ვინ მოკლა ქართველი პატრიოტი და ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი?! - სტალინის პირადი კილერები - კვირის პალიტრა

ვინ მოკლა ქართველი პატრიოტი და ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი?! - სტალინის პირადი კილერები

ზუსტად 90 წელი გავიდა დიდი ქართველი პატრიოტის, ბიზნესმენისა და მეცენატის, გიორგი მაჩაბლის გარდაცვალებიდან. მისი უეცარი სიკვდილის მიზეზ-გარემეობები დღესაც მრავალ კითხვას აჩენს. დღეს ვისაუბროთ იმ ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა, ყველაზე ახლოს იყოს სიმართლესთან. შეეძლო თუ არა საბჭოთა სპეცსამსახურებს (პირველ რიგში, საგარეო დაზვერვას, რადგან საბჭოთა სამხედრო დაზვერვის პოტენციალი 1930-იან წლებში ბევრად ჩამოუვარდებოდა „ინოს“ შესაძლებლობებს) პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით დაეგეგმათ და განეხორციელებინათ გიორგი მაჩაბლის ლიკვიდაცია, თანაც ისე, რომ მაქსიმალურად ბუნებრივს მსგავსებოდა? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა განვიხილოთ იმ პერიოდში საბჭოთა საგარეო დაზვერვის ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული რესურსები.

ზოგადად, დაზვერვის ხალხს (ქვეყნისა და ეროვნების მიუხედავად) მეთევზე-მონადირეებივით უყვართ ტრაბახი და ბაქიბუქი. ხშირად გვალვის დროს მოსულ წვიმასაც თვითონ იბრალებენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე.

საბჭოთა სპეცსამსახურების მოქმედებები, განსაკუთრებით კი - საზღვარგარეთ ჩატარებული ლიკვიდაციის ოპერაციები, მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო და, როგორც წესი, წერილობითი ბრძანების გარეშე, სიტყვიერი დავალებით ხორციელდებოდა. ამას ადასტურებს საბჭოთა ჩეკისტების (სუდოპლატოვი, ორლოვი, აღაბეკოვი, კალუგინი, გორდიევსკი და სხვ.) მოგონებები. არ ჩამოვთვლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ ასეულობით (თუ მეტი არა) ოპერაციასა და ასობით ლიკვიდირებულის გვარს, რომლებიც 1918-1991 წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მსხვერპლნი გახდნენ.

1934 წლის 10 ივლისს, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, შეიქმნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (ნკვდ), რომლის სტრუქტურაშიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო (სუმს), რომელსაც საგარეო დაზვერვა მე-5 განყოფილების დასახელებით დაექვემდებარა. თავად ამ განყოფილებაში ორი განყოფილება (ფანტაზია არ ეყოთ, რომ ამ დანაყოფისთვის სხვა დასახელება მიეცათ?) და ორი დამოუკიდებელი ქვეგანყოფილება შედიოდა.

მე-5 განყოფილების პირველი განყოფილება ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის რეზიდენტურებს და შედგებოდა ცხრა გეოგრაფიული ქვეგანყოფილებისგან, რომლებიც ცალკეულ ქვეყნებში სადაზვერვო ოპერაციებს ახორციელებდნენ. მე-5 განყოფილების მეორე განყოფილება საგარეო კონტრდაზვერვის საკითხებზე იყო ორიენტირებული. იგი შედგებოდა ექვსი ფუნქციონალური ქვეგანყოფილებისგან, რომლებიც სსრკ-ის ტერიტორიაზე უცხოური სპეცსამსახურებისა და ემიგრანტული ორგანიზაციების ჯაშუშური საქმიანობის წინააღმდეგ ოპერაციებს ახორციელებდნენ.

picture6-1755845310.jpg

გიორგი მაჩაბელი და მისი მეუღლე ნორინა ჯილი. 1929 წელი.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა საგარეო დაზვერვა დაარსების პირველივე დღიდან სადაზვერვო ოპერაციების ჩატარებისთვის, ძირითადად, ორი სახის “საფარ” ორგანიზაციებს იყენებდა:

1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს (საელჩოები და საკონსულოები);

2. სავაჭრო, სატრანსპორტო, საფინანსო-სადაზღვევო და ტურისტულ დაწესებულებებს (მაგ. “ამტორგს”, “არკოსს”,“ცეკავშირს“, “ინტურისტს” და სხვ.)

“ამტორგი” იყო საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოქმედებდა იმ წლებში, როდესაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობდა. “ამტორგისთვის” სავაჭრო ფუნქციები მეორეხარისხოვანი ამოცანა იყო. ის უპირველესად აშშ-ის, კანადის და მექსიკის ტერიტორიაზე სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ 1933 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, “ამტორგს” საქმიანობა არ შეუწყვეტია და, საბჭოთა საელჩოსთან პარალელურად, მხოლოდ არალეგალური დაზვერვის პოზიციებიდან, ახორციელებდა სპეცოპერაციებს. “ამტორგი” ფაქტობრივად საბჭოთა დაზვერვის (პოლიტიკური და სამხედრო) რეზიდენტურა იყო აშშ-ში.

ასევე დაგაინტერესებთ: ლავრენტი ბერია 1937 წელს დახვრეტას გადაურჩა?! - სტალინის კარის თამაშები ანუ ვინ აგროვებდა კომპრომატებს ლავრენტი პავლოვიჩზე?

"ბერია არ გვაპატიებს, რომ ბუდუ მდივანი მოსკოვში და არა თბილისში „გავტეხეთ" - სასიკვდილოდ განწირული ეჟოვის წერილი სტალინს: "სისხლიანი ლილიპუტის" აღსასრული

სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ

ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები

დიდ ბრიტანეთში სადაზვერვო ოპერაციების საფარ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სააქციო სავაჭრო საზოგადოება "არკოსი" წარმოადგენდა, რომელიც 1920 წელს შეიქმნა. "არკოსი" სადაზვერვო ოპერაციების ჩატარების გარდა, ფარულად აფინანსებდა ინგლისის კომუნისტურ პარტიას და სხვადასხვა დარგის მუშაკთა პროფკავშირებს. დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვა რამდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა "არკოსის" საქმიანობას, თუმცა მხოლოდ 1927 წლის 12 მაისს მოახერხა მისი ლიკვიდაცია.

ამის შემდეგ, 27 მაისს, დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან. "არკოსს" ფილიალები ჰქონდა მრავალი ქვეყნის დედაქალაქში, მათ შორის - პარიზსა და ბერლინში. იქ თავშეფარებული „ჩეკისტები" ემიგრაციის დაშლა-დაქუცმაცების ოპერაციებსაც გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. გარდა ამისა, იმ პერიოდში ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში საბჭოთა საგარეო დაზვერვის 20 დამოუკიდებელი არალეგალური რეზიდენტურა მოქმედებდა, სადაც 200-ზე მეტი „ბოევიკი“ ირიცხებოდა. ეს სპეციალური ჯგუფები განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ რეჟიმში მოქმედებდნენ და უშუალოდ ოგეპეუ-ნკვდ-ს ხელმძღვანელს ექვემდებარეობდნენ. მათ „იაშას ჯგუფსაც“ ეძახდნენ, რადგანაც მათი მეთაური, იმ პერიოდში მთავარი საბჭოთა დივერსანტი-კილერი, იაკობ სერებრიანსკი („იაშა“) იყო.

1925-1938 წლებში „იაშას“ მთავარი სამიზნე ბოლშევიკებს გარიდებული ემიგრანტები იყვნენ, ხოლო მთავარი ამოცანა შემდეგი იყო: ემიგრანტებში აგენტების გადაბირება, მათი საიდუმლო კორესპონდენციის, პარტიული და პირადი არქივების ხელში ჩაგდება, პოლიტიკური მკვლელობების მომზადება და ჩატარება და სხვ. „იაშას ჯგუფი“ აქტიურად მოქმედებდა საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, აშშ-ში, ესპანეთში და ა.შ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ქართველი ემიგრანტი გახდა „იაშას ჯგუფის“ მსხვერპლი.

picture5-1755845310.jpg

პოლკოვნიკი იაკობ სერებრიანსკი (1892-1956)

ეს ჯალათიც ვერ გაექცა ბედისწერას და სხვა საბჭოთა ჯალათების მსხვერპლი გახდა: „ბერიას კაცად“ შერაცხული, უკვე 1953 წლის 8 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბრალი არა ჩადენილი მკვლელობებისა და დივერსიებისთვის წაუყენეს, არამედ - გაასამართლეს, როგორც ინგლის-საფრანგეთ-ამერიკის აგენტი და 25 წელი მიუსაჯეს. „იაშა“ 1956 წლის 30 მარტს ციხეში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი ხელს აძლევდა საბჭოთა რეჟიმის ხელმძღვანელებს (ხრუშჩოვს, მალენკოვს, მიქოიანს, მოლოტოვს და ა.შ.), რადგანაც „იაშა“ (პ. სუდოპლატოვთან ერთად) იყო 1920-1940-იან წლებში „საბჭოთა ბელადების“ დანაშაულებრივი დავალებების შემსრულებელი და ამ „ბოლშევიკ-კომუნისტების“ ბევრი ცოდვა იცოდა. ბევრის ცოდნა კი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

თუმცა საბჭოთა „ბოროტების იმპერია“ თავისიანებს ბოლომდე მაინც არ წირავდა და 1971 წლის მაისში საერთაშორისო ტერორისტის, იაკობ სერებრიანსკის რეაბილიტაცია მოხდა. 1989 წლის ნოემბერში, გორბაჩოვის დროს, იგი კომუნისტურ პარტიაში აღადგინეს (სიკვდილის შემდეგ !), ხოლო 1996 წლის აპრილში, „ბოროტების იმპერიის“ საქმეების გამგრძელებლის, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში, „იაშას“ (სიკვდილის შემდეგ !) დაუბრუნდა დაპატიმრების დროს ჩამორთმეული ჯილდოები. არ გაინტერესებთ, რა „დამსახურებისთვის“ იღებდა ტერორისტი „იაშა“ ორდენებს? მხოლოდ ერთ მაგალითს გაგაცნობთ.

1929 წლის ზაფხულში ოგეპეუს ხელმძღვანელმა ვ. მენჟინსკიმ ცენტრალურ კომიტეტს მიმართა წინადადებით, პარიზიდან გაეტაცებინათ და საბჭოთა კავშირში გადაეყვანათ ემიგრაციაში რუსული სამხედრო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენერალი ა. კუტეპოვი. სტალინმა ეს აზრი მოიწონა. 1930 წლის დასაწყისში ი. სერებრიანსკი პარიზში გაემგზავრა ამ ოპერაციის დასაგეგმად. 26 იანვარს გენერალი კუტეპოვი, რომელიც ეკლესიაში მიიჩქაროდა, ორმა პოლიციელმა (რეალურად კი, „იაშას ჯგუფის“ ფრანგმა წევრებმა, რომლებიც პოლიციელის ფორმაში იყვნენ გადაცმულები) კუტეპოვი შეაჩერა და დოკუმენტები მოსთხოვა, შემდეგ კი რაღაცის დასაზუსტებლად ავტომობილით მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტა. რუსი გენერალი მხოლოდ ავტომობილში მიხვდა, რომ „ჩეკას“ მახეში გაება, თუმცა უკვე გვიან იყო: მას ინიექცია გაუკეთეს და მოკლეს (სხვა ვერსიით - დანით მოკლეს). ამ მკვლელობისთვის „იაშა“ 1930 წლის 6 მარტს „წითელი დროშის ორდენით“ დააჯილოდოვეს. ეჭვი არაა, რომ ანალოგიური სპეცოპერაციებისთვის მიიღო 1932 და 1936 (მაშინ მას საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო - „ლენინის ორდენი“ გადასცეს) წლებშიც ორდენები სერებრიანსკიმ. იმ პერიოდში ის და მისი ჯგუფი აშშ-ში მოქმედებდნენ. საინტერესოა, ვისი ლიკვიდაციისთვის მისცეს ეს ჯილდოები?

დღეს პუტინის რუსეთში „იაშა“ უკვე კერპად ჰყავთ ქცეული და მის „გმირობებზე“ წიგნებს წერენ (პარადოქსია, თუმცა ერთ-ერთი „შესანიშნავი ადამიანების ცხოვრების“ სერიითაც კი დაიბეჭდა!).

დავუბრუნდეთ „ინოს“ ოპერაციებს აშშ-ში. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1930-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში მოქმედებდნენ საბჭოთა ჯაშუშები: პ. გუტცაიტი (1901-1939), როგორც „საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი, დიპლომატი“; ბ. ბაზაროვი (1893-1939);

page444-1755845310.jpg

პეტრე გუტცაიტი; ბორის ბაზაროვი

ი. ახმეროვი (1901-1976) - ისინი ნიუ-იორკის არალეგალურ რეზიდენტურას ხელმძღვანელობდნენ. საბჭოთა საგარეო დაზვერვის მთავარი სამიზნე ემიგრანტები იყვნენ. მათ წინააღმდეგ სპეცოპერაციების დაგეგვა-ჩატარებაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანდრეი ფედოროვი (1888-1937), რომელიც ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა რევოლუციურ აქციებში და აქტიური ესერი იყო. 1919 წელს დენიკინის არმიის კონტრდაზვერვამ ფედოროვი დააპატიმრა და საველე სასამართლომ, როგორც ბოლშევიკს, დახვრეტა მიუსაჯა. თუმცა მალევე აპატიეს და ერთ-ერთ საჯარისო ნაწილში ჩარიცხეს. 1920 წლის იანვარში ფედოროვი ტიფლისში გამოიქცა და ბოლშევიკების მე-10 არმიის განსაკუთრებული განყოფილების ფარული თანამშრომელი გახდა.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ფედოროვი ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ქვეგანყოფილების უფროსია (იმ პერიოდში ის მუშაობდა ტიფლისში, ქუთაისში და ბათუმში). 1922 წელს ფედოროვი მოსკოვში გადაიყვანეს, "ვეჩეკას" ცენტრალურ აპარატში და მალევე კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსად დანიშნეს. ამ პერიოდში ის აქტიურად მონაწილეობდა ცნობილი ოპერაცია "სინდიკატ-2"-ის დაგეგმვასა და განხორციელებაში. რის შედეგადაც შეიქმნა ლეგენდარული " იატაქვეშა და ანტიბოლშევიკური" ორგანიზაცია "ლიბერალ დემოკრატები", რომელსაც ვითომდა ფედოროვი ხელმძღვანელობდა.

picture2-1755845310.jpg

იცჰაკ ახმეროვი

ამ ოპერაციის შედეგად საბჭოთა კავშირში შემოიტყუეს და შემდეგ დახვრიტეს ცნობილი ანტიკომუნისტი ბორის სავინკოვი და ბრიტანელი მზვერავი სიდნეი რეილი.

1930 წლის იანვარში ფედოროვი საგარეო დაზვერვის მეხუთე ქვეგანყოფილების ("თეთრი ემიგრაცია") უფროსად დანიშნეს, სადაც 1933 წლამდე მუშაობდა. ამ პოსტზე ყოფნისას მისი მთავარი ამოცანა ემიგრანტების ლიკვიდაცია და ემიგრანტული ორგანიზაციების, მათ შორის - ქართულის, დაშლა იყო. 1933-1937 წლებში ფედოროვი ლენინგრადის ოლქის საგარეო დაზვერვის განყოფილების უფროსად მუშაობდა. 1937 წელს ფედოროვი დახვრიტეს.

picture1-1755845310.png

ანდრეი ფედოროვი

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების (მოტაცება/ლიკვიდაცია) ჩატარებაში საბჭოთა დაზვერვას აქტიურად ეხმარებოდნენ "კომუნისტური ინტერნაციონალის" (კომინტერნის) წევრები: სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის - ამერიკელი კომუნისტები.

ასე რომ, 1930-იან წლებში საბჭოთა საგარეო დაზვერვას ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში შექმნილი ჰქონდა „ობობას ქსელი“, რომელიც აერთიანებდა: 1. საბჭოთა საელჩოებში შეფარებულ ლეგალურ რეზიდენტურას; 2. ამ ქვეყნებში მოქმედ არალეგალურ რეზიდენტურას და 3. კომინტერნს. სრულიად დასაშვებია, რომ სწორედ ამ „ობობას ქსელში“ გააბეს გიორგი მაჩაბელი.

სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში იხსენებს, რომ გ. მაჩაბელი მუდმივად გრძნობდა „ჩეკისგან“ (იმ წლებში ქართველი ემიგრანტები რატომღაც ამგვარად მოიხსენიებდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებს: ოგეპეუს, ნკვდეს, მგბს) მოსალოდნელ საფრთხეს და სპირიდონ კედიასთან ამ საკითხზე რამდენჯერმე ჰქონიათ საუბარი. საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გიორგი მაჩაბლის შესაძლო ლიკვიდაციის მოტივი, თითქოსდა, ეჭვს არ იწვევს: ის ფინანსურადაც ეხმარებოდა პატრიოტ ქართველ ემიგრანტებს და თავადაც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. გ. მაჩაბელი 1931 წელს აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ, ხოლო 1933-1935 წლებში საფრანგეთში ქართველ თავად-აზნაურთა კავშირის თავმჯდომარეც იყო. ბუნებრივია, მომავალში ბიზნესში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ის გაზრდიდა ქართული ემიგრაციის ანტისაბჭოთა ბრძოლის დაფინანსებას. ამიტომ საჭირო იყო მისი ლიკვიდაცია. თუმცა არსებობს მეორე მოტივიც, რომლის შესახებ აქამდე არსად არ ყოფილა საუბარი.

(მეთოთმეტე ნაწილის დასასრული)