როგორ გაქრნენ კავკასიელი ალბანელები - კვირის პალიტრა

როგორ გაქრნენ კავკასიელი ალბანელები

ერთ-ერთი დიდი ერის მემკვიდრედ უდიების მცირერიცხოვანი ეთნოსი შემორჩა...

უდიები (უტიები) სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ძველი, მკვიდრი ეთნოსია. ცხოვრობენ აზერბაიჯანსა (სოფლები ვართაშენი, ახლანდელი ოღუზი და ნიჯი) და საქართველოში (ყვარლის რაიონის სოფელი ზინობიანი). საქართველოში უდიები 1920-1922 წლებში ვართაშენიდან გადმოსახლდნენ. სოფლის თავკაცმა ზინობი სილიკაშვილმა თანამემამულები სისხლიან დაპირისპირებას გამოარიდა. მათ მშვიდობიანი თავშესაფარი საქართველოში იპოვეს: აზერბაიჯანის მოსაზღვრე საქართველოს ყვარლის რაიონში დასახლდნენ. უდიებს აქ მუხნარი ტყე გაუკაფავთ და ახალი სოფელი - ზინობიანი დაუარსებიათ. უდიები დღეს ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში. აქ უდიელთა მიგრაცია ძირითადად 1980-იან წლებში მოხდა.

დღეს უდიების რაოდენობა 7-დან 8 ათასამდეა. უდიების დაახლოებით 80% აზერბაიჯანში, სოფელ ნიჯში ცხოვრობს (5400 კაცი ნიჯში და 700 - ვართაშენში. უკანასკნელი მონაცემებით, ვართაშენში, ანუ ოღუზში მხოლოდ 100-მდე უდიელი დარჩა). საქართველოში, სოფელ ზინობიანში კი უდიების რაოდენობა დაახლოებით 300 კაცს შეადგენს. 1989 წელს რუსეთის ფედერაციაში 1,1 ათასი უდიელი იყო აღრიცხული.

1886 წლის საოჯახო სიებით, აზერბაიჯანში (ნუხის მაზრაში) უდიები 7201 სულს შეადგენდნენ. XIX საუკუნეში უდიები, ნიჯს გარდა, ცხოვრობდნენ აგრეთვე სოფელ მელიკში (198 სული), ყაზახის მაზრის სოფელ ყირზენეში (160 სული). ყირზენის მკვიდრი უდიები გვიან გასომხებულან. ყირზენის მოსახლეობა 1886 წელს უდიებად იყო ჩაწერილი, 1910 წლის "კავკაზსკი კალენდარი" კი მათ სომხებად მოიხსენიებს. დასავლეთ აზერბაიჯანში არცთუ დიდი ხნის წინ სხვადასხვა სოფელში იყვნენ მოხუცები, რომლებმაც უდიური იცოდნენ.

უდიური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ენაა. უდიები კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან. მიიჩნევენ, რომ დღევანდელ აზერბაიჯანელებში უფრო მეტნი არიან ძველ ალბანელთა ფიზიკური მემკვიდრეები, ვიდრე თურქული წარმოშობისანი.

უდიები ქრისტიანები არიან. სოფელ ვართაშენისა და საქართველოს მკვიდრი უდიები მართლმადიდებლობას მისდევენ, ნიჯელები - მონოფიზიტობას. ნიჯელი უდიებიც თავის დროზე მართლმადიდებლები იყვნენ და სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობა გვიან მიიღეს, რამაც მათი იდენტურობის შენარჩუნება განაპირობა. XIX საუკუნეში უდიებში შემონახული იყო გადმოცემა XV საუკუნის ქართველი მქადაგებლის - იოანეს მოღვაწეობის შესახებ. სოფელ ვართაშენში 1822 წელს უდიებმა წმინდა ელისეს მართლმადიდებლური ეკლესია ააგეს (წმინდა ელისე II საუკუნეში ალბანეთში, უტიკის ტერიტორიაზე - ქრისტიანობას ქადაგებდა).

