„პროტესტს აქვს თავისი მომენტუმი - ასეთი მომენტუმი იქნება...“
"როცა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ტარდება და დემოკრატიული ინსტიტუტები გაუქმებულია, მშვიდობიანი, მაგრამ მკვეთრი ცვლილებები ბუნებრივ პროცესად იქცევა... ეს არც ახალია და არც გასაკვირი, 2003 წლის გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ასეთი გარდატეხა შესაძლებელიაL. თუ ივანიშვილი არ დანიშნავს სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, 2028 წლამდე მისი გაძლება საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირებასა და მოსალოდნელ არჩევნებზე საკუთარ ვერსიებს გვიზიარებს.
- საქართველო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ხელისუფლებას არ გააჩნია არც საშინაო და არც საგარეო ლეგიტიმაცია. ჩვენ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომლის მთავარი ამოცანაც ევროპული ინტეგრაციის შეჩერებაა. 26 ოქტომბერს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უკვე მომხდარია - ხელისუფლება მიიტაცა კონკრეტულმა კრიმინალურმა ჯგუფმა. ეს უფრო მკაფიოდ დადასტურდა 28 ნოემბერს, როდესაც ითქვა, რომ ევროკავშირის გზაზე სვლა შეჩერებულია. დღეს პოლიტპატიმრები ციხეში არიან, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და რეალური საფრთხეა, რომ უვიზო მიმოსვლაც შეიზღუდოს. არჩევნების ინსტიტუტი გაუქმებულია. ძალიან მძიმე ვითარებაა, თუმცა გამოსავლის მოძებნა და კვანძის გახსნა მაინც შესაძლებელია.
- რას მიიჩნევთ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლის რეალურ შესაძლებლობად, როგორ აპირებთ კვანძის გახსნას?
- გამოსავალი ორი კომპონენტისგან შედგება - საგარეო და საშინაო.
საგარეო მიმართულებით აუცილებელია "მეგობარი აქტის" მიღება და დე ფაქტო ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესება, მათ შორის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ. საშინაო მიმართულებით კი ველოდები ძალიან ცხელ სექტემბერ-ოქტომბერს: მასშტაბურ აქციებს, საერთაშორისო ყურადღებას და იმ პროცესებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს მძიმე დარტყმას მიაყენებს, მით უფრო, რომ რეგიონში ახალი რეალობა ყალიბდება, ტრამპის შუამავლობით გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და ზანგეზურის კორიდორის საკითხი. ასეთ კონტექსტში საქართველო დიდ შესაძლებლობას იღებს, რომ პოლიტიკური კრიზისის კვანძი გახსნას.
- ოპოზიციასაც სერიოზული გამოწვევები აქვს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის მიუხედავად, ვერ ახერხებთ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას.
- ვფიქრობ, ეს პრობლემა წარსულში უფრო მწვავედ იდგა, თუმცა დღეს ვითარება იცვლება. ამის ნათელი მაგალითია 26 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის შემდეგ მასშტაბური აქციები, სადაც ასიათასობით კაცი გამოვიდა ევროპული ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური მუხტი რეალურად არსებობს. ადრე ხალხი უფრო მეტ ეფექტურობას მოითხოვდა ოპოზიციისგან, განსაკუთრებით ხმების დაცვაში. ოპოზიციამ ამ გზაზე ბევრი შეცდომა დაუშვა: მანდატებზე უარის თქმა, საგამოძიებო კომისიებზე მისვლაზე უარის თქმა, პოლიტიკურ ლიდერებს შორის უთანხმოება, მაგრამ დღეს აქციებზე აშკარად იგრძნობა შეცვლილი განწყობა. მოქალაქეებს შეეცვალათ დამოკიდებულება და ოპოზიცია სულ უფრო სახალხო ძალად ყალიბდება. ეს დინამიკა სექტემბერ-ოქტომბერში უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდება.
- რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ ერთიანი სტრატეგიის შემუშავება ისე, რომ ან ყველა ბოიკოტის რეჟიმში ყოფილიყო, ან ყველას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა?
