ომი „კრიმინალური ტახტისთვის": შაქრო კალაშოვის ფაქტორი აფხაზეთში - "პიზა" გულის" წინააღმდეგ ანუ ვინ გახდება მთავარი "ავტორიტეტი" - კვირის პალიტრა

ომი „კრიმინალური ტახტისთვის": შაქრო კალაშოვის ფაქტორი აფხაზეთში - "პიზა" გულის" წინააღმდეგ ანუ ვინ გახდება მთავარი "ავტორიტეტი"

აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში "მთა­ვარი კანონიერი ქურდის" სტატუსისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა. როგორც რუსული მედია წერს, სასტიკი დაპირისპირება ახალ ათონთან შავ ზღვაში, იახტაზე დასრულდა, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი სცემეს, დაჭრეს და ზღვაში გადააგდეს. როგორც ამბობენ, "კრიმინალური ტახტისთვის" ომი შარშან, 2024 წლის მაისში­ დაიწყო.­ 51 წლის აფხაზ ე.წ. კანო­ნიერ ქურდ რაულ ბარცბას, რომელიც კრიმინა­ლურ წრეებში "პიზას" სახელით­ არის ცნობილი, გამოწვევა გაუგზავნა 46 წლის თემურ­ კაპბამ, იგივე "გულიმ". როგორც მაშინვე ითქვა, მათი "წონითი კატეგო­რიები" უთანასწორო იყო, რადგან "პიზა" წლებია აფხაზეთის მთავარი "კანონიერი ქურდის" სტატუსს ატარებს და დიდი გავლენით სარგებლობს, "გული" კი ახალბედაა და მისი მხარდამჭერი ქურდების გავლენაც სუსტია.

გამოცემა "ლენტა.რუ" წერს, რომ კონფლიქტი წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა და არგუმენტების ამოწურვის შემდეგ მოწინააღმდეგეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ.­

"6 ივლისს ახალი ათონის ნავმისადგო­მთან ერთიმეორის მიყოლებით გაჩერდა ძვირად ღირებული მანქანები, საიდანაც გადმოდიან სერიოზული სახის მამაკაცები­ და ადიან იახტაზე. იახტა ღია ზღვაში­ გადის. ბორტზე შეკრებილები აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს გავლენიანი პერსონები არიან. მათი მიზანია წერტილი დაუსვან "რესპუბლიკის" მთავარი "კანონიერი ქურდისა" და მისი თავხედი კონკურენტის­ დაპირისპირებას. ბევრი იმედოვნებდა, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდებოდა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი მკვლელობის მცდელობად გადაიქცა... დაძაბული საუბარი განგსტერული ფილმების სტილში დასრულდა: ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი ჯერ შავ ზღვაში იახტაზე აღმოჩნდა, შემდეგ კი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ბორტს მიღმა", - წერს გამოცემა.

ვინ არის აფხაზეთის „მთავარი კანონიერი ქურდი"

რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", 1966 წელს დაიბადა სოხუმში. 2019-2020 წლებში­ აფხაზური კრიმინალური იერარქიის, გუდა­უთის­­ კლანის ლიდერი ხდება. ციხეში პირველად 20 წლის ასაკში აღმოჩნდა. შემდგომ წლებში მისი ცხოვრება მუდმივად ციხეებსა­ და ახალ დანაშაულებს უკავშირდება. 2010 წელს ავტორიტეტებმა,­ თენგიზ­ კუჩუბერიამ და მერაბ­ ბახიამ, ხელი შეუწყვეს მის კორო­ნაციას. "პიზა" ნარკოტი­კებით ვაჭრობა­ს­თან იყო დაკავშირებული, რაც "ქურდულ წესებს"­ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი გავლენა მაინც იზრდებოდა. 2010 წელს აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში ლიდერობის პრეტენზია გაუჩნდა და დაუპირისპირდა უხუცეს ე.წ. კანონიერ ქურდ ვალერი ხაშბას (ვალერა), მაგრამ მორიგდნენ და "პიზა" აფხაზეთის ნომერი პირველი ე.წ. კანონიერი ქურდი გახდა, თუმცა მისი ახალგაზრდა ცხელსისხლიანი მხარდამჭერები საქმეებს ხშირად მუშტებით აგვარებდნენ, რის გამოც "პიზამ" ძალიან საშიში მტრები გაიჩინა. ერთი მათგანი იყო მერაბ ჯანგველაძე (სუხუმსკი), სოხუმის ძლიერი კლანის ლიდერი, რომელიც რუსეთში დიდი გავლენით სარგებლობდა. 2018 წლიდან "პიზა" ასევე დაუპირისპირდა აზერბა­იჯანის მთავარ "კანონიერ ქურდ" ნადირ სალი­ფოვს და ის აფხაზეთში ბოსტნეულითა­ და ხილით ვაჭრობის­ სფეროდან განდევნა. სალი­ფოვი აფხაზი კრიმინალისთვის სახიფათო მტერი გახდა და სწორედ ამის შემდეგ ბარცბამ პრაქტიკულად შეწყვიტა აფხაზეთის "საზღვრების" დატოვება.

