივნეულოდ გადასცა რუსეთს“, ის დემოკრატების დემონიზაციას ცდილობს და მართალიც არის - 2014 წელს ობამას მიერ რუსეთისთვის ყირიმის გამო დაწესებული სანქციები აბსოლუტურად უმნიშვნელო და არაფრის მომტანი იყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ ობამამ და მისმა ემისრებმა უკრაინას, პრაქტიკულად, აუკრძალეს წინააღმდეგობის გაწევა.
- ჩვენთვის თუ არსებობს საფრთხე, რომ ყირიმის პრეცედენტმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე იქონიოს გავლენა?
- მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ამერიკელებს რომ სდომოდათ, აფხაზეთის აღიარებისთვის ყველა ბერკეტი ჰქონდათ, თუმცა თავადვე გამოყვეს ეს საკითხი ცალკე. სინამდვილეში უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი განვითარება სხვაა: ზანგეზურის კორიდორში ამერიკული ყოფნის პერსპექტივა. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც „პანამის არხის“ იურიდიულ მოდელს ეყრდნობა. საუბარია 40-კილომეტრიანი სიგრძისა და 7-12-კილომეტრიანი სიგანის კორიდორზე, ანუ 500-1000 კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც შესაძლოა, ამერიკის სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში, სამი სახელმწიფოს ნაცვლად, შეიძლება რეალურად ოთხი პოლიტიკური სუბიექტი გაჩნდეს - სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაც იქნება წარმოდგენილი. ამიტომ ახლა საკითხავი ის კი არ არის, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ყირიმს აფხაზეთის საკითხზე, არამედ ის, თუ რას ნიშნავს ზანგეზურის კორიდორის ამერიკის საკუთრებაში გადასვლა საქართველოს, მათ შორის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური მომავლისთვის.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)