„ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა „არანაცურ“ ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლაა...“
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თბილისის მერმა კი, რომელიც ამ პოსტზე მესამე ვადით იყრის კენჭს, დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების პირობა დადო და თქვა, რომ "ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ "დიდუბესთან" დააკავშირებს". საპასუხოდ ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ კალაძემ მათ იდეა მოჰპარა, თუმცა, თუ რეგიონებს გადავხედავთ, მმართველი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თბილისში ტრამვაის გაცოცხლების თემა ვიღას ახსოვს. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, "ნიუ-იორკ თაიმსთან" რუსეთის ოკუპანტი არმია, რომელიც საქართველოში შემოიჭრა, დაბომბა ქალაქები და ადამიანები დახოცა, მშვიდობისმყოფელად მოიხსენია. ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ისევ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციასთან ბრძოლით არის დაკავებული და ამას რატომღაც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლად აცხადებს. ამასობაში არჩევნებში მონაწილე ოპოზიციამ კანდიდატები დაასახელა და წინასაარჩევნო შეხვედრებსაც მართავს, სადაც აქცენტი ადგილობრივ საკითხებზე კეთდება. კვირა დამთავრდა იმით, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლა. კულუარული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ოხანაშვილი სპეცსამსახურის სისტემამ არ მიიღო და მას უჭირდა ამ სტრუქტურის მართვა.ამ და სხვა საკითხებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- უბედურება ის არის, რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, მხოლოდ მისი პრობლემა არ არის და ის, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, მთელი ქვეყნის საერთო პრობლემაა. ეტყობა, ჩვენ გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს საზოგადოების რაღაც ნაწილზე, მაგრამ უკვე ისეთი რაღაცები ხდება, ცოტა ხნის წინ ამაზე სერიოზულად საუბარი ვერც წარმომედგინა.
ვერ წარმომედგინა, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, საღ ჭკუაზე მყოფი ქართველები რუსეთს ასე გულმხურვალედ დაუჭერდნენ მხარს და ინატრებდნენ ზელენსკისა და უკრაინის მარცხს. ვერ წარმომედგინა, რომ ჭკუაზე მყოფ ადამიანს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ ევროპელი ლიდერები მატარებელში კოკაინს ყნოსავენ.
თავიდან მეგონა, ეს ხალხი ხუმრობდა, მაგრამ რომ დავაკვირდი, აბსოლუტურად სერიოზულად პოსტავდა ამ აზრებს. რაღაც საწინააღმდეგო რომ დავწერე, ეს ზრდასრული, განათლებული ხალხი შემომივარდა და ლანძღვა დამიწყო. ამ ფონზე გორის საკრებულოს თავმჯდომარეზე რაღა უნდა ვთქვა. მე მხოლოდ იმას ვერ დავაბრალებ, რომ ეს პროპაგანდის ამბავია. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში ჩაბუდებული რუსეთუმეობა, საბჭოთა ჩეჩმაში ცხოვრების ნოსტალგიაც და სურვილიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გვეგონა. რა თქმა უნდა, ამას დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო იმით, რომ ყველაზე მარგინალიზებული და ფსკერზე მყოფი იდეები პროპაგანდად გადააქცია და ახლა ამას ეფუძნება. სამთავრობო მედიითაც ამ პროპაგანდის კულტივირებას ახდენს. როგორც ჩანს, ეს ძალიან უღირსი პროპაგანდა ძალიან ნაყოფიერ ნიადაგზე დაეცა. ჩვენი პრობლემა არა მხოლოდ ის 84 კაცია, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან "ქართული ოცნების" სახედ, არამედ ჩვენი პრობლემა ბევრად ღრმაა. ჩვენ, საზოგადოების ერთ ნაწილს მაინც, არა გვაქვს არც ემპათიის, არც სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ შეუძლებელია ახსნა რუსეთის მხარდაჭერა უკრაინასთან ომში. ერთია ის, როცა რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს, რომ პრაგმატული მოსაზრებებით რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, იმიტომ, რომ რუსეთი დიდია და ბირთვული იარაღი აქვს, და მეორეა რიგითი მოქალაქე, რომელიც სიხარულით ელოდებოდა იმას, რომ ზელენსკი ჩავიდოდა ვაშინგტონში და მას მიჯირყნიდნენ. უბედურება ის არის, რომ ამას ელოდებოდა არა ათობით ან ასობით, არამედ, მინიმუმ, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე. აი, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ასეთი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. არ მეგონა, თუ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა. შესაძლებელი ყოფილა, ტაშს უკრავდე ბავშვების მკვლელს, რომელიც საბავშვო ბაღებს, სკოლებს ბომბავს, გინდოდეს დამარცხდეს ის ხალხი, რომელიც საკუთარ მიწას იცავს. ეს არის ჩვენი რეალობა. ეს კაციც იმ აზრის ტრანსლირებას ახდენს, რაც მის საზოგადოებაში ტრიალებს, ამ საზოგადოების განწყობებს ეფუძნება და მეტი არაფერი.
- დღეს ოპოზიცია ხომ არ არის ისეთი ძლიერი, რომ თუნდაც ამ არჩევნებზე გადამწყვეტი პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას და რაში სჭირდებათ ამ ბეწვის ხიდზე გავლა?
- ამაზე დგანან და ამისთვის სჭირდებათ. სხვათა შორის, უკრაინაში ომი არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთს შორის ომი. პუტინი არ იბრძვის მხოლოდ კოსტანტინოვკისა და ჩასოვ-იარის დასაპყრობად. ეს მისთვის მეასეხარისხოვანია, მას აქვს ძალიან ცხადად ჩამოყალიბებული გეგმა - ის ებრძვის ევროპულ ღირებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს, იბრძვის მათ ჩასანაცვლებლად "რუსკი მირით". ჩემი აზრით, ევროპელები უკვე მიხვდნენ, რა უბედურებასთანაც აქვთ საქმე და ამიტომ შედგა ტრამპთან ასეთი უპრეცედენტო შეხვედრა, ყველა ერთად ჩავიდა და ზელენსკის გვერდით დაუდგნენ. ისინი ამით ეცადნენ და მგონი, შეძლეს კიდეც, ტრამპისთვის აეხსნათ, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიისთვის ბრძოლა.
დღეს ჩერჩილი რომ ცოცხალი იყოს, დარწმუნებული ვარ, გაიმეორებდა თავის ცნობილ სიტყვას, სადაც დასავლეთი გააფრთხილა, თუ დემოკრატია სუსტი იქნება, წითელი დიქტატურა ყველაფერს წალეკავს და საჭიროა დასავლეთის კონსოლიდირება და ერთობლივი ბრძოლა ამ დიქტატურის წინააღმდეგო.
პუტინი ებრძვის დემოკრატიას, ებრძვის ევროპას და ჩვენი ხელისუფლება ამ ბრძოლაში პუტინის მხარეს არის, რადგან მასაც არ სურს დემოკრატია. ევროპული დემოკრატია ნიშნავს არჩევნებს, ხელისუფლების ცვლილებას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ხვალ შენ შეიძლება არჩევნებით წახვიდე ხელისუფლებიდან. არადა, ესენი მანამდე ჩვეულებრივი კლერკები იყვნენ, გადაწყვეტილებების უსიტყვოდ შემსრულებლები და უეცრად ივანიშვილის ხელის ერთი მოსმით ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდნენ, სოციალურ კიბეზე ისე აინაცვლეს, რომ ვერც წარმოიდგენდნენ. ახლა შიშობენ, რომ თუ დამარცხდნენ, იქაც კი ვეღარ დაბრუნდებიან, სადაც იყვნენ.
- რითი განსხვავდება დღევანდელი წინასაარჩევნო პროცესი შარშანდლისგან? ცხადია, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკებს არ ვგულისხმობ. რაში სჭირდებათ ახლა თუნდაც ასეთი გამძაფრებული "აბა, ომი გინდათ" პოლიტიკის გაგრძელება?
- არ გამოსდით ისე, მოდი, დღეს ამ პოლიტიკას მივაწვები და ხვალ ამაზე უარს ვიტყვიო. ამიტომ ეს მუდმივი უნდა იყოს, რადგან ის 30-35%, რომელიც ანტიდასავლურადაა განწყობილი, ის უნდა იყოს დაბევებული. სხვათა შორის, იქაც არის ბზარები, იქაც არიან უკმაყოფილო ადამიანები, მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" არ არის საკმარისად მკაცრი. მხოლოდ 50 კაცი კი არ უნდა დაეჭირათ, კიდევ ერთი ასი უნდა მიეყოლებინათ. საკმარისად მკაცრად არ ექცევიან ოპოზიციას და სამსახურებიდან ცოტა ხალხი გაყარეს, მეტი იყო გასაყრელი, იმიტომ, რომ სანდო არ არიან. ეს ზუსტად ისეთი ხალხია, 1920-30-იანი წლების ისტორიებში რომ გვხვდება, მეზობელი მეზობელზე "დანოსებს" რომ წერდა. ეს ის ხალხია, მათი შვილები არიან, მათი შთამომავლები. შევარდნაძის მმართველობამ გააკეთა ერთი ძალიან ცუდი საქმე - რადგან ის თავად იყო თავის დროზე ცეკას მდივანი, მან არ დაუშვა სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდის საქართველოში. როგორც გვჩვევია, თავი იმით დავიმშვიდეთ, რომ ამ ცუდ რაღაცებს საბჭოთა სისტემა აკეთებდა და ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. არადა, ამ საბჭოთა სისტემას სწორედ ქართველები წარმოადგენდნენ საქართველოში, ისინი, ვინც ამ სიბინძურეებს აკეთებდნენ, და მათი შთამომავლები დღესაც იმავეს აკეთებენ. იმან, რომ თავის დროზე ამ ყველაფრის შეფასება არ მოხდა, აი, ახლა მოგვჭრა კბილი. დამოუკიდებლობის მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც შეგვეძლო ევროპული ინტეგრაციის თემა ქვეყანაში წარმატებით დაგვეხურა და თავი შეგვეფარებინა ევროპული ქოლგისთვის, იმ მომენტში იფეთქა სწორედ დემოკრატიის, დასავლეთის და საზოგადოდ თავისუფლების სიძულვილმა და გაიმარჯვა მენტალობამ, რომ ნაცნობი ბატონი, აგერ რომ არის, რუსი, სჯობია თავისუფლებას. სხვათა შორის, ბატონყმობა რუსეთში სისხლში აქვთ გამჯდარი. მთელ ევროპაში გადავარდნილი რომ იყო, მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთში მთელი ძალით ყვაოდა და როდესაც ლაპარაკი მიდიოდა ბატონყმობის გადაგდებაზე, არსებობს დაფიქსირებული, წერილობითი ფაქტები, რომ თავად გლეხები, ყმები გამოდიოდნენ წინააღმდეგ, ბატონის გარეშე როგორ ვიცხოვროთ, ვინ მოგვივლისო. ეს მენტალობაა მთელ რუსეთში და ამ ფსიქოლოგიითვე ცხოვრობს დღემდე ქართველი საზოგადოების ნაწილიც.
- ამ სიტუაციაში ოპოზიციის მოქმედებები რამდენად სწორია და არჩევნებში მონაწილეთა საკადრო გადაწყვეტილებებზე რას იტყვით?
- მთავარი ის არის, "ნაციონალური მოძრაობისა" და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ამოცანა არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მათი ამოცანა ახლა მათი დამარცხებაა, ვინც არჩევნებზე მიდის. მათ რატომღაც ჩათვალეს და, ჩემი აზრით, ძალიან ეშლებათ, რომ ახლა, როდესაც საზოგადოების აქტიური ნაწილი წინააღმდეგია არჩევნებში მონაწილეობის, მათ აქვთ შანსი, რომ გაანადგურონ არანაცური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, მათი აზრით, მათი კონკურენტები არიან და თუ ამათ გაანადგურებენ, აღდგება ის დიქოტომია, რაც იყო - მარტო "ქოცი" და "ნაცი", მაგრამ ვინაიდან "ქოცი" უკვე ძალიან დისკრედიტირებულია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, მხოლოდ ამ ორი ძალის დაპირისპირების შემთხვევაში ძალაუნებურად გამარჯვება მათ დარჩებათ და ისინი ერთპიროვნულად მოვლენ ხელისუფლებაში. აი, ეს შთაბეჭდილება მრჩება. ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, ახლა მიმდინარეობს "ნაცმოძრაობისა" და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ერთი ნაწილის ბრძოლა იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად პოლიტიკური არენიდან გააქრონ არანაცური ოპოზიციის პარტიები. ეს არის მათი ამოცანა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან შედეგს არ მოიტანს.
- ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეთა ის საარჩევნო კამპანია, რაც, ასე თუ ისე, დაიწყეს და საკადრო პოლიტიკა რამდენად გამართლებულია და რაც მთავარია, შედეგი ექნება?
- საკადრო პოლიტიკაზე ვერაფერს ვიტყვი. ირაკლი კუპრაძე იმ პარტიული კანდიდატებიდან, ვინც ციხის გარეთ არის და ვინც შეიძლებოდა "ლელოს" დაესახელებინა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატია. ახალგაზრდა, მებრძოლი კაცია, ქარიზმაც აქვს და ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება პროგრამას, არ ვიცი, რა პროგრამით გადიან.
მიმაჩნია, რომ თბილისში ოპოზიციის კოზირი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება.
მათი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ მინახავს, არ ვიცი, რა პროგრამული დაპირებები აქვთ და რას შესთავაზებენ საზოგადოებას. ვფიქრობ, შეცდომა არ უნდა დაუშვან და აქცენტი არ უნდა გააკეთონ მხოლოდ დღეს აქტიურ პოლიტიკურ თემებზე. დიდწილად საუბარი უნდა იყოს თბილისის პრობლემებზე. ასევე, ყველგან, სადაც იქნება ოპოზიციის კანდიდატი, ყველგან უნდა იყოს მუნიციპალურ პრობლემებზე საუბარი.
- იმედია, ვცდები, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციამ გამარჯვებაზე ხელი ჩაიქნია და ახლა ადგილის დამკვიდრების თუ თავის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მიდის...
- ვერ დაგეთანხმებით. აგვისტო საერთოდ ძალიან ცუდი პერიოდია თბილისში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, სექტემბერში გამოჩნდება ყველაფერი.
- რა იქნება ყველაზე კარგი, რა უნდა გააკეთონ დარჩენილ ერთ თვეში გამარჯვების მოსაპოვებლად? ცხადია, ვგულისხმობ მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს.
- თბილისში ეს უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება, ძალიან კარგად შესწავლა იმ პრობლემების, რაც ქალაქის თითოეულ რაიონშია. ოპოზიცია ამ ბრძოლაში ძალიან კარგად აღჭურვილი უნდა ჩაებას. თბილისის მერიას ძალიან ბევრი სისუსტე და შეცდომა აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. ახლა ამ სისუსტეებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ამ შეცდომებისა და სისუსტეების საფუძვლიანი გაანალიზებისა და გამოყენების დრო. პოლიტიკური თემები არსად არ გაიქცევა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას სთავაზობს ოპოზიცია, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც სწორედ თვითმმართველობას ეხება.
- ახლახან გახდა ცნობილი, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას კი მამუკა მდინარაძე წარადგინეს. ეს ფაქტი ხომ არ მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებაში" პრობლემებია?
- დიახ, ოხანაშვილის მოხსნა და მდინარაძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს, რომ "ოცნებაში" შიდა არეულობაა. როცა ქვეყნის მთავარ სპეცსამსახურს, რეალურად კი პოლიტიკურ პოლიციას, რომელიც საზოგადოების დასამორჩილებლად ხელისუფლების ლამის მთავარი დასაყრდენია, 5 თვეში მესამე უფროსს უნიშნავ, ეს ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლებას რაღაცის ეშინია, რაღაცას უფრთხის.
რუსა მაჩაიძე