ამ ოჯახს სიკვდილი ემუქრება… - კვირის პალიტრა

ამ ოჯახს სიკვდილი ემუქრება…

ტაბატაძეების ოჯახში სიცივემ ორი ბავშვი იმსხვერპლა

ღატაკ ბებია-შვილიშვილს ნათელა და მარიამ ტაბატაძეებს ოზურგეთში წავაწყდი. მათი სახლი პირუტყვის სადგომს უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს... სამოცდაათ წელს მიღწეულ ქალბატონ ნათელას მარიამის გარდა, კიდევ სამი სული ჰყავს სარჩენი: ორი ზრდასრული ვაჟი -მარიამის მამა და ბიძა და ასაკოვანი მეუღლე. ამათგან მარიამის მამას ეპილეფსია სჭირს, ხოლო ბიძა ფსიქიკურად არის ავად. ამ უკანასკნელს ქალბატონი ნათელა ორჯერ ჰყავს დანით დაჭრილი იმის გამო რომ სიგარეტი ვერ მიუტანა.

"მთელი სამყარო ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს!" -თუ არ ვცდები, ტოლსტოის სიტყვებია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის გენიალური მწერალი იყო, ამით ორიგინალური არაფერი უთქვამს. მან უბრალოდ კარგად გადმოსცა გენიალური აზრი, რითაც ყოველი ცივილიზებული ადამიანია შეპყრობილი. სრულფასოვან ქვეყანაში კი ყოვლად წარმოუდგენელია, პრიორიტეტი არ ენიჭებოდეს ყოველივე იმას, რაც ბავშვებს ეხება. და რადგან ამას ჩვენშიც თავგამოდებით ირწმუნებიან (მეტადრე, ხელისუფლება), ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა მოგახსენოთ... ქუჩებში  სულ უფრო და უფრო მატულობს მათხოვარი ბავშვები, რაც,  სამწუხაროდ, მომავლის იმედს ნამდვილად არ გვიტოვებს. ვიღაც მავანმა გადაწყვიტა, ღატაკ ქვეყანაში ბავშვთა სახლები გაეუქმებინა და მიუსაფარი ბავშვები საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისთვის ან შვილობილობის ინსტიტუტისთვის გადაელოცა (ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ბავშვებს ოჯახებში აშვილობილებს).

შედეგი კი სახეზე გვაქვს -გაუქმებული ბავშვთა სახლებიდან გამოყრილი ბავშვებით სავსე ქუჩები. გარდა ამისა, უამრავ გაჭირვებულ ოჯახსაც საბოლოოდ ამოეწურა იმედი, რომ მათ შვილს სახელმწიფო შეინახავს. წარმოუდგენელია, ამდენი ღატაკი ბავშვი მცირე  ტიპის საოჯახო სახლებმა დაიტიოს. ასე რომ, რამდენი მშიერი ბავშვია ამ ოჯახებში არავის აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, არც უახლოეს მომავალში აპირებს ვინმე დათვლას -სახელმწიფოს უკვე აღარ აქვს მათთვის თავშესაფარი. ამიტომაც მომრავლდნენ პატარა მათხოვრები - ზოგს მშობლები ამათხოვრებენ, მიღებულ „შემოსავალს“ კი თავადაც ჭამენ და ბავშვებსაც აჭმევენ; ზოგი კი შვილს სამათხოვროდ ვერ იმეტებს, ანუ ურჩევნია აშიმშილოს.   ასეთ შემთხვევებს, საუბედუროდ, ბევრგან წააწყდები, უფრო მეტად რეგიონებში, სადაც დედაქალაქში შემოსულ უცხოელ ქველმოქმედებს ან უბრალოდ შეძლებულ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ.