V საუკუნის ბოლოს ალბანეთის ეკლესიას თავისი არქიეპისკოპოსი ჰყავდა, რომლის რეზიდენციაც ქალაქ პარტავში (ბარდავში) იყო. VIII საუკუნის დასაწყისში ალბანეთის ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა; ის სომხურმა ეკლესიამ დაიქვემდებარა. უდიელთა ზოგიერთი ჯგუფი მართლმადიდებლობას მისდევდა, რამაც მათ გასომხებისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. უდიელთა შორის ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებიც. ვართაშენთან წმინდა გიორგის სალოცავთან ლოცულობდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე გრიგორიანელები. ფერიცვალების დღესასწაულზე ვართაშნელი გოგონები კრეფდნენ ხილს და მინდვრის ბალახებისაგან ჯვრებს წნავდნენ. განთიადისას ხილი, რომელზედაც ყვავილების ჯვარი იდო, ნაცნობებსა და ნათესავებთან მიჰქონდათ.

ალბანელთა შორის წამყვანი იყო ოთხი ეთნოგრაფიული ერთეული (უტიები, გარდმანელები, გარგარელები და წავდეელები). XIX-XX საუკუნეებში გამოთქმულმა მასაზრებამ, რომ ძველი ალბანელების ერთადერთი მემკვიდრეები უდიები (უტიები) არიან, უკანასკნელ წლებში, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის მიერ სინას მთაზე აღმოჩენილმა ძველი ალბანური დამწერლობის ძეგლებმა და მათი უდიური ენის საშუალებით გაშიფვრამ, ეს ვარაუდი საბოლოოდ გაამართლა და არცთუ მცირერიცხოვან სკეპტიკოსთა მიერ გამოთქმულ საწინააღმდეგო შეხედულებებს არსებობის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. ამდენად, კავკასიის ალბანეთის ისტორია უდიების (უტიების) მცირერიცხოვანი ეთნოსის კუთვნილებაა.

ეროვნების დაკარგვა

VII საუკუნის მეორე ნახევარში ალბანეთში არაბები შეიჭრნენ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებმა ალბანეთი საბოლოოდ და მთლიანად დაიპყრეს. 866 წელს ალბანელმა მთავარმა ჰამამმა ცოტა ხნით აღადგინა ალბანეთის სამეფო. ამ დროიდან იწყება ალბანური ეთნოსის დეეთნიზაციის პროცესი, რომელიც XI საუკუნეში თითქმის მთლიანად დასრულდა. ალბანეთის სამეფოს მოსახლეობის ნაწილის დეეთნიზაციის პროცესი უფრო ადრეც მიმდინარეობდა. IV-V საუკუნეებში არმენიზებულ იქნა არცახი (ყარაბაღი). VI-VII საუკუნეებში ასევე მნიშვნელოვნად იყო არმენიზებული უტიკიც. რაც შეეხება თურქიზაციას, მას ინტენსიური ხასიათი XI საუკუნიდან ჰქონდა და ძირითადად გამოწვეული იყო ალბანეთის ტერიტორიაზე თურქ-ოღუზების გადმოსახლებით.

ქრისტიანობის მიღებამდე ალბანელები მთვარესა და მზეს ეთაყვანებოდნენ. ალბანელებს შორის კარგა ხნის განმავლობაში შემორჩენილი იყო ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ბუნების ძალთა აღორძინებასთან იყო დაკავშირებული.

ალბანელებმა ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში მიიღეს. რამდენადაც ალბანეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (არცახი, უტიკი) ხშირად სომხეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო, ალბანური ეკლესიაც ხშირად მათი გავლენის ქვეშ ექცეოდა. სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ ალბანეთის დიდ ნაწილში ქალკედონისტობასთან ბრძოლაში საბოლოოდ განსაზღვრულ წარმატებებს მიაღწია. თუმცა იბერიის (ქართლის) მოსაზღვრე დასავლეთ ალბანეთის ტერიტორიაზე, დიოფიზიტობამ გაიმარჯვა, განსაკუთრებით შექის სამთავროში, იქ, სადაც დღეს ძველი ალბანელების (უდიელების) ორი სოფელია შემორჩენილი.

