რა სურს ერდოღანს ანუ თურქი-მესხების საუკუნოვანი პრობლემა საქართველოში - აგვისტოს მოვლენები: რა გადაწყდა 35 წლის წინ?! - კვირის პალიტრა

რა სურს ერდოღანს ანუ თურქი-მესხების საუკუნოვანი პრობლემა საქართველოში - აგვისტოს მოვლენები: რა გადაწყდა 35 წლის წინ?!

"საბჭოთა კავშირის უმაღლესმა პრეზიდიუმმა ჯეროვნად უნდა დასაჯოს მათი გადასახლებაში გამგზავნი, ისინი სამშობლოში­ დააბრუნონ და უზრუნველყონ თურქული­ ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა ან ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბება, რომ­ლის­ დედაქალაქი ახალციხე იქნება. ასევე­ უნდა მოხდეს მიყენებული ზარალის ანაზ­ღა­ურება, ხოლო თუ პირობები არ შესრულდება, მაშინ უნდა უზრუნველყონ მათი თურქეთში დასახლება".

თურქი მესხების დაბრუნების დროებითი საორგანიზაციო კომიტეტი. 8 მაისი, 1970წ.

"ჩვენ თურქ მესხებს ან მესხ თურქებს გვიწოდებენ, მაგრამ არც თურქეთი და არც საქართველო, საიდანაც ვართ წარმოშობით, თავისიანად არ გვთვლით. მფარველი ჩემს ხალხს არავინ ჰყავს, ამიტომ ბევრისთვის ხელსაყრელი სამიზნე ვართ".

სელიმ ისკანდეროვი, "მოძრაობა გასახლებული თურქი მესხების დაბრუნებისთვის"

"ჩვენთვის მიუღებელია 5-6 ოჯახის სხვადასხვა სოფელში განთავსების პერსპექტივა. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ სურვილი დაბრუნდნენ წინაპრების მიწაზე. ბავშვობიდანვე ვასწავლით, რომ ჩვენი სამშობლოა ახისკა (ახალციხე - ავტ.), რწმენა - ისლამი და ენა - თურქული".

ქემალ ამრიევი, საერთაშორისო კონფერენცია. 27-28 აპრილი, 2006წ., თბილისი.

12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს ვიზიტით ეწვია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო წლებია საქართველოდან სტუმრებს დიდი პატივით იღებს. მეტიც, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმცროს ძმადაც მოიხსენიებდა (საზოგადოდ, თურქეთში უყვართ საქართველოს პატარა ძმად მოხსენიება). პრეზიდენტების შეხვედრაზე ყველაფერი ტრადიციული იყო, შეხსენებაც­ კი,­ რომ ჩვენს ქვეყნებს "ღრმა ისტორიული,­ კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს". მოულოდნელი იყო მხოლოდ თურქეთის ლიდერის განცხადება: "მე გადა­ვეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინი, ახსიკა თურქების (ახალციხელი თურქების - ავტ.) ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე ისტორიულ საცხოვრებელში და ჩვენ, როგორც თურქები, მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს". თურქეთის პრეზიდენტს, გამჭრიახ პოლიტიკოსს, არ შეიძლება არ სცოდნოდა საქართველოს განწყობა ამ საკითხზე. მაშ, რა იმალება ამ ერთობ უცნაური განცხადების მიღმა?

თურქი მესხების საკითხი თურქეთის პრეზიდენტს მხოლოდ იმ დღეს არ გახსენებია. 1992 წელს თურქეთმა მიიღო სპეცია­ლური კანონი "მესხი თურქების დასახლების შესახებ", თუმცა ამით მხოლოდ 1000-მა ახალციხელმა თურქმა ისარგებლა. თურქეთი ასევე ყოველწლიურად აღნიშნავს 15 ნოემბერს, როგორც თურქი მესხების საქართველოდან დეპორტაციის დღეს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ლიდერის შეხვედრა კულტურის წარმომადგენლებთან,­ სადაც მან ლექსი "მესხეთო" წაიკითხა. ნებისმიერ ქართველს მოხვდებოდა ყურში "თურქული მიწის ყველაზე გაძარცულო ნაწილო" ან თუნდაც "მაქვს ჩემი უძლეველი­ ჯარის იმედი" (საინტერესოა, რამდენად დიპლომატიური იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს გოგლა ლეონიძის "მესხეთი" რომ წაეკითხა, "რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს, ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები").

