პაბლო ესკობარის ნარკოფეხბურთი - მსაჯების მკვლელობა, მარადონას გატაცება და ლიბერტადორესის თასის მოგება
"კოკაინის მეფე" - ასე მოიხსენიებდნენ მსოფლიოში ცნობილ ნარკობარონს პაბლო ესკობარს, რომელიც უმდიდრესი ადამიანი იყო. ცნობილი კონტრაბანდისტის ქონება 1990-იანების დასაწყისში 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული. პაბლო ესკობარი იყო ადამიანი, რომელიც იყენებდა მაკიაველის პრინციპს: "მიზანი ამართლებს საშუალებას".
პაბლო ესკობარი 1949 წელს დაიბადა. ის მესამე შვილი იყო ფერმერისა და მასწავლებლის ოჯახში. სულ შვიდნი იყვნენ. როგორც მისი და იხსენებდა, პაბლოს პირველი ფეხსაცმელები ბუცები იყო, მაგრამ ის ადრეულ წლებშივე ფულს მკვლელობებით, ძარცვითა და გამოძალვით შოულობდა.
გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში იწყება ნარკოიმპერიების აღზევება\. კოლუმბია პირობით რეგიონებად დაიყო, სადაც დანაშაულებრივ ბიზნესს კარტელები მართავდნენ. საჭიროების შემთხვევაში პაბლო ესკობარი და მისი თანამოაზრეები კონკრეტულ დღეებსაც კი აცხადებდნენ, როდესაც პოლიციელებზე თავდასხმა დაფინანსდებოდა, ამისთვის ღარიბ უბნებში ბავშვებსაც კი ურიგებდნენ იარაღს, რადგან თუ მაგალითად, ამერიკის სპეცსამსახურები რომელიმე დაჯგუფების დაკავებას შეეცდებოდნენ, ბავშვებს ისინი იარაღით დაეცვა, ფიქრობდნენ, რომ სპეცსამსახურები ბავშვებზე ხელს არ გაისვრიდნენ, ხოლო თუ რომელიმე ბავშვი მაინც შეეწირებოდა, კარტელი ამას სათავისოდ გამოიყენებდა...
ესკობარის სახელს უკავშირდება არაერთი უცნაური ამბავი - მას ინტერპოლი ეძებდა, პაბლო კი შვილთან ერთად თეთრი სახლის წინ ფოტოებს იღებდა; როდესაც კოლუმბიის პოლიციას ემალებოდა, ერთ-ერთ სახლში ელექტროენერგიის უქონლობის გამო, შვილის გასათბობად 2 მილიონი დოლარი დაწვა; მის უზარმაზარ სამფლობელოში, პუერტო-ტრიუნფოში, ზოოპარკი მოაწყო, სადაც უამრავი სპილო, ჟირაფი, ბეჰემოთი და სხვა ცხოველი ბინადრობდა.
ესკობარს 4000 კაცი ჰყავს მოკლული, მათ შორის, 200 მოსამართლე, 1000 პოლიციელი, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები...
7 წლის განმავლობაში ესკობარი ჟურნალ "ფორბსის" სიაში უცვლელად ლიდერობდა, როგორც უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში. მისი ბიზნესი მოიცავდა მანქანებს, თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ნავებს, მან ასევე იყიდა 2 წყალქვეშა ნავი, რათა კოკაინი ამერიკაში ამ გზით გაეტანათ. ყველაზე მეტად ექსტრადიციის ეშინოდა, არ სურდა, სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამერიკის ციხეში გაეტარებინა. "მირჩევნია ჩემი სხეული განისვენებდეს კოლუმბიის მიწაზე, ვიდრე აშშ-ის ციხეში". იმისთვის, რომ ექსტრადიციის კანონი შეეცვალათ, კოლუმბიის ხელისუფლებას 10 მილიარდი დოლარი შესთავაზა. მიუხედავად უამრავი სასტიკი დანაშაულისა, ესკობარმა რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა ღარიბი კოლუმბიელების დასახმარებლად - ფულს ურიგებდა ეკლესიებსა და საავადმყოფოებს, დააფუძნა გაჭირვებულთა თავშესაფრები, სადაც ხალხი უფასოდ იღებდა საკვებს, ააშენა პარკები და სპორტული მოედნები... ღარიბმა მოსახლეობამ ნარკობარონს მეტსახელად რობინ ჰუდი უწოდა. მას სხვა მეტსახელებიც ჰქონდა: "დონ პაბლო" და "ელ-პატრონა".