"პიზას" დაპირისპირება ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან

2014 წლიდან აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი მწვავე დაპირისპირება "ობშიაკის" გამო ატყდა. ტრადიციულად, "ობშიაკიდან" ფინანსდება როგორც პატიმრების, ასევე სხვადასხვა კრიმინალური საქმე. "პიზას" აზრით, რომელიც ამ დროს უკვე გუდაუთის კრიმინალური კლანის ლიდერია, აფხაზეთის "ობშიაკი" უნდა კონტროლდებოდეს ეთნიკური აფხაზის და არა ქართველის თუ გალელი "ქურდის" მიერ. მისი არგუმენტი მკაფიოდ პოლიტიკურ ელფერს ატარებდა აფხაზეთში - კრიმინალური ცენტრი ქართველ ე.წ. ავტორიტეტებს არ უნდა დაეკავებინათ. ეს პირდაპირი გამოწვევა იყო როგორც გალის გავლენიანი კრიმინალებისთვის, ასევე ქართული კრიმინალური ქსელისთვის. გალელი კრიმინალური ჯგუფების კონტროლი ვრცელდებოდა კონტრაბანდაზე, სიგარეტსა და საწვავზე. იქაურ "ობშიაკს" ქართველი "კანონიერი ქურდის", ჩირო გალსკის ნათესავი, გია შონია აკონტროლებდა. გალელ კრიმინალებს მფარველობდა მერაბ ჯანგველაძეც (მერაბ სუხუმსკი), რომელიც სოხუმელია, თუმცა აფხაზეთის გარეთ ცხოვრობდა.­ "პიზას" ეთნოკლანურ არგუმენტს თანამოაზრეები გამოუჩნდნენ და გუდაუთის კრიმინალურ კლანსა და სოხუმ-გალის ქართულ კლანებს შორის დაიწყო­ ხანგრძლივი და სისხლიანი ომი, რომელიც­ მკვლელობებით, შურისძიებითა და გავლე­ნების გადანაწილებით გამოირჩეოდა. ამ კონფლიქტში ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება სწორედ მერაბ ჯანგველაძეს უკავშირდება. "პიზასთვის" მერაბ ჯანგველაძესთან ბრძოლა პრინციპული იყო, მისთვის "ობშიაკის" განკარგვა არა მხოლოდ კრიმინალური­ ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო, არამედ პოლიტიკურ-ეთნიკური მნიშვნელობა ჰქონდა - აფხაზეთში აფხაზები უნდა ბატონობდნენ. "პიზამ" კრიმინალურ წესებში პოლიტიკა შეიტანა. როგორც მაშინ რუსული მედია წერდა, მათი დაპირისპირება შეტაკებებშიც არაერთხელ გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანგველაძეს რუსეთში დიდი გავლენა ჰქონდა, აფხაზეთში ბარცბამ მაინც შეძლო პოზიციის გამყარება. ამას ხელს უწყობდა როგორც ადგილობრივი კრიმინალების ეთნიკური სოლიდარობა, ასევე­ დე ფაქტო პოლიტელიტის არაფორმალური მხარდაჭერა. 2019 წლის ზაფხულში "პიზა" და მისი გუდაუთელი თანამოაზრეები, ასტამურ (ასტიკ) შამბა და ალხას (ხასიკ) ავიძბა გალში რამდენიმე ათეული ავტომანქანითა და სამასამდე მხარდამჭერით ჩავიდნენ და გია შონიასა და სხვა ქართველი კრიმინალებისგან "ობშიაკის" გადაცემა მოითხოვეს. კონფლიქტი შეტაკებაში რომ არ გადაზრდილიყო, დავაში ჩაერია რუსული "ობშიაკის" მაყურებელი კახა ფარფალია, რომელმაც ტელეფონით დართო ნება, გალის "ობშიაკი" გადაეცათ "პიზასთვის"... იმავე წლის ნოემბე­რში "პიზას" უახლოესი გარემოცვა, ხასიკ ავიძბა და ასტიკ შამბა სოხუმის რესტორან "სან-რემოში" ჩაცხრილეს. მაშინ ამ ხოცვა-ჟლეტამ "პიზას" პოზიცია შეასუსტა, თუმცა გალის "ობშიაკს" ისევ გუდაუთის კლანი­ განაგებდა და "პიზა" აფხაზეთში ერთ-ერთ ძლიერ კრიმინალურ ფიგურად დარჩა, მერაბ ჯანგველაძის და მისი თანამოაზრეების პოზიცია კი აფხაზეთში შესუსტდა.