თურქების დაბრუნების თემაზე ერდოღანმა 2023 წლის 18 სექტემბერს ნიუ-იორკშიც ისაუბრა, როცა ამერიკაში მცხოვრებ თურქ მესხებს შეხვდა, და განაცხადა, გადადგმულია ყველა ნაბიჯი თურქი მესხებისთვის თურქეთის მოქალაქეობის მინიჭებისთვის, რაც ბოლო პერიოდში 60 000-მდეა გაზრდილიო.

12 აგვისტოს, როცა სრულიად საქართ­ველო თავის ისტორიაში ყველაზე შთამბე­ჭდავ გამარჯვებას "ძლევაი საკვირველს"­ - დიდგორობას ზეიმობდა, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, ალბათ, ექსპერტებიც ბევრს იმსჯელებენ, ჩვენ კი საზოგადოებაში თემის მიმართ დიდი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ მკითხველს თურქი მესხების თითქმის საუკუნოვანი პრობლემის ისტორია ვუამბოთ.

ვისი გორის ხარ?

XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ სამცხე-საათაბაგო ხელში ჩაიგდო. გურჯისტანის ვილაიეთი XIX საუკუნემდე ახალციხის საფაშოს ნაწილი გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობა ათეული წლების განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა­ მომხვდურს და ამას არაერთი აჯანყებაც მოწმობს. თუმცა საბოლოოდ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და ადგილობრივმა ქართველებმა­ ისლამის მიღება მასობრივად დაიწყეს. რა თქმა უნდა, პროცესში ტონის მიმცემი თავადაზნაურობა გახლდათ, მესხი გლეხები­ კი ბოლომდე ცდილობდნენ რელიგიის შენარჩუნებას. 1829 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ანდრიაპოლისის ზავით ისტორიული მესხეთის ჩრდილო ნაწილი, მესხეთ-ჯავახეთი, რუსეთის იმპერიის ნაწილი­ გახდა. სწორედ რუსეთის პოლიტიკას­ უკავშირდება იქ თურქული­ სკოლების გახსნაც. თუმცა­ ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი­ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმხანად აღარ ქართველობდა (რადგან ქართველი ასევე­ ქრისტიანს ნიშნავდა) და თავს "იერლი მუსლიმს" ანუ ადგილობრივ მუსლიმანს უწოდებდა. 1886 წლის აღწერით სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის 60% უკვე სუნიტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ წყაროებში, ასევე რუსეთის იმპერიის დოკუმენტებში, ეს ხალხი სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა, მაგალითად, მუსლიმანები, თურქები, ქართველი სუნიტები. ერთხანს როგორც აზერბაიჯანელები, ადგილობრივი კათოლიკე ქართველები მათ საერთოდ "თათრებს" ეძახდნენ, ხოლო ტერმინი "თურქი მესხი" პირველად 1980 წელს გამოჩნდა(?!). XX საუკუნის 10-იან წლებში თურქ მესხებში, რომლებიც მეცხოველეობითY ირჩენდნენ თავს, საშიში ტენდენციები გამოიკვეთა.

დამოუკიდებლობის დღე

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ საყოველთაო ზარ-ზეიმში თითქოს ყურადღების­ მიღმა დარჩა იმ დღეს ახალქალაქისა და ახალციხის მუსლიმანი დელეგატების განცხადება: "ვინაიდან საქართველოს შემადგენლობაში მუსლიმანი მოსახლეობა ვერ ახერხებს მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეთხოვოს ოსმალეთის იმპერიას, შეუერთდეს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები და ამ დღიდან ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის ნაწილად ჩაითვალოს"(?!). ეს იყო თურქი მესხების (ახსიკა თურქების) პირველი განაცხადი, თუმცა არანაკლებ სახიფათო იყო პროცესები, რომლებსაც სათავე 1917 წლიდან დაედო.