- ეს მართლაც არის ჩვენი პრობლემა, საზოგადოება დღესაც ითხოვს ერთიანობას, მაგრამ ის მხოლოდ კონკრეტულ საფუძვლებზე უნდა დამყარდეს და არა ივანიშვილის თამაშის წესებით. ჩვენი ამომრჩევლის 70% მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია. ჩემი აზრით, პოლიტიკოსი საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს უნდა მოემსახუროს.
ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა და ივანიშვილის თამაშში შესვლა, მძიმე შეცდომას უშვებს. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მავნე სპეცოპერაციაში ჩართულობა. ამან ოპოზიციაში გაუგებრობები გამოიწვია.
- ამას მძიმე შეცდომად მიიჩნევთ, თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებასთან გარიგდნენ?
- მოვერიდები კონსპირაციულ თეორიებს, მით უმეტეს, "ლელოს" ლიდერები ციხეში სხედან, მაგრამ ფაქტია, არჩევნებში მონაწილეობა მათი ინტერესის საგანია. ისინი ცდილობენ მეორე ადგილისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსის მიღებას. ვერ ხვდებიან იმ კონტექსტს, რაც ქვეყანაში არსებობს. ამ ბრძოლაში ჩართვა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ამომრჩევლის თვალშიც ეს უფრო მეორე ადგილისთვის ბრძოლას ჰგავს, ვიდრე ცვლილებისთვის.
- თქვენ გახარიას გუნდი ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეთ...
- საქმე ეხებოდა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს, სამარცხვინო ადამიანს, რუსს - დავით რაზმაძეს, რომელმაც ქართველ სამხედროებს "მაროდიორები" და "ხულიგნები" უწოდა. ნორმალურ სახელმწიფოში ეს სახელმწიფო ღალატად ჩაითვლებოდა და ავტორს შესაბამისი სასჯელი მიეკუთვნებოდა. ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ხარ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობ, მინიმუმი, რაც უნდა გააკეთო, არის რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. მით უმეტს, რომ გახარიას პარტიას გორის საკრებულოში თავისი წევრები ჰყავს...
- გახარიას პარტია მის იმპიჩმენტს მხარს ხომ უჭერს?
- ეს მას შემდეგ, რაც საზოგადოების რისხვა დაატყდათ თავს. მანამდე რა გააკეთეს? ჯერ "ნიუ-იორკ თაიმსი" დაადანაშაულეს, თითქოს რაზმაძეს მიზანმიმართულად უწყობდნენ საბოტაჟს, შემდეგ საერთოდ გაქრნენ ჰორიზონტიდან, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ, დრო გაჰყავდათ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო დოკუმენტაცია დროულად არ შესულიყო კანცელარიაში. როდესაც, როგორც იქნა, დავუკავშირდით მათ წარმომადგენელს, გამოგვიცხადა, ზღვაზე ვარ და საკითხის გადაწყვეტას რამდენიმე დღე დასჭირდებაო. აი, ამიტომ დაატყდათ ხალხის სამართლიანი რისხვა... ბოლოს იძულებული გახდნენ, იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას დათანხმებოდნენ.
- არ გგონიათ, თუ ოპოზიცია ერთობლივად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გამარჯვების შანსი გაეზრდება?
- არა, იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსი უფრო გაუარესებულია. ამ პირობებში არჩევნების შედეგების გაყალბების დამტკიცება ბევრად რთული იქნება, ვიდრე, მაგალითად, 26 ოქტომბერს. შესაბამისად,
როცა შენი ამომრჩეველი გეუბნება, რომ არ უნდა ჩაერთო რუსულ სპეცოპერაციაში, არ უნდა მისცე ივანიშვილს ლეგიტიმაციის თამაშის საშუალება, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ უნდა წავიდეს თავისი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ. ჩვენ 26 ოქტომბერს მათემატიკურად გავიმარჯვეთ, მაგრამ შედეგები სხვანაირად აისახა შემაჯამებელ ოქმებში. შესაბამისად, მორიგ ჯერზე საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას არ უნდა ვეცადოთ. ამ სისტემაში ხმების დაცვაც შეუძლებელია და გარანტიების მიცემაც.
