სკანდალური სტატია ზელენსკის ხელისუფლებაზე - Berliner Zeitung: "უკრაინის მთავრობა მედიას ზღუდავს, არღვევს ადამიანის უფლებებს, ოპოზიციონერებს დევნის..."
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) სათაურით - „კიეველი პოლიტიკოსი გვაფრთხილებს: „უკრაინის მთავრობა მასმედიის თავისუფლებას ზღუდავს, არღვევს ადამიანის უფლებებს, ოპოზიციონერებს დევნის...“, გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ანონიმ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, რომელსაც ჟურნალისტები მორიცა აიჰორნი და სოფი-მარი შულცი ესაუბრებიან.
„სანამ ევროპა უკრაინასთან სოლიდარობის საკითხზე მსჯელობს, მანამ ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტები ყურადღების მიღმა რჩება... გარეგნულად უკრაინა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ისე მოჩანს, რომ ქვეყანა ერთ მუშტადაა შეკრული, მტრის წინააღმდეგ და გამარჯვების რწმენა არ დაუკარგავს. და არც არასოდეს დაკარგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შთაბეჭდილება მაცდურია“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში, - „კულისების მიღმა ვერ ვხედავთ, თუ როგორი კორუფციაა გამეფებული ქვეყანაში და როგორ ებრძვიან მას უკრაინის მასმედია, პოლიტიკოსები, სამხედროები და სამოქალაქო საზოგადოება, თუ როგორი პოლიტიკური დაძაბულობაა ქვეყანაში...“.
უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს ოპოზიციას და როგორ იდევნება სხვაგვარად აზროვნება ხელისუფლების მხრიდან. მისი თქმით, ობიექტურად გასაგებია, რომ საომარი მდგომარეობის გამო, ქვეყანაში დემოკრატიის გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგრამ ხელისუფლება სიტუაციით ბოროტად სარგებლობს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თქვენ საუბრობთ პოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობაზე. როგორ ფიქრობთ, შეინიშნება თუ არა უკრაინაში განხეთქილება?
- ომის დაწყებიდან 6-9 თვის განმავლობაში უკრაინელი საზოგადოება იშვიათი და ძლიერი ერთიანობით გამოირჩეოდა. მთავრობა და ოპოზიცია ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტად გაერთიანდნენ. ასეთმა ერთიანობამ შესაძლებლობა მოგვცა, რუსეთის ჯარები კიევის მისადგომებიდან უკუგვეგდო, მოგვიანებით კი ხერსონი და ხარკოვი გაგვეთავისუფლებინა. კარგად მახსოვს, როცა 2022 წლის 24 თებერვალს ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქმედ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა - „დღეიდან მე შენი მოწინააღმდეგე აღარ ვარ, ჩვენი საერთო მტერი პუტინია“. ასეთი ეროვნული სულის, ეროვნული სოლიდარობის სულის გამოვლენა ჩვენი გადარჩენისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა. ეს იყო მკაფიო სიგნალის გაგზავნა უკრაინელებისადმი და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი: პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ჩვენ მაინც ერთად ვართ, როცა სასწორზე ქვეყნის ბედია დადებული.
დღეს ჩვენ უნდა აღვადგინოთ იმდროინდელი ერთიანობა და განვამტკიცოთ. ამის გარეშე უკრაინის პოზიცია საერთაშორისო მოლაპარაკების დროს სუსტი იქნება. ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინი შეეცდება, ჩვენი უთანხმოებით ისარგებლოს.
- და რა მოხდა თქვენი აზრით, ომის დაწყებიდან 5-9 თვის შემდეგ?
- უკრაინაში ისევ დაიწყო პოლიტიკური ბრძოლა - ხელისუფლების მხრიდან: ზემოდან მითითებით სამართალდამცველებმა დაიწყეს ოპოზიციურად განწყობილი მერების დევნა, ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების შეზღუდვა... ეს იყო სახიფათო შეცდომა. ჩვენთვის - ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, შიდაკონფლიქტები ზიანის მომტანია, რითაც რუსეთი სარგებლობს. მხოლოდ ერთიანობა და დემოკრატია გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან.
- თქვენი აზრით, დემოკრატია უკრაინაში საფრთხის ქვეშაა? ანუ საზოგადოებაში კონფლიქტი მწიფდება?
- სამწუხაროდ, ასეა. ომის მდგომარეობის დროს დაშვებულია სამხედრო ცენზურა, მაგრამ არა - პოლიტიკური. დღეს ოპოზიციის მოქმედება ძალზე შეზღუდულია. დეპუტატებს არ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა, საპარლამენტო კავშირების ჩარჩოებში, დიპლომატიის გატარების თვალსაზრისით. ოპოზიციის ლიდერი საზღვარგარეთ არ გაუშვეს, მაშინაც კი, როცა იგი ევროპაში და აშშ-ში ოფიციალურად იყო მიწვეული. ოპოზიციურ მასმედიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელისუფლება სასამართლოს გარეშე ზღუდავს. ირღვევა საკონსტიტუციო პრინციპები, ზარალდება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ მსოფლიოს დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებას ვაჩვენებთ, ვერც პუტინი და ვერც ევროპელი სკეპტიკოსები ეჭვს ვერ შეიტანენ უკრაინის მზადყოფნაში ინტეგრაციისაკენ.
- არის თუ არა ისევ კორუფცია უკრაინისათვის სერიოზული პრობლემა?
- კორუფცია ერთ-ერთ ისეთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უკრაინელებს აღელვებთ. ომის დაწყებას კორუფციაზე გავლენა არ მოუხდენია - ის როგორც იყო, ისე დარჩა, პირიქით, გაღრმავდა და გაფართოვდა კიდეც. ზოგიერთი ხარბი და უსინდისო ადამიანი აგრძელებს კანონებში დატოვებული ხვრელებით სარგებლობას და ქონებას იხვეჭს.
ასეთი ამორალური მოვლენები ხელს უშლის საზოგადოების ერთიანობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინელები თვითონ იკლებენ და ფრონტს სწირავენ. უკრაინელები კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან და ითხოვენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები გაატაროს, რეფორმები განახორციელოს. კორუფცია მხოლოდ მორალის საკითხი არ არის, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხსაც წარმოადგენს. ყოველი ევრო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის მოპარული, ჩვენს თავდაცვას და ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.
- ვის ადანაშაულებთ კორუფციის აყვავებაში?
- სამხედრო მდგომარეობის გამო, როცა ხელისუფლებას ფართო უფლებამოსილება აქვს, პრაქტიკულად, აღარ არსებობს ეფექტიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტები და კონტროლის მექანიზმები „მეორე პლანზეა" გადაწეული. ეფექტიანი ზედამხედველობის გარეშე ხელისუფლების ორგანოები, ფაქტობრივად, უკონტროლოდ მოქმედებენ. ვფიქრობ, ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის ხელისუფლებაზე ამ მიმართულებით ზეწოლა უნდა მოახდინონ. და თუ ასე არ მოხდება, მოსახლეობის რწმენა კიდევ უფრო შეირყევა. ჩვენ შეიძლება ბრძოლაში გავიმარჯვოთ, მაგრამ მშვიდობას დავკარგავთ.
- რას ნიშნავს „მშვიდობის დაკარგვა“?
- როცა ვლადიმერ პუტინს ვებრძვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკრაინაში ყველაფერი უნდა მოვითმინოთ, მათ შორის - ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმი, რაც დღესაც გვიქმნის და სამომავლოდაც შეგვიქმნის პრობლემებს. თუ კორუფცია არ აღმოიფხვრება, საზოგადოებაში ყოველთვის დაძაბულობა იქნება - ხელისუფლებასა და რიგით მოქალაქეებს შორის.
- დღეს უფრო მეტად ჩანს უკრაინელთა ეროვნული იდენტობა თუ რუსეთთან ომის დაწყებამდე უფრო მეტად იყო?
- რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევისა და საშინაო პრობლემების მიუხედავად, უკრაინა დღეს მაინც ძლიერია და მინდა, მჯეროდეს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩვენი ეროვნული სიმტკიცისა და მდგრადობის საფუძველია არმია, ენა და სარწმუნეობა. ჩვენ ერთდროულად ორ სამყაროში ცხოვრება ვისწავლეთ - ღამით, რაკეტებისა და დრონების ქვეშ და დღისით - როცა სამსახურებში ვართ, როცა საოჯახო საქმეებით ვართ დაკავებულნი. ამ ორმაგმა რეალობამ ჩვენში განსაკუთრებული ამტანობა გამოიწვია. ჩვენი ძალა იზომება არა მარტო იარაღით, არამედ - ჩვენი ხალხის ურყევი ნებით და სულისკვეთებით. სწორედ ეს გვიწყობს ხელს, რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ და ევროპაში ღირსეულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი.
- რას ნიშნავს თქვენთვის გამარჯვება?
- ჩემთვის გამარჯვება უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ნიშნავს, ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, ჩვენი ეროვნული იდენტობის - არმიის, ენისა და სარწმუნეობის შენარჩუნებას. ეს არ არის აბსტრაქტული ფასეულობები. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის და წინააღმდეგობის საფუძველი. ვლადიმერ პუტინის მიზნები მხოლოდ ყირიმით და დონბასით არ შემოიფარგლება. მისი მიზანია მთელი უკრაინა, ჩვენი სუვერენიტეტის მოსპობა და ქვეყნის დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში. ამიტომაც ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი მსჯელობას არ ექვემდებარება, ჩვენი ქვეყანა არ იყიდება. ტერიტორიებს ადრე თუ გვიან დავიბრუნებთ, მაგრამ გამარჯვების არსი შემდეგშია: უკრაინა უნდა დარჩეს დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ და სამომავლოდ თავისუფალი არჩევნის მქონე ქვეყნად. ეს იქნება გამარჯვება როგორც ჩემთვის, ასევე - უკრაინელი ხალხისთვის.
მოამზადა სიმონ კილაძემ