"თურქეთი თავის კავკასიურ კამპანიებში­ სწორედ ამ ხალხს ეყრდნობოდა. 1917 წელს ახალციხეზე ლაშქრობის მომზადებისას­ თურქეთმა ხელი შეუწყო მესხი თურქების­ აჯანყებას და მიიღეს რა ამბოხებულებმა­ დახმარება, 27 დეკემბერს ახალციხეს­ შეუტიეს. ადგილობრივმა ქართველმა და სომ­ეხმა მოსახლეობამ შეძლო თავის დაცვა და სამდღიანი ბრძოლის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატის ჩარევით ამბოხებულებმა ახალციხეს ალყა მოხსნეს. თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა. 1918 წლის იანვა­რში თურქმა მესხებმა აცგურსა და ახალქალაქში გზა გადაკეტეს, შეწყდა ასევე სატელეფონო კავშირი თბილისთან. ამის შემდეგ მუსლიმანმა მოსახლეობამ დაიწყო ქართველი და სომეხი მოსახლეობის დარბევა-დაწიოკება. 27 იანვარს სომხურმა ეროვნულმა საბჭომ შექმნა შეიარაღებული ბატალიონი, რომელსაც ქართველი გვარდიელები შეუერთდნენ, მოვიდა დახმარებაც და თებერვალ-მარტში თურქეთის ყველა შეტევა უკუგდებულ იქნა. 1918 წლის 25 მარტს ოსმალეთის ყარსში ლაშქრობას პარალელურად თან სდევდა თურქი მესხების მიერ სომეხი და ქართველი მოსახლეობის დარბევაც" (არის კაზინიანი, ექსპერტი, 2006 წ.).

1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით ისტორიული მესხეთის სამხრეთი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში დარჩა, ხოლო მისი ჩრდილოეთი ნაწილი ანუ სამცხე-ჯავახეთი საბჭოთა კავშირს ანუ საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკას შემოუ­ერთდა. საარქივო წყაროებიდან ცნობილია, რომ თურქი მესხების გამოყენება არც შემდგომში შეუწყვეტიათ დაინტერესებულ მხარეებს: "ომის დროს ფაშისტური აგენტურა კარგად მუშაობდა სამცხეთ-ჯავახეთში (მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ სრულ თავისუფლებას ჰპირდებოდნენ). მეტიც, 1942 წელს მიღწეულ იქნა ე.წ. შეთანხმება სამცხეში "კავკასიის ფრონტის" გახსნაზე, როცა ფაშისტური გერმანია სტალინგრადში გაიმარჯვებდა. გეგმა მარტივი იყო - თურქი მესხების აჯანყებისთვის მხარდასაჭერად ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა დაწყებულიყო სრულიად მუსლიმანთა ამბოხი, რის შემდეგაც თურქეთი ჩაერთვებოდა მეორე მსოფლიო ომში. სტალინგრადის მარცხის შემდეგ თითქოს შეთანხმება აქტუალური აღარ იყო. კურსკთან ბრძოლების დროს კავკასიური ფრონტის გახსნაზე ფიქრი კვლავ დაიწყეს, თუმცა, რადგან ფაშისტურმა გერმანიამ საბრძოლო მოქმედებების გარდატეხა ვეღარ მოახერხა, ჩანაფიქრი აღარ განხორციელებულა. თურქეთმა საბოლოო უარი თქვა ომში ჩართვაზეც" (არის კაზინიანი, 2006 წ.).

1944

სავარაუდოდ, სწორედ ეს მოვლენები­ (შეიძლება სხვაც) გახდა მიზეზი 1944 წელს საქართველოდან თურქი მესხების დეპორტაციისა. 1944 წლის 24 ივლისს ლავრენტი ბერია სტალინს სწერდა:

"საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე თურქეთის მოსაზღვრედ ცხოვრობს თურქი მოსახლეობა. რამდენიმე წელია ამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელსაც საზღვრის მიღმა მცხოვრებ თურქებთან ნათესაური კავშირები აქვთ, ავლენენ ემიგრაციულ განწყობას, ეწევიან პროპაგანდას და ხშირად ხდებიან თურქეთის სპეცსამსახურების მხრიდან ბანდიტური დაჯგუფებებისთვის რეკრუტირების წყარო. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის უკეთ დაცვისთვის საბჭოთა­ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისა­რიატი ფიქრობს, რომ მოსახლეობა უნდა გადასახლდეს ახალციხის, ადიგენის, ასპი­ნძის,­ ახალქალაქისა და ბოგდანოვკის (ახლანდელი ნინოწმინდა - ავტ.) რაიონები­დან, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე სოფლიდან, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში. საერთო რაოდენობით 86 000 სული. თურქების გასახლების შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნულ ზოლში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დავასახლოთ 7000 მეურნეობა, მცირემიწიანი კოლმეურნეობებით. ღონისძიება უკვე შეთანხმებულია საქართველოს ხელმძღვანელობასთან. გიგზავნით რა დოკუმენტს, ვითხოვთ თქვენს თანხმობას ამ Oღონისძიების ჩატარებისთვის".

საინტერესოა, როგორ ცხოვრობდნენ გადასახლებამდე მესხი თურქები, რომლებსაც სახელმწიფო მუდმივ საფრთხედ მიიჩნევდა? ამას იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ფილოლოგი მარიკა დარჩია, რომელიც 1944 წელს, როგორც "გლავმუკას" თანამშრომელი, დოვლათის აღსაწერად ჯავახეთში იყო მივლინებული: "არც ქართული იცოდნენ და არც რუსული. ჟესტებით ვაგებინებდით ერთმანეთს. მაგალითად, პურზე­ მივუთითებდი, რაც "ხორბალს" ნიშნავდა. ძროხაზე მისანიშნებლად თავზე ორ საჩვენებელ თითს ვიდებდი, ცხვრები თუ გვაინტერესებდა, ვბღაოდით... სოფელში, სადაც მე გამგზავნეს, ხალხი გამოქვაბულებში ცხოვრობდა. კლდეში კარი იყო, რომელიც შიგნიდან იღებოდა, შესვლისთანავე პირველ ნაკვეთურში ერთ მხარეს ძროხები იდგნენ, მეორე მხარეს - ცხვრები, მერე იყო ოთახი, ზემოთ პატარა ნაჩვრეტები ჰქონდა, საიდანაც სინათლე შემოდიოდა,­ ერთი საწოლიც არ მინახავს, ნარებზე ეძინათ. საქონლის სადგომში იატაკი ამოღრუტნული იყო და მას მარცვლეულისა და კარტოფილის შესანახად იყენებდნენ".

1944 წლის 15 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთიდან ათეულათასობით კაცი მათი ნების საწინააღმდეგოდ შუა აზიის გზას გაუყენეს. თურქ მესხებთან ერთად დეპორტაცია მოუწიათ ასევე ადგილობრივ­ ქურთებსა და ბოშებს. თითქოს საქართველოს სამხრეთ საზღვარზეც სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა მაშინ ლავრენტი ბერია ვერც წარმოიდგენდა, რომ თურქი მესხების პრობლემა ამით კი არ დასრულდა, პირიქით, დაიწყო...

imggen-1756062739.jpg

"ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს..."

მრავალ ტანჯვაგამოვლილ გადასახლებულს შუა აზიაში კარგად ხვდებოდნენ. მათი მძიმე ყოფა, საერთო ენას, საერთო ისლამურ და კულტურულ ტრადიციებს თითქოს უნდა შეემსუბუქებინა. თუმცა, როგორც შემდგომში­ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ასე არ მოხდა. 1962 წელს ტაშკენტში მალულად(?!) თურქი მესხების პირველი შეკრება გაიმართა. "ყრილობას" ყველა თემიდან ესწრებოდნენ, განიხილებოდა მხოლოდ ერთი საკითხი - სამშობლოში დაბრუნება. გადაწყდა დაფუძნებული­ყო დროებითი საორგანიზაციო კომიტეტი, თავისი ფილიალებითა და ხელმძღვანელობით. იმხანად თურქი მესხები უკვე აღარ იყვნენ გამოქვაბულებში მცხოვრები­ ხალხი. ისინი შუა აზიაში თავის დროზე ნაყოფიერ მიწებზე დაასახლეს, რადგან გარჯა არასდროს ეზარებოდათ, კარგადაც ცხოვრობდნენ, რაც ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების გულისწყრომასაც იწვევდა.

