მილიარდერობიდან სიღატაკემდე - მსოფლიოში უდიდესი ფინანსური აფერისტობის ამბავი
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აფერისტი? - კაცობრიობის ისტორია ბევრ ისეთ ავანტიურისტს იცნობს, რომელთაც თავისი ნიჭი სხვა მიმართულებით რომ განევითარებინათ, ცნობილი მეცნიერები ან მსახიობები იქნებოდნენ. თუმცა მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. სანამ ზემოხსენებულ კითხვაზე გავცემთ პასუხს, მანამდე ვთქვათ, რომ ამ სფეროში "კონკურენცია" საკმაოდ მძაფრია...
ერთ-ერთი ცნობილი აფერისტი ვიქტორ ლუსტინგი იყო, რომელმაც 1925 წელს ეიფელის კოშკი "გაყიდა". უფრო ზუსტად, მაშინ პარიზის თვითმმართველობამ კოშკის მორიგი რემონტი წამოიწყო, ლუსტინგმა კი საფრანგეთის ფოსტისა და ტელეგრაფის მაღალჩინოსნის ყალბი საბუთები გაიკეთა და რკინით მოვაჭრე კომპანიებს მისწერა, სინამდვილეში ეიფელის კოშკი უკვე ამორტიზებულია, მისი დაშლა და ჯართში ჩაბარება იგეგმებაო. იმ ყალბი საბუთებითვე დახურული აუქციონი ჩაატარა, ერთ-ერთ კომპანიას კოშკი 250 ათას ფრანკად მიჰყიდა და გაუჩინარდა.
ან თუნდაც რად ღირს ვილჰელმ ფოიგტის ისტორია. 1906 წელს უმუშევარმა და გერმანიაში არალეგალურად მცხოვრებმა ფოიგტმა ბერლინთან ახლომდებარე ქალაქ კეპენიკთან პრუსიის არმიის კაპიტნის ფორმა იყიდა, გამოეწყო და ქუჩაში ჯარისკაცებს უბრძანა, ქალაქის თვითმმართველობაში გაჰყოლოდნენ. იქ მან სამხედროებს ბურგომისტრისა და ხაზინადარის დაპატიმრება უბრძანა, ვითომდა გაფლანგვის ბრალდებით. ჯარისკაცებმა უყოყმანოდ აღასრულეს "კაპიტნის" ბრძანება, ფოიგტმა კი ხაზინის ფული მოიპარა და დამალვა სცადა. ის 10 დღის შემდეგ დააკავეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ორიოდე წლის შემდეგ ეს ამბავი ვიღაცამ იმპერატორ ვილჰელმ II-ს უამბო და ამან ისე გაამხიარულა კაიზერი, რომ ცრუ კაპიტანი პირადი ბრძანებით შეიწყალა.
უნიკალურია ამერიკელი ფრენკ აბიგნეილის ამბავი. 16 წლის იყო, როცა ყალბი ჩეკების დამზადება ისწავლა, რომლებიც მიმოქცევაში 26 ქვეყანაში იყო. ის პილოტად ასაღებდა თავს და უფასოდ მოგზაურობდა. თუმცა შემდეგ, რომ არ დაეკავებინათ, პედიატრის ყალბი დიპლომი დაამზადა და ჯორჯიის შტატში ერთ-ერთი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა - სხვათა შორის, წარმატებულადაც. შემდეგ უფრო შორს წავიდა - ლუიზიანის შტატის გენპროკურორის ოფისის თანამშრომელი გახდა, მანამდე კი გამოცდები ჩააბარა. ალბათ, ხვდებით, აბიგნეილს უმაღლესი განათლება არ ჰქონია. აფერისტი 1971 წელს დააკავეს და ის დათანხმდა გამოძიების ფედერალური ბიუროს წინადადებას - თავისუფლების სანაცვლოდ, აფერისტი აბიგნეილი თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომელი გახდა.
უფრო საოცარია ფერდინანდ დემარას ისტორია. კორეის ომის დროს ამერიკულ ნაღმოსანზე 20-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს, რომელთაც ექიმმა ჯოზეფ კაირმა გემზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთა. ყველანი გადარჩნენ და მომჯობინება დაიწყეს. თუმცა მალევე სკანდალი ატყდა - აღმოჩნდა, რომ ჯოზეფ კაირი სინამდვილეში ამერიკელი ფერდინანდ დემარა ყოფილა. ის ყალბი საბუთებით იმყოფებოდა გემზე და რაც მთავარია, შეხება არ ჰქონია მედიცინასთან. თავად დემარა ამტკიცებდა, რომ უნიკალური ფოტოგრაფიული მახსოვრობა ჰქონდა და ოპერაციების წინ ქირურგიის შესახებ წიგნებს კითხულობდა. სკანდალი სკანდალად, მაგრამ ფაქტია - თვითმარქვია ექიმმა ჯარისკაცები სიკვდილს გადაარჩინა. თავის საოცარი ნიჭის წყალობით დემარა ხან ციხის უფროსი იყო, ხან ინჟინერ-მშენებელი, ფსიქოლოგიის დოქტორი თუ გაზეთის რედაქტორი.