27 წლისამ ცოლად შეირთო მარია ვიქტორია ენაო, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო. წყვილს ორი შვილი, ვაჟი ხუანი და გოგონა მანუელა ჰყავდა. "ვერასდროს ვერაფერს ვანაცვალებ ჩემს ცოლ-შვილს", - ამბობდა ნარკობარონი.
პაბლომ თავისი პოპულარობა გამოიყენა კოლუმბიის კონგრესში ასარჩევად: "ყველას აქვს თავისი ფასი, მთავარია, გაარკვიო, ვინ რამდენი ღირს", - ხშირად ამბობდა თურმე "კოკაინის მეფე".
პაბლო და ფეხბურთი
მიუხედავად არშემდგარი პოლიტიკური კარიერისა, პაბლოს შემოსავალი გიჟური ტემპით იზრდებოდა. მის წინაშე ისევ დილემა იდგა: როგორ გაეგრძელებინა ფულის გათეთრება. ზუსტად ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება ახალი გატაცება - ფეხბურთი. ამ დროს კოლუმბიური კლუბები სულ უფრო მეტად ხდებოდნენ "ნარკოდამოკიდებულები". ესკობარის პარტნიორი ხოსე გაჩა ფულს აბანდებს ბოგოტას "მილიონარიოსში", ესკობარის ძველი მტერი გილბერტო ორეხუელა - კალის "ამერიკაში". კონკურენტის დამარცხება პაბლოსთვის პრინციპის საქმე გახდა... პაბლო აკვირდება გუნდებს, მისი ფულით მედელინის (ქალაქი კოლუმბიაში) გარშემო შენდება სტადიონები, თავად პაბლოს საყვარელი გუნდია მედელინის "ინდეპენდიენტე" და ნარკობარონის სიმპათია მისკენ იხრება, თუმცა საბოლოოდ ფული "ატლეტიკოში" ჩადო...
1988 წელს ესკობარის "ატლეტიკო ნასიონალს" უკვე პირველი მცირე წარმატება ჰქონდა - ადგილობრივ ჩემპიონატში ის მე-2 ადგილზე გავიდა. მე-2 ადგილზე გასვლა ნიშნავდა, რომ "ატლეტიკო" ლიბერტადორესის თასზე ითამაშებდა! "ტყვია ან ვერცხლი" - ეს იყო ესკობარის პრინციპი, როცა საქმე ქრთამზე მიდგებოდა.
ყველაფერი ეჭვის გარეშე დაიწყო... "ატლეტიკო" პლეი-ოფში მეორე ადგილიდან გავიდა. პირველ 4 შეხვედრაში მატჩი ვერ მოიგო, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულა და მხოლოდ დანარჩენში აიღო გამსვლელი ქულები. 1/8-ფინალში "ატლეტიკო ნასიონალმა" არგენტინული "რასინგი" გამოთიშა - პირველი შეხვედრა არგენტინაში 2:1 დათმო, საკუთარ სახლში კი 2:0 გაიმარჯვა... და მხოლოდ 1/4-ფინალიდან დაიწყო ინტენსიური საუბრები, რომ ნარკობარონი თამაშის შედეგზე დიდ გავლენას ახდენდა. მათი მოწინააღმდეგე "მილიონარისი" აღმოჩნდა ის გუნდი, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში წაართვა პირველობა "ატლეტიკოს" და ლიბერტადორესზე მეორე ადგილზე დატოვა, თავად კი წაუგებელი სერიის წყალობით გავიდა ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, "მილიონარისი" უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად შინ მათ "ატლეტიკო ნასიონალთან" 1:0 წააგეს და გასვლაზე 1:1 ითამაშეს. "მილიონარისის" ფეხბურთელები მსაჯებით უკმაყოფილო იყვნენ და აცხადებდნენ, თამაში გაყიდულიაო.
ნახევარფინალში კოლუმბიურ გუნდს დაუპირისპირდა ურუგვაის "დუმბიო", რომელსაც დიდი წარმატება არასდროს ჰქონია და არ წარმოადგენდა პრობლემას "ატლეტიკო ნასიონალისთვის". გასვლაზე მათ 0:0 ითამაშეს, რაც ერთი მხრივ, კომფორტული შედეგი იყო, მეორე მხრივ კი რისკი, რამდენადაც ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, საჭირო იყო გარანტიები.
