ტრაგიკომედია რუსულად - როგორ დააფინანსებს პუტინი ომს პუტინისვე წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ტრაგიკომედია რუსულად - როგორ დააფინანსებს პუტინი ომს პუტინისვე წინააღმდეგ

ზელენსკი ევროპისგან ყოველთვიურად ერთ მილიარდს ითხოვს, რომ ტრამპისგან, პუტინის შესაჩერებელი ამერიკული იარაღი იყიდოს...

უკრაინას ევროპისგან ყოველთვიურად არანაკლებ ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება ამერიკული შეიარაღების შესასყიდად, რათა შეაჩეროს რუსეთის არმიის შემოტევები - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ამით დაასახელა მიახლოებითი ფინანსური ხარჯები აგრესორ რუსეთთან ყოველდღიური ომისა...

რა თქმა უნდა, თვეში ერთი მლრდ დოლარის ამერიკული იარაღის ყიდვის გარდა, ერთი ამდენი ან კიდევ უფრო მეტი ხარჯია ფრონტის ხაზზე და ზურგში თითქმის მილიონიანი არმიის შესანახად, დაჭრილებსა და დაღუპულებზე ფულადი კომპენსაციების გასაცემად და ა.შ.

მაგრამ, ეყოფა კი ერთი მლრდ დოლარის ევროპული დახმარება კიევს იმ ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესასყიდად, რომელთა ფასი ამერიკულ მხარეს... ხელოვნურად აქვს გაზრდილი?

ბაიდენის ხელისუფლების დროს, როდესაც ომის დასაწყისიდან უკრაინამ 65 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის მარტო სამხედრო დანიშნულების დახმარება მიიღო, ამ უზარმაზარი თანხების პუნქტების მხრივ გათვლა-გაწერა ძალიან უცნაურად მიმდინარეობდა და ერთ მომენტში პენტაგონმა აღიარა კიდეც, რომ რამდენიმე მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის,თურმე... ზედმეტი უანგარიშია!

ამის მთავარი მიზეზი კი ისიც გახლდათ, რომ პენტაგონში უბრალოდ არ იცოდნენ, თუ რა თანხად შეეფასებინათ უკრაინაში გასაგზავნი, საწყობებიდან ამოღებული ჰაუბიცები თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებიც ათწლეულების წინ იყო გამოშვებული და პენტაგონის მიერ მაშინ სულ სხვა ფასად შეძენილი.

შესაბამისად, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის ჯარებში თავისებურად აფასებდნენ უკრაინისთვის გამეტებულ შეიარაღების ფასს და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ისიც კი მოახერხეს, რომ უკრაინელი მეზღვაურებისთვის ნაჩუქარი ძველი კატარღები ისეთ ფასად შეაფასეს, რომ როდესაც პენტაგონის სათავო ოფისიდან კომპენსაცია მიიღეს, ახალი და უფრო მეტი კატარღის შესაძენადაც კი ეყოთ...

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, სინამდვილეში კი ბევრად მეტ დარღვევას აფიქსირებენ დღეს პენტაგონის ფინანსურ დოკუმეტებში „ჩამჯდარი“ ტრამპის „ხალხი“, რომელთაც სპეციალური დავალება აქვთ თეთრი სახლიდან, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისდროინდელი რაც შეიძლება მეტი დარღვევა აღმოაჩინონ.

zelenski-1756192883.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: 12 დღიან ომში რუსეთმა ისრაელს ირანის საჰაერო თავდაცვის კოორდინატები გაუმჟღავნა-თეირანიდან მოსკოვს ბრალი დასდეს...

უკრაინული შურისძიების იარაღი, რომელიც შიგ კრემლში დაარტყამს?! - ვარდისფერი „ფლამინგო“ პუტინისთვის „შავ რისხვად“ გადაიქცევა

პუტინის „კაცი“ პენტაგონში ანუ მორიგი „გაუგებრობა“ ტრამპისგან...

ქართული გაკვეთილები ზელენსკისთვის: ფრთხილად, არ ენდოთ რუსეთს - როგორ შეიძლება იქცეს ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება დიდ ტრაგედიად

დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი კი აცხადებს, რომ მან საბოლოოდ შეწყვიტა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ჩუქება და ამიერიდან ზელენსკის მისი მხოლოდ ყიდვა თუ შეუძლია, ისიც - შეიარაღების, მსოფლიო ბაზრის ფასებით.

სხვა გამოსავალი უკრაინას არც რჩება, რადგან მისი არმია მეოთხე წელია, ძირითადად, სწორედ ამერიკული სამხედრო ტექნიკით იბრძვის და ამერიკული „ჰაიმარსების“ რაკეტებით საპასუხო დარტყმებს აყენებს შეტევაზე გადასულ რუს ოკუპანტებს.

ევროპას არ გააჩნია იმ რაოდენობის სამხედრო შეიარაღება, რომ მან შეძლოს ამერიკული იარაღის სრული ჩანაცვლება ფრონტის ხაზზე, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპას აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები იმისთვის, რომ უკრაინას გადაუხადოს ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის, თუნდაც იმ 300 მლრდ დოლარიანი რუსული ფინანსური აქტივების პროცენტებიდან, რომელიც დასავლეთმა პუტინს რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე გაუყინა...

ისე ძალიან საინტერესო სიტუაცია იქმნება - პუტინი აფინანსებს თავის აგრესორ არმიას უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლველად და, ამასთანავე, ისევ რუსული ფულით ხდება უკრაინის არმიის აღჭურვა ამერიკული იარაღით...