ქართული გაკვეთილები ზელენსკისთვის: ფრთხილად, არ ენდოთ რუსეთს - როგორ შეიძლება იქცეს ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება დიდ ტრაგედიად
„გადამგდები კრემლი“- რამდენჯერ მოატყუა საქართველო და უკრაინა რუსეთმა და რამდენად შეიძლება პუტინის ნდობა,რომ ის არ გააგრძელებს უკრაინის დაპყრობას „სამშვიდობო შეთანხმების“ შემდეგაც...
აგრესორი და თავისდამცველი ქვეყნების პრეზიდენტების ანუ პუტინისა და ზელენსკის პირველი პირისპირ შეხვედრა შეიძლება რამდენიმე დღეში შედგეს...
ყოველ შემთხვევაში ამის მოწყობას აქტიურად ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად გამოუვა ეს წამოწყება, რომელზეც შესაძლებელი გახდებოდა მოსკოვსა და კიევს რამენაირად მიეღწიათ „სამშვიდობო შეთანხმებისთვის“.
მაგრამ, რამდენად სიცოცხლიუნარიანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს „მშვიდობა“ მას შემდეგაც, თუკი უკრაინა გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებზეც კი წავიდა ამ, მისთვის ასე მძიმე ომის შესაჩერებლად და რამდენად სანდო იქნება აგრესორი ქვეყნის-რუსეთის დაპირება ცეცხლის აღარ გახსნაზე?
სწორედ ასეთ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს კიევი უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რომ „სამშვიდოდობო შეთანხმების“ რაიმე საბაბით დარღვევისა და რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში არსებობდეს სერიოზული ძალა, რომელიც პუტინის ამ მორიგ შესაძლო ვერაგულ ჩანაფიქრს დასაწყისშივე შეაჩერებს.
ასე გარანტიების მიცემა უკრაინისთვის კი ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპასა და აშშ-ს თუ შეუძლიათ, თუმცა ისინი ჯერ თავად ვერ გარკვეულან რამდენად ღრმად შეუძლიათ „შეტოპვა“ უკრაინის გამო რუსეთთან ღია სამხედრო დაპირისპირებაში აღმოსაჩენად...
„პუტინის ნდობა არ შეიძლება, რომ დაიცავს რაიმე პირობას ან ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი და სანდო უნდა იყოს, რათა რუსეთი გადაჯგუფებისგან და ხელახლა დარტყმისგან შეაკავოს“, -აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და მას კვერს უკრავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც - „ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა. ეს იყო საქართველო 2008 წელს. ეს იყო ყირიმი 2014 წელს. სრულიად ნათელია, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი თავის სიტყვასა და ვალდებულებებს არ შეასრულებს. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვის ნებისმიერი შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია“.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპს უკრაინის ფრონტის რუკა გადაუშალეს - მოვლენების განვითარების 6 სცენარი ანუ როდის გაიმართება ზელენსკისა და პუტინის ფსიქოლოგიური "დუელი"?!
რაღა საჭირო იყო ალასკის შეხვედრა, თუკი პუტინის ულტიმატურული მოთხოვნები იგივე დარჩებოდა?
რადგან თავად მაკრონს გაახსენდა 2008 წლისა და 2014 წლის მოვლენები, მაშინ ჩვენ უფრო ღრმად ჩავიხედავთ და ჯერ კიდევ 1992 წლიდან დავიწყებთ იმის გახსენებას, თუ როგორ არღვევდა სამშვიდობო ხელშეკრულებებს იგივე კრემლი ,ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინასთან მიმართებაში...
პირველი - 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ კვირაში, 3 სექტემბერს, მოსკოვში კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა "ხელი ჩამოართმევინა" საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძესა და აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ვლადისლავ არძინბას და ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ერთ თვეში, 1992 წლის 1-ელ ოქტომბერს, აფხაზებმა ვერაგულად დაარღვიეს მოსკოვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეუტიეს გაგრა-განთიადის მონაკვეთს, რაც კრემლმა არათუ არ აღკვეთა, არამედ რუსი სამხედროები როგორც ცოცხალი ძალით, ისე საბრძოლო ტექნიკით იქით დაეხმარნენ სეპარატისტებს ამ ქართული დასახლებების დაპყრობა-აოხრებაში.
მეორე - 1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის ინიციატივით ხელი მოეწერა რუსულ-ქართულ-აფხაზურ სამმხრივ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან ფოთში გაიტანა მძიმე საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარები (თანაც ათ-ათი ათასი დოლარი გადაუხადა რუს ადმირალებს დიდი სადესანტო ხომალდების სამ რეისში), ხოლო აფხაზებს სამხედრო ტექნიკა გუდაუთაში უნდა გაეტანათ, რაც არ შესრულდა - ის გუმისთის ფრონტის სიახლოვეს, ზემო ეშერაში გადამალეს.
ამ სამმხრივი შეთანხმებიდან თვე-ნახევარში, 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა კვლავ ვერაგულად დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეუტიეს სოხუმს მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროდან და სოფელ შრომის მხრიდან, ამასთანავე, დაბლოკეს ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო გზა მდინარე კოდორის ხიდთან, რითაც სოხუმი ალყაში მოექცა.
