"მამუკა მეგობრობის საოცარი მაგალითი იყო, საიმედო საყრდენი. ხშირად ვიკრიბებოდით, ვუკრავდით კომპოზიციებს, მერე ღია კინოში გადავინაცვლებდით და გოგონებს ვეპრანჭებოდით" - კვირის პალიტრა

"მამუკა მეგობრობის საოცარი მაგალითი იყო, საიმედო საყრდენი. ხშირად ვიკრიბებოდით, ვუკრავდით კომპოზიციებს, მერე ღია კინოში გადავინაცვლებდით და გოგონებს ვეპრანჭებოდით"

"იმ პერიოდში, როცა ჩემი წარმატების ხანა დაიწყო, მამამ მითხრა: ემოციებს არ აჰყვე, ჩვენ ისეთი ერი ვართ, ხალხი ცაში მაღლა, ძალიან მაღლა აგიყვანს და მერე ხელს გაგიშვებსო. - ეს რა შემთხვევაში ხდება-მეთქი? - თუ დაიჯერებ იმას, რასაც გეუბნებიანო. ეს სიტყვები სულ მახსენდება", - მითხრა მამუკა ჩარკვიანმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და დასძინა, რომ ამ დარიგებამ ის თავშეკავებული გახადა.

წლების წინ, ახლობლებისგან საყვედურებს ბოჰემური ცხოვრების გამო იღებდა, ქეიფი და დროსტარება განუსაზღვრელი დროით უყვარდა, ასე სხვებიც იქცეოდნენ, მაგრამ მისი სჩანდა.

შეკითხვაზე - რას შეცვლიდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? მიპასუხა: "ისეთი არაფერი გამიკეთებია, მწარე სინანული რომ მქონდეს, ყოველი შემთხვევისთვის, სხვისთვის არაფერი დამიშავებია, მხოლოდ საკუთარ თავს ვვნებდი. ჩემთვის მიუღებელია ბოროტება, გამიზნული, დაგეგმილი ბოროტება. ბოროტი ადამიანების სამიზნე არაერთხელ ვყოფილვარ, ათასგვარ ჭორს მიგონებდნენ. როგორ ვრეაგირებდი? ასეთი ამბები აუცილებლად უნდა გაატარო, თორემ გაგიჟდები".

"მშვიდობით, არა ნახვამდის" გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. როგორც თავად ამბობდა, მუსიკას ყოველთვის დიდი ტკივილის ან სიხარულის განცდა აწერინებდა. მისი საყოველთაო აღიარების საიდუმლოც ალბათ ამაშია. ის ამ ემოციით იყო ყოველთვის მსენელზე უდიდესი შთაბეჭდილების მომხდენი.

24 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. 21 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დათო ევგენიძე, მუსიკოსი:

- მე და მამუკა ერთმანეთს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობდით. ის ყველა ასაკში თავისებურად საინტერესო და გამორჩეული იყო. მამუკას ნიჭი ანათებდა. ხელში გიტარას რომ აიღებდა და იმღერებდა, ეგრევე გატყვევებდა. მამუკას გამორჩეული ხელწერა ჰქონდა, მისი შემოქმედება არ ჰგავს არავის და არაფერს, თვითმყოფადია. თითქმის ყველა მისი სიმღერა ბატონი ჯანსუღის ლექსებზეა დაწერილი. მამუკამ თავისი შემოქედებით საქართველოს დიდი განძი დაუტოვა.

cokb6bkh-1755776309.jpg

მართალია, ვიცოდი რომ შეუძლოდ იყო, დიდი ხანი ავადმყოფობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ამ დროს ჩემთან გიორგი გურგულია იყო მოსული, ორივეს შოკი გვქონდა. მამუკას ჯანმრთელობის პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ მისი ავადმყოფობა თითქოს არ იყო გარდაცვალებასთან კავშირში, მამუკას წასვლა ჩემთვის ყოვოველთვის იქნებოდა მოულოდნელი.

- როგორი მეგობარი იყო, რა პიროვნული თვისებებით გამორჩეული?

- ფანტასტიური იუმორი ჰქონდა. რაღაც ისეთს იტყოდა, გარშემო ყველანი სიცილით ვკვდებოდით და თავად სერიოზული სახით იჯდა. იცით როგორი ხუმრობა იცოდა? რამეს რომ იტყოდა, ოდნავ დრო გჭირდებოდა, იმის მისახვედრად, რომ იხუმრა. ენამოსწრებული იყო, ჟარგონზე რომ გითხრათ, მეგობრებიში ღადაობა ხომ სულაა, მამუკა ამას ისე განსხვავებულად აკეთებდა, არც მანამდე და არც მის შემდეგ, მსგავსი იუმორი აღარ მომისმენია და მინახავს.