- ეს ხალხის გაბრაზების და ქუჩაში გამოსვლის კიდევ ერთი მიზეზი გახდებოდა.
- ერთიანი ბოიკოტი ბევრად გააძლიერებდა ბრძოლას, ვიდრე არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობა. ჩემი აზრით, "ლელო" და გახარია ჩვენ გვერდით რომ დამდგარიყვნენ, ხელისუფლების ჩამოშლა კიდევ უფრო გარდაუვალი იქნებოდა.
- თქვენი ელექტორატი არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატს არ დაუჭერს მხარს?
- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ელექტორატი 4 ოქტომბერს ქუჩაში იქნება.
- როგორია თქვენი გეგმა არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში?
- განგრძობადი პროტესტი და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის არაღიარება. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს არ დანიშნავს.
- კი მაგრამ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი?
- სანამ ივანიშვილი იძულებული არ გახდება დანიშნოს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც კობახიძე ვერ გაუწევს ადმინისტრირებას.
- "ოცნება" ფიქრობს, რომ თქვენი პროტესტი, ადრე თუ გვიან, მიილევა...
- მხოლოდ ივანიშვილი არ ფიქრობს ასე... სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისიდან გამოცოცხლებული პროტესტი ზოგისთვის უსიამოვნო, ზოგისთვის კი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
- იმისთვის, რომ პროტესტი მასშტაბური გახდეს, აუცილებელია კონკრეტული მიზნები, ხალხი ამბობს, რომ აქციებზე დადის, მაგრამ შედეგი არ ჩანს...
- პროტესტს აქვს თავისი მომენტუმი. ასეთი მომენტუმი იქნება სექტემბერი-ოქტომბერი. პროტესტმა უკვე იმუშავა - ერთი მხრივ, "ქართულ ოცნებაში" უკვე შიდა განხეთქილებაა, სანქცირებული პირები ხელისუფლებას ჩამოშორებული არიან, საერთაშორისო ლეგიტიმაციაც პრაქტიკულად აღარ არსებობს, პრეზიდენტი ისეთ მდგომარეობაშია, მათხოვრობაზეა გადასული, ოღონდ მაღიარეთ და ყველას შეგიწყალებთო. ივანიშვილმა მილიონები დაკარგა, ვერტიკალშიც სერიოზული პრობლემები დაუგროვდა. ამიტომ ახლა დგება მომენტი, როცა ოპოზიციამ და საზოგადოებამ ხელისუფლებას მორიგი დარტყმა მიაყენოს და 26 ოქტომბერს დაწყებული ციკლი ამით დაასრულოს.
- ე.ი. შეიძლება ეს პროტესტი რევოლუციად გადაიქცეს?
- როცა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ტარდება და დემოკრატიული ინსტიტუტები გაუქმებულია, მშვიდობიანი, მაგრამ მკვეთრი ცვლილებები ბუნებრივ პროცესად იქცევა. ეს არც ახალია და არც გასაკვირი. 2003 წლის გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ასეთი გარდატეხა შესაძლებელია. ივანიშვილს შეუძლია დღესვე დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი პირობებითა და ნორმალური ადმინისტრაციით. თუ ამას ახლა არ გააკეთებს, 2028 წლამდე მისი გაძლება საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება. მე ვსაუბრობ მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესზე, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
- როდესაც ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციაზე ისაუბრა და ამას ბოკუჩავას განცხადება მოჰყვა, რომ რევოლუცია დაუშვებელია, საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პარტიაში უთანხმოებაა.
- რეალურად უთანხმოება არ არსებობს. თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ერთიანი პოზიცია აქვთ 4 ოქტომბრის პროცესებზე.
ხათუნა ბახტურიძე