ბრძოლა ქართველი მილიონერის ქონებისთვის - ვის დარჩა გიორგი მაჩაბლის ფული და აქციები?!
გ. მაჩაბლის ლიკვიდაციის რა მეორე მოტივი შეიძლება ჰქონოდა საბჭოთა ხელისუფლებას? ჩემი ვერსია შესაძლოა, სრულიად მოულოდნელიც იყოს ბევრისთვის, თუმცა ვინც კარგად იცნობს საბჭოთა „ბოროტების იმპერიის“ ისტორიას და ობიექტური აღქმა/შეფასების უნარი გააჩნია, დამეთანხმება, რომ „კრემლისგან“ ყოველგვარი სისაძაგლე იყო მოსალოდნელი. ასე რომ, ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. სანამ ზემოთ დასმულ კითხვას ვუპასუხებ, საუკუნისწინანდელ საქართველოში, კერძოდ კი - ტიფლისში უნდა გადავინაცვლოთ.
მე-19 საუკუნის მიწურულს, ზუსტად კი - 1893 წელს, თავად ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს თავს დიდი უბედურება დაატყდა – ახალგაზრდა მეუღლე, ნინო დიმიტრის ასული ვეზირიშვილი გარდაეცვალა და ოთხი ყმაწვილი: გიორგი, ნიკოლოზი, არჩილი და ილია გასაზრდელ-აღსაზრდელი დაუტოვა. ცნობილი იურისტი ვასო მაჩაბელი მაშინ 48 წლის გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული იმ დროის საქართველოს, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე - სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა. მცირე ასაკის შვილების (უმცროსი - ილია ჯერ მხოლოდ ორი წლის იყო) დედის გარეშე პატრონობას ვასო მაჩაბელი მარტო ნამდვილად ვერ შეძლებდა და ამიტომაც იმავე, 1893 წელს ცოლად მოიყვანა ელისაბედ (ლიზა) ივანეს ასული ციციშვილი (1864-1944). ერთი წლის შემდეგ, 25 აგვისტოს, მათ ქალიშვილი ბარბარე (თამარი), ხოლო 1904 წლის 28 იანვარს მეორე ქალიშვილი - ნინო (ნინა) შეეძინათ. ვასილ მაჩაბელი 1918 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა.
საუბარი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ მოგითხრობთ ვ. მაჩაბლის შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრების ძირითადი მოვლენების შესახებ. განსაკუთრებით დაწვრილებით იმათ ბიოგრაფიებზე შევჩერდები, რომლებიც 1935 წლის 31 მარტს (ანუ გიორგი მაჩაბლის საეჭვო გარდაცვალების დღეს) ცოცხლები იყვნენ. ცალკეული ფაქტების ანალიზისას, საარქივო დოკუმენტების სიმწირის გამო, იმ ქართველი და უცხოელი ემიგრანტების მოგონებებსაც გაგაცნობთ, რომლებიც იმ მოვლენების უშუალო მონაწილენი გახლდნენ.
გიორგი მაჩაბლის შესახებ დაწვრილებით ადრე უკვე ვისაუბრე, ამჟამად მის მრავალრიცხოვან დედმამიშვილებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
გიორგის მომდევნო ძმა – ნიკოლოზ მაჩაბელი (1887-1921) საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა. 1921 წლის 3 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: „ილია ვასილის ძე მაჩაბელი მეუღლითურთ აუწყებს ნათესავებსა და მეგობრებს ძვირფასი ძმის, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის გარდაცვალებას ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ“. ნ. მაჩაბელს ცოლად ჰყავდა ელენა კაპიტონოვნა... (გვარი უცნობია). მათ შვილი არ დარჩენიათ.
მომდევნო ძმა - არჩილი (1888-1922) სამი წლით უმცროსი იყო გიორგიზე. მას ცოლად ჰყავდა რუსეთში ცნობილი, გარუსებული გერმანელი ბანკირების -იუნკრების ერთ-ერთი ძმის შვილობილი მარგარიტა იუნკერი. არჩილ მაჩაბელი 34 წლისა იყო, როცა თავი მოიკლა. ამის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებ. მათ შვილი არ დარჩენიათ.
