"ვნანობ, რომ ბოლო 12 წელია არ მინახავს", "ლევანი გამარჯვებული წავიდა! რეჟიმთან ბრძოლაში სიყვარულის ნიჭი არ დაუკარგავს" - როგორ იხსენებენ ლევან გაჩეჩილაძეს?
გასულ კვირას 61 წლის ასაკში კიდევ ერთი გულანთებული თბილისელი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. ისიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
"ლევანი იყო გამორჩეული, თხემით ტერფამდე ქართველი კაცი!"
დავით მაღრაძე, პოეტი:
- ძალიან ძნელია ჩემთვის ლევანზე წარსულში ლაპარაკი, მაგრამ წუთისოფლის კანონს ვერ შევცვლით. ლევანი იყო გამორჩეული, თხემით ტერფამდე ქართველი კაცი. ერთდროულად ემოციურიც და გონიერიც. ერთი სიტყვით, თავისუფალი სულის საზრიანი კაცი, რომელსაც რეჟიმთან ბრძოლაში სიყვარულის ნიჭი არ დაუკარგავს.
სწორედ ეს სიყვარულის ნიჭია, რაც ამარჯვებინებს და აცხოვნებს ადამიანს. მან საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა და ვერ მოიგო, თუმცა იქაც გაიმარჯვა... ლევანი გამარჯვებული წავიდა!
"გარეგნობით გამორჩეული, მოყვასის მოყვარული და უბოროტო კაცი იყო!"
ირაკლი მელაშვილი, პოლიტოლოგი:
- ღმერთმა ნათელში ამყოფოს! ბოლოს რომ შემხვდა ქუჩაში, უკვე ძალიან ცუდად იყო, ახლოსაც ვერ მოვდივარ მოსასალმებლად, ისე მაქვს იმუნიტეტი დაცემული, ნებისმიერი კონტაქტი საშიშიაო. გული მომიკვდა. პოლიტიკური შეხედულებები ერთია, ადამიანობა კი მეორე...
ლევანი ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ჩვენ ერთ ეზოში გავიზარდეთ და ერთ სკოლაში ვსწავლობდით - 55-ე საშუალო სკოლაში. მახსოვს, ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა, ჩემს მშობლებთანაც ურთიერთობდნენ. ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე ეზოში, სტადიონზე - მე, ლევანი და გია, მისი ძმა. ლევანი სპორტსმენი იყო და კალათბურთსაც კარგად თამაშობდა ბავშვობაში, მერე თავი დაანება...
გარეგნობით გამორჩეული, თბილი ადამიანი იყო, ბოროტი, შურიანი და მოჩხუბარი არასდროს ყოფილა. მერე მოულოდნელად აღმოჩნდა პოლიტიკაში. ბიზნესშიც იყო. ძალიან თბილი, მოყვასის მოყვარული და უბოროტო კაცი იყო!
ღმერთმა გაანათლოს!
"იმ ქალაქს დააკლდა, სადაც უბოროტოდ განვლილი ბავშვობა და სიჭაბუკე საგზლად გვქონდა ულევად. ქალაქს, სადაც წესიერ კაცს ჯერ კიდევ ცნობდნენ, პატივი და ფასი ჰქონდა!"
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი:
- მიყვარს და მეყვარება! პატივს ვცემდი და ძალიან მომენატრება... ჩემი თაობის უმაგრესი კაცი იყო, არის და იქნება კიდეც ჩემთვის საამაყო კაცი! ყველა საუკეთესო თვისება, რაც კი ქართველ კაცს გააჩნია, უხდება და ამშვენებს, გულში ჰქონდა და თან უხვად! ოჯახიშვილობა, რწმენა, სიკეთე, ვაჟკაცობა, გულწრფელობა, სისუფთავე, შესახედაობა, მომხიბვლელობა, ქართველობა და ქვეყნის სიყვარული - ეს ის თვისებებია, რის გამოც გვიყვარდება და სიცოცხლის ბოლომდე და მას შემდეგაც პატივს ვცემთ ადამიანს. ლაღი, ფრთაშესხმული, რომანტიკოსი, სიცოცხლის, ეშხისა და პეწის მოყვარული ზეიმის კაცი... რთულ სიტუაციაშიც ყოველთვის პრაგმატული, გონიერი, ზნეკეთილი, წესიერი კაცი... დღეს თუ სახელმწიფო გვაქვს და იმ რთულ, უღმერთო დროს სისხლის კალო არ გაილეწა, ზეწოლის, მუქარის და ღალატის თანხლებით, პოლიტიკურ პროცესში თითქმის მარტო დარჩენილი ლევანის გადაწყვეტილების დამსახურებაა! იმ ,,ნასედკა" პოლიტიკოსებზე და ვითომ შინაურ გულშემატკივრებზე არც არაფერს ვიტყვი, ანდა რა უნდა ვთქვა?! იშრომა, იწვალა, დაიღალა და ბოლოს გაილია... იმ ქალაქს დააკლდა, სადაც და რა დროსაც ჩვენ დავიბადეთ, უბოროტოდ განვლილი ბავშვობა და სიჭაბუკე საგზლად რომ გვქონდა ულევად. ქალაქს, სადაც წესიერ კაცს ჯერ კიდევ ცნობდნენ, პატივი და ფასი ჰქონდა მათ არსებობას - ასეთ ქვეყანას და ქალაქს დააკლდა ლევანი! გაგიმარჯოს, ქვეყნისთვის შენს ლოცვას გაუმარჯოს! ცხონდეს შენი სული! ამინ! ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა!"
"დღეს ვნანობ..."
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- სამწუხაროდ, თბილისში არა ვარ და ვერ მოვახერხებ ბოლო გზაზე გავაცილო ლევან გაჩეჩილაძე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყო და ბოლო 12 წელია არ მინახავს, რასაც დღეს ვნანობ, ის იყო განსაკუთრებული პიროვნება და კარგი მეგობარი.
"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს და უსამძიმრებს მთელ საქართველოს