„აქ ბუნება საოცრებებს „ხატავს“
ისეთი ქვეყნის პატრონები ვართ, პოეზიის არ იყოს, მისი სილამაზის ფოტოგადაღება ვის არ მოსურვებია. თუმცა ფოტოც არის და ფოტოც: ფოტოგრაფად უნდა დაიბადო, ჯერ გულმა უნდა აღბეჭდოს და მერე კადრმა, რომ ფოტოთი სული შეიძრას. გიორგი ნიკოლავამ წლების წინ ფოტოაპარატი აიკიდა და საქართველოს გზებს დაადგა. წლებია ავდარში, ხანაც პაპანაქებაში საათობით დადის და საოცარ ფოტოებს იღებს საქართველოს ყველა მხარეში. მათზე მისი და ჩვენი საქართველოა, ვინ იცის, მერამდენე შემოვლაზე აღბეჭდილი და ნანატრი, რაც აუცილებლად უნდა ნახო და ათასჯერ მეტად შეიყვარო, ვიდრე გიყვარს, რომ არავის დაუთმო, არავის გაუყო და გაყოფილიც დაიბრუნო ოდესმე მაინც.

- გსმენიათ რაიმე სარიჩაირის მთაზე? ის მაღალმთიან აჭარაში 1900 მეტრზეა; მის კალთაზე ახლა სამი სარიჩაირის ტბაა. თუმცა აქაურები ამბობენ, რომ ადრე მხოლოდ ერთი ტბა იყო, რომლიდანაც დროდადრო ჰაერის ბუშტუკები ამოდიოდა. შემდეგ ბუშტუკები გაქრა, ტბა დაპატარავდა და ახლოს კიდევ სხვა ტბები წარმოიქმნა. ძალიან მინდა ამით გეოლოგები დაინტერესდნენ, ვესაუბრე, არაერთხელ დავწერე კიდეც, მაგრამ მკვლევარი არავინ გამოჩნდა... აქ ბუნება საოცრებებს `ხატავს~ და ქმნის, იმიტომაც არის მაგნიტივით მიმზიდველი. თუმცა არა მხოლოდ ბუნების, ადამიანების გამოც, რომლებიც გაოცებენ თავიანთი სითბოთი. არადა, ბევრი აქაური ადგილის შესახებ ჯერ კიდევ სულ რამდენიმე წლის წინ ბევრმა არაფერი იცოდა. ზოგიერთს თვით ადგილობრივებიც არ იცნობდნენ. მე შუამთის ტბებზე ჩემი გურული მეგობრისგან გავიგე, მაგრამ როდესაც ხულოში ვიკითხეთ, სად არის ტბები-მეთქი, გვითხრეს, შუამთაში ტბები არ ვიცით, შუამთობის დღესასწაული ვიცითო. ჰოდა, მეც იმიტომ მომინდა აჭარის გაცნობის დაწყება სწორედ ამ იდუმალი შუამთის ტბებიდან. ასე კითხვა-კითხვით მოვძებნეთ ახალგაზრდების დახმარებით. გვითხრეს, თუ შუამთის ტბაზე მიდიხართ, ჯერ იპოვეთ გოგირდის მჟავე წყლები, მერე რამდენიმე გორა გადაიარეთ და მიაღწევთ იმ ადგილს, რომელსაც თეთრობი ჰქვია, აი, იქ გასწავლიან შუამთის ტბებსო. როდესაც თეთრობს მივაღწიეთ, იქ მართლაც მიგვასწავლა მწყემსმა ბილიკი, კიდევ ერთი გორა გადავიარეთ და, შორს გამოჩნდა ტბებიც. მერე ტბის პირას დავბანაკდით, საღამო ჟამს კი შუახნის კაცი მოგვიახლოვდა მორიდებით: დაღლილი იქნებით, დაისვენეთ, კაიმაღი მიირთვითო, და 2 ქილა კაიმაღით და ცხელი პურით გაგვიმასპინძლდა. საღამოს კარვის ახლოს ბავშვებმა კოცონი დაანთეს, მაგრამ ცოტა ხანში მგლების ყმუილი გაისმა. გვითხრეს, კარავში დარჩენა სახიფათოა, აგერ, ქოხში დარჩითო, და ტბის პირას ქოხზე მიგვითითეს. ჩვენც გავათენეთ ქოხში და დილის შვიდ საათზე კარზე კაკუნი გაისმა - გღვიძავთ? ცხელი ბორანო მოგიტანეთ, სანამ გაცივდებოდეს მიირთვითო, და ჩვენი გულები კიდევ უფრო გათბა ამ სტუმართმოყვარეობით.

