"გარდა ინგლისურისა, სხვა ენებსაც ვსწავლობ, ვფლობ კორეულს" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს - კვირის პალიტრა

"გარდა ინგლისურისა, სხვა ენებსაც ვსწავლობ, ვფლობ კორეულს" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.

2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.

kvirispalitra.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვეს:

ნათია გელიაშვილი თბილისის 70-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელიც სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალზე გააგრძელებს. მან ქართულში-54 ინგლისურში -68, ისტორიაში კი 55 ქულა ქულა აიღო.

- გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და 100%- იანი გრანტის მოპოვებას. რა არის მთავარი, რომ ეროვნულ გამოცდები მაქსიმალური ქულებით ჩააბაროს აბიტურიენტმა? რა ემოციები დაგეუფლა?

- პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს სირთულეები, რომლებიც შეიძლება მიზნის მისაღწევად შეხვდეს გზად, უნდა იშრომოს ამ მიზნის მისაღწევად, შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავის თავში იყოს დარწმუნებული როგორც გამოცდების პერიოდში, ასევე შედეგების დადებიდან ჩარიცხვამდე. შედეგები როცა ვნახე, ძალიან გამიხარდა, მივხვდი, რომ ჩემი შრომა ნამდვილად დაფასდა

- აღნიშნავდნენ, რომ ისტორიის დავალებები ერთულათ აბიტურიენტებს, შენ მაღალი ქულები აიღე. რას გვეტყვი ისტორიის გამოცდაზე?

- კი ნამდვილად რთული იყო, რადგან რამდენიმე ისეთი საკითხი იყო, რაც არ გაგვივლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სირთულე ერთ დავალებაში სხვა დავალებებს ამარტივებდა და საბოლოოდ მარტივად დასაძლევიც აღმოჩნდა ჩემთვის.

- როგორ ფიქრობ, მხოლოდ რეპეტიტორთან მეცადინეობა საკმარისია, თუ მოსწავლე სკოლაშიც უნდა სწავლობდეს საგნებს კარგად?

- სკოლაშიც უნდა სწავლობდეს რა თქმა უნდა. მხოლოდ ბოლო წელი არ არის საკმარისი, საფუძველი თუ არ აქვს მოსწავლეს ჩაყრილი, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ნათია გელიაშვილი.

თიკო გაბუნია იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომელმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 100% -იანი დაფინანსებით საერთაშორისო ურთიერთობებზე ისწავლის.

- რომელი სკოლა დაამთავრე? გაგვიზიარე შენი შედეგები.

- სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ქართულში - 56, ინგლისურში - 67 და გეოგრაფიაში 50 ქულა ავიღე. გეოგრაფია პატარა ასაკიდანვე მიყვარდა, ეს სიყვარული კი მასწავლებელმა გამიასმაგა.

- ნერვიულობის ფაქტორი აბიტურიენტებს ხშირად ხელს უშლით, როგორ შეძელი გამოცდებზე მაქსიმალური ქულების მოპოვება?

- მე მგონი გამოცდებამდე უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე გამოცდებზე. მაქსიმალურად ფოკუსირებული ვიყავი საგამოცდო დავალებებზე და ეს შედეგზეც აისახა.

- რეპეტიტორებთან დადიოდი?

- სკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა, თუმცა ბოლო წელი რეპეტიტორებთანაც დავდიოდი. მე უცხო ენების სწავლის ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. გარდა ინგლისურისა, სხვა ენებსაც ვსწავლობ, ვფლობ კორეულს, თურქულად შემიძლია საუბარი. ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა კორეული ენის შემსწავლელი სამთვიანი საკვირაო სკოლა და ის გავიარე, იქამდე კი ჩემით ვსწავლობდი.

- პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ალბათ არ გაგიკვირდა, რომ სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვე. გაგვიზიარე ემოციები...

- ჩემი ოჯახის წევრები სიხარულისგან დაფრინავენ, მე კი ჩვეულებრივი რეაქცია მაქვს, ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რომ 100%-იან გრანტს ავიღებდი. მირეკავენ ახლობლები, სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მომილოცეს" - ამბობს თიკო გაბუნია.

ოთო მაკასარაშვილი წარმატებული აბიტურიენტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. მან ქართულის გამოცდაში 54, ინგლისურში - 65, ხოლო ქიმიაში 63 ქულიდან 62 ქულა აიღო.

- რომელი სკოლა დაამთავრეთ და რა პროფილით აპირებთ სწავლის გაგრძელებას სამედიცინო უნივერსიტეტში?

- საჩხერის N3 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ქირურგიის განხრით ვისწავლო, მომავალი გვიჩვენებს შემდეგ რა იქნება.

- ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება აბიტურიენტებს უძნელდებათ. როგორ შეძელით ქიმიაში ასეთი მაღალი შედეგის დადება?

- ეს ჩემი მასწავლებლის, ასმათ ლომიძის დამსახურებაა. სიმართლე გითხრათ, ღამეებს არ ვათენებდი, თუმცა საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი მომზადებას. საკუთარი თავის გამოსაცდელად წინა წელსაც ვიყავი გამოცდაზე გასული" - ამბობს ოთო ჩვენთან საუბრისას.

ანი ბორაშვილმა თბილისის 70-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა სრული დაფინანსებით. ქართულში- 57 ინგლისურში - 67 ისტორიაში კი 56 ქულა აიღო.

- 100%-იანი გრანტი მოიპოვე. რა რეაქცია გქონდა, როცა საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა?

- უბედნიერესი ვიყავი, თავიდან ვერ ვიჯერებდი, ცრემლებიც კი წამომივიდა როდესაც დავინახე ჯერ ჩარიცხვა და შემდეგ დაფინანსება.

- როგორ ფიქრობ, როგორ შეძელი ასეთი მაღალი ქულების აღება? რისი დამსახურებაა ეს?

- პირველ რიგში ჩემს თავს ვენდე ბოლომდე, ასევე დიდი დამსახურება აქვთ ჩემს მასწავლებლებს, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის წარმატებულად ჩაბარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მარინა გუგავას.

(სპეციალურად საიტისთვის)