ზელენსკისა და პუტინის ფსიქოპორტრეტები რამაზ საყვარელიძისგან: ვინ ვის "დაჩაგრავს" პირადი შეხვედრისას?! - "კრემლის ბინადარს ქუჩის ბიჭის ფსიქოლოგია აქვს და..."
„მშვიდობის ჟესტი“ თუ მორიგი მორიგი ხაფანგი? - ეს კითხვა გააჩინა მსოფლიო საზოგადოებაში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მოსკოვში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიპატიჟებამ. პასუხი კატეგორიული ოყო - „არა!" BBC-სა და AFP-ის ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაციამ პუტინის წინადადება „დაუყოვნებლივ უარყო“. „კრემლის ლიდერის მცდელობა, თითქოსდა პოლიტიკური ჟესტით, მაგრამ რეალურად ცინიკური ხაფანგით დაადასტურებინა საკუთარი უპირატესობა, ჩაიშალა პირველივე წუთებში“, - ამობენ უკრაინელი ანალიტიკოსები. ახლა ყველა ერთი კითხვით ინტერესდება: გაიმართება თუ არა ზელენსკისა და პუტინის "ფსიქოლოგიური დუელი" და თუ გაიმართება, გაუძლებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მანიპულაციებსა და ინტრიგებს? ამ საკითხზე ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება
- რუსეთის ლიდერები ყოველთვის იყენებდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტებს - ატომურ რეზერვებს, ენერგომატარებლებს, გეოგრაფიულ უპირატესობას... მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლეც კი ძალაუფლების ინსტრუმენტად აქციონ. სწორედ ასეთია პუტინიც. ყველას ახსოვს, რა სისხლიანი კვალი დატოვა მან ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში. იგივე სისასტიკე გამოავლინა უკრაინაშიც. ბევრს ჰგონია, რომ პუტინი სისხლის ღვრაში სიამოვნებას პოულობს, თითქოს მას მანიაკალური მიდრეკილებ აქვს. . სინამდვილეში ასე არ არის, მისთვის სისხლის დაღვრა უბრალოდ საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა, რომელსაც მორალური ბარიერი არ აქვს. ეს ხასიათი მისი ახალგაზრდობიდან მოდის. პუტინი ქუჩის ხულიგნების გარემოში იზრდებოდა, სადაც ეთიკა არაფერს ნიშნავდა და გადამწყვეტი იყო მხოლოდ ძალა. სწორედ ეს განცდა თან სდევს დღემდე: ნებისმიერ ფასად უნდა აჩვენოს, რომ ძლიერია. მას ქუჩის ბიჭის ფსიქოლოგია აქვს.
ამის დასტურია მისი ფოტოსესიებიც, სადაც სპორტულ ფორმაში პოზირებს, თითქოს მსოფლიომ უნდა დაინახოს „ღონიერი ლიდერი“. პოლიტიკაშიც მას ძალის დემონსტრირება იზიდავს. თუმცა, ცდილობს ყველა ნაბიჯს ლოგიკური სახე მისცეს. უკრაინაში შეჭრაც ასე გაამართლა - ნატოს გაფართოებას ვეწინააღმდეგებოდიო. მაგრამ საბოლოოდ ეს მისთვის წაგებით დასრულდა: სლავური სახელმწიფოთა ერთობის ცენტრად უკრაინას ხედავდა, თუმცა ომის გაჩაღებით სწორედ ეს მთავარი ქვეყანა დაკარგა. 2014 წელს უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, რადგან ამერიკელების ქცევამ გააღიზიანა. 2008-ში კი საქართველოში შემოიჭრა, როგორც თავად ამბობდა, დასავლეთის პასუხად, მას შემდეგ, რაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს. მაშინ პუტინმა პირდაპირ განაცხადა: „თუ თქვენ აღიარებთ კოსოვოს, მე ვაღიარებ აფხაზეთს და ცხინვალს.“
- ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილია გახდა, რომ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის მიერ დონბასის დათმობა...
