უკრაინული შურისძიების იარაღი, რომელიც შიგ კრემლში დაარტყამს?! - ვარდისფერი „ფლამინგო“ პუტინისთვის „შავ რისხვად“ გადაიქცევა
მეხუთე დღეა, მსოფლიოს მასმედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას მალე გამოუჩნდება ყველაზე მრისხანე შურისძიების იარაღი, ფრთოსანი რაკეტის - „ფლამინგოს“ სახით და პუტინს შიგ კრემლში დაარტყამსო...
ამ ბლოგის ერთგული მკითხველი დამიდასტურებს, რომ როგორც კი რაღაც რაიმე ახალი შეიარაღება გამოჩნდებოდა რუსეთ-უკრაინის ომში, ამაზე ოპერატიულად ვწერდით, მაგრამ უკრაინულ „ფლამინგოსთან“ დაკავშირებით თავი შეგნებულად შევიკავეთ და რამდენიმე დღე დავიცადეთ, რათა გაგვერკვია, რომ „ფლამინგოსთან “ დაკავშირებული მედიური აჟიოტაჟი უკავშირდებოდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინაპროპაგანდისტულ მოქმედებას თუ „ფლამინგოს“ მწარმოებელი კერძო ფირმის პიარაქცია გახლდათ, მიმართული თავისი პროდუქციის გასასაღებლად. მით უმეტეს, რომ უკრაინის არმიის შეიარაღებაში რამდენიმე ათეული ტიპის დრონია მიღებული და ყველა ცდილობს, თავის „ქმნილებას“ მეტი რეკლამა გაუწიოს და, შესაბამისად, უფრო დიდი მოგებაც მიიღოს, რადგან ომი, სამწუხაროდ, ფულის კეთების დაზგაა, დიდი ომი კი - დიდი ფულის...
ბოლო ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ „ფლამინგოს“ შემქმნელმა უკრაინულმა სტარტაპმა Fire Point-მა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანულ ფირმა Milanion Group-თან (ბოროტი ენები ამბობენ, რომ „ფლამინგო“ სინამდვილეში სწორედ ბრიტანელების დაპროექტებულია), თავისი ახალი ნამუშევარი - ფრთოსანი რაკეტა FP-5-ის (იგივე Fire Point-5-ის) ფაქტობრივი პრეზენტაცია დასავლეთის მასმედიის წარმომადგენლებისთვის განახორციელა, რაც პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი გახლდათ და რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინელ სამხედრო ბლოგერებში, რადგან იმ საამქროს, სადაც ეს რაკეტები იწყობა, შიდაინტერიერის ფოტოვიდეომასალაზე დაყრდნობით, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, სავარაუდოდ, გამოიცნეს, თუ უკრაინის რა ნაწილში მდებარეობს ეს საამქრო...
რაც შეეხება სახელ „ფლამინგოს“, ის FP-5-ს არაოფიციალურად შეერქვა იმის გამო, რომ გამოცდის დროს ამ რაკეტის წინანაწილის გარსაცმი ვარდისფერ ფერში იყო შეღებილი, რასაც მისი შემქნელი უკრაინული სტარტაპის - ქალი ხელმძღვანელის სურვილს უკავშირებენ, ისე კი, საფრენოსნო გამოცდებისას რაკეტებს, როგორც წესი, ჭადრაკულად წითელ ფერშიც ღებავენ, რომ უფრო ადვილი იყოს მისი ფრენის დაკვირვება და ვიდეოგადაღება.
რაც შეეხება მთავარ საკითხს - შეიძლება თუ არა, რომ უკრაინული ვარდისფერი „ფლამინგო“ პუტინისთვის „შავ რისხვად“ გადაიქცეს, მით უმეტეს, რომ საცდელისგან განსხვავებით, საბრძოლო „ფლამინგოები“ უკვე შავ ფერში იქნებიან შეღებილნი...
„ფლამინგოს“ იმ ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებიდან, რასაც ასაჯაროებს მისი შემქმნელი უკრაინული სტარტაპი, ალბათ - კი, რადგან თუკი „ფლამინგოს“ შეუძლია 3-ათას კმ-მდე ფრენა 800-900 კმ/სთ სიჩქარით და ამ მანძილზე ერთ ტონაზე მეტი მასის საბრძოლო ქობინის გადატანა, ეს მართლაც შეიძლება გადაიქცეს უდიდეს კოშმარად აგრესორი რუსეთისთვის და არა მარტო მისი დედაქალაქის, მოსკოვისა და თვით კრემლისთვის, არამედ - უკრაინის საზღვრიდან ბევრად უფრო დაშორებულ სანკტ-პეტერბურგს და ურალის ქედის აღმოსავლეთით ეკატერინბურგს, ტიუმენს, ჩელიაბინსკს, ომსკს და თვით ნოვოსიბირსკსაც კი მიწვდეს...