ჩვენს ახალგაზრდობაში წყნეთში სახელმწიფოს დაჩები იყო. იქ ერთ შენობაში სალონივით გარემო იყო, ფორტეპიანო იდგა სადაც ხშირად ვიკრიბებოდით, ვუკრავდით კომპოზიციებს, მერე ღია კინოში გადავინაცვლებდით და გოგონებს ვეპრანჭებოდით.

- მსმენია, თქვენი თაობის გოგონებში, ძალიან პოპულარული იყო.

- ასე იყო, გოგონები მამუკაზე გიჟდებოდნენ. მართლა დღესასწაული იყო ჩვენი შეკრებები, მე, მამუკა, ირაკლი ჩარკვიანი ბევრი თბილისელი გოგო, გიტარა, ფორტეპიანო... მამუკა რომ სიმღერას დაიწყებდა, ვინ არ მოიხიბლებოდა.

- ერთხელ ინტერვიუში სცენაზე პირველი გამოსვლის ემოციას იხსენებდა. ვკითხე, შემდეგში მსგავსი აღმაფრენა როდის გქონდათ-მეთქი? გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც თქვენთან და ზურაბ ყიფშიძესთან ერთად ფილარმონიის სცენაზე იდგა. თქვენ ეს დღე როგორ გახსოვთ?

- ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნის დღე იყო. მაშინ მამუკას სიარული უკვე უჭირდა, ხელჯოხს იყენებდა. ფილარმონიის სცენაზე მე და ზურაბ ყიფშიძემ გამოვიყვანეთ, ხალხის ოვაცია მართლაც დაუვიწყარი იყო, სცენიდან აღარ გვიშვებდნენ. იქვე ექსპრომტათ მამუკას კომპოზიცია მივუძღვენი.

- ის საგულდაგულოდ ინახავდა, თქვენს მიერ მიძღვნილ ლექსსაც. ხელნაწერის ფოტოც მაქვს გადაღებული, ინტერვიუს დავურთავ.

- მართლა? ეს მამუკას სიმღერების მიხედვითაა, აღარ მახსოვდა, მადლობა თქვენ. მამუკას მოსანახულებლად ხშირად მივდიოდი, როგორც კი დროს გამოვნახავდი, ცოტა ხნით მაინც შევურბენდი. ჩვენი პირადი ურთიერთობის გარდა, მასთან ჩემი ტკივილიც მაკავშირებდა. მამუკას და, თაკო და ჩემი გარდაცვლილი და კლასელები იყვნენ. იმ რთულ დღეებში გამორჩეულად მახსოვს მამუკას მხარში დგომა, ეს კაცი მეგობრობის საოცარი მაგალითი გახლდათ, ყავარჯენივით ადამიანი იყო, მისი სახით საიმედო საყრდენი გყავდა. მამუკას გვერდით ყოფნა დღესასწაული იყო. იმდენად გამიჭირდა, იმდენად მოულოდნელი იყო მამუკას ამბავი, ჩემს იმ წუთიერ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ზუსტად ვერც აგიხსნით.

- ის საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, ეტლით რომ უწევდა გადაადგილება, ვერ ეგუებოდა.

- ძალიან ნერვიულობდა, ჩემს დაბადების დღეზე რომ დავპატიჟე, ვუთხარი, ამის გამო ნუ ნერვიულობ, ის ადამიანი ხარ, რომელმაც კი არ უნდა იაროს, ისრიალოს-მეთქი. განიცდიდა, მეგობრები მაქსიმალურად ვცდილობდით, მისთვის ეს დისკომფორტი გაგვენელებინა. ეს თავისი ცუდად ყოფნაც თავისებურად ღირსეულად "ატარა", როცა შეეძლო, სულ მღეროდა.

- ბოლო დიალოგი როგორ გახსოვთ?

- მასთან შინ მივედი, მისი თვალები სხვა დროსთან შედარებით, ბევრად სევდიანი მეჩვენა, ცრემლიც ჩადგომოდა. რადგან თავად სულ შინ იყო, ახლობლების მისვლა განსაკუთრებით ახარებდა. მამუკას დიდი სიყვარული ჰქონდა დათესილი, სიყვარული არ მოკლებია ჩვენგან და მისი ხსოვნაც სულ იქნება ამ ქვეყანაში.

უცნაური რამ მოხდა, მამუკას ერთი ნაწარმოები მივუძრვენი , რომელიც "აკუსტიკამ" გადაიღო. მე და მესაყვირე ლევან კემულარია ვასრულებთ ამ კომპოზიციას. ზუსტად იმ დღეს, როცა მამუკა გარდაიცვალა, სოციალური ქსელში "მემორიმ" ეს კომპოზიცია შემახსენა. რა უცნაური დამთხვევაა, არა?

მამუკა არ მომკვდარა, სხვა სამყაროში გადაინაცვლა და დატოვა თავისი განძი საქართველოსთვის.

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)