თემურ კაპბა - "მთავარი ქურდის" სტატუსის პრეტენდენტი

თემურ კაპბაც სოხუმელია, დაბადებულია 1978 წელს. 20 წლამდე მშობლიური ქალაქის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ხელმძღვანელობდა ეთნიკურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ბინების ქურდობით იყო დაკავებული. 2003 წელს დაიჭირეს მეტროსადგურზე ტურისტისთვის 400-დოლარის მოპარვის გამო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ზონაში კაპბა პატიმრებთან ქურდული წესების შესაბამისად იქცეოდა, რაც კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2006 წელს პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ კაპბამ სწრაფად შეკრიბა თანამემამულეების ბანდა და ბიზნესმენების ბორსეტების (მამაკაცის ჩანთა, სადაც ფულს, საბუთებს, მობილურ ტელეფონებს, სავიზიტო და საკრედიტო ბარათებს ინახავენ) მოპარვა დაიწყო, ნადავ­ლის წილს კი ქურდების "ობშიაკში" რიც­ხავდა. 2008 წელს ისევ დააკავეს, რკინიგზაზე "მოსფილმის" თანამშრომლის მანქანიდან ძვირფასი ხატების მოპარვის მცდელობისას. ციხიდან 2011 წელს გათავისუფლდა. 2013 წელს შედგა მისი ე.წ. ქურდად კორონაცია და მიიღო მეტსახელი "გული". როგორც ითქვა, მაშინ კრიმინალურ სამყაროში ერთმა დაპირისპირებულმა კლანმა მეორის წინააღმდეგ გამოიყენა "გულის" კორონაცია, ამჟამად კი გულის "ნათლიები" ქურდულ სამყაროში სუსტი დაჯგუფებაა. "გულის" იმავე წელს 4 წლით იჭერენ ჰეროინის ფლობის გამო. 2017 წელს გათავისუფლების შემდეგ ის კრასნოდარის მხარეში მიდის, სადაც დაიწყო თავისი გავლენის გავრცელება და სწორედ ამ დროს შეეჯახა მისი ინტერესები თანამემამულე "პიზას" ინტერესებს, რომელიც იმ დროისთვის აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროს ხელმძღვანელობდა. "გული" აქტიურად ლობირებდა აზერბაიჯანელი ქურდების კლანს აფხაზეთში, რადგან კრიმინალური ავტორიტეტის, ნადირ სალიფოვის­ ძმასთან მეგობრობდა. "გული" თურქეთში მიემგზავრება და ერთხანს სალიფოვების კლანთან ერთად აკონტროლებს ბიზნესებს. ასევე ერთიანდება ე.წ. კანონიერ ქურდ დავით ბოჟაძესთან (შაკო) და ერთად ცდილობდნენ თავიანთი გავლენის გავრცელებას რუსეთის სხვადასხვა რეგიონის კოლონიებში.

დიდი კონფლიქტი აფხაზ "კანონიერ ქურდებს" შორის

ბოლო წლები "პიზასთვის" რთული იყო: დაპირისპირება ჰქონდა ე.წ. კანონიერ ქურდ ნადირ სალიფოვთან და ამის გამო აფხაზეთში ჩაიკეტა. 2019 წლის 22 ნოემბერს კი მისი მომხრე "კანონიერი ქურდები", ასტამურ შამბა (ასტიკი) და ალხას ავიძბა (ხასიკი), რესტორან "სან რემოში" ჩაცხრილეს. მათთან ერთად ჩაცხრილეს მაგიდასთან მჯდომი მამაკაციც და მიმტანი გოგონაც. "პიზამ" დაკარგა თავისი ახლო წრე, დანაშაულის დამკვეთიც უცნობი დარჩა. თუმცა უკვე 2020 წელს "პიზას" ყველაზე საშიში მტერი, ნადირ სალიფოვი მოკლეს და ამ უკანასკნელის კლანის გავლენა შესუსტდა,­ "პიზამ" კი ამოისუნთქა.

