ვისწავლოთ რუსთაველისგან (წერილი #2) - კვირის პალიტრა

ვისწავლოთ რუსთაველისგან (წერილი #2)

"ვეფხისტყაოსნის" სწავლებას სკოლაში თითქმის ერთი სემესტრი ეთმობა. მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა: პოემის ფინალურ თავებს მიმოვიხილავდით, კერძოდ, იმ მონაკვეთს, ავთანდილი და ტარიელი ფრიდონთან რომ მივიდნენ და ქაჯეთზე სალაშქროდ ემზადებიან. ერთი ყმაწვილი იყო, საკმაოდ რიგიანი მოსწავლე, არც სიბეჯითე აკლდა და არც უნარი. უცებ გაკვეთილზე წამოიძახა, აღარ უნდა დამთავრდეს ეს "ვეფხისტყაოსანიო"?! მოსწავლემ, რომელიც პოემის მონაკვეთს კითხულობდა, კითხვა შეწყვიტა. მთელი კლასი გაისუსა. მეც გავშრი, მისგან კიდეც გამიკვირდა და კიდეც მეწყინა. რაღაც უნდა მეღონა და გონს მალე მოვეგე - გადაშილილი წიგნი იმ ყმაწვილს დავუდე და ვთხოვე, შენ გააგრძელე კითხვა და ვნახავთ, რომ პოემაში უმნიშვნელო ერთი სტროფიც კი არ არის-მეთქი. მან გაღიზიანებით, ერთგვარი ირონიითაც, მაგრამ მკაფიოდ წაიკითხა:

"გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;

აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,

დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანეთისა მჯობითა..."

შევაწყვეტინე კითხვა და შევეკითე, ამ სტროფის მიხედვით შეგვიძლია, თუ არა, დავასკვნათ, რომ იმ დროს საქართველოში აბანოები იყო და მასპინძელს მართებდა, შორიდან მოსული სტუმრისთვის აბანო და ახალი სამოსი შეეთავაზებინა? (ამ ეტაპზე მოსწავლეებისათვის უკვე სადავო აღარ არის, რომ რუსთაველის პოემა რეალისტური ნაწარმოებია და იგი ასახავს საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ყოფას).

- მერე რა არის ამაში საკვირველი, აბანო რომ იყო? - კითხვა დამიბრუნა იმ ყმაწვილმა.

- ზურგის მოსაფხანი ხელის იმიტაცია თუ გინახავს? - კვლავ შევეკითხე.

- როგორ არა, ბაბუაჩემს აქვს! - მითხრა სიცილით.

- ჰოდა, ეგ "მოწყობილობა" რუსმა გამოიგონა. წარმოიდგინეთ, ამ "ხელებს" სპილოს ძვლისგანაც კი ამზადებდნენ, "თითზე" ბრილიანტის ბეჭედსაც წამოაცვამდნენ ხოლმე და ამით ხაზს უსვამდნენ თავიანთ სიმდიდრეს... მაგრამ შუა მეჯლისისას ჩაიყოფდნენ ამ "ხელს" და ზურგს იფხანდნენ. ზურგი კი ხშირად ეფხანებოდათ, რადგან წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ კასრში ბანაობდნენ...

მერე საფრანგეთსაც "გადავწვდი" და განთქმული ფრანგული სუნამოების შექმნის ისტორია გავახსენე (შუა ევოპაშიც უცხო რამ იყო აბანო) და დავასკვენი: ეს რუსეთშიც და ევროპაშიც ხდებოდა "ვეფხისტყაოსნის" შექმნიდან ექვსასი წლის შემდეგაც. ახლა მითხარით, ჰქონია თუ არა მნიშვნელობა ამ ორ სიტყვასაც კი: "აბანოს ბანნა"? - ვკითხე მას და მთელ კლასს და პასუხი მათ მზერაში ამოვიკითხე...

