"უსაშინლესი პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალში, რაზეც უნდა ვყვიროდეთ, თუმცა..." - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ მიერთებისთვის ე - კვირის პალიტრა

"უსაშინლესი პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალში, რაზეც უნდა ვყვიროდეთ, თუმცა..." - რუსეთი საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ მიერთებისთვის ემზადება?!

აფხაზებს შორის უკვე შენელდა ვნებათაღელვა, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი დაუთმოს საქართველოს კონფედერაციული მოდელით და ახლა სოხუმში ახალი შეშფოთების მიზეზი აქვთ - რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგების გამო ოპოზიციური მედია წერს, რომ ეს არის "სისტემური კოლონიზაცია" ფორმალური ანექსიის გარეშე, რაც აფხაზეთს რუსეთის რიგით პროვინციად აქცევს.

8 აგვისტოს, 2008 წლის ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისისა და მოსკოვის განცხადებების შემდეგ აფხაზი ჟურნალისტი, "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ "თბილისში უკვე აღარ ელიან, რომ რუსეთი მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს "აჩუქებს". სულ რაღაც ერთი წლის წინ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები სრულიად განსხვავებულ განწყობებს ახვევდნენ თავს ქართველ საზოგადოებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შერიგების ვადაც კი დაასახელა - მან პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრდება "აფხაზ და ოს ძმებთან ერთად", ახლა კი კობახიძის განცხადებას "პესიმიზმი დაეტყო".

"შესაძლოა მაშინ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის ფონზე "მეოცნებეებს" ნამდვილად სჯეროდათ, რომ მოსკოვი საქართველოს დაეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში, თუმცა ქართველების ოცნებები განულდა. თბილისი ხვდება, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ძალა უკრაინისკენ არის მიმართული, ნამდვილად არ დატოვებს აფხაზებსა და ოსებს მხარდაჭერის გარეშე. ილუზია, რომ კრემლი საქართველოს "მისცემს" სასურველ ტერიტორიებს, 2024 წლის ბოლოს გაქრა", - აფხაზი ჟურნალისტის ამ მოსაზრებას გამოცემა "ჯემნიუსი" ავრცელებს.

მთელი 2024 წლის განმავლობაში სოხუმში კამათობდნენ, მიმდინარეობდა თუ არა მათ ზურგს უკან ფარული მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის დათმობაზე. ამ თემის ერთ-ერთი აქტიური მიმომხილველი იყო ინალ ხაშიგი, რომელმაც პირველად გამოთქვა ვარაუდი, რომ კონფედერაციის შესახებ იყო ფარული მოლაპარაკება და მოსკოვი თბილისისგან სანაცვლოდ ითხოვდა საგარეო ვექტორის შეცვლას, უარს ევროკავშირსა და ნატოზე.

ამჯერად აფხაზეთში კონფედერაციაზე შიში ჩაცხრა, თუმცა გაჩნდა ახალი ვნებათაღელვა. ივლისის ბოლოს რუსეთმა აფხაზებისა და ოსებისთვის გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება, მსურველს არც რუსული ენის ცოდნა სჭირდება და არც რუსეთში ცხოვრების 5-წლიანი ვადა, ყველა მიიღებს რუსულ პირადობის მოწმობას და პასპორტს. ასევე რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა აფხაზური მართვის მოწმობები და დაიწყო რუსული მართვის მოწმობების გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

"რუსეთი მოქმედებს ისე, რომ არ აცხადებს ოფიციალურ ანექსიას, მაგრამ თანდათან იღებს კონტროლს აფხაზეთის სუვერენიტეტის საკვანძო ელემენტებზე - დოკუმენტებზე, საზღვრებზე, უფლებებსა და მმართველობით მექანიზმებზე... ეს არის რბილი კოლონიზაცია ფორმალური ანექსიის გარეშე... ტანკების გარეშე მიმდინარეობს აფხაზეთის ინფრასტრუქტურული ოკუპაცია", - წერს ოპოზიციური გამოცემა "აიაშარა".

"ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო­ მინისტრი: - ჩვენ უნდა გავყოთ ორი პოზიცია: რას ფიქრობენ აფხაზები და რას ფიქრობენ ქართველები. ქართველ საზოგადოებაში დომინანტურია განცდა, რომ ჩვენ რუსეთი არაფერს დაგვითმობს. პირიქით, რუსეთს უნდა საქართველო ჩაიგდოს ხელში დაკარგული ტერიტორიების გათვალისწინებით. რუსეთი არ დაგვიფასებს "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას და არც ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას აპირებს. "ოცნებასაც" ესმის ეს და ამიტომ ლაპარაკობენ მშვიდობაზე, ომის არარსებობაზე, დასავლეთის მიერ მეორე ფრონტის გახსნაზე, აფხაზეთის დაბრუნებაზე კი არავინ იღებს ხმას.

თავიდანვე იყო მცდარი წარმოდგენა­ ცხინვალსა და სოხუმში, რომ თითქოს არის მოლაპარაკება მოსკოვსა და თბილისს შორის ტერიტორიების დაბრუნებაზე. გავიხსენოთ, როგორ მოხდა ფრენების აღდგენა - რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაცხადა, კარგი­ იქნება, თუ აღდგება ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორისო, და ერთ კვირაში აღდგა. ესე იგი, მუშაობა მიდიოდა და ვიღაცას გაახმოვანებინეს. კონფედერაციაზე კი ლაპარაკი გასულ წელს იყო და უცებ აღარ არის. რუსეთს თუ დასჭირდება კონფედერაცია, ამას საქმე აუცილებლად მოჰ­ყვება და არ ჩაიფარცხება. ეს აჟიოტაჟი იყო ცხინვალსა და სოხუმში და შემდეგ ჩვენკენაც გადმოვიდა, თუმცა ვთვლიდი, რომ ეს არაფერს ეფუძნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი. ვიღაც მიამიტი ქართველები შეიძლება ფიქრობენ, ამდენს ვუთმობთ რუსეთს და ნუთუ ნაბიჯს არ გადმო­დგამსო. ყველაზე მეტი, რაც შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, ის არის, რომ ენგურის­ ხიდის გარდა, ხურჩაში გაგვიხსნას გამშვები პუნქტი, 1-2 ქართული სკოლა გახსნას გალში და ახალგორში­ 10 დღის ნაცვლად მთელი თვე დაუშვას ქართველი მოსა­ხლეობის მიმოსვლა. თუმცა ამის სურვი­ლსაც ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ცხინვალსა და სოხუმში ყოველთვის ჰქონდათ შიში, რომ თუკი საქართველო უარს იტყვის­ დასავლეთზე და რუსულ ორბიტაზე გადავა, რუსეთი ტერიტორიებს დაუთმობს საქართველოს. ხაშიგი თავისივე პოზიციების მძევალი იყო, ეგონა, რუსეთი დათმობდა აფხაზეთს და, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ეს ილუზიაა. მან აღიარა, რომ თურმე რუსეთი არ აპირებს ტერიტორიების "ჩუქებას". თუმცა საკმარისია ვინმე რომელიმე ზახაროვამ ან სიმონიანმა­ მოსკოვში თქვას, ქართველები კარგად იქცევიან და იქნებ გვეფიქრა რაღაც დათმობებზეო, აფხაზეთში აუცილებლად დაუბრუნდებათ შიში, არიქა, "გვთმობენო".

ასევე დაგაინტერესებთ: დაარტყამს თუ არა უკრაინული დრონები ოკუპირებულ აფხაზეთს

აფხაზების ახალი „კანონი“ ქართველების წინააღმდეგ - "სოხუმში დადის ჭორი, რომ თბილისი აფხაზეთის დაბრუნებისთვის ემზადება და..."

რატომ არ დაიმსახურა ძერასამ ნაყინი? - როგორ ძალადობენ და ამცირებენ ბავშვებს ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში

„პრეზიდენტ“ გაგლოევის ვენდეტა - რატომ დაიწყო დიდი საკადრო წმენდა ცხინვალში

კობახიძემ ერთხელ თქვა, 2030 წელს აფხაზებსა და ოსებთან ერთად გავწევრ­დებით ევროკავშირშიო, მაგრამ ეს ბო­დვაა,­ ჩვენ 2030 წელს ვერ გავწევრდებით ევროკავშირში. ამ დღეებში კობახიძემ ისევ თქვა, რომ ჩვენ ყველანაირად კარგი პარამეტრები გვაქვს იმისთვის, რომ 2030 წელს მიგვიღონ, რაც ასევე სისულელეა, თუმცა ახლა არ უხსენებია აფხაზები და ოსები და სოხუმში ესეც შეამჩნიეს.