- ამ შემთხვევაში სხვაგვარად არის საქმე. ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე უცნაური დეტალები გამოვლინდა. ორივე დელეგაციაში წარმოდგენილი იყვნენ ფინანსური წრეების წარმომადგენლები, რაც ბევრისთვის გაუგებარი დარჩა - თუ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იყო, მაშინ ეკონომიკური ბლოკის ასეთი მასშტაბური ჩართვა რა საჭიროა?! ცნობილია, რომ ჩინეთი არქტიკაში 60-მილიარდიან ინვესტიციას გეგმავს, რაც მიუღებელია როგორც ტრამპისთვის, ასევე პუტინისთვის. გასათვალისიწნებელია ფაქტორია ისიც, რომ ალასკის სამიტის შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული კომპანიები რუსეთში საქმიანობას განაახლებენ. ეს აჩენს ასეთ ვარაუდს: შესაძლოა, კულისებში უკრაინის თემის მიღმა, ტრამპსა და პუტინს სხვა, სერიოზულ საკითხებზეც უსაუბრიათ და გარკვეულ შეთანხმებებამდეც მისულან
- კულუარებში რა ხდება არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ ალასკის სამიტის შემდეგ ვაშინგტონში ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასავლური კოალიციის ფორმირების პროცესად იქცა. ამასთან, ზელენსკიმაც გათვალისწინა, რომ ტრამპი მოწოდებით და პროფესიით ბიზნესმენია და 100 მლრდ დოლარის ღირებულების ამერიკული შეიარაღების შესყიდვა შესთავაზა. როგორ პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება პროფესიით მსახიობი ზელენსკი?
- ყურადღებას გავამახვილებდი მის მთავარ თვისებაზე - ემოციურობაზე. ეს გასაგებიცაა: პოლიტიკაში ესტრადიდან მოვიდა. სცენაზე ადამიანი საკუთარ ემოციებს აღვივებს და საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის იყენებს. ზელენსკიც სწორედ ამას ახორციელებს პოლიტიკაში. ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის იყენებს, მისი ჩაცმულობის სტილია. სამოსით ის ხაზს უსვამს როგორც ქვეყნის, ისე საკუთარი ემოციური მდგომარეობის სიმძაფრეს. მისი გარეგნული სახე ხშირად მიგვანიშნებს მსხვერპლობის განცდაზე: მოუშვა წვერი, შექმნა იმიჯი, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს. თუმცა მის ემოციურობას მეორე - უარყოფითი მხარეც აქვს, რაც მკაფიოდ გამოჩნდა თეთრ სახლში ვიზიტისას, როდესაც დონალდ ტრამპმა და ვენსმა უთხრეს, რომ „პირობების წამოყენების უფლება არ გაქვს, რადგან კოზირები არ გაქვსო“. ზელენსკი აღელდა... უფრო ცივი, უემოციო პოლიტიკოსი ასეთ დროს გაიღიმებდა და საუბარს სხვა თემაზე გადაიტანდა. ზელენსკი მაშინაც კი აღელდა, როცა ჟურნალისტმა ოფიციალური შეხვედრისთვის შეუფერებელ კოსტიუმზე მიანიშნა.
- როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის და ზელენსკის "ფსიქოლოგიური დუელი", თუ ბოლოსდაბოლოს ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად აღმოჩნდებიან?
- პუტინმა უკვე დაიწყო ზელენსკისთან „ჭიდაობა“, როდესაც ის მოსკოვში მიიწვია. მას სურდა, რომ მასპინძლის უპირატესობით ესარგებლა. პირდაპირ გეტყვით - ზელენსკისთვის ადვილი არ იქნება, პუტინთან დიპლომატიური ომის წარმოება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებული იყო ზელენსკის უარი მოსკოვში შეხვედრაზე?
- სწორი ნაბიჯი იყო. პუტინი აუცილებლად გამოიყენებდა ამ შეხვედრას მისთვის სასიკეთოდ. ის ალასკაშიც ტრამპთან შეხვედრას პოზიტიურ ილუსტრაციად წარმოაჩენს – მანქანაში ჩაუჯდა, ფოტოსესიები მოაწყო... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პუტინი ზელენსკის უარსაც მისთვის სასარგებლო ბერკეტად გადააქცევს. ადრე თუ გვიან, ტრამპის ზეწოლით, მათ მაინც მოუწევთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ზელენკის უარი კი პუტინისთვის მუდამ იქნება შანსი, რომ მოლაპარაკება კონფრონტაციად აქციოს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)