მე ღატაკ ბებია-შვილიშვილს ნათელა და მარიამ ტაბატაძეებს ოზურგეთში წავაწყდი. მათი სახლი პირუტყვის სადგომს უფრო ჰგავს ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს. მათთან რომ მივედი, წვიმდა და ბებია და შვილიშვილი გარეთ ვერ გამოდიოდა, პირდაპირ სახლის საძირკველზე ჩამოსხდნენ. ტაბატაძეების ამბავი ოზურგეთში ყველამ იცის და სწორედ ხალხის მცირეოდენი დახმარებით უდგათ სული. სამოცდაათ წელს მიღწეულ ქალბატონ ნათელას მარიამის გარდა, კიდევ სამი სული ჰყავს სარჩენი: ორი ზრდასრული ვაჟი -მარიამის მამა და ბიძა და ასაკოვანი მეუღლე. ამათგან მარიამის მამას ეპილეფსია სჭირს, ხოლო ბიძა ფსიქიკურად არის ავად. ამ უკანასკნელს ქალბატონი ნათელა ორჯერ ჰყავს დანით დაჭრილი იმის გამო რომ სიგარეტი ვერ მიუტანა. ქალბატონ ნათელას ხშირად წინასწარ გამოაქვს ხოლმე ოჯახის სოციალური დახმარებისა და პენსიის თანხა (რაზეც პროცენტები იქვითება) წამლებისა და პურის საყიდლად. ამის შემდეგ კი ქმარშვილიან-შვილიშვილიანად მშიერი რჩება. ასე რომ, შიმშილით სიკვდილისგან ამ ხუთ სულს ჯერჯერობით ხალხი იფარავს ზოგს პური მოაქვს, ზოგს კერძი, ზოგს შეშა ზამთრისთვის, ზოგს კი მუყაო ღუმელის დასანთებად, რაც საუბედუროდ, ბევრს ვერაფერს ათბობს. ორი წლის წინ სწორედ სიცივემ იმსხვერპლა ოჯახის მეექვსე წევრი, წლისა და სამი თვის გიორგი.

-ბავშვი იმიტომ მოკვდა, რომ შეშა ვერავინ მოგვაწოდა და ვერც გასათბობად წავედით სადმე. ან კი ვის მივდგომოდით ამდენი სული. მანამდე კი ამავე მიზეზით ჩემი პირველი შვილიშვილი, ორი თვის ბავშვიც საწოლში დაგვხვდა მკვდარი! -მეუბნება ქალბატონი ნათელა და გარდაცვლილი შვილიშვილის გახსენებაზე თვალზე ცრემლი ადგება.

-კი მაგრამ, ბავშვების დედა სადღაა-მეთქი, -ვეკითხები მას. თავს აქნევს და მპასუხობს -როცა ჩემი რძალი მოვიყვანეთ, თექვსმეტი წლის იყო. მეორე შვილი რომ  მოუკვდა, ორმოცი დღე მოითმინა, მერე კი სახლიდან წავიდა. ახლა ქუჩა-ქუჩა დაეხეტება, კარგ გზას არ ადგასო.

ჩვენს ლაპარაკს ექვსი წლის მარიამი ისმენს და თვალები ემღვრევა. ამიტომ ლაპარაკს სასწრაფოდ ვწყვეტ. მარიამი ძალიან ლამაზი გოგოა, ბებიას გარდა პატრონი არავინ ჰყავს და ალბათ არც ეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ მარიამის გზა უკვე გამრუდებულია. ბებიას უნდა, წელს ისეთ სკოლაში მიიყვანოს, სადაც გახანგრძლივებული სწავლება იქნება -აჭმევენ და ამეცადინებენ. მაგრამ ქალბატონ ნათელას ამაზე რაიონის სკოლებში უარი უთხრეს, -კლასები შევსებულია და ვეღარ მივიღებთო. უარი ტექნიკური, მაგრამ ლოგიკური იყო, -გახანგრძლივებული სწავლება ხომ ფული ღირს, რაც ქალბატონ ნათელას არ აქვს. ამის გამო, ალბათ, არც პატარა მარიამ ტაბატაძეს აქვს მომავალი, -მერე რა, რომ ძალიან ლამაზი გოგოა, ეს კიდევ უარესი, -როგორც წესი, სილამაზეს უშნო ყოფა უფრო მეტად ებრძვის. ხოლო როდემდე იცხოვრებენ ამ უშნო ყოფაში ჩვენი ბავშვები, არავინ იცის!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტითვის)