„ერთმანეთთან სიტყვას თუ ვერ გამოვძებნით, ჩვენს სამშობლოს როგორ გავაერთიანებთ?“ - კვირის პალიტრა

„ერთმანეთთან სიტყვას თუ ვერ გამოვძებნით, ჩვენს სამშობლოს როგორ გავაერთიანებთ?“

\"აღარ იქნება სახელმწიფოს დაფრთიანება,/ სანამ ვიყოფით ჩვენიანებ-მათიანებად.../ რადგან გარედან ამოძრავებთ ინტერესები,/ შიგნიდან უნდა ამ ქვეყანას გამთლიანება". - ეს არის "გამთლიანების რობაი", რომლის ავტორი პოეტი, ჟურნალისტი ელგუჯა მარღია გახლავთ. ის გვესაუბრება, რა მანკიერებებს ხედავს ჩვენს საზოგადოებაში, ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედებებში და რაში ხედავს გამოსავალს.

- გავთი­თოკაცდით. ყველაფერი პოლიტიზებულია. ადამიანს თავისი პოზიცია თუ აქვს, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ჯგუფისას არ ემთხვევა, მისი აზრი თითქოს არაფერს ნიშნავს. საგანგაშოა ერთმანეთისკენ თითის გაშვერა და ძახილი: "რუსეთის აგენტო!", "ამერიკის აგენტო!"... მძიმე დაპირისპირების ფონია, ერთმანეთთან სიტყვას თუ ვერ გამოვძებნით, ჩვენს სამშობლოს როგორ გავაერთიანებთ? ყველანი სამშობლოს მსახურებაში უნდა ვიყოთ! ვდარდობ ამ ქვეყანაზე, რომელიც თავისი წარსულით, კულტურით, ისტორიით თვალს გაუსწორებს ნებისმიერს.

2 თვე ამერიკაში ვიყავი, იქ კანონი კანონობს, ადამიანის შრომა დაფასებულია­ ღირსეული ანაზღაურებით. ჩვენთან კი ყველა­ სფეროში პრობლემებია, ადამიანებს­ იმის შიშიც კი აქვთ, როგორ გამოკვებონ ოჯახები. ამასთან, უკიდურესად მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა. ღმერთმა ბევრჯერ მძიმე კატაკლიზმებიდან გამოგვიყვანა, გადაგვარჩინა და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ მხოლოდ ამის მოლოდინით ცხოვრება არ შეიძლება. ისტორიულად ტოლერანტი ერი ვართ, ჩვენ ამ ტოლერანტობამაც დაგვაზარალა. ახლა ჩვენი ჭიშკარი მოღიავებულია, ხატოვნად თუ ვიტყვით, "ჰანიბალი ჭიშკართანაა". რა რჯულის ადამიანი აღარ შემოდის, ჩვენ კი ვერ ვპატრონობთ საქართველოს, ერთმანეთთან დაპირისპირებით ვართ გართული.

- საერთო ენის გამონახვას რატომ ვერ ვახერხებთ?

- ეს ძალიან დიდი თემაა, "შეიცან თავი შენი", ე.ი. ყველაფერი თავის შეცნობიდან მოდის. ადამიანები ფიქრობენ, რომ ვიღაცა­ ვიღაცაზე აღმატებულია, რომ ჰკითხოთ, უმრავლესობამ შეიძლება გიპასუხოთ, რომ ქვეყნის მართვასაც შეძლებს. ყველას ჰგონია, რომ მისი აზრია ჭეშმარიტება. დღეს ოპოზიციის მხარეს რომ მივიდე და ჩემი დამოუკიდებელი, პირუთვნელი აზრი გამოვთქვა, შეიძლება სტვენა დამიწყონ და ხელისუფლების მომხრედ ჩამთვალონ. ან ხელისუფლების მისამართით ჯანსაღი კრიტიკის გამო, ოპოზიციონერად მიმიჩნიონ.

საგანგაშოა ისიც, რომ კულტურის,­ ხელოვნების მუშაკები "ჰაიჰარად" აკეთებენ განცხადებებს. "მეტაშეობა", ყველაფერზე ბრმად თავის დაქნევა, ძალიან ცუდია. თითოეული ჩვენგანის ვალია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.

აღმაშენებელმა ისეთი რეფორმები გაატარა, შიდა და გარე მტრები­ მოიმრავლა. ყივჩაღები ჩამოასახლა, ეს უდიდესი რისკი იყო. ცნობილია, მეფეს ორჯერ ისარიც კი ესროლეს, მაგრამ იმისთვის, რომ მათი ნდობა მოეპოვებინა, ყივჩაღების მთავრის ასული შეირთო ცოლად. ის სამშობლოს საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა...

- დღეს ხელისუფლების ნაბიჯებში ეს "სახელმწიფო საჭიროება" თუ იგრძნობა?

