რა ხდება სუს-ში: რატომ ჩაანაცვლა ანრი ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ?! - რა ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურ კულუარებში
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ირაკლი მელაშვილთან ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 25 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. სხვათა შორის, გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ის არის, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს მამუკა მდინარაძე შეცვლის...
კულუარული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ ანრი ოხანაშვილი სპეცსამსახურის სისტემამ არ მიიღო და მას იქ პროცესების მართვა უჭირდა. მან კიდევ რამდენიმე თვე ითხოვა სიტუაციის დასალაგებლად, თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერშიფმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მამუკა მდინარაძე იმას, რაც ვერ შეძლო ანრი ოხანაშვილმა...
რა თქმა უნდა, მელაშვილმაც დააფიქსირა პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-საარჩევნო გარემოზე საუბრობს.
- ოპოზიციის მოქმედებები რამდენად სწორია და არჩევნებში მონაწილეთა საკადრო გადაწყვეტილებებზე რას იტყვით?
- მთავარი ის არის, "ნაციონალური მოძრაობისა" და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ამოცანა არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მათი ამოცანა ახლა მათი დამარცხებაა, ვინც არჩევნებზე მიდის. მათ რატომღაც ჩათვალეს და, ჩემი აზრით, ძალიან ეშლებათ, რომ ახლა, როდესაც საზოგადოების აქტიური ნაწილი წინააღმდეგია არჩევნებში მონაწილეობის, მათ აქვთ შანსი, რომ გაანადგურონ არანაცური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, მათი აზრით, მათი კონკურენტები არიან და თუ ამათ გაანადგურებენ, აღდგება ის დიქოტომია, რაც იყო - მარტო "ქოცი" და "ნაცი", მაგრამ ვინაიდან "ქოცი" უკვე ძალიან დისკრედიტირებულია ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, მხოლოდ ამ ორი ძალის დაპირისპირების შემთხვევაში ძალაუნებურად გამარჯვება მათ დარჩებათ და ისინი ერთპიროვნულად მოვლენ ხელისუფლებაში.
აი, ეს შთაბეჭდილება მრჩება. ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, ახლა მიმდინარეობს "ნაცმოძრაობისა" და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების ერთი ნაწილის ბრძოლა იმისათვის, რომ იქნებ რამენაირად პოლიტიკური არენიდან გააქრონ არანაცური ოპოზიციის პარტიები. ეს არის მათი ამოცანა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან შედეგს არ მოიტანს.
- ამ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეთა ის საარჩევნო კამპანია, რაც, ასე თუ ისე, დაიწყეს და საკადრო პოლიტიკა რამდენად გამართლებულია და რაც მთავარია, შედეგი ექნება?
- საკადრო პოლიტიკაზე ვერაფერს ვიტყვი. ირაკლი კუპრაძე იმ პარტიული კანდიდატებიდან, ვინც ციხის გარეთ არის და ვინც შეიძლებოდა "ლელოს" დაესახელებინა, ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატია. ახალგაზრდა, მებრძოლი კაცია, ქარიზმაც აქვს და ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება პროგრამას, არ ვიცი, რა პროგრამით გადიან.
მიმაჩნია, რომ თბილისში ოპოზიციის კოზირი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება.
მათი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ მინახავს, არ ვიცი, რა პროგრამული დაპირებები აქვთ და რას შესთავაზებენ საზოგადოებას. ვფიქრობ, შეცდომა არ უნდა დაუშვან და აქცენტი არ უნდა გააკეთონ მხოლოდ დღეს აქტიურ პოლიტიკურ თემებზე. დიდწილად საუბარი უნდა იყოს თბილისის პრობლემებზე. ასევე, ყველგან, სადაც იქნება ოპოზიციის კანდიდატი, ყველგან უნდა იყოს მუნიციპალურ პრობლემებზე საუბარი.
- იმედია, ვცდები, მაგრამ დღეს ისე ჩანს, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციამ გამარჯვებაზე ხელი ჩაიქნია და ახლა ადგილის დამკვიდრების თუ თავის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მიდის...
- ვერ დაგეთანხმებით. აგვისტო საერთოდ ძალიან ცუდი პერიოდია თბილისში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად, სექტემბერში გამოჩნდება ყველაფერი.
- რა იქნება ყველაზე კარგი, რა უნდა გააკეთონ დარჩენილ ერთ თვეში გამარჯვების მოსაპოვებლად? ცხადია, ვგულისხმობ მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს.
- თბილისში ეს უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების შეთავაზება, ძალიან კარგად შესწავლა იმ პრობლემების, რაც ქალაქის თითოეულ რაიონშია. ოპოზიცია ამ ბრძოლაში ძალიან კარგად აღჭურვილი უნდა ჩაებას. თბილისის მერიას ძალიან ბევრი სისუსტე და შეცდომა აქვს და ეს უნდა გამოიყენოს. ახლა ამ სისუსტეებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ამ შეცდომებისა და სისუსტეების საფუძვლიანი გაანალიზებისა და გამოყენების დრო. პოლიტიკური თემები არსად არ გაიქცევა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას სთავაზობს ოპოზიცია, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც სწორედ თვითმმართველობას ეხება.
- ახლახან გახდა ცნობილი, რომ სუს-ის ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მის ადგილას კი მამუკა მდინარაძე წარადგინეს. ეს ფაქტი ხომ არ მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებაში" პრობლემებია?