1976 წელს ყაბარდო-ბალყარეთში მორიგ ყრილობაზე თურქი მესხების არა ერთიან (რომელსაც უზარმაზარი ფინანსური­ რესურსი სჭირდებოდა), არამედ ეტაპობრივ­ დაბრუნებაზე დაიწყეს მსჯელობა. საინტე­რესოა, რომ ამ შეკრებაზე არაოფიციალურად გახმოვანდა ქართული მხარის პოზიცია­ (რამაც ცხადი გახადა, რომ "ყრილობები" არცთუ ისე მალული იყო), ეცნოთ თურქ მესხებს თავიანთი ქართული ფესვები და შეეცვალათ გვარები. ქართული მხარის ეს მოთხოვნა გახდა კიდეც მიზეზი დიდი განხეთქილებისა.

თურქი მესხების მცირე ნაწილმა შესაძლებლად­ მიიჩნია სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ ეღიარებინა ქართული წარმოშობა. მოტივაცია რომ გაეძლიერე­ბინა, საქართველომ დაიწყო ცალკეული ოჯახების დაბრუნება, მაგრამ თურქ მესხურ თემებში "ქართველებსა" და "თურქებს" შორის, ფაქტობრივად, ომი გაჩაღდა.

იმხანად თურქი მესხების დაბრუნების საკითხი გააქტიურდა საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, რომ ინტელიგენციის განწყობა ამ პრობლემის მიმართ ყოველთვის არაერთგვაროვანი იყო. ამიტომ წლების განმავლობაში ქართველ საზოგადოებას ამ საკითხზე არ ჰქონდა ერთი აზრი. 70-იან წლებში არაერთი პეტიცია დაიწერა, ინტე­ლიგენცია დაჟინებით ითხოვდა, "აღდგეს სამართლიანობა ქართველი ხალხის ასე მძიმედ დაზარალებული ნაწილის მიმართ". 1979 წლის 12 მარტს გაიმართა შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ედუარდ შევარდნაძესთან. მან კარგად იცოდა, რა მავნე პროცესები შეიძლება გამოეწვია ინტელიგენციის ახირებებს, და პეტიციაზე ხელმომწერებს დახმარება აღუთქვა. 1979 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და მინისტრთა საბჭოს დადგენილება დეპორტირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების შესახებ, მოგვიანებით კი, 1988 წლის 24 ივლისს, დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკებიდან თურქი მესხების გადმოსახლების შესახებ. უნდა ითქვას, რომ დადგენილებებს ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია... 1988 წლის 28 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებულ რიგით მეცხრე ყრილობაზე, რომელსაც 276 დელეგატი ესწრებოდა, პროქართული ფრაქცია დამარცხდა­ და ყრილობამ ის ეროვნული ინტერესების მოღალატედ გამოაცხადა. ასევე გადაწყდა, რომ თურქი მესხების დაბრუნება უპირობოდ მხოლოდ თურქების სახელით მომხდარიყო. თუმცა გამარჯვებულებს­ ხელი სულ სხვა რამ შეუშალა.

რა ღირს მარწყვი?

1989 წლის 3 ივნისს უზბეკეთში, ფერღანის ოლქის ერთ-ერთ დაბაში, თურქმა­ მესხმა მარწყვის გამყიდველ უზბეკ ქალს უსაყვედურა, ძალიან ძვირად ყიდიო. შელაპარაკების დროს ქალს მისი მოძმეები გამოესარჩლნენ და ატყდა აყალმაყალი. გავრცელებული ვერსიით, სწორედ მარწყვის ფასი გახდა მიზეზი უზბეკეთის უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენისა, რომელიც ისტორიაში ფერღანის დარბევის სახელით შევიდა... ფერღანის მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე ბევრს საუბრობდნენ, თუმცა დღემდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების რეალური მიზეზი. იმხანად ბევრი ვერსია ვრცელდებოდა, მაგალითად, კონფლიქტი ლუდის ბართან, რომელიც მილიციამ თითქოს მალევე აღკვეთა, თუმცა ალიაქოთში ერთი უზბეკი დაიღუპა, რასაც უმალ თურქი მესხების დარბევა მოჰყვა. იყო ერთი ვერსიაც.

ელუგბეკ მარუბაევი: "საღამოს, 3 ივნისს, ჩვენთან დედაჩემის ძმა მოვიდა, მაშინ ის 20 წლის იყო. გვითხრა, რომ თურქი მესხების დასახლებების აწიოკებაში თავადაც მონაწილეობდა, რამაც ჩემი მშობლები შოკში­ ჩააგდო. მან თავი იმართლა, ფერღანის ოლქში უზბეკი გოგონები გააუპატიურესო...".