უდიელთა წინაპარ ალბანელებს V საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი ანბანი, დამწერლობა. ქრისტიანობის მიღება ალბანელებში არა მარტო ხალხის სოციალურ, არამედ კულტურულ დაწინაურებაზეც მიუთითებს. V-VIII საუკუნეებში არსებობდა ორიგინალური სასულიერო ლიტერატურა. ალბანურმა დამწერლობამ დაახლოებით ოთხ საუკუნეს იარსება და ეთნიკური პროცესების შედეგად, VIII საუკუნეში არსებობა შეწყვიტა.

ამდენად, ძველი ალბანელების ერთადერთი უშუალო მემკვიდრეები უდიები არიან, რომლებმაც დღემდე შემოინახეს წინაპართა ენა. ალბანელთა ეთნოგრაფიულმა ერთეულებმა - გარგარელებმა, გარდმანელებმა, წავდეელებმა, არცახელებმა, აგრეთვე ქართული წყაროებით სახელდებულმა მოვაკანელებმა, რანებმა - ჩვენამდე ვეღარ მოაღწიეს. მათი დიდი ნაწილი ფიზიკურად არ გადაშენებულა; დროთა განმავლობაში ისინი სხვა ეთნოსთა (სომხების, აზერბაიჯანელების, ქართველების) ნაწილი გახდნენ.

ალბანეთი განვითარებული მეურნეობის ქვეყანა იყო. მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. ალბანეთის საზამთრო საძოვრებზე ცხვარს ჩრდილოეთკავკასიელი მთიელებიც კი აბალახებდნენ. ალბანელთა შთამომავლების, უდიების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა სარწყავი მიწათმოქმედებაა. თესდნენ ხორბალს, ქერს, ფეტვს, განვითარებული იყო მევენახეობა (უდიები აყენებდნენ მაღალი ხარისხის ღვინოს). ფრიად განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. უდიებში მესაქონლეობას დიდი მასშტაბი არ ჰქონია. საქართველოში გადმოსახლებულმა უდიელებმა მეურნეობის ტრადიციული დარგები განავითარეს, განსაკუთრებით კი მეაბრეშუმეობა და მევენახეობა.

აზერბაიჯანში მცხოვრები უდიები კრამიტის დამზადების შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. ძველ ალბანელთა შთამომავლებში გავრცელებული იყო აგრეთვე მეთუნეობა.

აზერბაიჯანში უდიელთა სოფლები მთისწინა ზოლშია განლაგებული. უდიელის კარ-მიდამო მოიცავს არა მარტო საცხოვრებელ კომპლექსს, არამედ სამეურნეო ნაგებობებს, ხილის ბაღს. კარ-მიდამო, ჩვეულებრივ, შემოღობილი ჰქონდათ წნული ღობით ან ქვის გალავნით. ბაღებში ბევრი აქვთ მოშენებული კაკალი, თხილი, წაბლი. უდიები ნაწილობრივ ვაჭრობასაც მისდევდნენ. გასაყიდად გაჰქონდათ აბრეშუმი, აბრეშუმის პარკი, წეკო, კაკალი, თხილი, ბრინჯი, წაბლი, ბლის კერკი...

უდიებს ქვის ან აგურის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ. სახლები კრამიტით ჰქონდათ გადახურული. უფრო ადრე იშვიათი არ ყოფილა ჩალით გადახურული სახლები. XIX საუკუნეში უდიელთა სახლებში სინათლე, ჩვეულებრივ, ერდოდან შედიოდა. საცხოვრებელი სახლის შუაში მოწყობილი იყო კერა. კერა არასოდეს არ ქრებოდა. აქ ამზადებდნენ საჭმელს. სახლის კედლებში ოსტატურად გამოჰყავდათ თახჩები, სადაც ლოგინს, ჭურჭელს, მწნილიან ქოთნებს ათავსებდნენ. ფქვილს თიხისგან დამზადებულ ყუთებში ინახავდნენ. საქართველოში გადმოსახლებული უდიები თავდაპირველად ხის სახლებს აგებდნენ. საერთოდ, უდიები ხის დამუშავების კარგი ოსტატები იყვნენ.

