პუტინი სანამ იგებს, ომს არ შეწყვეტს... ტრამპს უწევს ამაში დარწმუნება...
ჩაიარა ალასკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრამ, დამთავრდა თეთრ სახლში ტრამპთან ზელენსკისა და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მოლაპარაკებები და მსოფლიო ლოგიკურად ელოდება სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლას პუტინი-ზელენსკის პირველი პირისპირი შეხვედრის სახით, რომელიც... არ შედგება... იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ... პუტინი თავის ტოლად არ მიიჩნევს არათუ ზელენსკის, არამედ ევროპის ქვეყნების პირველ პირებსაც კი და მხოლოდ აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრებზე თუ არის თანახმა...
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს კი, ეტყობა, მოთმინება ეწურება და აცხადებს: "[ორ კვირაში], რუსეთის და სიმართლე გითხრათ, უკრაინის დამოკიდებულება მეცოდინება. შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ, თუ რას ვაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ეს ან მასშტაბური სანქციებია, ან ტარიფები, ან ორივე. ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით: "ეს თქვენი ბრძოლაა"... ვნახავ, ვისი ბრალია. თუ მიზეზები იქნება, ამას გავიგებ. ვნახავთ, [ზელენსკისა და პუტინს] შეხვედრა ექნებათ თუ არა. თუ არა, რატომ არ ჰქონდათ, ვინაიდან მათ ვუთხარი, რომ ერთმანეთს შეხვდნენ. ორ კვირაში მეცოდინება, რას გავაკეთებ".
მაგრამ პუტინისთვის მიცემული ტრამპის 60-დღიანი ულტიმატუმი, რომელიც შემდეგ ათ დღემდე შემცირდა, მერე მოულოდნელად პუტინის ალასკაზე წითელ ხალიჩაზე საზეიმო მიღებაში გადაიზარდა, უკვე ნაკლები სერიოზულობით აღიქმება და მისი გამოცხადებული მორიგი "ორი კვირა", რომელიც 6 სექტემბრისთვის ამოიწურება, დიდად არაფერს შეცვლის, რადგან რუსეთ-უკრაინის ომს ამ ეტაპზე ეტყობა შეჩერება არ უწერია.
არ უწერია იმიტომ, რომ სანამ პუტინის არმიას კვლავ აქვს საბრძოლო ინიციატივა, ყოველდღე ფრონტის ხაზზე რამდენიმე ასეული მეტრით წინ მიიწევს და უკრაინის ახალ მიწებს იპყრობს თუნდაც დიდი მსხვერპლის ფასად, პუტინი ამ ომს არ შეაჩერებს და არ არსებობს ძალა და საშუალება, რაც მას აზრს შეაცვლევინებს.
კრემლში ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომ დასავლეთი არ წავა რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაზე უკრაინის გამო, შესაბამისად, პუტინს ამისი არ ეშინია.
რაც შეეხება რუსეთისთვის ახალი მკაცრი სანქციების დაწესებას, ტრამპი მათ გამოცხადებას თვეებია სხვადასხვა მიზეზით აჯანჯლებს, არც ევროპელი ლიდერები ჩქარობენ, რადგან ამერიკა რუსეთისგან ისევ ყიდულობს ურანის საწვავს ატომური ელექტროსადგურებისთვის. ევროპაც შემოვლითი გზებით იღებს რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს, რითაც ისევ ავსებენ რუსეთის იმ ხაზინას, რომლითაც პუტინი უკრაინაში სამხედრო აგრესიას აგრძელებს.
ან კიდევ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ახალი სანქციები, როდესაც აქამდე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, უკრაინის ქალაქებში აფეთქებული რუსული კამიკაძე-დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ნამსხვრევებში ჯერ კიდევ პოულობენ ამერიკული და ევროპული ფირმების წარმოებული ხელსაწყოების ფრაგმენტებს?
ის, რომ პუტინი ტრამპს მერვე თვეა ეთამაშება "სამშვიდობო მოლაპარაკებების" თემით, თანდათან უფრო ნათელი ხდება და პირველ რიგში თავად ტრამპისთვის, თორემ პოლიტიკისა და სამხედრო ანალიტიკოსები ამაზე დიდი ხანია მიანიშნებენ.