იმის ნაცვლად, სოჭის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე კრემლს სასწრაფოდ შეეჩერებინა აფხაზური მხრიდან ცეცხლის ცალმხრივად დარღვევის ნათელი ფაქტი, რუსი გენერლები იქით გზავნიდნენ საბრძოლო დანაყოფებს, სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს სეპარატისტების დასახმარებლად, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა ჯერ სოხუმის დაცემა და შემდეგ აფხაზეთის დროებით დატოვებაც.
საქართველოსთვის ძალიან მწარე ეს ორი ისტორიული ფაქტიც კმარა იმისთვის, რომ უკრაინელები დარწმუნდნენ, თუ რამდენად ღირს კრემლის ნდობა, თუმცა თავად უკრაინელებს კიდევ უფრო მძიმე მოსაგონარი აქვთ, თუ როგორ "გადააგდო" მათი ქვეყანა კრემლმა.
1994 წლის 5 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბირთვული შეიარაღების არგავრცელების ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების თაობაზე.
მემორანდუმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ მთელ ბირთვული შეიარაღებას (1 900 სტრატეგიული და 2 500 ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი და მუხტი), ასევე მათი გადამტანი საშუალებების (სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები) ნაწილს კიევი გადასცემდა მოსკოვს, რის სანაცვლოდაც კრემლი გამოდიოდა გარანტად, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არავინ და არაფერი დაემუქრებოდა.
თუ რა მოხდა ჯერ 2014 წელს ყირიმის ანექსიითა და დონბასის "სეპარატისტული აფეთქებით", ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებით, მთელმა მსოფლიომ იხილა.
უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის "გარანტი" რუსეთის ფედერაცია თავად დაესხა მას და მისი ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას დღესაც აგრძელებს!
არ შეიძლება არ ითქვას ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ორ გარანტ სახელმწიფოზე - დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე, რომლებსაც თავიანთი წილი დანაშაული მიუძღვით იმაში, რომ შეჰპირდნენ უკრაინას, რომ ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ მისი ტერიტორიის მთლიანობაზე პასუხისმგებელი იქნებოდნენ, მაგრამ თავიდანვე ბევრი არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კრემლს მემორანდუმის უხეში დარღვევით არ დაეწყო ჯერ ყირიმის, შემდეგ კი დონბასისა და კიდევ სხვა ოლქების ოკუპაცია.
უკრაინას ხელი რომ არ მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმისთვის და შეენარჩუნებინა ბირთვული იარაღი (რომლის მარაგით მაშინ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახლდათ აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ), პუტინი ვერც 2014 და ვერც 2022 წელს გაბედავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
კრემლისგან "გადაგდების" მწარე გამოცდილებით, საქართველოსა და უკრაინის გარდა, კიდევ ერთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამაც შეიძლება "დაიტრაბახოს".
სომხეთი, ჩვენი მეზობელი ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რუსეთმა ერთი საუკუნის ინტერვალით ორჯერ ძალიან დაუნდობლად გამოიყენა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით.
1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსეთის არმია ოსმალეთს ებრძოდა, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სომხებმა მასობრივად დაუჭირეს მხარი მეფის რუსეთს და მის არმიას ყველანაირ დახმარებას უწევდნენ, მათ შორის პარტიზანული მოქმედებებითაც, რაც, რა თქმა უნდა, არ დავიწყებია მოწინააღმდეგეს, როდესაც რუსეთის არმიამ უკან დახევა დაიწყო სამხრეთის ფრონტიდან, ოსმალებმა სომხებს სამაგიერო გადაუხადეს, თანაც ძალიან დაუნდობლად.
საუკუნის შემდეგ რუსეთმა სომხები მეორედაც მიატოვა - ჯერ 1992-94 წლებში კრემლმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყარაბაღის პირველ ომში სწორედ სომხეთს გაემარჯვა, ხოლო 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში კი კრემლმა ყური წაუყრუა და სამხედრო დახმარება არ გაუწია სომხეთს, როდესაც აზერბაიჯანმა დაიწყო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
უფრო მეტიც, 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ სომხები, რუსეთმა თავისი "სამშვიდობო ძალები" განათავსა, რითაც ყარაბაღელ სომხებს მიეცათ იმედი, რომ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების" დაცვით კიდევ დარჩებოდნენ ამ მიწებზე, მაგრამ 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სულ რაღაც 23 საათში მოახერხა "ყარაბაღის სომხური არმიის" სრული დამარცხება, ისე, რომ რუსეთის "სამშვიდობო ძალებს" ხელიც არ გაუნძრევიათ, რასაც მოჰყვა ყარაბაღიდან თითქმის ყველა სომეხი მოსახლის გასვლა სომხეთის რესპუბლიკაში.
როგორც ხედავთ, კრემლი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც რუსეთს სჭირდება და სულაც არ დაგიდევთ იმის შესრულებას, რასაც თავადვე მოაწერა ხელი.
ასე რომ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი თუკი მართლაც მიაღწევს რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას, ძალიან კარგი იქნება (თუმცა გააჩნია, რა პირობებით), მაგრამ მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კრემლის ჩვევა - შეთანხმებების მონაწილეების "გადაგდებაში" დიდი გამოცდილება...