XIX საუკუნის ბოლოს ყოფიდან გაქრა უდიელთა ტრადიციული ტანსაცმელი. 1800-იანი წლებში უდიელთა და ყარაბაღელი სომხების ტანსაცმელი ერთნაირი იყო. ორ ხალხს შორის კულტურის ამ ელემენტის მსგავსება საერთო წარმომავლობით უნდა აიხსნას.

უდიების ტრადიციული საკვები მცენარეული პროდუქტები იყო: ლობიო, ბრინჯი, კაკალი, ბოსტნეული, ხილი, კენკრა. პურს, ჩვეულებრივ, ხორბლის ფქვილისგან თორნეში აცხობდნენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ფლავის სხვადასხვა სახეობა, მოხალული და მოხარშული წაბლი, რომელსაც უდიები თბილისელ და ბაქოელ შემსყიდველებზე ყიდდნენ. ნიგვზისგან ხდიდნენ ზეთს.

XIX საუკუნეში თითქმის ყველა უდიურ ოჯახს ასამდე ქათამი მაინც ჰყავდა. მოხარშული ფეტვით გასუქებულ ქათამს ბრინჯით ტენიდნენ და ბუხარში წვავდნენ. უდიების საკვების მნიშვნელოვან ნაწილს რძის პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, კარაქი, ერბო) შეადგენდა. დღესასწაულზე და სტუმრიანობისას აუცილებელი იყო ხორციანი კერძები (ჩიხირთმა, ტოლმა). ძალიან გავრცელებული იყო თევზის კერძები. კვების რაციონში აუცილებლად იყო თაფლი და ჰალვა. სხვადასხვა ხილისგან (ყურძენი, მსხალი, ვაშლი, თუთა, შინდი) იცოდნენ არყის გამოხდა. დახელოვნებული იყვნენ მწნილების დამზადებაში.

გვარები უცხო დაბოლოებებით

ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხები, უდიებიც უაღრესად სტუმართმოყვარენი არიან. ტრადიციულია ასაკით უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემა და მოწიწება. უდიელთა წინაპარ ალბანელებში ამ წეს-ჩვეულების შესახებ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონიც წერდა: "ალბანელები მოხუცებულობას მეტისმეტად სცემენ პატივს, არა მარტო თავისი მშობლებისას, არამედ სხვებისასაც". სტუმართან სუფრაზე ვაჟი არ ჯდებოდა. ის სუფრის სიახლოვეს ტრიალებდა და ემსახურებოდა. ქალები კაცებთან ერთად არ სადილობდნენ. მეზობელთან ან სტუმრად წასვლისას ქალს ქმრისგან აუცილებლად ნებართვა უნდა მიეღო.

უდიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნათესაობას. გვარი ერთ სანათესავო წრეს წარმოადგენდა. ის ეგზოგამიური იყო. ქორწინება მკაცრად იყო აკრძალული შვიდი თაობის განმავლობაში. სომხურ-გრიგორიანული ეკლესია საქორწინო აკრძალვას ოთხი თაობით განსაზღვრავდა. შვიდ თაობამდე საქორწინო ურთიერთობის აკრძალვა კი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ნიჯელი უდიები მართლმადიდებლები იყვნენ და გვიან გახდნენ მონოფიზიტები. უდიებში მკაცრად იყო აკრძალული ქორწინება დედის მხრიდან ნათესავებზე.