დარბევები მთელი ივნისი გრძელდებოდა­ და ისე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. მოვლენები, რომელთა მსხვერპლი თურქი მესხები გახდნენ, სახელმწიფო კომისიის მონაცემებით, ციფრებში ასე გამოი­ხატებოდა: დაიღუპა 103 (57 თურქი­ და 36 უზბეკი.) და დაშავდა 1011 კაცი, მათ შორის დაჭრილი 137 შინაგანი ჯარისა და 110 მილიციის თანამშრომელი. გაძარცული და გადამწვარია 757 სახლი, 25 სახელმწიფო ობიექტი. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 18 ივნისს უზბეკეთიდან ავიაციის მეშვეობით გაიყვანეს 16000 თურქი მესხი და ისინი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში განასახლეს.

დიდი ლაშქრობა

1990 წლის თებერვალში მოსკოვში თურქი მესხების დაბრუნების დროებითმა­ საორგანიზაციო კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც საჯაროდ მოითხოვა თურქების დაბრუნება მხოლოდ სამხრეთ საქართველოში და იქ ავტონომიის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში დროებითი კომიტეტი მხოლოდ ჟურნალისტებთან შეხვე­დრით არ დაკმაყოფილებულა. უკვე აგვისტოში ორგანიზაცია "ბატანის" ("სამშობლო") ინიციატივით ადლერში თურქი­ მესხები შეიკრიბნენ და სამშობლოში­ დაბ­რუნება­ გადაწყვიტეს. ეს საქართველოში მწვავედ იქნა აღქმული. მართალია, "ბატანის" ხელმძღვანელი სარვაროვი ირწმუნებოდა, არავითარი ლაშქრობა, ეს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად კეთდებაო, თუმცა რეალობა სხვა იყო.

8 აგვისტოს ლესელიძეში აფხაზეთის ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობა­ შეიკრიბა და გადაწყვიტეს დაუპატიჟებელი­ სტუმრებისთვის გზა გადაეკეტათ. მეტიც, ლესელიძიდან გაიგზავნა მიმართვა მიხეილ გორბაჩოვისა და ბორის ელცინის, ასევე­ საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გუმბარიძის სახელზე, სადაც აფრთხილებდნენ, რომ თუ ხელისუფლება დაუშვებდა თურქი მესხების შემოჭრას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე,­ მაშინ პროტესტის ნიშნად გაგრის ზონაში ბლოკირებული იქნებოდა რკინიგზა და ავტომაგისტრალი. 10 აგვისტოს მთელი­ დასავლეთი საქართველო საზღვარზე იდგა, მიუხედავად საქართველოს იმდროინდელი შს მინისტრის დაპირებისა, ხალხი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. უკვე ცხადი იყო, რომ თურქი მესხების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკონტროლო პროცესები მოჰყვებოდა, რაც შეიძლებოდა დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

ადლერში შეკრებილებთან მოლაპარაკებაში ჩაერთო სოჭის მერი და თურქი მესხების "შინ" დაბრუნება გადაიდო.

აგვისტოს მოვლენებმა სამუდამოდ განსაზღვრა ქართველი საზოგადოების განწყობა თურქი მესხების საკითხის მიმართ.

გაზეთი "კომუნისტი" წერდა: "სანამ არ არსებობდა რეალური საშიშროება ანტიქართული განწყობის დიდი მასის ქვეყანაში შემოჭრისა, თურქების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. მეტიც, იყო ექსცესები დაბრუნების მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის, მაგრამ როცა ყველამ თავისი თვალით ნახა რეალური საშიშროება, ეს დაპირისპირება­ მოხსნილია და ყველა ქართველს ერთი პოზიცია აქვს - საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა და სურვილი მიიღოს მტრულად განწყობილი ნახევარმილიონიანი მასა".

1999 წელს საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრებისას აიღო ვალდებულება მუსლიმანი მესხების რეპატრიაციის შესახებ. 2007 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა­ კანონპროექტი "მუსლიმანი მესხების ან მათი შთამომავლების რეპატრიაციისთვის საჭირო­ პროცედურების დაწყების შესახებ". თუმცა, მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობისა, საქართველოში თურქ მესხებს დღესაც არ ელიან.