შსს-მ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები გაავრცელა - კვირის პალიტრა

შსს-მ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გადაღებული კადრები გაავრცელა .

მასალაში ჩანს ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპული შეიარაღებული პირები. კადრებში ასახულია ასევე ის შეიარაღება, რომლითაც მოკლულები საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობდნენ.

შსს-მ დამატებით იმ მესაზღვრის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ლაფანყურში გატაცებულ ხუთ ახალგაზრდას მძევლად თავად ჩაენაცვლა.

როგორც მესაზღვრე გავრცელებულ მასალაში ჰყვება, მესაზღვრეები ლოპოტას ხეობაში ხუთ ახალგაზრდას ეძებდნენ, როდესაც შეიარაღებული დაჯგუფების ჩასაფრებაში მოჰყვნენ.

"დაახლოებით ათმა შეიარაღებულმა პირმა ჩვენს მანქანას ალყა შემოარტყა. ძალით გადმოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ ჩვენ მძევლებად აყვანილები ვიყავით. ამის შემდეგ გამოჩნდა ამ შეიარაღებული დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი ხუთ დაკარგულთან ერთად. მე ვუთხარი მათ, რომ ისინი მათთვის მძიმე ტვირთი იქნებოდნენ. რადგან მე აქ ვიყავი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი და ამ სექტორის უფროსი, მე უფრო ღირებული ვიქნებოდი მათთვის და გაეთავისუფლებინათ მძევლობიდან ჩემი თანამშრომლები და ეს ხუთი მოქალაქე და გაათავისუფლეს ისინი მძევლობიდან", _ აცხადებს მესაზღვრე.

მისივე თქმით, მისთვის უცნობი იყო, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ შეიარაღებულებს. როგორც მესაზღვრე აღნიშნავს, მათ ჰქონდათ მძიმე შეიარაღება, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. "ჩვენ ჩავედით დაბლა, ხეობაში, სადაც მოვიდა შსს-ს წარმომადგენელი. მათი საუბრის მერე მითხრეს, რომ მე მათთვის აღარ ვიყავი საჭირო პიროვნება და გამომიშვეს", - ჰყვება მესაზღვრე.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები

- პირველი კადრები ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილიდან

- "მოხდა გატაცება, ან გატაცების ინსცენირება" - რას ყვება ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლის მამა