ეს ფაქტორი კი უკრაინულ „ფლამინგოს“, ფაქტობრივად, სტრატეგიული დანიშნულების იარაღად აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ 1 000-დან 5 500 კმ-მდე ფრენის მანძილის მქონე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები განეკუთვნებიან საშუალო სიშორის მოქმედების სარაკეტო შეიარაღებას.
დღეს, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინული ქალაქების ყოველღამისეული დაბომბვების საპასუხოდ უკრაინული კამიკაძე-დრონები ახერხებენ აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში 150 კმ/სთ სიჩქარით ფრენისას 50 კგ-მდე საბრძოლო ქობინის მიტანას და მორიგი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა თუ ნავთობტერმინალის აგიზგიზებას, რა მოხდება, როდესაც „ფლამინგო“ იმავე რუსულ სამიზნეებზე ექვსჯერ უფრო სწრაფად (რაც, თავის მხრივ, რუსულ საზენიტო საშუალებებს ძალზე გაუძნელებს „ფლამინგოების“ ჩამოგდებას) მიფრინდება და ოცჯერ უფრო მძლავრ საბრძოლო ქობინს ააფეთქებს?!
„ფლამინგოს“ შემქმნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ აირჩიეს გონივრული გზა, არ გამოეკიდნენ ნოუ-ჰაუს და, შესაბამისად, ძალიან ძვირ ტექნოლოგიებს და „ფლამინგო“ დააპროქტეს უკვე არსებული ხელსაწყოებისა და დეტალების ფართო გამოყენებით, რამაც, წესით, უნდა გააიაფოს მისი სერიული წარმოება.
თავად განსაჯეთ - „ფლამინგოსთვის“ გამოყენებულია АИ-25ТЛ-ის ტიპის ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავა, სწორედ ისეთი, რომელსაც 1960-იანი წლების ბოლოდან აყენებდნენ Як-40-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავზე (სამ ძრავას კუდის ნაწილში) და ჩეხოსლოვაკიის წარმოების სასწავლო-სავარჯიშო L-39 Albatros-ზე (რამდენიმე ასეთი „ალბატროსი“, სწორედ ამგვარი ძრავებით, დღესაც ირიცხება საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის განკარგულებაში).
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის „კაცი“ პენტაგონში ანუ მორიგი „გაუგებრობა“ ტრამპისგან...
ამ ძველ, მაგრამ კარგად გამოცდილ რეაქტიულ ძრავზე არჩევანი კი იმიტომ გაკეთდა, რომ მას 1967 წლიდან სწორედ ზაპოროჟიეს ქარხანა, რომელსაც დღეს „მოტორ სიჩი“ ჰქვია, აწარმოებდა ანუ უკრაინას თავის ტერიტორიაზე შეუძლია მისი წარმოების ან შეკეთების უზრუნველყოფა, რაც „ფლამინგოების“ მასობრივ სერიაში ჩაშვების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი -„მოტორ სიჩმა“, რომელსაც რუსეთი სისტემატურად ბომბავს, რომც ვერ შეძლოს ახალი რეაქტიული ძრავების მასობრივად წარმოების აღდგენა, გამოსავალი მაინც არის - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა დიდი რაოდენობის L-39 Albatros-ები, რომლებიც გამოიყენებოდა სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებლებში, კურსანტების მოსამზადებლად. მართალია, ამ „ალბატროსების“ მნიშვნელოვანი ნაწილის გაყიდვა სხვა ქვეყნებში უკრაინის ყველა ხელისუფლებამ მოასწრო (რვა „ალბატროსი“ საქართველომ სწორედ უკრაინაში შეიძინა), მაგრამ ამ სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავების ნაწილი მაინც დარჩა უკრაინის აეროდრომებზე და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასაფრენ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათგან АИ-25ТЛ-ის ტიპის ორკონტურიანი ტურბორეაქტიული ძრავების მოხსნა და „მოტორ სიჩში“ აღდგენა შეიძლება, მით უმეტეს, რომ ამ რეაქტიულმა ძრავებმა მხოლოდ 4-5 სთ თუ უნდა იმუშაონ, რომ „ფლამინგო“ მიზნამდე მიიყვანონ.
უკრაინული „ფლამინგო“, როგორც ფრთოსანი რაკეტა, რამდენადაც წარმოუდგენლად უნდა მოჩანდეს, თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით აღემატება არათუ რუსულ „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის Х-55, Х-555, Х-101 და „ხომალდი-ხმელეთის“ კლასის Калибр-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, არამედ - „ჩრდილავს“ თვით ამერიკული კლასის BGM-109 Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რადგან არც ერთ მათგანს არ შეუძლია ერთი ტონა საბრძოლო ქობინის წაღება. მხოლოდ საბჭოთა წარმოების „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის Х-22 Буря-ს ტიპის ფრთოსან რაკეტებს უყენიათ 960 კგ მასის საბრძოლო ქობინი.
საინტერესოა, რომ „ფლამინგოს“ ათასკილოგრამიანი საბრძოლო ქობინის სახით გამოყენებულია უკვე გამზადებული ამერიკული უმართავი საავიაციო ბომბი მსხვრევად-ფუგასური Mk-84 ან ბუნკერსაწინააღმდეგო BLU-109/B, რომლებიც რაკეტის წინანაკვეთურში, გარსაცმის ქვეშ არიან განთავსებულნი და გარედან არ მოჩანან. უკვე არსებული ბომბების, რომლებსაც მოხსნილი აქვთ ფრენის სტაბილიზაციისთვის საჭირო ფრთასხმულობა, რათა ადვილად განთავსდნენ რაკეტის კორპუსის შიგნით, გამოყენება ასევე აიაფებს „ფლამინგოს“ სერიულ წარმოებას.
თუმცა, „ფლამინგოს“ გააჩნია თავისი მინუსებიც:
პირველი - მისი ზომები, 6 მ-ზე გაშლილი ფრთა და მასა 6 ტონამდე, ართულებს საბრძოლო ექსპლუატაციას და 40 წუთამდეა საჭირო რაკეტის გასაშვებად მოსამზადებლად, მაშინ, როდესაც კონტეინერში ფრთადაკეცილი სხვა ფრთოსანი რაკეტების სტარტს წამები თუ სჭირდება.
მეორე - მძიმე „ფლამინგოს“ გაშვება მობილური დანადგარიდან სასტარტო სარაკეტო ამაჩქარებლით ხორციელდება, რის დროსაც, რამდენიმე წამის განმავლობაში (სანამ რაკეტული ამაჩქარებელი მოსცილდება უკვე აფრენილ „ფლამინგოს“), დიდი სიმხურვალის ცეცხლის ფაკელი გამოიტყორცნება რაკეტული ამაჩქარებლიდან, რისი დაფიქსირებაც მოწინააღმდეგის თანამგზავრს ან საჰაერო დაზვერვას შეუძლია, სტარტის ზუსტი კოორდინატების სწრაფი განსაზღვრით და წერტილოვანი საპასუხო დარტყმის უზრუნველყოფით.
რაკეტის თავში მოთავსებულია უკვე გამზადებული ამერიკული საავიაციო ბომბები, რაც მნიშვნელოვნად აიაფებს „ფლამინგოს“ მასობრივ წარმოებას...
მესამე -„ფლამინგოს“ გასვლა სამიზნეზე ხორციელდება ინერციული და GPS სისტემებით. რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა ისწავლეს GPS სისტემების ჩახშობა, თუმცა „ფლამინგოს“ შემქნელები ირწმუნებიან, რომ მათ რაკეტაზე რადიოელექტრონული ჩახშობისადმი მდგრადი GPS სისტემა დააყენეს. „ფლამინგოს“, სავარუდოდ, არ უყენია რელიეფის მიყოლებით, დაბალ სიმაღლეზე ფრენის სისტემა, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა მის მიზნამდე მიღწევის ალბათობას. ასევე, მას არ გააჩნია „ტექნიკური ხედვის“ ელემენტები და ის არ იმართება ოპერატორის მიერ ფრენის დროს.
ახლა მთავარია, თუ რამდენი „ფლამინგოს“ დამზადებასა და საბრძოლო გამოყენებას შეძლებს უკრაინა ყოველდღე, რადგან ამ ომში იარაღის ხარისხზე მეტად მისი რაოდენობა დაფასდა, რაც კარგად გამოჩნდა რუსეთის მხრიდან ირანული კამიკაძე-დრონების - „შაჰიდების“ მასობრივ გამოყენებაშიც.
თუკი უკრაინამ შეძლო ყოველღამ რუსეთის სტრატეგიული ობიექტებისკენ 10-20 „ფლამინგოს“ გაშვება მაინც და მათგან სამიზნეებამდე მხოლოდ 5-10-მა ფრთოსანმა რაკეტამაც მიაღწია (საინტერესოა, რომ რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში რუსული სტრატეგიული ობიექტების განადგურება „ფლამინგოებს“ უფრო გაუადვილდებათ, რადგან რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების უდიდესი ნაწილი გადასროლილია ფრონტის ხაზზე უკრაინაში და მოსკოვის, ასევე, პუტინის ქალაქგარეთა რეზიდენციების დასაცავად), ეს პუტინისთვის მართლაც „შავ რისხვად“ გადაიქცევა...
უკრაინული „ფლამინგოს“ გამოცდის ვიდეოკადრები