ვისწავლოთ რუსთაველისგან (წერილი #1) - კვირის პალიტრა

ვისწავლოთ რუსთაველისგან (წერილი #1)

სულმნათი რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ერმა თავის უპირველეს წიგნად იმიტომ აღიარა, რომ იგი ზნეობის პოემაა. ბუნებრივია, ავტორი დასკვნით სტროფს განსაკუთრებულ შინაარსობრივ დატვირთვას მიანიჭებდა. ეს სტროფი კი ამგვარად იკითხება:

"ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს".

ეს ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის სამეფოებია. ამ ქვეყნებში წყალობა, ყველას მიმართ თანასწორად, თოვლივით თოვდა (ამის საფუძველი კი ქვეყნის მატერიალური დოვლათია); ამგვარ სახელმწიფოებში ობოლ-ქვრივს ამდიდრებენ და მათ მათხოვრებად არ აქცევენ; აქ კანონი კანონობდა.; ავისმქმნელნი ისჯებოდნენ შესაფერისად და, ამდენად, შიში დანაშაულის ჩადენისა დიდი იყო; ქვეყნების დოვლათის წყარო კი ის გახლდათ, რომ ყველაფერი მიზნობრივად, ყაირათიანად, გეგმაზომიერად იხარჯებოდა და ქვეყნის რესურსები სრულყოფილად გამოიყენებოდა - "კრავნი ცხვართა არ უწოვდეს" - მეტაფორულად სწორედ ამას მოწმობს.

რასაკვირველია, ქვეყანაში უფროს-უმცროსობა (ღმერთმა ნუ მოგვიშალოს უფროს-უმცოსობა ნურც ოჯახსა და ნურც ქვეყანაში), მაგრამ არც ერთის უფლებები არ ილახებოდა ("თხა და მგელი ერთგან ძოვდეს"). განა ამ სახელმწიფოებრივ მოდელს აკლია რაიმე თანამედროვე დემოკრატიული გადასახედიდან? ან მისი თუნდაც ერთი კომპონენტი გააჩნია დღეს ჩვენს ქვეყანას, თურმე მსოფლიოს რომ ვაოცებთ ჩვენი დემოკრატიის ხარისხით?!

ვის შეუძლია ასეთი იდეალური, სამართლიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა? - მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივ ხელისუფალს. იმიტომ არის, რომ მთელი პოემა იმ სამი რაინდის ზნეობრივ სრულქმნილებას ეძღვნება, რომლებიც პოემის ფინალში სახელმწიფოს განმგებლებად გვევლინებიან (ტარიელი ნესტანზე ქორწინებით იბრუნებს თავის უფლებებს გაერთიანებული ინდოეთის სამეფო ტახტზე, ავთანდილი თინათინზე ქორწინებით გახდა არაბეთის მფლობელი, ფრიდონი კი პატარა, მაგრამ ყოველგვარი სიკეთით შემკული, "სიკეთე მიუწვდომელი" ქვეყნის, მულღაზანზარის მეფეა).

დიახ, ზნეობრიობა ყველას, მაგრამ ყველაზე მეტად ხელისუფალს სჭირდება, რადგან იგი ქვეყნის წინამძღოლია, როგორც სულიერების, ისე ხორციელი სიკეთის გზაზე. ზნეობრივი ხელისუფალი ქმნის ზნეობრივ სახელმწიფოს, უზნეო ხელისუფალი კი - უზნეო სახელმწიფოს. "ხალხი ცხვარია, ხალხი მგელია, ხალხი ბრძენია... ხელისუფალმა შეიძლება აქციოს იგი ცხვრად, მგლად ან ბრძნად!" - ეს ძველთაძველი ჭეშმარიტება არაერთგზის გაცხადებულია ჩვენი ისტორიის მანძილზე და ცხადდება კვალავაც...

პოემის კიდევ ერთ სტროფს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. ინდოეთის მთავარსარდალმა, ამირსპასალარმა ტარიელმა ხატაეთში საომრად ლაშქარი შეჰყარა. ომის წინ აღლუმი მოაწყო. ვისაც ერთხელ მაინც გვინახავს სამხედრო აღლუმი, გვახსოვს მისი ძირითადი კომპონენტები: ჯარს აცვია საგანგებო, ე.წ. სააღლუმო ("საპარადო") სამოსი, ჯარის სხვადასხვა ნაწილი მოდის სამწყობრო სიარულით და ახდენს დემონსტრირებას საბრძოლო იარაღის სიძლიერისას და საომარი მანქანების სისწრაფისა თუ ტექნიკური სრულყოფილებისას. ახლა ვნახოთ, რამდენად უპასუხებს ამ მოთხოვნებს ტარიელის მიერ მოწყობილი აღლუმი:

"ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა, მათ შინა ხან-დაზმულობა;

აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,

სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა".

ლაშქართა მოკაზმულობა - ჯარის ჩაცმულობა და იარაღის აღჭურვაა, რომელიც ტარიელს მოეწონა ("ეკეთა"), სიჩაუქე - სიმარდე, სისწრაფე, სიმამაცეა, სიკეთე - სიმხნევე, სრულყოფილება, კეკლუცად დარაზმულობა - ლამაზად, მწყობრად სიარულია, ტაიჭთა სიმალე - ცხენების სისწრაფეა (მაშინ ეს გახლდათ "საომარი მანქანა", ანუ გადაადგილების საშუალება) აბჯართა ხვარაზმულობა კი - იარაღის ნაკეთობის სიმტკიცე და საიმედობაა. აღლუმის ეს სურათი რუსთაველის ფანტაზიის ნაყოფი არ გახლავთ, ასეთი აღლუმები იმართებოდა იმ სამეფოში, იმ ეპოქაში, როცა პოეტი მოღვაწეობდა და ამ აღლუმებს, როგორც წესი, ომის წინ აწყობდნენ, რადგან აღლუმის უპირველესი ფუნქცია იყო მთავარსარდალს შეემოწმებინა, რამდენად მზად იყო ჯარი იმ საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად, რომელიც მის წინაშე იდგა.

ძალიან კარგია, ქვეყანას ამერიკელი ინსტრუქტორები რომ გვიწვრთნიან ჯარს, მაგრამ ამ ისტორიის მქონე ქვეყანას საკუთარი ძველი გამოცდილების გაზიარება არც არასოდეს გვაწყენს და რა იქნება, რომ იმათ, ვისაც ურთიერთობა აქვთ ამ ინსტრუქტორებთან, გულდასმით წაიკითხონ "ვეფხისტყაოსანი" და ქართული ჯარის ისტორიის დაწყების თარიღი 2003 წელი არ ეგონოთ, ბოლოს და ბოლოს იმას ხომ მაინც შეიტყობენ, როდის და რა მიზნით უნდა გაიმართოს აღლუმი.