პუტინის „კაცი“ პენტაგონში ანუ მორიგი „გაუგებრობა“ ტრამპისგან...
დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და პუტინი მას აუცილებლად „მიულოცავს“ „დაუპატიჟებლად“ გაგზავნილი ასობით კამიკაძე-დრონითა და ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, თუმცა ვალში არც უკრაინელები რჩებიან, დილაუთენია თავისი კამიკაძე-დრონებით აღვიძებენ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გარეუბნებს-ლენინგრადის ოლქის სტრატეგიული მნიშვნელობის უსტ-ლუგას საზღვაო პორტში უკვე ააგიზგიზეს ნავთობტერმინალი...
ის, რომ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს საზღვრიდან 900-იოდე კმ-ით დაშორებულ რუსეთის სანკტ-პეტერბურგამდე მიღწევაც შეუძლიათ, კრემლს დიდ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ეს პრობლემები პუტინის რუსეთისთვის ბევრად კიდევ გაიზრდებოდა, რომ ამერიკელებს ისევ არ დაებლოკათ კიევისთვის, მათ მიერვე მიწოდებული ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენება...
თითქოს ეს ყველაფერი უკვე გვინახავს, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთწლიანი ყოყმანის შემდეგ უკრაინას ბოლოს და ბოლოს გადასცა 300 კმ-მდე მფრენი ATACMS -ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები, მაგრამ თან დააწია აკრძალვა,მათი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე...
ბაიდენის ადმინისტრაციის ამ ამ აკრძალვით მაშინ რუსეთმა ძალზე იხეირა, რადგან უკრაინის საზღვრიდან 300 კმ-ში მდებარე სამხედრო აეროდრომებიდან მოასწრო ტაქტიკური ავიაციის გაყვანა უფრო მოშორებით და როდესაც 2024 წლის ბოლოსკენ, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ ბაიდენმა უკრაინელებს მოუხსნა ეს აკრძალვა, რუსული მოიერიშე და გამანადგურებელი თვითმფრინავები უკვე იმ აეროდრომებზე იყვნენ გადაბაზირებულნი, რომლებსაც ამერიკული ATACMS -ები ვეღარ სწვდებოდნენ...
სწორედ ეს ფაქტიც გახდა კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ბაიდენის პრეზიდენტობა კვლავ გააკრიტიკა-“შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. სპორტში კარგი გუნდის მაგვარია, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის თამაშის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასთან და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა. კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან?“-განაცხადა აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა და ამით თითქოს ერთგვარი სტიმული მისცა უკრაინულ მხარეს-თუ რუსეთი გბომბავთ,თქვენც უნდა უპასუხოთ მისი ტერიტორიის დაბომბვით,სხვანაირად ამ ომს ვერ მოიგებთო...
თუმცა, უკვე მერამდენედ გამოჩნდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის „უნიკალური“ თვისება შეეწინააღმდეგოს თავისივე სიტყვებს ანუ ამბობდეს ერთს, მაგრამ აკეთებდეს საწინააღმდეგოს!
ავტორიტეტული გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ თურმე ბაიდენის მიერ გაუქმებული აკრძალვა ამერიკული აერობალისტიკური რაკეტების ATACMS -ების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების თაობაზე...ტრამპის ადმინისტრაციას ისევ ჩუმად დაუბრუნებია და პენტაგონი მერამდენე თვეა უკრაინელებს უფლებას არ აძლევს ეს მძლავრი რაკეტები 300 კმ-იან რადიუსში მდებარე რუსეთის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენონ...
