ამერიკულ მედიაგიგანტთან მეომარი გორელი ჩინოსანი, საყვედური ოპოზიციას და უცნაური საარჩევნო კამპანია - კვირის პალიტრა

ამერიკულ მედიაგიგანტთან მეომარი გორელი ჩინოსანი, საყვედური ოპოზიციას და უცნაური საარჩევნო კამპანია

ადრეც გვითქვამს, რომ ქართულ პოლიტიკაზე კარგი ტრაგიკომიკური სერიალის გადაღება შეიძლება. ოღონდ არაფერი­ არ უნდა მოიგონო - რაც რეალურად ხდება, იმაზე უკეთესს ვერ შეთხზავ. ყველანაირი სიუჟეტი მზად არის. მაგალითად, ის, თუ როგორ ეომება გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამერიკულ გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსს". თავისთავად, უკვე დამაინტრიგებელია ის, თუ რატომ დაინტერესდა ეს მედიაგიგანტი გორის საკრებულოს ხელმძღვანელის პოზიციით...

"ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "როგორ დავიდა საქართ­ველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე". ერთ-ერთი რესპონდენტი იყო ზემოხსენებული თანამდებობის პირი დავით რაზმაძე, რომელმაც აგვისტოს ომში სააკაშვილი დაადანაშაულა. რუსებზე კი, გაზეთის მტკიცებით, ასეთი რამ თქვა: "ისინი აქ (გორში), როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, თუ დაიჯერებთ. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, ისინი კიდევ რამდენად მეტ ზიანს გამოიწვევდნენ".

მას შემდეგ, რაც ინტერვიუს ამ ეპიზოდზე აჟიოტაჟი ატყდა, რაზმაძემ სოცქსელში დაწერა: "მე ალბათ, ყველა საინფორმაციო საშუალებას გავცემ პასუხს ჟურნალი­სტის აშკარა ცილისწამებაზე, მაგრამ აქ დავაფიქსირებ, რომ ჩემი ცხოვრების მანძი­ლზე ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს ინტერვიუს, სადაც მე რუსებს არათუ დადებითად, არამედ ზიზღით არ მოვიხსენიებ! ეს ჟურნალისტი შემრჩა ხელში, "სააკაშვილის ადვოკატი"! რუსეთი არსებობის მანძილზე არის დამპყრობელი და მოძალადე! მისი მშვიდობისმყოფელობა წარმოუდგენელია! მათი ლიდერი პუტინი არის ეშმაკის მოციქული, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და არსებობა არაფერს წარმოადგენს!"

ანუ გამოდის, დავით რაზმაძე ამტკიცებს, რომ "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტმა ინტერვიუს ზემოხსენებული ეპიზოდი მოიგონა. ჟურნალისტიკაში (კეთილსინდისიერშიც და არაკეთილსინდისიერშიც) არაერთი­ მეთოდი არსებობს, რომ რესპონდენტს ხმაურიანი განცხადებები გააკეთებინო, მიიყვანო იმ აზრამდე, რომლის გაჟღერებაც გსურს, მაგრამ... ასე აიღო და ბრახ, ჰაერიდან მოიგონო ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რესპონდენტს არ უთქვამს, წარმოუდგენელია (რუსული პროპაგანდისტული ე.წ. ჟურნალისტიკის გამოკლებით). ანტიჟურნალისტიკაში არის ასეთი მეთოდიც - მაგალითად, წერ ინტერვიუს პავლესთან, რომელიც ამბობს: "პეტრემ თქვა, რომ "რუსები გორში მშვიდობისმყოფელები იყვნენ". ამას ამოგლეჯ კონტექსტიდან და სათაურად გაზეთსა თუ ონლაიმედიაში ასე გაიტან: "პავლე: რუსები გორში მშვიდობისმყოფელები იყვნენ". თუმცა ანტიჟურნალისტიკაშიც კი ხშირად ტექსტში ორიგინალური ეპიზოდია დაფიქსირებული, ანუ ის, რომ პავლე ეყრდნობა პეტრეს რუსების "მშვიდობისმყოფელობასთან" დაკავშირებით.

ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ "ნიუ-იორკ თაიმსი" ასეთი სუპერანტიჟურნალისტიკური სტანდარტებით ხელმძღვანელობდეს. მით უმეტეს, გამოცემამ გაავრცელა განცხადება, რომ ზუსტი ციტატაა რაზმაძის 90-წუთიანი ინტერვიუდან... თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ გარშემო ყველა ტყუის, გორის საკრებულოს თავმჯდომარის გარდა, მაშინ გამოდის - "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რომ კონკრეტულად­ დავით რაზმაძისთვის პროვოკაცია მოეწყო. მაშინ რაზმაძემ უნდა იამაყოს თავისი ფიგურის მნიშვნელობით. მეორეც, თუ რაზმაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკულმა გამოცემამ ასეთი სკანდალური ეპიზოდი მოუგონა, ჩაიცვას რკინის ქალამნები, უჩივლოს "ნიუ-იორკ თაიმსს" ამერიკულ სასამართლოში და პირველ რიგში, მოითხოვოს ინტერვიუს ჩანაწერი. იქაურ სასამართლოში სამართალს ნამდვილად მიაღწევს.

თქვენი მონა-მორჩილის აზრით, რეალური ვერსია ასეთია - დიდი ალბათობით, დავით რაზმაძემ თქვა ის, რაც გამოაქვეყნა "ნიუ-იორკ თაიმსმა". ამას მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი და სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარეს მაგრად მოხვდა "ქართული ოცნების" პარტიული ბოსებისგან და სწორედ მათ გასაგონად ამტკიცებს - ასეთი რამ არ მითქვამსო.

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა­ კარგად უნდა გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება დავით რაზმაძესთან დაკავშირებით. თუ რაზმაძემ მსგავსი რამ "რუს მშვიდობისმყოფელებზე" მართლა თქვა, ეს უნდა დაგმონ და ის დაუყოვნებლივ გაუშვან თანამდებობიდან, საკრებულოს თავმჯდომარეობა კი არა, სოფლის რწმუნებულის სავარძელი არ უნდა დაანახონ შორიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაზმაძის მსგავსი ჩინოსნები თავიანთი "წვეტიანი" აზრებით პირდაპირ მუშაობენ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის და ეს მმართველ გუნდს კარგს არაფერს მოუტანს.

ორიოდე სიტყვა "ნიუ-იორკ თაიმსის" სათაურზეც ვთქვათ: "როგორ დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე". თუ "დემოკრატიის ავანგარდზე" სააკაშვილის ხელისუფლების დროს საუბრობენ, მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არაობიექტურობა ან ინფორმაციის ტოტალური არქონაა.

untitled-design-2-14-1756060014.jpg

საყვედური ოპოზიციას ციხიდან

ბოლო დროს ქართველი ექსპერტების დიდი ნაწილი დაკავებულია იმით, რომ აკრიტიკებს ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რაც პოლიტიკური აქტივისტების გულისწყრომას იწვევს. ზოგიერთი უკვე იმ დონემდეა მისული, რომ თუ გააკრიტიკე, ე.ი. "ოცნების" იდეოლოგი ხარ. თუმცა თავად ოპოზიციის შიგნით პარტიები ისეთი ლექსიკით ელაპარაკებიან ერთმანეთს, რომ ექსპერტები მონაგონია. არკვევენ, ვინ არის ჭეშმარიტი ოპოზიციონერი და ვინ "ოცნების" ტროლ-ბოტი.

კარგი, თავი დავანებოთ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს. რას უპასუხებენ აქციების დროს დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს, რომელსაც "ოცნების" მომხრეობას ვერ დააბრალებ. მან ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროდ, ოპოზიცია ერთობის ეტა­ლონი არასდროს ყოფილა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა…- ვხედავთ­ ოპოზიციის შიგნითვე განსხვავებული აზრი როგორ იდევნება. ეს მეტყველებს­ იმაზე, რომ არ გაგვაჩნია პოლიტიკური კონსტრუქციულობის კულტურა (რაც ჩვენთვის პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მაგალითით უნდა ესწავლებინათ).

როგორც მოქალაქეს, მიჩნდება მნიშვნელოვანი შეკითხვა - შესწევს ძალა ოპოზიციას, რომ შექმნას სიცოცხლისუნარიანი კოალიციური მთავრობა?