- ზღაპარი. დანარჩენზეც მოგვიყევით.
- თრუსოში ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ზაქაგორს მიღმა ხეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აქ ნასოფლარები ძალიან ჰგავს თუშეთსა და ხევსურეთს. გული ძალიან ამატკივა. გულსატკენია, აბა, რა არის საზღვრისპირა სოფლების ბედის ანაბარა მიტოვება. მარგალიტები გვაქვს საქართველოში, რომლებზეც არაფერი ვიცით. მაგალითად, ლეჩხუმიც მარგალიტია, რომელსაც ყურადღება და ტურიზმისა და აგრომიმართულების განვითარება სჭირდება. რატომღაც ბლოგერები არ ინტერესდებიან ლეჩხუმითო, გულისწყრომით გვითხრა ლეჩხუმელმა ბატონმა ლექსო ჩარკვიანმა, ვის არ მივმართეთ და მხოლოდ სოსო ნებიერიძემ გამოთქვა სურვილიო. წარმატებას ვუსურვებ სოსოს. იქნებ სხვებიც გამოჩნდნენ, რადგან ლეჩხუმს მართლაც იშვიათად ახსენებენ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. არადა, ულამაზესია. რამდენჯერაც წავედი, იმდენჯერ აღფრთოვანებული დავბრუნდი... რომელი ერთი ვთქვა: თითქმის 9 საათი მოვანდომეთ ხევსურეთში, არხოტში, ტანიეს ტბაზე ასვლას. გზაზე ხე და ჩრდილი არ გხვდება, მაგრამ ტბა საოცრებაა, ულამაზესი გარემოა! ძალიან ბევრს კარგავს ის ქართველი, რომელიც მსოფლიოს მოივლის და საქართველოსი კი არაფერი იცის. რა თქმა უნდა, ზღაპარია მთელი სვანეთი, ხევსურეთი... რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელ ერთზე უნდა ვთქვა, რომ სასწრაფოდ საშველია. სვანეთში სოფელ ადიშში პირველად არ ვყოფილვარ, მაგრამ ყველა ჯერზე გული მიკვდება. ეს ის სოფელია, რომელმაც შატბერდის ლავრაში 897 წელს გადაწერილი უძველესი სახარება შეინახა. აქ ფრესკებიც ჯერჯერობით შემონახულია, მაგრამ ყველაფერს სასწრაფოდ მოვლა სჭირდება. ისევე როგორც სხვა სოფლებში, კოშკები აქაც ინგრევა. გული მოგიკვდება, როცა ამდენ დანგრევის პირას მისულ უსახურავო კოშკს ნახავ, რომლებზეც ხეებია ამოსული. ინგრევა ავთენტური სახლები, იკარგება ძველი იერი.

შატილიდან მუცომდე სივრცე ხევსურეთის სულიერი პეიზაჟია, იქ ციხეები ცას ეხებიან, მდინარეები დროის მსვლელობას მიჰყვებიან და ქარი ლეგენდებს ფრთხილად წერს ფიქალზე.
ნაკლები სილამაზე არც ბარში გვაქვს. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ნადარბაზევის ტბასთან, მზესუმზირების ველზე და სუნთქვა შემეკრა, იმდენად ერწყმოდა ულამაზეს პეიზაჟს. მზის სხივებზე მოლივლივე ყვითელი მზესუმზირები თითქოს ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. ყოველი ნაბიჯი იმედისა და სიხარულის მარცვლებს ჰგავდა, თითქოს დრო შეჩერებულიყო და მხოლოდ სითბოსა და სურნელით გაჟღენთილ სივრცეში დავაბიჯებდი.

აი, ასეთია საქართველო, სადაც წლებია მოკრძალებულად დავაბიჯებ და ვცდილობ ყველას გავაცნო.