საქმე ის არის, რომ მართალია უკრაინას შეიარაღებაში უკვე გააჩნია 1 800 კმ-მდე მფრენი კამიკაძე-დრონებიც, რომლებიც საკმაო სიზუსტით ხვდებიან მიზანს, მაგრამ მათ მხოლოდ 50-იოდე კგ მასის საბრძოლო ქობინის გადატანა თუ შეუძლიათ, რომლის დეტონირება ძლიერ ნგრევას ვერ იწვევს, მაშინ, როდესაც აერობალისტიკური ATACMS -ის საბრძოლო ქობინის მასა 200 კგ-ს აღემატება. ამასთან შიდაწვისძრავიანი ხრახნიანი უკრაინული კამიკაძე-დრონის, რომელიც 150 კმ/სთ სიჩქარით რამდენიმე საათი მიფრინავს მიზნამდე, ჩამოგდება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე წამში ერთი კმ-ის გადამლახავი აერობალისტიკურ რაკეტის.
შესაბამისად, ATACMS -ების გამოყენება გარკვეულ უპირატესობას მისცემდა უკრაინულ მხარეს(გარკვეულს იმიტომ, რომ ამერიკელებმა მათთვის ამ რაკეტების ძალზე შეზღუდული რაოდენობა გაიმეტეს), მაგრამ როგორც ირკვევა ტრამპის ადმინისტრაციამ ისევ დაუბლოკა კიევს მათი გამოყენება...რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების არ ჩაშლის მოტივით, თუმცა ამავე განვლილი თვეების განმავლობაში რუსული აერობალისტიკური „ისკანდერებისა“ და „კინჟალების“ ყოველღამისეული თავდასხმები არ მოჰკლებიათ უკრაინის ქალაქებს...
უკრაინელ სამხედროებს პენტაგონის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ არამარტო ამერიკული ATACMS -ების,არამედ ბრიტანული და ფრანგული ფრთოსანი Storm Shadow -სა და SCALP-ების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაშვება,რადგან სამიზნეების ზუსტი კოორდინატები მათ ამერიკულმა მხარემ უნდა გადასცეს, რაც თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეტის პრეროგატივაა, რომელსაც მოადგილედ უზის...პუტინის „კაცი“ !
სხვანაირად ალბათ ვერც დაუძახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ელბრიჯ კოლბის, რომელიც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე იყო,ხოლო ახლა დააწინაურეს მინისტრის მოადგილემდე და რომელიც ჩაციკლულია...ამერიკისთვის ჩინეთის ნომერ პირველ საფრთხედ გამოცხადებაზე, რუსეთის ნაცვლად...
სწორედ კოლბი გახლდათ იმის ინიციატორიც, როდესაც ორიოდე თვის წინ პენტაგონმა მოულოდნელად დაბლოკა უკვე პოლონეთში ჩატანილი ამერიკული რაკეტებისა და ჭურვების გადაცემა უკრაინისთვის იმ მოტივით, რომ თურმე ამერიკული არმიის საწყობების მონიტორინგი უნდა განეხორციელებინათ და მის დასრულებამდე აჩერებდნენ შეიარაღების გაგზავნას უკრაინისთვის.
ამან ამერიკელი კონგრესმენების(არამარტო დემოკრატების, არამედ რესპუბლიკელებისაც) დიდი პროტესტი გამოიწვია,რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავი იმართლა-მე არაფერ შუაში ვარ,ასეთი ბრძანება არ გამიციაო...
უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევის ღია თუ ფარული მოწინააღმდეგეებს შორის გამოირჩევიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, რომელთა ფონზეც ნაკლებად მოჩანს თავდაცვის მინისტრის მოადგილის კოლბის ქმედებები, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს და დაბლოკოს უკრაინის არმიისთვის იმ აუცილებელი ჭურვებისა და რაკეტების გაგზავნა,რომელთა საშუალებითაც უკრაინა დღემდე ახერხებს აგრესორი რუსეთის შეტევების მეტ-ნაკლებად მოგერიებას და პუტინმა ამისთვის ეტყობა უნდა დააჯილდოოს „თავისი კაცი“ პენტაგონში-თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბი, რომელიც, როგორც ეტყობა კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის აშშ-უკრაინის სამხედრო თანამშრომლობას...