„ჩემი ცხოვრება ხომ ჩემი მშობლებისა და ახლობლების „ჯამია“ - ის ვარ, საიდანაც მოვდივარ!“
"ყოველთვის მაქვს სურვილი, ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივო, რთული დღეები შევუმსუბუქო", - ამბობს ძიუდოში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ილია სულამანიძე. როდის ჰქონდა ყველაზე ემოციური წუთები კარიერაში და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 2001 წლის 18 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- სასახელო ქართველი, ჩემი წარმოდგენით "სასახელო" სპორტს უკავშირდებოდა. პატარა ასაკიდანვე მინდოდა, ძიუდოისტი ვყოფილიყავი.
- ჩემზე ამბობენ...
- ეს ბიჭი ფორტეპიანოზე უკრავსო. საბედნიეროდ, ჩემ შესახებ ცუდი არაფერი გამიგია.
- ჩემი პირველი წარმატება...
- 14 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი და ჩემი დიდი კარიერაც ასე დაიწყო, როგორც გრძელდება, ეს თქვენც იცით.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- საკუთარ თავს, ჩემს მიზანდასახულობას, ცოდნას და იმ სწრაფვას, რაც ბავშვობიდან მაქვს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ჯანმრთელად და კარგად არიან.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჯერ არ დამიმზადებია (იცინის). არ ვიცი, არც მგონია, რამით სხვებისგან გამორჩეული ვიყო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივო, ფიზიკური თუ მორალური მხარში დგომით რთული დღეები შევუმსუბუქო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- იმის დანახვის უნარია, რაც ჩემში არ მომწონს. რაც მომწონს, იმაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულიც მგონია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- არის მომენტები, როცა ამა თუ იმ საქმის გაკეთება მეზარება... ამ თვისებას სიამოვნებით შევცვლიდი. ვმუშაობ იმაზე, რომ 100%-ით გამოვიყენო ჩემი დრო და ენერგია, ბოლომდე დავიხარჯო. ყველა ადამიანი უნდა ეცადოს, შექმნას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ყველა იმ საქმეში, რასაც ხელს მოვკიდებ.

- პატიება შემიძლია...
- ნებისმიერ შემთხვევაში.
- თავად პატიებას ხშირად ითხოვთ?
- თუ აღმოვაჩენ, რომ რაღაც შემეშალა, ეს არასდროს მიჭირს.
- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა...
- კარიერაში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.
- ვიბნევი...
- ახლა თითქმის არასდროს, თუმცა წლების წინ ვიბნეოდი, როცა ის ცოდნა არ მქონდა, რაც ახლა მაქვს.
- ვნანობ...
- იმ შეცდომების გამო, რომელიც შეიძლება წარსულში უცოდინრობის გამო დავუშვი. იმედია გამოვასწორებ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- არავის, მყარი ნერვული სისტემა მაქვს.
- სიყვარული, ეს...
- არის ღმერთი და ჭეშმარიტება.

- ახლა შეყვარებული ხართ?
- დიახ, თუმცა ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით.
- მაკვირვებს...
- საკუთარი თავი. რატომ არ შეიძლება, ყოველი წუთი გადავდო იმ საქმისთვის და შრომისთვის, რომლის შედეგიც ვიცი, ბედნიერებას მომიტანს. დაზარება და უმოქმედობა ყველა ადამიანში მიკვირს, თუმცა ამ ყველაფერს ნაწილობრივ ბევრი საცდურიც განაპირობებს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ჩემი საყვარელი ადამიანების დანახვამ. მათი უბრალოდ დანახვაც კი მაბედნიერებს.
- ვრისკავ...
- არასდროს. ყველა შეცდომის სათავე უცოდინრობა მგონია, ამიტომ ვცდილობ ისეთი ნაბიჯები არ გადავდგა, რომლის შედეგიც არ მეცოდინება. იმის მაგალითებიც არსებობს, როცა რისკს სარგებელი მოუტანია, მაგრამ ჩემს თავზე გამოცდილი არ მაქვს.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- რაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე, ექსტრემალიც ვარ. არასდროს მიჭირდა სიმაღლიდან გადმოხტომა, საშიშIი ატრაქციონებით სარგებლობა. საკუთარ თავში რაიმე შიში თუ აღმომიჩენია, დამიძლევია, რადგან არ მინდოდა, გონებაში დამრჩენოდა განცდა, რომ რაღაც ვერ შევძელი, ვერ დავძლიე.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- უხერხულობას ვგრძნობ.