პუტინის ულტიმატუმის შესრულება - მათ შორის ჯერ კიდევ ბოლომდე დაუპყრობელი დონბასის რუსეთისთვის "გადალოცვა", ანექსირებული ყირიმის ოფიციალურად "ჩაბარება" თუ უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება - უკრაინისთვის ნაწილობრივ კაპიტულაციას ნიშნავს და კრემლში იციან, რომ კიევი ამაზე არ წავა.
შესაბამისად, პუტინის ეშმაკური გათვლის მიზანია, ტრამპის თვალში ისე გამოაჩინოს, თითქოს რუსეთი მზად იყო ომის შესაწყვეტად, მაგრამ სწორედ უკრაინამ თქვა უარი, რითაც კრემლს სურს ტრამპს საბაბი მისცეს, რომ კიევს, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩამშლელ მხარეს, შეუწყვიტოს ამერიკული სამხედრო დახმარება.
თუმცა პუტინის გარეშეც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს არათუ ახალი სამხედრო დახმარება არ გამოუყვია უკრაინისთვის, არამედ შეკვეცა ან სულ გააუქმა ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობისას დამტკიცებული კონკრეტული სამხედრო დახმარების გაგზავნა კიევისთვის და უკრაინას მხოლოდ იმის იმედი აქვს დარჩენილი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკული შეიარაღების მსოფლიო ბაზრის ფასებით მიყიდვაზე მაინც არ ეტყვის უარს.
ცალკე დიდ პრობლემად რჩება იმ უსაფრთხოების გარანტიების დეტალების საბოლოო დადგენა, რამაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შემდგომი უსაფრთხოება, თუკი მოხდა საოცრება და რუსეთმა მართლაც შეაჩერა ომი უკრაინასთან თუნდაც კიევის დათმობების ხარჯზე.
მსოფლიოს ახსოვს, როდესაც 1994 წლის 5 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან უკრაინის მიერთებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების თაობაზე. მემორანდუმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენილ მთელ ბირთვულ შეიარაღებას (1 900 სტრატეგიული და 2 500 ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული ქობინი და მუხტი), ასევე მათი გადამტანი საშუალებების (სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები) ნაწილს კიევი გადასცემდა მოსკოვს, რის სანაცვლოდაც კრემლი გამოდიოდა გარანტად, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არავინ და არაფერი დაემუქრებოდა.
თუ რა მოხდა ჯერ 2014 წელს ყირიმის ანექსიითა და დონბასის "სეპარატისტული აფეთქებით", ხოლო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებით, მთელმა მსოფლიომ იხილა.
უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის "გარანტი" რუსეთის ფედერაცია თავად დაესხა მას და მისი ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას დღესაც აგრძელებს!
არ შეიძლება არ ითქვას ბუდაპეშტის მემორანდუმის კიდევ ორ გარანტ სახელმწიფოზე - დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე, რომლებსაც თავიანთი წილი დანაშაული მიუძღვით იმაში, რომ შეჰპირდნენ უკრაინას, ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ მისი ტერიტორიის მთლიანობაზე პასუხისმგებელი იქნებოდნენ, მაგრამ თავიდანვე ბევრი არაფერი გააკეთეს, რომ კრემლს მემორანდუმის უხეში დარღვევით არ დაეწყო ჯერ ყირიმის, შემდეგ კი დონბასისა და კიდევ სხვა ოლქების ოკუპაცია.
უკრაინას ხელი რომ არ მოეწერა ბუდაპეშტის მემორანდუმისთვის და შეენარჩუნებინა ბირთვული იარაღი (რომლის მარაგით მაშინ უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახლდათ აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ), პუტინი ვერც 2014 და ვერც 2022 წელს ვერ გაბედავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
ამ მწარე მაგალითიდან გამომდინარე, უკრაინა სამართლიანად სთხოვს დასავლეთს "გვერდში დადგომის" არა ცარიელ დაპირებას, რომლის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება იქცეს ნატოსა და ევროკავშირის რიგი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების განთავსება უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს და ცეცხლი შეწყდება. მაგრამ ეს საკითხიც ძალიან ბუნდოვანია, რადგან ტრამპი არ მალავს, რომ არ აპირებს ამერიკელი სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და მოითხოვს, რომ ეს ევროპელებმა ითავონ, რადგან უკრაინა ევროპაა და ჩრდილო ამერიკას არ ესაზღვრება.
თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არ შეიმჩნევა ერთსულოვნება. გერმანიას არ სურს თავისი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა თუნდაც ომის დამთავრების შემდეგ, თუნდაც "ცისფერი ჩაფხუტებით" და, დიდი ალბათობით, გერმანიას მიბაძავს ევროკავშირის წევრი კიდევ რამდენიმე ქვეყანაც.
გარდა იმისა, რომ ევროკავშირი ვერ აღწევს ერთსულოვნებას უკრაინისთვის ღირსეული უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად, კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგი იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის განსათავსებლად და უკრაინის უსაფრთხოების გარანტად თავის თავს სთავაზობს! ეს კი აბსურდამდე მიდის, რაც არის კიდეც პუტინის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი - რუსეთის "სამშვიდობო მოლაპარაკების" პროცესში ვითომ მონაწილეობით დრო მოიგოს, რათა უკრაინის უფრო მეტი მიწის ოკუპაცია მოასწროს.
პუტინის უმთავარი მიზანი კვლავ უცვლელია - უკრაინაზე რუსეთის სრული კონტროლის დაწესება, რაც გამოიხატება უკრაინის უკვე ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ანექსირებასა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანაში ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის სქემით (ეს ემუქრება ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებს), ხოლო "დარჩენილ" უკრაინაში კრემლის მარიონეტული ხელისუფლების დასმა და "ჩამოჭრილი" დასავლეთ უკრაინის ერთგვარ ბუფერულ ზონად გადაქცევა ნატოს წევრი პოლონეთისა და რუმინეთის საზღვრებთან, ასევე სლოვაკეთსა და უნგრეთთანაც, თუკი მომავალში იქ სხვა, მოსკოვისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური ძალები მოვლენ ამ ქვეყნების სათავეში.
თუკი პუტინის რუსეთი შეძლებს, დასავლეთ მიმართულებაზე ბუფერივით წინ "აიფაროს" ლუკაშენკოს ბელარუსი და მარიონეტად ქცეული დასავლეთი უკრაინა, ეს იქნება კრემლისთვის იმის წინა პირობა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგსაც იმ მეთოდებით "მიაწვეს", რითაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წლიდან.
P.S. მოულოდნელად ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის იმ უმნიშვნელოვანეს დეტალზე ალაპარაკდა, რაზეც "კვირის პალიტრაში" ამ ომის დაწყებიდან ხშირად მივანიშნებდით...
"შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. ეს სპორტში კარგი გუნდივითაა - ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასა და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა. კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან? ამისდა მიუხედავად, ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ნული შანსი. საინტერესო დროა წინ!", - აცხადებს ტრამპი...
...და ძალაუნებურად გვახსენდება "კვირის პალიტრის" სტატიებში არაერთხელ გამოთქმული ჩვენი მოსაზრებები, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პრეზიდენტ ბაიდენის, ასევე ევროპის ლიდერების ქმედებები, როდესაც უკრაინისთვის ჯერ "ჰაიმარსების", შემდეგ "აბრამსების", ფრთოსანი რაკეტების თუ გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებას თვეობით აჯანჯლებდნენ, ხოლო უკვე გადაცემული რაკეტების აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაშვებას უკრძალავდნენ უკრაინელ სამხედროებს, ძალიან წააგავდა რინგზე იმ ორი მოკრივის ორთაბრძოლას, როდესაც ერთი, უფრო ბრგე რუსეთი, "ბრძოლა წესების გარეშე" ილეთებით უტევდა, ხოლო მის უფრო მომცრო მოწინააღმდეგეს, უკრაინას კი სულ თავის დაცვა უწევდა და თანაც ისე, რომ ერთი ხელი "აკრული" ჰქონდა და თანაც აპერკოტის ამორტყმაც ეკრძალებოდა...
ბაიდენის ტრამპით შეცვლის შემდეგ ამ საშინელ "რინგზე" მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უკრაინას ხელი "გაუხსნეს" საპასუხო დარტყმებისთვის, მაგრამ აპერკოტის გასაკეთებლად საჭირო "ხელთათმანები" გახადეს - უკრაინას თავად მოუწევს ამერიკული შეიარაღების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ევროპელების ფულით, თუკი ტრამპმა რაიმე ახალი ფოკუსი არ შემოაგდო...