ვასილ მაჩაბლის უმცროსი ვაჟი ილია მაჩაბელი (1891-1938) გახლდათ. მასზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ადრე უკვე მოგაწოდეთ, დღეს კი იმას დავამატებ, რომ
ი. მაჩაბელი ახალგაზრდობიდანვე თეატრის დიდი მოყვარული გახლდათ და ბევრ რეჟისორთან და მსახიობთან (სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და თბილისში) აკავშირებდა მეგობრობა, მათ შორის გამოჩენილ ქართველ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან, რომელმაც სანქტ-პეტერბურგში მოქმედი თეატრი-კაბარე: „ბი-ბა-ბო“ სამართავ-საპატრონოდ 1917-1918 წლებში სწორედ ილო მაჩაბელს ჩააბარა. კ. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის დამსახურებაა ის, რომ ილო მაჩაბელი წლების მანძილზე რუსთაველის სახელობის თეატრში ადმინისტრატორის პოსტზე მუშაობდა. მას შვილი არ ჰყავდა. გ. მაჩაბლის უმცროსი ძმა, ილია, ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი გმირია და მის ტრაგიკულ ბედს კიდევ დავუბრუნდები.
გიორგი მაჩაბელს ორი ნახევარდა ჰყავდა: ბარბარე (თამარი) (1894-1918) და ნინა მაჩაბლები (1904–1990).

სხედან, მარცხნიდან მარჯვნივ: ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, მისი ნაბოლარა ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან – ნინო (ნინა), მეუღლე მეორე ქორწინებაში ელისაბედ (ლიზა) ივანეს ასული ციციშვილი და ილია მაჩაბელი (ვ. მაჩაბლის უმცროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან).
დგანან, მარცნიდან მარჯვნივ: გიორგი და ნიკოლოზ მაჩაბლები (ვ. მაჩაბლის შვილები პირველი ქორწინებიდან) და ბარბარე (თამარ) მაჩაბელი (ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან).
ბარბარე (თამარ) მაჩაბელი ცოლად გაჰყვა გიორგი გალაჯევს. ჰყავდათ ერთი შვილი – თამარ გალაჯევა, რომელიც შემდეგ ვახტანგ მიხეილის ძე მაჩაბლის (1904–1938) ცოლი იყო.

თამარ გალაჯევა-მაჩაბელი, შვილ მიხეილთან ერთად
ვასილ მაჩაბლისა და ლიზა ციციშვილის უმცროსი ქალიშვილი ნინო (ნინა) 1904 წელს დაიბადა. 1920-იანი წლებიდან ცხოვრობდა პარიზში. მისი პირველი მეუღლე ალექსანდრე (საშა) დავითის ძე ჯინჭარაძე (1896-1970) იყო. მინდა, ერთად გავეცნოთ მის ოფიციალურ ბიოგრაფიას. ა. ჯინჭარაძე სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე და დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით. 1918-1921 წლებში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში; მონაწილეობდა ბრძოლებში კოჯორსა და ტაბახმელასთან (1921 წლის თებერვალი). გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და 1921 წელს მივლენილი იქნა საფრანგეთში სამხედრო საქმის სასწავლებლად. 1922 წელს დაამთავრა სენ-მექსანის სამხედრო სკოლა, უფროსი ლეიტენანტის წოდებით და ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1926 წელს დაასრულა სწავლა ფონტებლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლაში. უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში მსახურობდა მარაკეშში (1927-1929), მაროკოსა და ალჟირში (1930-1940).

ალექსანდრე ჯინჭარაძე და ნინა მაჩაბელი. 1920-იანი წლები, საფრანგეთი
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის ივნისში, ნორუაისთან ბრძოლაში კაპიტანი ჯინჭარაძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1946 წლამდე მაროკოშია. 1948 წელს მიიღო მაიორის ჩინი. 1948 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში; მსახურობდა კაიროში, ბეირუთსა და იერუსალიმში. 1952-1954 წლებში მსახურობს ჩრდილოაფრიკული ათასეულის უფროსად ავსტრიაში. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენითა და საბრძოლო ჯვრით. 1954 წელს მაიორი ალექსანდრე ჯინჭარაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და სხვა ქართველ ოფიცრებთან (მიხეილ დადიანი, სიკო კობიაშვილი, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი და დავით შალიკაშვილები) ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1955-1962 წლებში იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე, უცხოური ლეგიონის ამხანაგობის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1970 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში.

