"ერდოღანის ცრემლიანი სიტყვები ბათუმსა და ახალციხეზე მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის" - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება:"საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ისრაელის ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკური ცვლილებები კავკასიაზე.
- რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს კავკასიას, ყველაფერს გააკეთებს აქ გავლენის დასაბრუნებლად. ამჟამად სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს ორივე ქვეყნის დიასპორაზე რუსეთში - სომხებსა და აზერბაიჯანელებზე. ზეწოლა მიზანმიმართულია, რათა ფაშინიანსა და ალიევს თავიანთ ქვეყნებში დისკომფორტი შეექმნათ.
- რამდენად აქვს ამის რესურსი?
- რუსეთს ამის რესურსი კი აქვს, მაგრამ ამ ორ ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება. ეს აღარ არის 90-იანი წლები. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. თუმცა არის კიდევ ერთი განსხვავება - ალიევის მდგომარეობა ბევრად მყარია, ვიდრე ფაშინიანის. შესაძლოა მას სულაც არ სურდა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამერიკისა და თურქეთის უზარმაზარი ზეწოლა იყო.
სხვათა შორის, ერდოღანის მიერ ყაველაშვილთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება სწორედ დიპლომატიური ზეწოლის ფორმაა. არავითარი თურქი-მესხების მასობრივი დაბრუნება არ იგეგმება, მაქსიმუმ 3-5 ათას კაცზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. 80 ათასამდე კაცი დიდი ხანია სხვაგანაა დაფუძნებული - აზერბაიჯანში, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში და სხვაგან. მათი აყრა და აქ გადმოსახლება აბსურდია. მე ვმუშაობდი ამ საკითხზე და კარგად მახსოვს, რომ 12000 ოჯახი კრასნოდარის მხარიდან კანადაში გადავიდა. წარმოგიდგენიათ, ვინ უნდა წამოვიდეს კანადიდან ახალციხეში საცხოვრებლად?
- რა უნდა ყოფილიყო ზეწოლის მიზანი?
- მიზანი ის არის, რომ საქართველომ კარგად იცოდეს - თურქეთს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტები აქვს. სხვათა შორის, ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ
ერდოღანის ცრემლიანი სიტყვები ბათუმსა და ახალციხეზე მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის. ეს არა მარტო ზეწოლის ინსტრუმენტია, დავითოღლუს იდეოლოგიის ნაწილიცაა, მისი იდეოლოგია კი ოსმალეთის იმპერიის აღდგენას გულისხმობს. ვთქვათ პირდაპირ, დავითოღლუ წლების განმავლობაში ერდოღანის მარჯვენა ხელი იყო, ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ და შესაბამისმა უწყებებმაც ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ.
- რა უნდა გაკეთოს საქართველომ?
- პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ასევე დიასპორა და სამეცნიერო წრეები. და კიდევ ერთს გეტყვით - აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ისრაელის ფაქტორი. ნუ მკითხავთ, როგორ და რატომ, საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხადია, ისრაელმა წარმატებას მიაღწია სწორი პოლიტიკური სისტემის შექმნით.
- ეს მოდელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ითვალისწინებს?
- ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს. გასაგებია, რომ რუსეთის სრული გასვლა სამხრეთ კავკასიიდან ერთგვარად ბალანსს დაარღვევს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს დიდი თურანის მხარდამჭერებს, მაგრამ ომში გამარჯვებული რუსეთიც დიდი საფრთხეა ჩვენთვის. ამიტომ აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება.