"ამდენი თეთრი მიხაკი ერთად არ მინახავს, ულამაზესი მიხაკებით მოვიდა", "პალიტრამედიის" ჰიმნი მამუკა და ჯანსუღ ჩარკვიანებს ეკუთვნით" - როგორ იხსენებენ მამუკა ჩარკვიანს? - კვირის პალიტრა

"ამდენი თეთრი მიხაკი ერთად არ მინახავს, ულამაზესი მიხაკებით მოვიდა", "პალიტრამედიის" ჰიმნი მამუკა და ჯანსუღ ჩარკვიანებს ეკუთვნით" - როგორ იხსენებენ მამუკა ჩარკვიანს?

"არ დამითვლია, მაგრამ ამდენი თეთრი მიხაკი ერთად არ მინახავს, იმდენად ბევრი, ულამაზესი მიხაკით მოვიდა. მას შემდეგ მე და მამუკა ძალიან დავახლოვდით და ბრწყინვალე ურთიერთობა გვქონდა" - იხსენებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე...

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ და დიდ გულისტკივილს გამოთქვამენ.

აღსანიშნავია, რომ მამუკა და ჯანსუღ ჩარკვიანები "პალიტრის" ჰიმნის ავტორები იყვნენ, "პალიტრამედიის" მაშინდელი კრეატიული დირექტორის, მარიკა დარჩიას დამსახურებით.

მარიკა დარჩია:

- „კვირის პალიტრის“ ათი წლის იუბილე მოდიოდა, ძალიან ვემზადებოდით ამ დღის აღსანიშნავად და გადაწყდა, რომ საგანგებოდ ამ თარიღისთვის ჰიმნი შექმნილიყო. მამუკა ჩარკვიანს ახლოს ვიცნობდი, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. მას თხოვნით დავურეკე, „კვირის პალიტრის“ შესახებ ჰიმნი დაეწერა. მიპასუხა, კარგად ვერ ვარ და საერთოდაც ხომ იცი, სიმღერებს მხოლოდ ჯანსუღის ლექსებზე ვწერო... მამუკას დავემშვიდობე თუ არა, ბატონ ჯანსუღს დავურეკე და ვუთხარი, რაც ხდებოდა. ჯანსუღმა მითხრა, მამუკა შეუძლოდ იყო და ის თუ ახლა შენს თხოვნას შეასრულებს, მაშინ მობრუნებულა და ისევ სიმღერების წერა დაუწყიაო... მე კი ახლა ჰიმნის ტექსტს დაგიწერთო. დაახლოებით, 15 წუთში ჯანსუღმა დამირეკა, ტექსტი ჩაიწერეთო და ტელეფონით მიკარნახა. საოცარი ტექსტია, ძალიან კარგი სიტყვები...

მაშინვე მამუკას დავურეკე, ჯანსუღის დაწერილი ტექსტი მაქვს-მეთქი და მითხრა, კარგი, მოდი, სახლში ვარო... მივედი, შინ დამხვდა მამუკას დედა, საოცარი ქალბატონი, რომელიც ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია და მის გამო ძალიან ვწუხვარ. ძალიან გული მტკივა, შვილის გარდაცვალებას რომ მოესწრო...

მამუკას ქაღალდი გავუწოდე, სადაც ჩემ მიერ ჩაწერილი ტექსტი იყო. ცოტა შეფიქრიანდა, შემდეგ პიანინოზე დადო, ჯერ წაიღიღინა და შემდეგ დაწერა ის ულამაზესი ჰიმნი, რომელიც დღესაც ჩვენს ეთერში ტრიალებს. "პალიტრამედია“ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ამხელა მასშტაბის, პატარა სტუდიაში მოხდა ამ ჰიმნის ჩაწერა.

ასე დარჩა სამახსოვროდ და საშვილიშვილოდ ეს ჰიმნი, უკვდავად.

ბოლოს ჩვენი შეხვედრა 2024 წლის დეკემბერში შედგა. კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა მამუკა ჩარკვიანს და "მედიაპალიტრის" ჰოლდინგის სახელით, ტელევიზორი ვაჩუქეთ. ეს ჩვენგან კიდევ ერთი მოკრძალებული მადლობა იყო.

თამრიკო ჭოხონელიძე:

- მამუკა უპირველესად ასოცირდებოდა "ადამიანი ნიჭიერება"-სთან. საოცარი, თავის სამყარო ჰქონდა, ყველასგან გამორჩეული. ეს მის ლექსებში, სიმღერებში, ყველაფერში აისახებოდა. ქცევებშიც, სხვათა შორის. ერთი შეხედვით ძალიან მოკრძალებული იყო, ამავდროულად, იშვიათი იუმორი ჰქონდა... ეს ყველაფერი იმდენად დოზირებულად იყო ხალხში მოწვდილი, ყველაფერი ერთად ქმნიდა მამუკა ჩარკვიანს.

პიროვნულად ძალიან თბილი, დასამახსოვრებელი ადამიანი იყო. ერთხელ რომ ნახავდი, გამორიცხული იყო მამუკა ჩარკვიანით არ მოხიბლულიყავი...

მე მახსენდება ჩემი მეგობრები - გია გორდეზიანი (თავგასას რომ ეძახიან), დათო გომართელი, გიო ხუციშვილი - ჩემთან თამარობას მოვიდნენ, დიდი ზეიმი იყო სახლში, გალაღდნენ. უცებ იღება კარი და სრულიად მოულოდნელად, ჩემს სახლში მამუკა ჩარკვიანი ჩნდება. მაშინ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ გაუგია, რომ თამარობას ეს ბიჭები ჩემთან იყვნენ და გადაწყვიტა, მოსულიყო. არ დამითვლია, მაგრამ ამდენი თეთრი მიხაკი ერთად არ მინახავს, იმდენად ბევრი, ულამაზესი მიხაკით მოვიდა. მას შემდეგ მე და მამუკა ძალიან დავახლოვდით და ბრწყინვალე ურთიერთობა გვქონდა.

ვიცოდი, რომ ცუდად იყო, მაგრამ არ მემეტებოდა, ერთი წუთით მაინც გამეფიქრებინა მისი გარდაცვალება. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება, რომ ჩვენ გვერდით აღარ არის...

მამუკამ დატოვა თავისი ულამაზესი მელოდიები, თავისი სამყარო, რომელიც მარტო მამუკასთვის იყო დამახასიათებელი. მის სიმღერებს ახალგაზრდები ყოველთვის იმღერებენ.

მაცაცო თოხაძე, ცნობილი სიმღერების ავტორ-შემსრულებელი:

- არსებობენ ადამიანები, რომელთა კვალს დრო ვერ შლის... რომელთა კვალს თაობები მიჰყვებიან სიყვარულით... მამუკა ჩარკვიანი ერთი იყო და განუმეორებელი... მისი სიმღერები და, განსაკუთრებით, მისივე ნამღერი, არის საოცრად გულწრფელი, სრულიად გამორჩეული...

მამუკას ნამღერი ათასჯერ ფასეული იყო, ვიდრე ნებისმიერი პროფესიონალი მომღერლის, იმიტომ, რომ იყო ყველაზე გულწრფელი!

მამუკას სიმღერები მრავალ თაობას ეყვარება!

(სპეციალურად საიტისთვის)