აზერბაიჯანში მცხოვრები უდიების გვარ-სახელები ორი სუფიქსით ბოლოვდებოდა. ნიჯელთა გვარები სომხური სუფიქსით (-იან) ბოლოვდებოდა, ხოლო ვართაშნელებისა - რუსული (-ოვ) სუფიქსით. ბოლო დროს ბევრმა უდიელმა გვარ-სახელის მაწარმოებელი სომხური სუფიქსი ტრადიციული უდიური ან აზერბაიჯანული ფორმანტით შეიცვალა, მაგალითად, კოჩარიანი - კოჩარლი და სხვ. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ უდიებს, მათი გვარები ძირითადად ქართულ -შვილი სუფიქსს ირთავენ. აღნიშნული სუფიქსებით ნაწარმოები უდიელთა გვარ-სახელები ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებშია შეტანილი. უდიები დედაენაზე როცა მეტყველებენ და ამა თუ იმ გვარს ახსენებენ, უდიურ გვარებს სომხურ, ქართულ და რუსულ სუფიქსებს არ ურთავენ. ჩვეულებრივ, თითოეულ უდიურ გვარ-სახელს უდიური ფორმა აქვს. ნიჯელი დალაქიანების გვარის უდიური ფორმაა დალახო, ხამიანებისა - ხამარხო, ვაზირიანისა - ვაზირხო. ვართაშნელი კანანჩოვის გვარს გამოთქვამდნენ როგორც კანარჩი, პაჯიკოვისას - პაჯიკი და სხვ. ვართაშენიდან გადმოსახლებულებს გვარებიც აქედან გადმოჰყვათ, ოღონდ გვარ-სახელები -შვილი სუფიქსით გაიფორმეს: პაჭიკი - პაჭიკიშვილი, ნემუში - ნემუშაშვილი...

უდიელთა ყველა გვარს თავისი სალოცავი ("ჯილისა") ჰქონია. ნიჯელებს საერთო სასოფლო სალოცავი არ ჰქონიათ. მათთვის ასეთი სალოცავი იყო ვართაშენის "იეღიშ არაქელ". ვართაშნიდან საქართველოში გადმოსახლებულ უდიებს თან სალოცავის ნიში ("ეველ") გადმოუტანიათ, რომელიც ვართაშნის სალოცავ "წიმერიდან" წამოღებული ქვის, მიწისა და ჯვრისგან შედგება.

კავკასიის სხვა ხალხების მსგავსად, უდიებმაც იცოდნენ ხელოვნური დანათესავება. შვილის შერჩენის მიზნით, სცოდნიათ ბავშვის "ყიდვა-გაყიდვა". ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნათლიას ("ხაშბაბა"). უდიებში ნათლიაობა მემკვიდრეობითი ყოფილა, ამიტომ ქორწინება იკრძალებოდა არა მარტო ნათლიისა და ნათლულის ოჯახის წევრებს, არამედ მათ შთამომავლებს შორისაც. ნათლია ყველაზე პატივსაცემ სტუმრად ითვლებოდა. ის საქორწილო რიტუალშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. "ხაშ" უდიურად მთვარეს, ნათელს ნიშნავს, შესაბამისად, "ხაშბაბა" - ნათლიას, ნათლიმამას, მთვარე-მამას. ასე რომ, "ხაშბაბა" მთვარის ღვთაებას უკავშირდება. ძველი ალბანელებისთვის კი მთვარე ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო.

პატარძალი აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უდიებს ჰქონდათ ტრადიცია არაქალწული პატარძლისთვის ქურქის უკუღმა ჩაცმისა და მამის სახლში დაბრუნებისა. ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხებისთვის, უდიებისთვისაც დამახასიათებელი იყო უმძრახობის წეს-ჩვეულება. დღეისთვის ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა.

გარდაცვალებისთანავე მიცვალებულს განბანდნენ, სუდარაში ახვევდნენ, შემდეგ მღვდელს იწვევდნენ წესის ასაგებად. წესის აგების შემდეგ, მიცვალებული ლეიბით ეზოში გამოჰქონდათ და საგანგებოდ გაკეთებულ კიბეზე აწვენდნენ. აქედან ცხედარი ეკლესიაში მიჰქონდათ. ღამე იქ ტოვებდნენ. მეორე დღეს, ლიტურგიისა და გლოვის შემდეგ, მიცვალებულს კრძალავდნენ. ქელეხს მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. ტრაპეზი ყველის, პურის, მოხარშული ხორცის, ყაურმისა და შილაფლავისგან ("შილახუა") შედგებოდა.

როლანდ თოფჩიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”