მთავარი გეოპოლიტიკური დილემა: ევროპული ჯარები თუ უსუსური დამკვირვებლები უკრაინაში - როგორ მისცემენ ამ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს?!
„დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო კონტინგენტის ან დამკვირვებელთა ჯგუფების მეშვეობით გეგმავს“, - წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) სტატიაში სათაურით: „როგორ შეიძლება განხორციელდეს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფა სამხედრო სახით? არსებობს რამდენიმე ვარიანტი“ (ავტორი - დევიდ სანგერი). „ჯერჯერობით ამერიკას თავისი პირდაპირი მონაწილეობა არ განუცხადებია, თუმცა თუ განაცხადებს, ასეთ გადაწყვეტილებას რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება აშშ-ის არმიის ქვედანაყოფების უკრაინაში გასაგზავნად და ამ მიზნით კიევისათვის არავითარი გარანტიებიც არ მიუცია. ასევე, არავის არ განუმარტავს, რა ფორმით განხორციელდება უკრაინისათვის გაწეული მხარდაჭერა, თუმცა არსებობს რამდენიმე ვარიანტი.
დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრის დროს ვაშინგტონში არა ერთხელ ითქვა „უსაფრთხოების რაღაც გარანტიებზე“, სამომავლოდ რუსეთის შეკავების მიზნით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ლაპარაკობდა სამხედრო კონტინგენტის შექმნაზე „დახმარების მსურველი ქვეყნების კოალიციის“ მიერ, რომლებიც, თითქოსდა, უკრაინაში განლაგდებიან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს და არ განუმარტავს, თუ როგორ გამოიყურებიან ეს ძალები. სამხედროების თქმით, ამ საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთი იდეის მიხედვით, სავარაუდოდ, შეიქმნება სრულფასოვანი „სამშვიდობო ძალები“ და, როგორც ჩანს - შეიარაღებულები საკმაოდ მნიშვნელოვანი საბრძოლო ტექნიკით. მათ დაემატებათ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები. ამ ძალების მიზანი იქნება მხოლოდ თავდაცვა და კრემლისთვის იმის მინიშნება, რომ თუ რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ შეტევას განაახლებს, მას საქმე ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ექნება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსეთის საიმედო შეკავებისათვის აუცილებელი გახდება ათობით ათასი დასავლეთელი სამხედრო მოსამსახურე.
მეორე ვარიანტი - შედარებით მცირერიცხოვან „დამკვირვებელთა ქვედანაყოფების“ შექმნა, ვთქვათ, რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურისაგან, რომლებიც გაფანტული სახით იქნებიან განლაგებულნი ფრონტის ზონაში. ისინი რუსეთის არმიას რაიმე სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მაგრამ ჩანაფიქრი ისაა, რომ კრემლი არ გარისკავს უკრაინაში ახალი შეტევის დაწყებას, თუ ის ევროპელების სიკვდილთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ ეს თეორია ნაკლებად სანდო და ძალიან სარისკოა.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპს უკრაინის ფრონტის რუკა გადაუშალეს - მოვლენების განვითარების 6 სცენარი ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური "დუელი"?!
და ბოლოს, მესამე ვარიანტი - შეიქმნება „დამკვირვებელთა ჯგუფები“, კიდევ უფრო მცირერიცხოვანი სახით, რომლებიც უკრაინაში მხოლოდ იმ მიზნით განლაგდებიან, რომ სავარაუდო სამხედრო მოქმედებების დაწყების მომზადება დააფიქსირონ. მაგრამ ამ ამოცანის შესრულება წარმატებით შეიძლება კოსმოსური თანამგზავრებით და მიწისზედა კამერებით. ანუ „დამკვირვებელთა ჯგუფები“ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მცირერიცხოვანი იქნება, რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გასაწევად.
დონალდ ტრამპს ჯერჯერობით არ აუღია პასუხისმგებლობა „უსაფრთხოების ძალებში“ აშშ-ის ქვედანაყოფების მონაწილეობაზე. შესაბამისად, ამ ძალების კონფიგურაცია, როგორც ჩანს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სახით დაიდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ან სამშვიდობო ხელშეკრულება - იქნება ის დროებითი და მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