- თუკი რუსეთიდან არ იყო დაპირება ტერიტორიების საკითხზე, მაშინ რატომ გააფუჭა "ოცნებამ" დასავლეთთან ურთიერთობა?

- "ქართულ ოცნებას" არ ადარდებს­ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი. რომ ადარდებდეთ, შეიძლება ეს კომისია დაე­წყო­ წულუკიანს? ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ კომისიაზე, დღეს ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება. ასე დახურდავება საქართველოს უმთავრესი საქმის, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, ყოვლად დაუშვებელია. კომისია უნდა გამხდარიყო ოსებსა და აფხაზებთან სასაუბრო თემა და არა შიდაურთიერთობის გარჩევების თემა. ამიტომ კითხვაზე, რაში სჭირდებოდათ­ დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება­ და რუსეთთან დაახლოება, პასუხია, რომ რუსეთს სჭირდება მოკავშირედ ისეთი სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მის იმედად იქნება. რუსეთი ახლა ელოდება, საქართველო როდის გადადგამს შემდეგ ნაბიჯს - ეს არის ინსტიტუციური ბმა. ცნობილი ფრაზაა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა. რუსეთს სჭირდება საქმე, ეს კი არის დიპლომატიური ურთიერთობები­ დსთ-ში შესვლა, სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრება. თუ საქართველო­ დაიყო­ლია სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწე­ვრებაზე, მაშინ შეიძლება იყოს ლაპარაკი კონფედერაციაზე. მანამდე გამორიცხულია. მაშინ­ ცალკე აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთი ოსეთი და საქართველო ზარ-ზეიმით შევიდოდნენ სამოკავშირეო სახელმწიფოში.

"ქართულ ოცნებას" რომ კონტაქტები აქვს აფხაზეთთან, ეჭვი არ მეპარება, თუმცა საუბარი მიდის არა კონფლიქტების მოგვარებაზე, არამედ ვაჭრობაზე, სანქციების გვერდის ავლაზე,­ ტრანსპორტზე. დარწმუნებული ვარ, საქართველომ ნებართვაც მისცა სოხუმის აეროპორტის გახსნაზე. არ გამოვრიცხავ, მომავალში კონფედერაციაზე ლაპარაკიც იყოს, მაგრამ "ოცნებას" არ უნდა აუტკი­ვარი თავის ატკივება, მას მხოლოდ ძალა­უფლების შენარჩუნება სურს. მე უარესი მგონია - "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების გამო მზად არის დათმოს აფხაზეთი და შეინარჩუნოს ე.წ. სამხრეთი ოსეთი­, იმიტომ, რომ ის ქვეყნის შუა გულშია, ახლოს გადის ტრანსპორტი, რკინიგზა, გაზსადენები, ნავთობსადენები, ამიტომ ურჩევნია გაცვალოს იმაში, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდეს, აფხაზეთში კი რუსეთმა გააკეთოს ის, რაც უნდა.

ამ წუთში უსაშინლესი პროცედურა­ მიდის, რაზეც უნდა ვყვიროდეთ, - აფხაზებსა და ოსებს რუსეთის შიდამოქალაქეობის პასპორტებს ურიგებენ. ამდენ ხანს აფხაზები და ოსები უცხოეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ეს სულ სხვა მოქალაქეობაა. ეს ოკუპაცია კი არა, სრული ანექსიაა.

საქართველოს ხელისუ­ფლება მზად არის, არა კონფედერაციაზე, არამედ მთლიანად რუსეთს ჩააბაროს დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართვა ისე, რომ არ აღიაროს აფხაზე­თი და სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში. ოსები ამაზე ოცნებობენ, აფხაზებს კი ეშინიათ. მათ კარგად ესმით, ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოუვიდეთ, ეს რუსეთის პროვინციად გადაქცევაა, საქართველო კი ამაში ხელს უწყობს.

წაიკითხე ვრცლად