რუსტამი - რუსტამი - ნაპოლეონის მამლუქი - კვირის პალიტრა

რუსტამი - რუსტამი - ნაპოლეონის მამლუქი

ნაპოლეონის მამლუქის, რუსტამის სახელი ქართველი საზოგადოებისთვის საკმარისად ცნობილია, მაგრამ რუსტამის წარმომავლობის შესახებ ისტორიულ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ რუსტამი თბილისელი და ქართველი იყო, მეორენი კი მას სომეხად მიიჩნევენ. რა ედო საფუძვლად ამ გაუგებრობას?

ნაპოლეონის მსახური კონსტანი თავის მემუარებში "ნაპოლეონის პირადი ცხოვრების აღწერა", ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსტამი დაიბადა თბილისში და წარმოშობით ქართველი იყო. იმავეს წერს რუსტამის ერთ-ერთ ბიოგრაფი ჰექტორ ფლეიშმანი წიგნში "რუსტამი - ნაპოლეონის მამლუქი". რუსტამის ქართველობის ვერსიის მომხრეთა მთავარ ამოსავალ წერტილს, ცხადია, ის ფაქტი წარმოადგენს, რომ იგი თბილისში დაიბადა. ფრანგი ისტორიკოსი ჟან სავანი წიგნში "მამლუქები და ნაპოლეონი" დასძენდა: "რუსტამს ქართველს უწოდებენ იმიტომ, რომ დაიბადა თბილისში". თბილისში დაბადება, ბუნებრივია, არ ნიშნავდა მის ქართველობას.

რუსტამის ქართველობის ვერსიას, ცხადია, ფართო გამოძახილი ჰქონდა საქართველოში. ეს იდეა გვხვდება როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში "არსენა მარაბდელი" გამჭვირვალედ მიგვანიშნებს რუსტამის ქართველობას. არსენა წერილს უგზავნის რუსტამს, როგორც ტომით ქართველს. ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ მოსაზრების მთავარ ტონის მიმცემად ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გივი ჟორდანია გვევლინება. მისი აზრით, იგი იყო ქართველი როსტომ რაზმაძე.

უნდა ითქვას, რომ მტკიცების თვალსაზრისით რუსტამის ქართველობის ვერსია მოიკოჭლებს. თბილისში დაბადება სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ქართველი იყო. სასურველს შესაძლებლად ხომ არ მივიჩნევთ?

ამ საკითხში ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთსულოვნება არ არსებობს და ამისთვის გვერდის ავლა, ალბათ, სწორი არ იქნებოდა. აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისტორიკოს ილია ტაბაღუას თვალსაზრისს. ჩანს, ის რუსტამის ქართველობის ვერსიას სკეპტიკურად უყურებდა. იგი არ უარყოფს, რომ რუსტამი თბილისელია, მაგრამ არ აკონკრეტებს, ქართველია თუ სომეხი.

არსებობს სხვა მოსაზრებაც. ფრანგ ისტორიკოსთა მეორე ნაწილი უფრო იმ აზრისკენ იხრება, რომ რუსტამი სომეხი უნდა იყოს. რას ემყარება მათი შეხედულება? რა არგუმენტაცია არსებობს რუსტამის სომხური წარმომავლობის სასარგებლოდ? ამ ვერსიის მომხრეები უმთავრესად ეყრდნობიან რუსტამის მემუარებს, რომელშიც იგი პირდაპირ ამბობს, რომ სომეხია. მისი მამა იყო რაზა უნანი, ხოლო დედა – ბუდჩი ვარი. მისი ნამდვილი სახელია როსტომ რაზა. საფიქრებელია, რომ აქედან მოდის ვერსია, თითქოს ის იყო როსტომ რაზმაძე, რაც ერთობ ხელოვნურია. მშობლები ვაჭრები იყვნენ და ცხოვრობდნენ თბილისში. ამიტომ ძნელია დავეთანხმოთ კონსტანს, თითქოსდა "რუსტამი წარჩინებულ ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა".

უახლესი ქართული ისტორიოგრაფია უფრო იმ თვალსაზრისისკენ იხრება, რომ რუსტამი თბილისელი სომეხი უნდა იყოს. ამ მოსაზრებას იზიარებს საქართველოში ნაპოლეონის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე ნაშრომში "ეგვიპტური კამპანია. ნაპოლეონი მამლუქების წინააღმდეგ". ამ მოსაზრებას უჭერენ მხარს ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები. პროფესორი გოჩა ჯაფარიძეც ფიქრობს, რომ რუსტამი თბილისელი სომეხი იყო.

* * *

ნაპოლეონის მამლუქი რუსტამი დაიბადა 1780 წელს თბილისში. 11 წლისა იყო, როდესაც მოიტაცეს. 1794 თუ 1795 წელს გატაცებული ბიჭი იყიდა ერთმა ვაჭარმა ჩრდილოეთ კავკასიიდან. მცირე ხნის შემდეგ იგი მოხვდა კონსტანტინეპოლის მონათა ბაზარზე, სადაც მამლუქთა ერთ-ერთი თავკაცის, სალა-ბეის ნდობით აღჭურვილმა პირმა შეიძინა. ასე აღმოჩნდა რუსტამი ეგვიპტეში. 1799 წელს იგი უკვე შეიხ ელ-ბეკრის ამალაშია. როგორც ჩანს, ნაპოლეონს რუსტამი პირველად შეხვდა 1799 წლის 14 ივნისს. ეს მოხდა ქალაქ კაიროში. თანამედროვენი აღნიშნავენ, რომ ელ-ბეკრიმ ნაპოლეონს აჩუქა შავი არაბული ცხენი და რუსტამი. ნაპოლეონს სურდა, რომ მის ამალაშიც ყოფილიყო მამლუქი. ნაპოლეონმა რუსტამი თავის პირად დამცველად დანიშნა. ამის შემდეგ იგი ნაპოლეონს გვერდიდან აღარ მოსცილებია.

რუსტამი ნაპოლეონთან ერთად იბრძოდა, მონაწილეობდა სამხედრო აღლუმებში, საზეიმო ცერემონიალებში. ცხადია, ესწრებოდა ნაპოლეონის იმპერატორად კორონაციას 1804 წლის 2 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა ონორე ბალზაკმა მას "სახელგანთქმული მამლუქი" უწოდა.

ნაპოლეონი პატივს სცემდა რუსტამს. მან მამლუქს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება დაუნიშნა. ყოველი სამხედრო ოპერაციის შემდეგაც გულუხვად აჯილდოებდა. ცნობილია ისიც, რომ 1806 წელს რუსტამის ქორწილის ხარჯები მთლიანად ნაპოლეონმა გაიღო.

რუსტამის მცდელობა, მოეძებნა თავისი მშობლები, უშედეგო აღმოჩნდა...

დადგა 1814 წელი. ნაპოლეონის ერთგული რუსტამი ამჯერად იმპერატორის მოღალატეთა შორის აღმოჩნდა. მართალია, შემდგომ შეეცადა შეცდომის გამოსწორებას, თუმცა ამაოდ დაშვრა. "ასი დღის" დროს რუსტამმა ნაპოლეონს შესთავაზა თავისი სამსახური, მაგრამ ნაწყენმა იმპერატორმა ცივი უარით გაისტუმრა.

თეთრ ტერორს, რომელმაც იმსხვერპლა მიშელ ნეი და ბრუნი, რუსტამი როგორღაც გადაურჩა, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნებული ბურბონები მას ეჭვის თვალით უყურებდნენ. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბურბონთა რესტავრაციის დროს რუსტამს პოლიცია მეთვალყურეობდა.

1830 წლის რევოლუციის შემდეგ რუსტამი თავისი მეუღლის მამულში, დურდანში დასახლდა. რუსტამი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1840 წლის 15 დეკემბერს, წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებისას. იგი, ცხადია, ამ ისტორიულ ცერემონიალში მონაწილეობდა.

რუსტამი გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, 1845 წელს დურდანში და დაკრძალეს იქვე. ისტორიკოს ვარუჟან პოღოსიანს მოჰყავს ერთი საინტერესო ფაქტი. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა მხითარიანული კონგრეგაციის ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა იტალიაში, ვენეციაში. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ ამ ეკლესიის გადარჩენაში წვლილი რუსტამსაც მიუძღვის.

მერაბ კალანდაძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”