ქუჩაში გამოსული, როდესაც ვითხოვდი­ მთავრობის ცვლილებას, არსებული ხელისუფლების ალტერნატივად წარმომედგინა კოალიციური მთავრობა, მწამდა, რომ არსებულ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა მთავრობა აჯობებდა და მწამდა, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაცია აიძულებდა ოპოზიციას, გაერთიანებულიყო (ამ უკანასკნელში­ კი მძიმედ შევცდი). მაშინ, როდესაც მთლი­ანი ოპოზიციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საქართველოს სუვერენიტეტს კი საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია ახერხებს, რომ მტერი საკუთარ რიგებში ეძიოს - ოთხი ოპოზიციური ცენტრი ორ ნაწილად იყოფა და ჯანსაღი დისკუსიის ნაცვლად ერთმანეთს ლანძღავს, თუმცაღა არც ერთ მათგანს სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა­ არ წარმოუდგენია. ამ ორად გაყოფილი ცენტრებიდან ერთ-ერთმა საკუთარი თავი მარტივ-მამრავლებადაც კი დაშალა, რომ უფრო მეტნი გამოჩენილიყვნენ, მაგრამ თავად ეს მარტივ-მამრავლებიც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში და კონკრეტული თარიღის თაობაზე ჩხუბობენ. ჩემთვის, როგორც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქისთვის, ეს უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ერთობის არარსებობაშიც თითოეული თქვენგანი სხვა ნებისმიერს დაადანაშაულებს, მაგრამ არა საკუთარ თავს. პასუხისმგებლობა კი ყველას ერთნაირად გეკისრებათ.

მიპასუხეთ ერთ კითხვაზე: ცალ-ცალკე "ქოცებზე" მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ.­ უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას­ ვეღარ ქმნით და მაშინ რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ?

ჩემი ციხეში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, მაგრამ რას იტყვით იმ 19-20 წლის ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ სხედან ციხეში, რომ ოპოზიციური პარტიები არ ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ. გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ბედზე?" - აღნიშნულია ცეცხლაძის წერილში.

ხელისუფლებისადმი რადიკალურად, ანტაგონისტურად განწყობილი ადამიანის გადასახედიდან აქცენტები ისე ზუსტად არის დასმული, რომ ნებისმიერ ექსპერტსა თუ ანალიტიკოსს შეშურდება. თუმცა პოლიტიკოსების მაგივრად სულ სხვა რამეს მივაქცევდი ყურადღებას - რამხელა იმედგაცრუება იგრძნობა წერილში. ეს იმედგაცრუება კი ოპოზიციას დამართებს იგივეს, რასაც რაზმაძის მსგავისი ჩინოვნიკები "ოცნებას".

untitled-design-2024-12-04t171725-1756060013.776.jpg

"ლელოსა“ და გახარიას პარტიის მძიმე შეცდომა?!

"ლელომ" და გახარიას პარტიამ საარ­ჩევნო კამპანია დაიწყეს. კერძოდ, გამომდი­ნარე იქიდან, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, საუბრობენ ინფრასტრუქტურაზე, შადრევნებზე, კარუსელებზე, სატრანსპორტო სისტემაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, საქართველოში ორდინარული სიტუაცია რომ იყოს, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თუმცა თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, პოლიტიკური სტრატეგიის კუთხით ასეთი საარჩევნი კამპანია დიდი შეცდომაა. კერძოდ, "ლელოსა" და გახარიას პარტიის წინაშე დგას ორი ამოცანა:

1) დაუპირისპირდნენ "ოცნების" უზარმაზარ რესურსებს და დაუსვან საკუთარ თავს კითხვა, მოუგებენ თუ არა კალაძეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით.

2) არჩევნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და პირველ რიგში ისინი, რომელთა სახლში დატოვებას 4 ოქტომბერს ბოიკოტისტები ცდილობენ.

შესაბამისად, ეს კამპანია რაღაც კარუსელებამდე კი არ უნდა დავიდეს, 4 ოქტომბერი პოლიტტექნოლოგიურად უნდა შეფუთონ საერთო-ეროვნულ არჩევნებად, როგორც გადამწყვეტ ეტაპად. უნდა შეიმუ­შაონ მარტივი და მწვავე, მთავარი პოლიტიკური ამოცანის შემცველი სლოგანი.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: სააკაშვილს ყოველთვის კარგი პოლიტტექნოლოგები ჰყავდა. ჰოდა, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში­ მისი მთავარი მესიჯი ამომრჩევლისადმი იყო არა ავარიული სახლები ან წყლის გრაფიკი, არამედ "საქართველო და თბილისი შევარდნაძის გარეშე".

თუმცა ვიმეორებ, ეს თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრია და ალბათ, "ლელომ" და გახარიას პარტიამ იციან, რასაც აკეთებენ. ვნახოთ, რაღა არის დარჩენილი 4 ოქტომბრამდე.

გიორგი კვიტაშვილი