თქვენი მონა-მორჩილის კოლეგები ერთმა აფერისტმა სერიოზულ შარს გადაჰყარა. 1983 წლის 25 აპრილს გერმანულ ჟურნალ "შტერნის" რედაქციაში სხვადასხვა მედიასაშუალების 200 ჟურნალისტი და 20-ზე მეტი გადამღები ჯგუფი შეიკრიბნენ. "შტერნის" რედაქტორებმა კოლეგებს საზეიმოდ ამცნეს, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ ჰიტლერის დღიურები. "შტერნის" წარმომადგენლების მტკიცებით, დღიურები მათ ერთმა მოქალაქემ მიჰყიდა. თურმე ფიურერის ხელნაწერების (რომელიც 12 რვეულისგან შედგებოდა) გატანას 1945 წელს, ბერლინის ალყისას ცდილობდნენ, თუმცა თვითმფრინავი ჩამოვარდა, დღიურები კი ზემოხსენებული მოქალაქის ოჯახის წევრებმა იპოვეს. გერმანიაში აჟიოტაჟი ატყდა. "შტერნი" გააძვირეს და ტირაჟი 400 ათასით გაზარდეს. პირველივე ნომერი, რომელშიც ფიურერის დღიურების ნაწილი გამოქვეყნდა, დაიტაცეს. თუმცა სულ რაღაც 11 დღეში გაირკვა, რომ ეს ერთი დიდი ფეიკი იყო. კერძოდ, კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ რვეულების ფურცლები, რომლებზეც ვითომდა ფიურერი წერდა, იმ მასალისგან იყო დამზადებული, რომელიც მესამე რაიხის დროს ელემენტარულად არ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ "შტერნს" ჰიტლერის ცრუ დღიურები ვინმე კონრად კუიაუმ შეასაღა, რომელიც სხვადასხვა რელიკვიის ფალსიფიკაციით იყო დაკავებული. ალბათ, იკითხავთ, ნუთუ ისეთი სერიოზული გამოცემა, როგორიც "შტერნია", არაფერმა დააეჭვა? არა, მათ ორთოგრაფიული ექსპერტიზა ჩაატარეს და "აღმოჩნდა", რომ ნამდვილად ჰიტლერის კალიგრაფია იყო. აღმოჩნდებოდა აბა, რა, როდესაც ჰიტლერის "ორიგინალური" ხელნაწერი რედაქციას ასევე ზემოხსენებულმა აფერისტმა მიაწოდა. მელნისა და ქაღალდის ექსპერტიზის პასუხებს "შტერნი" არ დაელოდა იმის შიშით, რომ ექსკლუზივი კონკურენტებს არ ჩაეგდოთ ხელში. ჰოდა, "შტერნის" პრესტიჟმა ისეთი დარტყმა მიიღო, რომ დღემდე მოჰყვება ამ სკანდალის "აჩრდილი".
დავუბრუნდეთ ზემოხსენებულ კითხვას: ვინ არის მსოფლიოში ყველაზე "მაგარი" აფერისტი? ჩემპიონობა ერთ რუსს ეკუთვნის, რომელიც ყველა ზემოხსენებულ თაღლითს ჯიბეში ჩაისვამდა.

ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდა კაცობრიობის ისტორიაში
სერგეი მავროდი ჩვეულებრივ მოსკოვურ ოჯახში დაიბადა, დაამთავრა სკოლა და ინჟინერ-მათემატიკოსი გახდა, თუმცა გული უფრო ბიზნესისკენ მიუწევდა - სსრკ-ს დროს არალეგალურ სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერთო, რის გამოც კინაღამ დაიჭირეს. თუმცა 1988 წელს საბჭოთა კავშირში კერძომეწარმეობა დაუშვეს და ამის შემდეგ იწყება მავროდის აღმასვლა - მან ძმასა და მეუღლესთან ერთად ფირმა MMM დააარსა. ჯერ ოჯახური ტექნიკა შემოჰქონდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორი გზა დარჩა - ლეგალურად განევითარებინა ბიზნესი ან წასულიყო უკანონო გზით და ძალიან, ძალიან ბევრ ფულს გამოჰკიდებოდა. მან მეორე ვარიანტი აირჩია.