ამის შემდეგ სალიფოვის გარემოცვას დაუპირისპირდა "კანონიერი ქურდი" ზაქა­რია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი), რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი. კალაშოვმა დევნა დაუწყო "გულისაც", როგორც სალიფოვის კლანის წევრს. მან ქურდებთან გაავრცელა მოწოდებები (კრიმინალ­ურ სამყაროში "პროგონები"), რომ "გუ­ლი" თაღლითი და ავანტიურისტია, შედის­ სხვადასხვა პროვინციის ზონებში და შუღლს თესავს. კალაშოვს მიზეზი ჰქონდა, "გული" ე.წ. ქურდული წესრიგის გაკონტროლებას ცდილობდა კრასნოდარის იმ კოლონიაშიც, სადაც კალაშოვი იხდიდა სასჯელს და ეს უპრეცედენტო უტიფრობად ჩაითვალა. "გული" წლების განმავლობაში არკვევდა, ვინ დააპირისპირა ის კალაშოვთან და 2024 წელს შუღლის ჩაგდებაში ბრალი "პიზას" დასდო. მან ინტერნეტში გაავრცელა ვიდეოგზავნილი, სადაც "პიზას" უხამსი სიტყვებით აგინებს და ქურდების მკვლელობებშიც ადანაშაულებს. ამბობს, რომ ყველა "კანონიერი ქურდი", ვინც აფხაზეთის კრიმინალურ ავტორიტეტს მხარს უჭერს, მისი მსგავსი "ნაგავია". მისმა მოწოდებებმა ("პროგონებმა") კრიმინალურ სამყაროში დიდი ხმაური გამოიწვია. სწორედ აქედან დაიწყო აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში მასშტაბური დაპირისპირება. 2025 წლის ზამთარში, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, "გულიმ" თურქეთიდან აფხაზეთში დაბრუნებაც დაგეგმა, რაც "პიზას" დიდი საფრთხის ქვეშ აყენებდა.­ თამაშში მოულოდნელად "შაქრო მოლოდოი" ჩაერთო. თებერვალში კალაშოვმა "პიზა" ხანდაზმულ აფხაზ ქურდ ხაშბასთან შეარიგა და არსებითად მთელ ქურდულ სამყაროში მისი ლეგიტიმაცია მოახდინა. შედეგად, "გული" აფხაზე­თში მხოლოდ 8 მაისს ჩავიდა. მალე მას ე.წ. კანონიერი ქურდების დელეგაცია ეწვია ვალერი ხაშბას ხელმძღვანელობით, რათა "პიზასა" და "გულის" შორის კონფლიქტი დასრულებულიყო. სწორედ მაშინ დაიგეგმა შეხვედრა იახტაზე.

დასასრული იახტაზე

რუსული ინტერნეტგამოცემა "პრაიმ კრაიმი", რომელიც კარგად არის ინფორმირებული პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, წერს, რომ 6 ივლისს აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს გავლენიანი პერსონები ახალ ათონში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე წასვლამდე "გული" მხარდაჭერაზე შეუთანხმდა რამდენიმე ქურდს - ხაშბას, ვახტანგ ფაჩულიას (ნანიკი) და დაურ გუბლიას (დუკა), თუმცა შეკრებაზე ის არასათანადოდ მოიქცა - როცა საუბარი დაიძაბა, "გულიმ" დანა ამოიღო, "პიზას" მივარდა და დანის ტარი გაარტყა სახეში. ის სხვა კრიმინალურმა ბოსებმა შეაჩერეს, შემდეგ კი "გულის" ლინჩის წესით დასჯა გადაწყვიტეს - ის სასტიკად სცემეს, იახტაზე დააგდეს, ხელები, ფეხები და ლავიწის ძვალი მოტეხეს და ნაპირთან ახლოს გადააგდეს. ამ სასტიკ ცემას ვიდეოკავშირის საშუალებით კრიმინალური სამყაროს სხვა ლიდერებიც ადევნებდნენ თვალს, მათ შორის შაქრო კალაშოვი და ბადრი კოღუაშვილი (ქუთაისკი). "გული" გადარჩა და მძიმე მდგომარეობაში აფხაზეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მომავალი კრიმინალურ სამყაროში ბუნდოვანია.

ეკატერინე ბასილაია