- ამას ისტორია შეაფასებს... მაგრამ რევანშიზმი, გადატრიალება, რევოლუცია კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა უნდა იყოს არჩევნები, უნდა დაკანონდეს, რომ ორ ვადაზე­ მეტი დროით ხელისუფლებაში­ არავინ დარჩეს. რევოლუცია შობს რევოლუციას, ქაოსს, ქაოსში კი ქვეყანა ვერ ვითარდება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, მაგრამ სწრაფვას წინ რა უდგას?! ნეიტრალიტეტს ახსენებენ, ნეიტრალიტეტი რომ დაიცვა, მინიმუმ ხორვატიის ბიუჯეტი და ისრაელის თავდაცვა უნდა გქონდეს. გარშემო ყველა­ სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და როცა ჩვენ მიმართ გარე ინტერესები არსებობს, შიგნით თუ არ მოხდა ქართველების შეთანხმება, პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, არაფერი გამოვა.

ბრიტანელი ისტორიკოსის, ლორდ აქტონის პოლიტიკურ აქსიომად ქცეული სიტყვები მახსენდება: "ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის". ვფიქრობ, ყველა ხელისუფლება ხიბლში ვარდება და რეალობას სწყდება, მათ ძალაუფლების შენარჩუნება მეტად აინტერესებთ, ვიდრე ხალხის კეთილდღეობა. საჭიროა ახალი, ძლიერი, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც შეძლებს ხალხის გაერთიანებას ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო.

ბრძენი მაშინ ხარ, მტერსაც შენკენ თუ მოაქცევ. ჩვენ არავის ვესხმით, ყოველთვის თავს ვიცავთ. ილიამ ლელთ ღუნიას პირით გვითხრა, "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს". მტერი ძალიან ეშმაკია - რუსი იდეოლოგის, დუგინის ადრეულ განცხადებებს თუ გადახედავთ, სავსეა საქართველოს აღების სურვილით, ახლა კი გვარიგებს,­ ქართველები არც პრორუსები უნდა იყოთ, არც პროამერიკელები, თქვენ უნდა იყოთ პროქართველებიო... არადა, მის საავტორო წიგნში "რუსეთის გეოპოლიტიკური მომავალი", რომელიც რუსეთის გენერალიტეტის სამაგიდო წიგნად ითვლება, დუგინი წერს, რომ უკრაინა რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, ის, როგორც ერი, არ უნდა არსებობდეს, საქარ­თველოს "თავისუფალი და უღრუბლო" მომავალი კი "დიადი რუსი ერის" ფრთებქვეშ წარმოუდგენია... ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!

ახლახან გავხდით მოწმე პოლიტიკური სიბრძნის მაგალითისა - მუდმივ სამხედრო­ კონფლიქტში მყოფი ჩვენი ორი მეზობელი, მესამე ძალის ჩარევით მივიდა შეთანხმებამდე... ამის ფონზე, წარმოუდგენელია, ჩვენ შიგნით ვერ მოვძებნოთ გზები­ ერთმანეთთან სასაუბროდ. აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ! არა მხოლოდ ხელისუფლებას, ოპოზიციასაც ბევრ რამეზე­ ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა რომ გადარჩეს და აღორძინდეს, შესარიგებელი ნაბიჯები­ პირველ რიგში ლიდერებმა უნდა გადადგან. ახლა თავის დამშვიდების უფლება არა გვაქვს, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ.

ახლა მთავარი გამოწვევა იცით, რა არის? შეძლებს თუ არა სახელმწიფო სამართლისა და ძალის შერწყმას ისე, რომ არც სამართალი დარჩეს უძლური და არც ძალა იქცეს უსამართლოდ. როცა სამართალი უძლურია, ქაოსი იწყება, როცა ძალა უსამართლოა, ტირანია იბადება. ორივე შემთხვევაში საზოგადოება კარგავს ნდობას და სახელმწიფო სუსტდება.

დაწერილი კანონების გარდა, ზნეობრივი კანონებიც არსებობს. ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი ვარ, რომელსაც ქვეყნისთვის სიკეთე და მშვიდობა მინდა, მაგრამ მშვიდობა ღირსების დაკარგვის ხარჯზე არ მინდა. მონის ფსიქოლოგიით არ უნდა ვიცხოვროთ!

- ოპოზიციის პასუხისმგებლობა ახსენეთ და დღეს მათ ქმედებებში პასუხისმგებლობას ხედავთ?

- სირცხვილია ჩვენი შიდა პოლიტიკური ამბების საერთაშორისო არენაზე გატანა, უცხო ქვეყნების ტრიბუნებიდან ლანძღვა და უცხოელ დიპლომატებთან დასმენა... როგორმე უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და ქვეყნის საკეთილდღეოდ შეთანხმება. სხვაგვარად როგორ დავარწმუნებთ აფხაზებსა და ოსებს, რომ აღვადგინოთ ძმობაც და ტერიტორიული მთლიანობაც?

სხვა სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლაც უსამართლობა მგონია. არავის ეპატიება გარედან ჩარევა - ამერიკა იქნება, რუსეთი თუ ევროპა. ზურაბ ჟვანიამ თქვა: "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი", მე ვამბობ, რომ ვარ ქართველი, კავკასიელი, ევროპელი და მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. რა არჩევანის წინაშე ვართ ქართველები?

- ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე ვართ. ძალაუფლებისთვის ბრძოლას სამშობლო არ უნდა გადავაყოლოთ. როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა: ჩვენი პარტია არის "საქართველო", ეს სულ გვახსოვდეს და ყველამ სამშობლოზე ვიფიქროთ!

თამუნა კვინიკაძე