12 დღიან ომში რუსეთმა ისრაელს ირანის საჰაერო თავდაცვის კოორდინატები გაუმჟღავნა-თეირანიდან მოსკოვს ბრალი დასდეს... - კვირის პალიტრა

12 დღიან ომში რუსეთმა ისრაელს ირანის საჰაერო თავდაცვის კოორდინატები გაუმჟღავნა-თეირანიდან მოსკოვს ბრალი დასდეს...

მიუხედავად იმისა,რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევდა და მათ ამის თაობაზე ხელშეკრულებაც კი აქვთ გაფორმებული,თეირანში თვლიან,რომ ბოლო 12 დღიან ომში მოსკოვმა ირანის ინტერესები გაყიდა და ისრაელს ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუმხილა,რის გამოც ირანის ცაში დაუსჯელად დაფრინავდნენ ისრაელის თვითმფრინავები და ბომბავდნენ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს...

ასეთი სერიოზული ბრალდება რუსეთს წაუყენა ირანელმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა სეიედ მოჰამად სადრმა,რომელმაც ცნობილ გამოცემა Al Arabiya-ს შემდეგი განუცხადა: 2025 წლის 13-24 ივნისს,ირან-ისრაელის ომის დროს რუსეთმა ისრაელს გადასცა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტების თაობაზე,რამაც ისრაელის ავიაციას საშუალება მისცა წერტილოვანი დარტყმებით გაენადგურებინა ირანის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ნაწილი და ცენტრალური ირანის თავზე სრული საჰაერო ბატონობა მოეპოვებინა,რის შემდეგაც დაუსჯელად ბომბავდა ირანის ბირთვულ ობიექტებსო...

ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა ირანელი პოლიტიკოსისგან რუსეთის მიმართ,სხვათაშორის ისევე როგორც სომხეთში აკრიტიკებენ მოსკოვს იმის გამო,რომ რუსეთი მათ არ დაეხმარა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში.

ფაქტია,რომ ისრაელის ავიაციამ მართლაც პირველივე საჰაერო იერიშების დროს შესძლო ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში განთავსებული ირანის საჰაერო თავდაცვის ძალების ძირითადი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მწყობრიდან გამოყვანა.ისრაელელ მფრინავებს ამაში „მოსადის“ ის აგენტებიც ეხმარებოდნენ,რომლებიც წინასწარ იყვნენ ფარულად განთავსებულნი ირანული რადიოლოკატორებისა და საზენიტო-სარაკეტო დანადგარებიდან შორიახლოს და ბრძანების მიღებისთანავე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით შესძლეს ირანელი მეზენიტეების ტექნიკის განადგურება.

ირანელი პოლიტიკოსის ბრალდება რუსეთის მიმართ იმიტომაცაა ყურადსაღები,რომ ირანს სწორედ მოსკოვისგან ჰქონდა ნაყიდი „ბუკის“, „ტორისა“ და С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და დიდი ალბათობაა იმის,რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას სრული ინფორმაცია გააჩნდა იმის შესახებ,თუ სად ჰქონდა განთავსებული ეს საზენიტო დანადგარები ირანის არმიას.

რუსეთ-ისრაელის ფარული სამხედრო-პოლიტიკური გარიგებები არ ახალი თემაა და ასეთი რამ ხშირად ხდებოდა სირიასთან მიმართებაში, როდესაც ისრაელის ავიაცია დროდადრო უბომბავდა ბაშარ ასადის რეჟიმს აეროდრომებსა და ლოკატორებს,ხოლო სირიის ჰმეიმიმის აეროდრომზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი თავისი ძლიერი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენებით არ ცდილობდა პრეზიდენტ ასადის დახმარებასა და ისრაელის თვითმფრინავების მოგერიებას.

სხვათაშორის ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის დროს გამწარებულმა სირიელმა მეზენიტეებმა საზენიტო რაკეტით ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავის ნაცვლად რუსების სადაზვერვო „ილი“ ჩამოაგდეს...შეიძლება არცთუ შეცდომით...

მაგრამ, ჯერ კიდევს სირიამდე და ირანამდე,რუსეთ-ისრაელის ფარული გარიგება 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდეგ მოხდა, როდესაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილ რუს სამხედროებს ვიღაცამ გადასცა მანამდე ისრაელიდან ნაყიდი სადაზვერვო უპილოტო „ჰერმესების“ მართვის კოდები,ხოლო ომის შემდეგ ისრაელმა საერთოდ შეწყვიტა საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, მაგრამ სამაგიეროდ სადაზვერვო დრონები მიჰყიდა მოსკოვს, რომლებსაც რუსი სამხედროები აქტიურად იყენებდნენ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს...

ირანში რომ უკმაყოფილები არიან რუსეთის მიმართა,ამას დიდად აღარც მალავენ თეირანში-ჩვენ „შაჰიდებს“ ვუგზავნიდით პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში წარმატების მისაღწევად, მან კი არანაირი დახმარება არ გაგვიწია 12 დღიან ომში ისრაელის მხრიდან დაბომბვების მოსაგერიებლადა...

ამას ირანელები აქამდეც ამბობდნენ,მაგრამ თუკი დამტკიცდა, რომ რუსეთმა მართლაც „ჩაუშვა“ მის მიერვე მიყიდული საზენიტო საშუალებების ირანში განთავსების ადგილების ზუსტი კოორდინატები ისრაელისთვის,მაშინ თეირან-მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვაა მოსალოდნელი.

ირანელი პოლიტიკოსი სეიედ მოჰამად სადრმა არაბ ჟურნალისტებს ინტერვიუს ბოლოს კი ასეთი რამ უთხრა-ამ ომმა დაამტკიცა რუსეთთან სტრატეგიული კავშირის უაზრობაო...