ტრამპმა ვენესუელისკენ სამხედრო ფლოტი დაძრა - „ომების დამამთავრებელი“ თავად აპირებს ახალი ომის დაწყებას?! - კვირის პალიტრა

ტრამპმა ვენესუელისკენ სამხედრო ფლოტი დაძრა - „ომების დამამთავრებელი“ თავად აპირებს ახალი ომის დაწყებას?!

ვენესუელის სანაპიროებიდან რამდენიმე საათში სამხედრო ხომალდების სილუეტების გაარჩევენ, ესენი აშშ-ის საესკადრო ნაღმოსნები USS Gravely, USS Jason Dunham და USS Sampson იქნებიან, თუმცა ვენესუელები ვერ დაინახავენ ასევე მათი სანაპიროსკენ გაგზავნილ ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავს ფრთოსანი რაკეტებით, სამაგიეროდ მალე „დატკბებიან“ ამერიკული დიდი სადესანტო ხომალდის USS Iwo Jima-ს ხილვით, მასზე განთავსებული 4 ათასამდე ამერიკელი საზღვაო ქვეითით...

რითი „დაიმსახურა“ ვენესუელამ ასეთი ყურადღება იმ აშშ-სგან, რომელთანაც არც სახმელეთო და არც საზღვაო საერთო საზღვარი არ აქვს?

ეს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთება ჯერ კიდევ ამერიკის 45-ე პრეზიდენტად ყოფნის დროს სურდა...

2019 წლის 23 იანვარს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის „პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად“ ოპოზიციის ლიდერი ჰუან გუაიდო აღიარა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლას მადურო არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა,რასაც კარაკასის მხრიდან აშშ-ებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა.

თეთრმა სახლმა საპასუხოდ ვენესუელაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესა, რის გამოც ამ ლათინოამერიკული ქვეყნის მთავარი შემოსავალი-ნედლი ნავთობით ვაჭრობიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა და კიდევ უფრო გაართულა ისედაც ძალიან ღარიბი ვენესუელების სოციალური მდგომარეობა.

1-venesuela-1755760319.png
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის 45 პრეზიდენტის ტრამპის პირად მტრად იქცა და ასევე გადმოინაცვლა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ტრამპის სამიზნეში...

2020 წლის 3 მაისს კოლუმბიის მხრიდან კატარღებით ოპოზიციის შეიარაღებული რაზმის გადასხმა ვენეუელის სანაპიროზე მადუროს ერთგულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს და ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ბრალი პირდაპირ პრეზიდენტ ტრამპს დასდეს.

პირველი პრეზიდენტობის პერიოდის დასასრულისკენ ტრამპს თავისი პრობლემებიც თავზე საყრელად დაუგროვდა, ამასთან მოახლოებულ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისკენ ემზადებოდა და აღარ მოინდომა ვენესუელის პოლიტიკური ლიდერის მადუროს წინააღმდეგ აქტიური ქმედებების განხორციელება.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი მართალია ბაიდენთან დამარცხდა, მაგრამ 2024 წლის არჩევნებში მაინც გაიმარჯვა და მეორედ მოირგო თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მდგარი პრეზიდენტის სავარძელი.

პრეზიდენტად მეორედ ინაუგურაციის შემდეგ განვლილ თითქმის რვა თვეში ტრამპმა, თავისივე განცხადებით, „ექვსი“ ომი შეწყვიტა მსოფლიოში“ და ახლა აქტიურად ცდილობს ყველაზე დიდი, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას (უკრაინისთვის რა შედეგებით,ეს სხვა საკითხია) და შეიძლება ამიტომაც აქამდე ვერ მოიცალა ვენესუელისა და კერძოდ მადუროსთვის, რომლის საკითხი ხინჯად ჩაჰყვა ტრამპს პირველი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ...

2-venesuelaa-1755760345.png
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდების ვენესუელის სანაპირობთან გადასვლისა და საზღვაო ბლოკადის დაწყების ოპერატიული რუკა...

ერთი თვის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნიკოლას მადურო ვენესუელის არაკანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა, მას „მზის ნარკოკარტელის“ ხელმძღვანელობა დააბრალა და მასზე გამოცხადებულ ძებნაში დახმარებისთვის ჯილდო 50 მლნ დოლარამდე გაზარდა...

რა ძებნა სჭირდება ვენესუელის პრეზიდენტს,რომელიც კარაკასში საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება,მაგრამ ამით ტრამპმა ღია მინიშნება გააკეთა,რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ვერ მოსწრებულის ახლა დამთავრებას აპირებს,რისი დამადასტურებელიცაა ვენესუელის სანაპიროებისკენ მძლავრი ამერიკული სამხედრო ესკადრის გაგზავნაც...

ამერიკული სამხედრო ხომალდები სავარაუდოდ ვენესუელის საზღვაო ბლოკადას შეუდგებიან,რომ დააკავონ ვენესუელის ნედლი ნავთობით სავსე ტანკერების სვლა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისკენ,რაც დიდ დარტყმას მიაყენებს მადუროს რეჟიმს.

თუმცა,ასევე არ არის გამორიცხული რომ „ომების შემაჩერებელმა“ პრეზიდენტმა ტრამპმა პირიქით ახალი ომი წამოიწყოს,ვენესუელის მიწაზე საზღვაო დესანტის გადასხმისა და მადუროს რეჟიმის ძალის გამოყენებით დამხობის მიზნით,რის საბაბადაც იქცევა მადუროს ხელისუფლების ჩართულობა საერთაშორისო ნარკოვაჭრობის სისტემაში,რისი ფაქტების მოპოვებაც ამერიკულ სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებათ...