გადამწყვეტი შეტევა ღაზის სექტორზე - საიდუმლო მოლაპარაკებები: რომელი ქვეყანა მიიღებს 2 მილიონ პალესტინელს 30 მილიარდ დოლარად?!
ისრაელის გადამწყვეტი შეტევა ღაზაზე - ლიბია 30 მლრდ-ის „გალხობის“ სანაცვლოდ მზად იქნება, მიიღოს ორი მილიონი პალესტინელი დევნილი?
ისრაელის მთავრობამ დაიწყო „ცახალის“ სამხედრო გეგმის განხორციელება ღაზის სექტორში, ქალაქ ღაზის სრული კონტროლის ქვეშ აღების და იქ „ჰამასის“ ჯგუფების განადგურების შესახებ, რასაც წინ უძღვის ქალაქ ღაზიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ჩრდილოეთის მიმართულებით, სპეციალური დერეფნების გავლით.
ამჟამად ისრაელს საუკეთესო დრო უდგას, რომ ძალის გამოყენებით საბოლოოდ გადაწყვიტოს ათწლეულების უდიდესი პრობლემა, დაკავშირებული ღაზის სექტორთან, რისი საუკეთესო საბაბიც აქვს - 2023 წლის 7 ოქტომბერს სწორედ ამ ღაზის სექტორიდან „ჰამასის“ ტერორისტების ისრაელის კიბუცებზე თავდასხმისა და იქ ჩადენილი საშინელი ხოცვა-ჟლეტის გამო, ასევე, იმ მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან „ჰამასის“ ტყვეობაში - ღაზის სექტორში გათხრილ გვირაბებში გადამალულები.
მართალია, 7 ოქტომბრის ტრაგედიისთვის ისრაელმა „ჰამასს“ უძლიერესი შურისძიებით უპასუხა, რაც ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტების დაუნდობელ დაბომბვებში გამოიხატა (რასაც, თავის მხრივ, ათი ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა-დაჭრა მოჰყვა), მაგრამ თელ-ავივს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა სურს, რომ ღაზაში საბოლოოდ გაანადგუროს „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფება.
მაგრამ სანამ ღაზის სექტორში პალესტინელები ცხოვრობენ, ეს თეორიულადაც კი შეუძლებლად მოჩანს, რადგან ადგილობრივ პალესტინელ ბიჭუნებს „ჰამასი“ ბავშვობიდანვე წვრთნის მომავალ მებრძოლებად და თავის რიგების შესავსებად, რასაც აძლიერებს პალესტინელების ისტორიული მტრული დამოკიდებულება ისრაელელების მიმართ...
ასევე დაგაინტერესებთ: "ერდოღანის ცრემლიანი სიტყვები ბათუმსა და ახალციხეზე მხოლოდ ემოციური ჟესტი არ არის" - მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება:"საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ისრაელის ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ"
აღარ იცხოვრებენ პალესტინელები ღაზის სექტორში, აღარ იქნება თავად ღაზაც და, შესაბამისად, ისრაელს მოეხსნება ეს უდიდესი თავისტკივილი - ასე ფიქრობენ თელ-ავივში და ნეთანიაჰუს მთავრობაც, თურმე, ინტენსიურად აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს მსოფლიოს რიგ მუსლიმურ ქვეყნებთან, რომ ისინი დათანხმდნენ ღაზის სექტორიდან გასახლებული ორ მილიონამდე პალესტინელის მიღებას...
ამის შესაძლებლობაზე პირველად ღიად აშშ-ის ახლად არჩეული 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მაშინ ჯერ კიდევ მისი დიდი თაყვანისცემელი და თანამოაზრე ილონ მასკი ალაპარაკდნენ, როდესაც გააჟღერეს იდეა, რომ ღაზის სექტორიდან გასახლებული თითოეული პალესტინელი მდიდრულ კომპენსაციას მიიღებდა სხვა ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრების ისე გასაგრძელებლად, რომ აღარც „ჰამასის“ მოთხოვნების შესრულება დასჭირდებოდათ და აღარც ისრაელის მუდმივი დაბომბვების შიში ექნებოდათ...
ბოლო დროს გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისრაელის დიპლომატები თითქოს საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ორად გაყოფილი ლიბიის ორივე ლიდერთან - დასავლეთის მიერ აღიარებულ იბრაჰიმ დბეიბისა და რუსეთთან დაახლოებული მარშალ ჰალიფა ჰაფთარის რეჟიმთანაც.
არაოფიციალური ინფორმაციების თანახმად, დბეიბის მთავრობას ჰპირდებიან,რომ ღაზის სექტორიდან დევნილი პალესტინელების მიღების სანაცვლოდ, აშშ მოხსნის ყადაღას იმ 30 მლრდ დოლარს, რომელიც ლიბიის კუთვნილებაა, მაგრამ კადაფის მმართველობის პერიოდიდან „გაყინული “ ჰქონდა ამერიკის ხელისუფლებას. მარშალ ჰათარის მოთაფლვა კი ნავთობრესურსებზე წვდომის დაპირებით სურთ.
მართალია, ლიბიის ორივე, ერთმანეთთან დაპირისპირებული რეჟიმი უარყოფს ისრაელთან და აშშ-სთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ღაზელი პალესტინელების მათ ქვეყანაში გადასახლების შესაძლებლობაზე, მაგრამ, როგორც იტყვიან, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს, რომ ისრაელი დიპლომატები სხვა მუსლიმურ ქვეყნებშიც, მათ შორის - მალაიზიაშიც კი არკვევენ, ისინიც ხომ არ მიიღებდნენ პალესტინელ დევნილებს ღაზის სექტორიდან, რა თქმა უნდა, სერიოზული ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ...
სანამ აშშ-ის სათავეში ტრამპი იქნება, ნეთანიაჰუ ყველა ხერხს გამოიყენებს, რომ უმნიშვნელოვანესი რეალობით ბოლომდე ისარგებლოს, რადგან ევროპელი უმეტესი პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით (რომლებიც ღიად გმობენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის გამუდმებით დაბომბვებს), ტრამპი ბოლომდე რჩება ნეთანიაჰუს მოქმედებების მხარდამჭერი, რაც ისრაელ-ირანის ბოლო 12-დღიანმა საჰაერო ომმაც კარგად აჩვენა, როდესაც ტრამპმა ისრაელის მხარდასაჭერად ირანის ბირთვული ობიექტები თავის „უჩინმაჩინ“ სტრატეგიულ ბომბდამშენებს დააბომბინა...