- მაშინაც, როცა მთელ ქვეყანას უდიდეს სიხარულს ანიჭებთ?
- დიახ, მაშინაც კი.
- იმ ბევრი ასპარეზობიდან, რომელიც დღემდე ჩაგიტარებიათ, ყველაზე ემოციური წუთები როდის გქონდათ?
- როცა ოლიმპიადის ფინალი დავთმე, ეს წამები და წუთები ემოციურად ყველაზე რთული იყო. ვერცხლის პრიზიორი გავხდი, არადა მქონდა შანსი, ოქრო ამეღო.
- ახლა ალბათ მკითხველს თქვენი ცრემლიანი თვალებიც გაახსენდა.
- დიახ, ამ მომენტზე ვლაპარაკობ.იმწუთშივე გავაანალიზე, რა შეცდომა დავუშვი და ისიც გავიაზრე, როგორ უნდა გამომესწორებიანა. მე იმწუთშივე მომავალ გამარჯვებებზე გავაკეთე ორიენტირება.
- რა გაძლევთ ყველაზე დიდ სტიმულს?
- ხალხის სიყვარული! როცა იცი, შენი მიღწევით გამოადგები შენს ქვეყანას, შენს ხალხს და საკუთარ თავსაც, ეს უდიდესი მოტივაციაა. ბევრჯერ ქუჩაში ჩემი დანახვისას უტირიათ, ბევრი თბილი სიტყვა უთქვამთ, მომფერებიან... ამ დროს კი ვგრძნობ უხერხულობას, მაგრამ თან ეს ბედნიერების ცრემლებიც მახარებს, ადამიანებში ასეთი ემოცია რომ გამოვიწვიე.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- გაიღიმეო.
- იშვიათად იღიმი?
- ალბათ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შინაგანი ემოციები ჩემს მიმიკებს ხშირად არ ემთხვევა. როგორ კარგ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, შეიძლება არ ვიღიმოდე. ეს ვიდეოებიდან ვიცი, ხომ მახსოვს ის ემოცია, რაც გადაღების დროს მქონდა, მაგრამ ჩემი განწყობა სახეზე არ "მაწერია". ამ მიმართულებითაც ვმუშაობ.
- ვუფრთხილდები...
- დროს, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენო.
- ვიტყუები, როცა...
- ახლობლებისთვის რაღაც ძვირად ღირებულს ვყიდულობ, არ მინდა ფასის გამო ინერვიულონ.
- სიურპრიზების მოწყობა გჩვევიათ?
- კი, მაგრამ ჩადენილ სიკეთეებზე ლაპარაკი არ მიყვარს.
- თავისუფლება...
- ღმერთში უნდა ვეძებოთ, იმ ცოდნის და ჭეშმარიტების მიღების სურვილში, რომელიც უნდა გვქონდეს მთელი ცხოვრბა. მერე ვიქნებით ბოლომდე თავისუფლები.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- მოვახმარდი საქმეს, რომელიც შეუმსუბუქებდა ცხოვრებას იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება.
- მენატრება...
- ჩემი გარდაცვლილი ახლობლები, ის ადამიანები, ვინც ფიზიკურად აღარ შემიძლია ვნახო.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ღმერთის წყალობით, ასეთი დაძაბული დღეები არ მაქვს და არც მქონია. რთული დღეები, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად გვიდგება, მაგალითად, ახლობლის გარდაცვალება, ამ დროსაც არ შეიძლება ადამიანი სასოწარკვეთას მიეცეს, იმედი სულ უნდა გქონდეს, ისევე როგორც საკეთებელი საქმე...
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ ყველა დარიგება, რომელიც მშობლებისგან მომისმენია ან წიგნებში ამომიკითხავს, ჩემში დაილექა და აისახა ქმედებაზე, აზროვნებაზე. ჩემი ცხოვრება ხომ ჩემი მშობლების და ახლობლების "ჯამია" - ის ვარ, საიდანაც მოვდივარ!
- დაბოლოს გეტყვით...
- გმადლობთ, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. არასდროს დავზოგავ თავს ჩვენი სამშობლოსთვის, მადლობა ყველას, ვინც მგულშემატკივრობს.
თამუნა კვინიკაძე