მარჯვნივ ალექსანდრე ჯინჭარაძე
ა.ჯინჭარაძესა და ნ. მაჩაბელს ჰყავდათ ერთი ქალიშვილი ქეთევანი (1926-?), რომელიც არსებული ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო. 2020 წლის მდგომარეობით, ქეთევან ჯინი (ჯინჭარაძე) ცხოვრობდა საფრანგეთში.
სავარაუდოდ, 1930 წლების შუა პერიოდში ნინა ვასილის ასული მაჩაბელი-ჯინჭარაძე მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა მეფის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერს სემიონ ივანეს ძე შჩერბაკოვს (1901-1990),

სემიონ შჩერბაკოვი, სავარაუდოდ 1918-1922 წლები
რომელიც ძალზე აქტიურად იყო ჩართული საფრანგეთში რუსული სამხედრო ემიგრაციის საქმიანობაში. ს. შჩერბაკოვსა და ნ. მაჩაბელ-ჯინჭარაძეს საერთო შვილი არ ჰყოლიათ. ამგვარია ვასილ მაჩაბლის შთამომავლების ცხოვრების ძალზე მშრალი ისტორია. მრავალი ათეული წლის წინ მომხდარი მოვლენების კონსტრუირება, ზოგადად, ურთულესი და ძნელად მისაღწევი ამოცანაა, რადგანაც მიზანს ყოველთვის ართულებს სანდო საარქივო დოკუმენტების ნაკლებობა. ისიც უნდა ითქვას, რომ მშრალ და ოფიციალურ ინფორმაციაში დეტალ/ნიუანსები იკარგება, ამ დროს კი სწორედ დეტალებში იმალება მთავარი („ეშმაკი“). ეს პრობლემა ნაწილობრივ მემუარული ლიტერატურის საშუალებით უნდა გადავწყვიტოთ.
კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს, რომ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ს. კედიას ქვრივმა სოფიო ჩიჯავაძე-კედიამ, სიცოცხლის ბოლოს ძალზე საინტერესო მოგონებები - "ნასმენ-ნახული" დაგვიტოვა. ეს 600-გვერდიანი წიგნი, მართლაც, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოგონება-მემუარებს, მათ შორის - ქალბატონ ჩიჯავაძე-კედიასასაც, სუბიექტივიზმის აშკარა კვალი ეტყობა (სხვანაირად, ალბათ, არც შეიძლება), ისინი მართლაც, რომ უძვირფასესი განძია ქართული ემიგრაციის ისტორიის შესასწავლად.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ მოკლა ქართველი პატრიოტი და ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი?! - სტალინის პირადი კილერები
მრავალი წლის მანძილზე გ. მაჩაბელსა და ს. კედიას მტკიცე, კაცური მეგობრობა აკავშირებდათ. 1929 წლის 14 ივლისს სპირიდონ კედია, მეუღლესა და რვა წლის ქალიშვილთან ერთად, სამუშაოდ და საცხოვრებლად პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ კლამარში, გ. მაჩაბლის მიერ შეძენილ სახლში გადავიდა. ს. ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში აღნიშნავს: „ამ სახლ-კარს ქარხნიანად 400 კვ. მეტრი ეჭირა, ეს ჩვენი საზომით არაფერია. მაგრამ აქ, საფრანგეთში, პარიზის მახლობლად თხუთმეტ კილომეტრზედ მდებარე, კარგი ქონებაა“. იმ პერიოდში კლამარში 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ფრანგები ამ ქალაქს „რუსულ ქალაქსაც“ ეძახდნენ, იმიტომ რომ იქ ძალზე ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობდა. სწორედ ამ ფაქტორით იყო განპირობებული ამ პატარა ქალაქით საბჭოთა სპეცსამსახურების დაინტერესება.
სახლის პირველ სართულზე კედიები დაბინავდნენ. მეორე სართულზე გ. მაჩაბელმა ერთი ოთახი თავისთვის დაიტოვა, ორი ოთახი კი თავის დედინაცვალსა და ნახევარდას დაუთმო, სადაც გ. მაჩაბლის დედინაცვალი ლიზა (ელისაბედ ციციშვილი-მაჩაბელი), რომელიც უკვე 70 წელს იყო მიტანებული, მისი ქალიშვილი ნინა ჯინჭარაძე-მაჩაბელი (რომელიც იმ დროს ქმართან, ალექსანდრე ჯინჭარაძესთან უკვე გაშორებული იყო), თავის სამი წლის გოგონა ქეთევანით ცხოვრობდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და მდგომარეობა შეიცვალა.