მედელინში არგენტინელ არბიტრს კარლოს ესპოსიტოს თავის კოლეგებთან ერთად უნდა ემსაჯა. აი, ასე იხსენებს მსაჯი მატჩის წინა დღეს: "ჩემს დამხმარეებთან, აბელ ნიეკოსა და ხუან ბავოსთან ერთად ვივახშმე და ნომერში დასაძინებლად წავედით. ძილის წინ წყლის შეკვეთა გადავწყვიტე, რადგან გაგვაფრთხილეს, ონკანიდან დალევა არ ღირსო, მაგრამ გოგოს ნაცვლად, რომელსაც ჩემთვის წყალი უნდა მოეტანა, ნომერში ოთხი შეიარაღებული კაცი შემოვარდა და ჩვენ წინ დააგდო ჩანთა, სადაც, როგორც გვითხრეს, 200.000 დოლარი იყო, ეს თქვენი საჩუქარი იქნება, თუკი ხვალ "ატლეტიკო" გაიმარჯვებსო. მათ ნიეკოს თავზე იარაღი მიადეს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ უარი გვეთქვა... ვუთხარით, რომ ჩვენს საქმეს პატიოსნად შევასრულებდით, რაზეც გვიპასუხეს: "გასაგებია, მაგრამ კარგი იქნება, თუ "ატლეტიკო" მოიგებს, იცოდეთ, თქვენი სიცოცხლე აქ არაფრად ღირს". მერე ნომერი დაარბიეს, ტელეფონიც კი დაამტვრიეს. იმ ღამეს არავის გვეძინა. ნახევარი წლით ადრე სიგარეტს თავი დავანებე, თუმცა იმ ღამეს მე ისევ ვეწეოდი..."
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა მსაჯებმა უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ ესკობარს, "ატლეტიკოსა" და "დანუბიოს" თამაში უცნაური სცენარით წარიმართა. მაყურებლები ამბობდნენ, რომ ურუგვაელ ფეხბურთელებს თითქოს შიში ჰქონდათ და ინიციატივას მოწინააღმდეგეს უთმობდნენ. შედეგად, "ატლეტიკომ" უპრობლემოდ დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 6:0 და ფინალის საგზური მოიპოვა.
ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი კარლოს ესპოსიტო იხსენებს: "სტადიონი მაყურებლით იყო გადაჭედილი. ესკობარიც იქ იყო, ოღონდ გადაცმული. ეს პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომელიც გვიცავდა. ის პოლიციელი მატჩიდან 9 დღის შემდეგ დახვრიტეს... სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩვენ (მსაჯებს) ძალიან გაგვიმართლა, რომ "ატლეტიკომ" გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვებაც კი არ გვაძლევდა გარანტიას, რომ ცოცხლები გავაღწევდით - ესეც პოლიციის უფროსმა გვითხრა. ზეიმის დროს აგრესია იგრძნობოდა. იმ ღამეს 9 კაცი შეეწირა. ქუჩაში ნარკოტიკით გაჟღენთილი ხალხი დაძრწოდა. მედელინი საშინელი ქალაქია".
ესკობარის ხალხი აშანტაჟებდა მთავარ მსაჯს, ხუან კარლოს ლუსტოს, რომ იცოდნენ, სად ცხოვრობდა, სად ატარებდა დროს და ისიც კი, სად სწავლობდნენ მისი შვილები... პირველ მატჩში "ოლიმპიამ" მეტოქეს 2:0 სძლია. "ატლეტიკო" კოლუმბიაში მძიმე მდგომარეობით გაემგზავრა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მეორე შეხვედრას გუნდები არა მედელინში, არამედ ბოგოტაში ჩაატარებდნენ, რადგან მედელინში მოსახლეობა მტრულად იყო განწყობილი და ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა კონტროლიდან გამოსულიყო. თუმცა ოფიციალურ მიზეზად ტრიბუნებზე სკამების ნაკლებობა იყო დასახელებული (საჭირო იყო მინიმუმ 50 000 ადგილი).
"ატლეტიკომ" სასწაულად შეძლო წონასწორობის აღდგენა და პენალტების სერიამდე მიაღწია. თამაშის მთავარი გმირი მეკარე რენე იგიტა გახდა, მან 4 პენალტი მოიგერია. პენალტების სერია 5:4, კოლუმბიელების სასარგებლოდ დასრულდა. "ატლეტიკო" პირველი კოლუმბიური გუნდი გახდა, რომელმაც ლიბერტადორესის თასი მოიგო, რაც ესკობარის მიზანი იყო!
თუ თქვენ ჩათვლით, რომ ეს ორივე მსაჯის (რომელთა მოსყიდვას ცდილობდა ესკობარი) გადაჭარბებული მონათხრობია, მაშინ აი, კიდევ ერთი საზარელი ისტორია: როგორც უკვე გითხარით, პაბლოს საყვარელი გუნდი იყო "ინდეპენდიენტე". ადგილობრივ ჩემპიონატში ის კალის "ამერიკას" ეთამაშებოდა და 3:2-ს აგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ესკობარის საყვარელმა გუნდმა გოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა იმ მატჩის ლაინსმენმა ალვარო ორტეგამ მიიღო სადავო გადაწყვეტილება და გოლი არ ჩათვალა. შესაბამისად, "ინდეპენდიენტე" დამარცხდა. იმავე საღამოს ორტეგა თავისი კოლეგის თვალწინ საჯაროდ დაცხრილეს. მოგვიანებით ესკობარის ახლო მეგობარმა აღიარა, რომ პაბლომ გასცა დახვრეტის ბრძანება...
2016 წელს "ატლეტიკომ" მეორედ მოიგო ლიბერტადორესის თასი. გუნდის ისტორიაში ეს მეორე საკონტინენტო თასი გახდა, კოლუმბიის ისტორიაში - მესამე.
საბოლოოდ, ესკობარს მოუწია ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლამ და ციხეში ჩაჯდომამ, რომელიც საკუთარი თავისთვის თავად აიშენა. "ლა კათედრალი" უფრო ელიტურ კლუბს ჰგავდა, ვიდრე თავისუფლების აღკვეთის ადგილს. იქ მას ჰქონდა ყველაფერი, არც საფეხბურთო მოედანი დავიწყებია, რომელზეც ბევრ ცნობილ ადამიანს იწვევდა ბურთის გასაგორებლად.
ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა იხსენებს: "მოულოდნელად თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ციხეში წამათრია ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც სახეს არც მალავდნენ. გაკვირვებული ვეკითხებოდი, რა ხდება, დაკავებული ვარ-მეთქი? მით უმეტეს, მაშინ კანონთან პრობლემები მქონდა. უეცრად ტომარას მხსნიან და ჩემ წინ ვხედავ პაბლო ესკობარს. მე მეგონა, ციხეში მივდიოდი, მაგრამ ეს შენობა, რომელზეც მოგვიანებით გავიგე, რომ "ლა კათედრალი" ერქვა, ნამდვილ სასტუმროს ჰგავდა, უფრო ძვირფას სასახლეს, ვიდრე ციხეს... მან თქვა, რომ მოსწონს ჩემი სათამაშო სტილი, რომ ჩემი თაყვანისმცემელია, რადგან ჩემსავით სიღარიბეში გაიზარდა, მაგრამ წარმატებას მიაღწია... მერე ფეხბურთი ვითამაშეთ, შემდეგ იყო საღამო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გოგონებთან და ეს ყველაფერი ციხეში ხდებოდა! დილით კოლოსალური თანხა გადამიხადეს და წამოვედი".
როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ესკობარი ჩვეულებრივ ციხეში გადაეყვანა, მან გაქცევა მოახერხა. მასთან ერთად გაიქცა მისი ერთ-ერთი თანამზრახველიც. ესკობარი პოლიციას ტყეში ემალებოდა, თან რადიოში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის რეპორტაჟს უსმენდა და როცა კოლუმბიამ გოლი გაიტანა, ისე აყვირდა, მის თანამგზავრს შეშინებია, პოლიციამ არ გვიპოვოსო. თურმე იმ დღეებში ფეხბურთი იყო ერთადერთი, რაც მას ახარებდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების გამოსვლას "კოკაინის მეფე" ვერ მოესწრო - როცა ვაჟს ტელეფონით ელაპარაკებოდა, მიაგნეს და მშობლიურ მედელინში სიცოცხლეს გამოასალმეს. მას საფეხბურთო ბუცები ეცვა...
ნიკოლოზ თევდორაშვილი