სქემა ძალიან მარტივი იყო - მავროდიმ რუსეთის მოქალაქეებს უთხრა, შეგიძლიათ ფული იშოვოთ ისე, რომ არაფერი გააკეთოთო, და AO MMM-მა დაიწყო აქციების გაყიდვა - მავროდი აქციონერებს წელიწადში 1000-პროცენტიან მოგებას ჰპირდებოდა. პარალელურად, მავროდიმ მძლავრი სატელევიზიო-სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომლის შინაარსი ასეთი იყო: როგორ მდიდრდება ჩვეულებრივი რუსული ოჯახი ზემოხსენებული კომპანიის აქციებით და როგორ ყიდულობენ ბინას პარიზში. აქციების ყიდვა მილიონობით ადამიანმა დაიწყო. 1993 წელს AO MMM-ის შემოსავალი დღეში 50 მილიონ დოლარზე მეტი იყო. მავროდი იმდენად პოპულარული იყო, რომ 1992 წელს ტელევიზიით რუსებს ახალი წელი პრეზიდენტმა ან უმაღლესი თანამდებობის სხვა პირმა კი არა, AO MMM-ის დამფუძნებელმა მიულოცა.
წარმოიდგინეთ, ამ კომპანიის აქცია, რომელზეც მავროდის პორტრეტი იყო გამოსახული, რუსეთში ისეთივე ვალუტა იყო, როგორიც რუბლი ან დოლარი - "მავროდიკებით" ნებისმიერ მაღაზიაში ივაჭრებდით. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს რიგითმა რუსებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანიის ფილიალები აღარ მუშაობდნენ და შესაბამისად, მათ 1000-პროცენტიან დივიდენდებს არავინ აძლევდა. მრავალათასიანი ბრბო მოსკოვში, AO MMM-ის ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბა. ისინი მავროდის აფერისტს უწოდებდნენ და კუთვნილი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ. მავროდიმ მასების ფსიქოლოგიაზე მომუშავე სპეციალისტები დაიქირავა, ისინი მომიტინგეებში შეგზავნა და დანერგეს მესიჯი: "მავროდის კომპანია მზად არის ვალდებულებები შეასრულოს, უბრალოდ, ხელისუფლება უშლის ხელს". პარალელურად, მავროდის ხელისუფლებასთანაც ჰქონდა პრობლემა - ცოცხალი თავით არ მიდიოდა საგადასახადო დეპარტამენტში დაკითხვაზე. ეს უწყება მას გადასახადების დამალვასა და თაღლითობას ედავებოდა. ჰოდა, გაგანია მიტინგის დროს სპეცრაზმი ოფისში შევარდა და მავროდი დააკავა.
ბრბო გადაირია. ისინი "დარწმუნდნენ", რომ თურმე მართლაც ხელისუფლება "უშლიდა ხელს" მავროდის და ლამის შტურმით აიღეს მოსკოვის მილიციის ის განყოფილება, სადაც მავროდი ჰყავდათ გამოკეტილი. საპასუხოდ, AO MMM-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აპირებს კენჭისყრას და მეანაბრეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. და... მოიგო. თუმცა 1995 წელს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტეს იმ მოტივით, რომ საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე არ დადიოდა. 1996 წელს სერგეი მავროდიმ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა.
1996 წელს მავროდი უეცრად გაქრა და რუსეთის მილიონობით მოქალაქე საბოლოოდ დაემშვიდობა თავის ფულს - სადღაც 12 მილიარდ დოლარს. მასზე გამოცხადდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ძებნა, საქმეში ჩაერთვნენ სპეცსამსახურები, თუმცა ვერ დაადგინეს, სად აორთქლდა მავროდი. საბოლოოდ, გაოფიციალურდა ვერსია, რომ რუსეთის მთავარი ფინანსური პირამიდის ორგანიზატორი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა და იქ ცხოვრობდა წყნარად.
არადა, მავროდი "აორთქლებიდან" 7 წლის განმავლობაში მოსკოვში, ნაქირავებ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ჰყავდა ერთადერთი მცველი, რომელსაც ძალიან ენდობოდა, იშვიათად გადიოდა ქუჩაში და ძირითადად, პიცით იკვებებოდა. სავარაუდოდ, მავროდი ძმამ "ჩაუშვა" თავისუფლების სანაცვლოდ - ვიაჩესლავ მავროდიც თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
2003 წლის 31 იანვარს რუსეთის მთავარი აფერისტი დააკავეს.
ის ციხიდან 2007 წელს გამოვიდა, ცხოვრობდა ღარიბულად, დაწერა წიგნი, აძლევდა ინტერვიუებს, რომელშიც ამტკიცებდა, რომ აფერისტი სულაც არ იყო და ყველაფერი ხელისუფლების ხრიკების ბრალია. 2018 წელს სერგეი მავროდის ავტობუსის გაჩერებაზე ინფარქტი დაემართა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ასე დაასრულა ცხოვრება ადამიანმა, რომელიც თავის დროზე რუსეთის ბიუჯეტის მესამედის ტოლფას თანხებს აკონტროლებდა და ფულს "კამაზებით" ითვლიდა.
გიორგი კვიტაშვილი