1930 წლის 12 აპრილს აშშ-ში მყოფი გიორგი მაჩაბელი შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის კლამარში სპირიდონ კედიას (სტილი უცვლელია - ბ.ა.) : „ეხლა ბინის შესახებ. შენ და სონამ (იგულისხმება სოფიო ჩიჯავაძე-კედია –-ბ.ა.) ისე სუფთად და ლაზათიანად მოაწყეთ თქვენი პატარა ბინა, რომ ყოველთვის მესიამოვნებოდა მისი ცქერა. ამის გამოც ნურაფერი ეჭვი ნუ გექნება. ბინის სარგებლობა გადაუხდელად გეძლევა შენ ჩემგან სახლის საერთო თვალ-ყურის გდებისთვის და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შენისთანა სანდო მეგობარს აბარია ჩემი პატარა ქონება. რაც შეეხება ჩვენების ბინას, ვამჯობინებდი ეშოვნათ სადმე ახლო თავიანთვის ბინა, რადგან მეტად უსუფთაოდ (სამწუხაროდ უნდა ვსთქვა) და უწესიერად მოაწყეს თავიანთი ცხოვრება. მე შემიძლიან მივცე ბინისთვის (ზედ-მეტად რასაც ვაძლევ თვიურად) 250-300 ფრანკი. წინად იხდიდნენ 240 ფრანკს და მე მგონი ამ ფასში შეუძლიანთ იშოვონ რამე. ასე რომ, შენ შეგიძლიან გადასცე, რომ თიბათვიდგან გადავიდნენ ახალ ბინაზედ“.
სოფიო ჩიჯავაძე-კედია მოგონებებში ერთგან ასე გადმოგვცემს გიორგი მაჩაბლის განწყობას მისი რძლის, მარგარიტა იუნკერი–მაჩაბლისადმი: (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): გაზაფხულზედ (ალბათ 1930 წლის) გიორგი რომ ჩამოვიდა, მას მოადგა მისი რძალი, მარგალიტა ფინლანდიიდან ჩამოსული და გიორგის მოჰგვარა მისი დისწული თამარა გალაჯევი (ნახევარდის, ბარბარეს შვილი - ბ.ა.) იმ იმედით, რომ გიორგი ამ თავის დისწულს კლამარის ქარხანაში რაიმე სამუშაოს აღმოუჩენს, თვითონ კი თხოულობს, პარიზის ახლად გახსნილ გიორგის მაღაზიაში ადგილს... მისი რძლის ჩამოსვლა და მისი ნახვა გიორგის ძალიან არ ესიამოვნა, რადგან მისი აზრით მისმა ძმა არჩილმა მისთვის მოიკლა თავი – “სულ მაგის ბრალია“-ო“ (ციტატის დასასრული).
1935 წლის 31 მარტს, სრულიად მოულოდნელად (შესაძლოა, ზოგისთვის არც ისე მოულოდნელად), გ. მაჩაბელი გარდაიცვალა და დაიწყო დიდი, ღია და ფარული ბრძოლები მისი ქონების გასანაწილებლად. რადგანაც მისი ანდერძი აღმოჩენილ ვერ იქნა, ნიუ-იორკის სასამართლომ გ. მაჩაბლის კანონიერ მემკვიდრეებად აღიარა: ნორინა ჯილი (მეუღლე), ნინა მაჩაბელი-ჯინჭარაძე (ნახევარდა), თამარ გალაჯევა (გარდაცვლილი ნახევარდის, ბარბარეს, ქალიშვილი) და საბჭოთა კავშირის მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ძმა - ილია მაჩაბელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდაცვალებამდე გ. მაჩაბელს ძალზე წარმატებულ ბიზნესი და ყოველწლირად მზარდი მოგება ჰქონდა, მისი უძრავ-მოძრავი ქონება, აქციები და საბანკო ანაბრები აშშ-სა და საფრანგეთში საბჭოთა ხელისუფლებისთვის „ღმერთისგან ნაბოძები საჩუქარი“ იყო: მოსალოდნელი თუ მოულოდნელი – ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
საბჭოთა საგარეო დაზვერვამ „კრემლიდან“ მიიღო კონკრეტული დავალება.
(მეთხუთმეტე ნაწილის დასასრული)