ეს შემთხვევა იმიტომ გავიხსენე, რომ ერთხელ კიდევ გავიმეორო მრავალგზის თქმული ჭეშმარიტება - პოემაში არ არსებობს უმნიშვნელო სტროფიც კი... ამას წინათ დათო ტურაშვილმა თქვა, ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" მთავარი ხიბლი ის არის, რომ ყოველი წაკითხვის შემდეგ რაღაც ახალს აღმოვაჩენო... ამ "აღმოჩენებს", მართლაც რომ, არა აქვს დასასრული.

კონსტანტინე გამსახურდია თავის ავტობიოგრაფიულ მოთხრობა "ლანდებთან ლაციცში" წერს, რომ მამაჩემი ორად ორ წიგნს კითხულობდა - "დავითნსა" და "ვეფხისტყაოსანს" და ამბობდა, რომ რაც დასაწერი იყო, ყველაფერი ამათში წერიაო. ამიტომ იყო, რომ ჩვენი ქვეყნის იდეური მტრები ბრძოლას შოთას პოემაზე შეტევით იწყებდნენ. ბოლშევიკებმა, კერძოდ, ფილიპე მახარაძემ, რომელიც შემდეგ გაწითლებული საქართველოს მეთაური გახდა, "ვეფხისტყაოსანს" მონობის აპოლოგია უწოდა და დასტურად ეს სტრიქონი მოიყვანა: "ხამს მეფეთა ერთგულება, ყმასა გვმართებს ყოფა ყმურად".

პოემის მიხედვით, მართლაც მეფე უზენაესია, მისი ერთგულება ყველას უწმინდესი ვალია, მისი ღალატი კი ყველაზე დიდი დანაშაულია. ამის საფუძველი კი ის არის, რომ მეფე და ქვეყანა განუყოფელი ცნებებია და, ამდენად, მეფის ერთგულება, მისთვის თავდადება ქვეყნის ერთგულებას ნიშნავს. თვით ქაჯებსაც კი ვერ წარმოუდგენიათ მეფის საწინააღმდეგო საქციელის ჩადენა. ქაჯეთის სარდალი - როშაქი თავის ქვეშევრდომებს შეაგონებს, რომ თუ დაუმალავდნენ შეპყრობილ მშვენიერ ქალს მეფეს, ეს დიდი ცოდვა და სამარცხვინო საქმე იქნებოდა: "პირველ-მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია". დევებისთვისაც კი, რომლებიც პირობითად ყაჩაღები არიან (მათი გამოქვაბულის 40 ოთახი სავსეა ნაძარცვი განძეულობით), ყველაზე დიდი საგინებელია - "არს მეფეთა მკვლელიო". ეს წარწერა ჰქონდა ალმასის იარაღის კიდობანს:

"თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო,

უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო".

პოემის პატრიოტულ აფორიზმთა შორის უმნიშვნელოვანესია ტარიელის მიმართვა თავისი მეომრებისადმი: "ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცად რბიან". რა განაპირობებს ნაწარმოების ამგვარ პათოსს? ის, რომ მეფე, სახელმწიფოს მეთაური, სრულყოფილია, იგი ქვეყნის სახეა, ქვეყნის უპირველესი გულშემატკივარი, მისთვის თავდადებული, მის ბედნიერ მომავალზე მზრუნველი.

ასე ესმოდა სახელმწიფოს განმგებლის ფუნქცია უდიდეს ჰუმანისტსა და მოაზროვნეს - რუსთაველს. მას ხომ "ოქროს ხანაში" უხდებოდა ცხოვრება. ეს ხანა კი პირმშო იყო იმ ეპოქისა, რომელსაც ასეთი ტიპის ხელისუფალი - დიდი დავით აღმაშენებელი ედგა სათავეში. საქართველოს ორიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია იმის დასტურია, რომ ჩვენი ერი მაშინ ერობდა, როცა მას ასეთი მეთაური განაგებდა. ასე რომ, ვიკითხოთ "ვეფხისტყაოსანი", განვიცადოთ "აღმოჩენების" სიხარული და ვიყოთ "მისალოცები".