ზაზა კორინთელი: "არტგენი" მარტო ჩვენ აღარ გვეკუთვნის, სახალხო ზეიმი გახდა! - კვირის პალიტრა

ზაზა კორინთელი: "არტგენი" მარტო ჩვენ აღარ გვეკუთვნის, სახალხო ზეიმი გახდა!

მერვე წელიწადია, "არტგენი" სახალხო ზეიმად იქცა. თბილისელთა ერთი ნაწილი ყოველ ზაფხულს კუს ტბის მახლობლად "აშენებულ" პატარა საქართველოში - ეთნოგრაფიულ მუზეუმში ატარებს ათიოდე დღეს, სიგრილესა და ქართული გენეტიკური ხელოვნების გარემოცვაში.

ზაზა კორინთელი (ზუმბა), (მუსიკოსი და ფესტივალის ორგანიზატორი): - "არტგენი" 2004 წელს დაფუძნდა და მას აქეთ დაზეპირებულივით ვიმეორებ, რომ იგი ფიქრი და სიყვარულია ეროვნული მემკვიდრეობის გადარჩენის, პოპულარიზაციისა და განვითარებისა. უფრო ზუსტად, ფესტივალია, რომელიც გენეტიკურ ხელოვნებას მოიცავს. ეთნოგრაფიული მუზეუმი კი სწორედ ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ეს ფესტივალი უნდა დაბადებულიყო. აქ ხომ მთელი საქართველოა თავმოყრილი...

სანამ ღია ცის ქვეშ მუზეუმში ამოვიდოდეს, "არტგენი" ლამის მთელ ქვეყანას მოივლის. ეს არის ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომელიც შეარჩევს ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერალსა თუ მუსიკოსს, ხალხური თამაშობებისა და საბრძოლო ხელოვნების, ასევე ხალხური რეწვის ოსტატებს. "არტგენი" მოიძიებს და დანარჩენ საქართველოს აცნობს საუკუნეების განმავლობაში ხალხში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას და ბუნებრივია, ხელს უწყობს წინაპართა ნაოსტატარის ახალი თაობისთვის გაცნობას. დასკვნით კონცერტებზე კი სახალხო ანსამბლებსა და მომღერალ-მოცეკვავეებს პოპულარული მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლებიც უერთდებიან. მათ შორისაა "ზუმბალენდი", ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე, სუხიშვილები...

"არტგენის" სახე

მარიამ ზედგინიძე-ჟუჟუნაძე (ხალხური რეწვის ოსტატი ახალციხის რაიონიდან): "ცოცხის თესლი აგურისფერს აძლევს მატყლსა, ენდრო და ხახვის ქერქი - მკვეთრ წითელს. ენდროს თუ კაკლის წენგოს დაუმატებ, ოქროს წყალში ამოვლებულს დაემგვანება ძაფი, შიგაც თუ ხახვის ქერქია, ხო სუ ბზინავს და ბზინავს. თავშავა თუ ბევრხანი წყალში იქნება, მზე რო გაახუნებს შავ ცხვარსა, აი, ისეთ ფერს მიიღებ... შენ თუ არ აარჩიე, რომელ ორნამენტს რა ფერი შაუხამო, შენ ნაქსოვს ზედ არავინ შეხედავს. მე კი აგე, 78 წლისა ვარ და არტგენის სახეს მეძახის ჩემი ზუმბა. ჩემი შვილობილია, მაშ. მაგან მიპოვა თბილისობაზე და მერე სულ თან დამატარებს... ამ საჩეჩელ რათ უყურებ, აქაცა ვჩეჩავ, შვილო! ხან ვჩეჩავ, ხან ვართავ, ხან კიდევა ვქსოვ. აბა, უსაქმოდ რო დავჯდე, პურს ვინ მაჭმევს. რა გეცინება, ახლაც ჩემი შრომითა ვშოულობ პურის ფულს".

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ფესტივალ "არტგენზე", მარო ბაბოს (ყველა ასე ეძახის) ცნობა არ გაგიჭირდებათ. თვითონაც ყოველ მომსვლელს გულღია მასპინძელივით ეგებება.

- მარო ბაბო, გეუბნებიან, "არტგენის" სახე რომ ხართ?

- ჰოო! თავიდან მიკვირდა, რა სახე აიტეხეს-მეთქი და მერე და მერე შევეჩვიე.

- ძნელია "პოპულარობა"?

- რათა, შვილო! უბრალოდ, აქ ყველა მიცნობს. მეც მთელი საქართველო გავიცანი. ესეც ხომ ბევრი რამ არის! შარშან დარეკეს, მარო ბაბოსთან ამოვალთ, ფილმს გადავიღებთო...

- მერე, ამოვიდნენ?

- არა, მაგრამა... მაგათ ლოდინში ბარე სამი წყვილი წინდა დავქსოვე ისევ მაგათთვისა. არ ამოვიდნენ, ისევ მაგათ იდარდონ. მე კიდევა, ზუმბას ფილმებში ყველგანა ვარ!

- კიდევ რას ქსოვთ?

- ეს ფარდაგიო, ეს ხალიჩაო, ხურჯინი, ჯეჯიმი, ჯვალო, მაფრაშა... წინდები ისე, გასართობადა! ადგილის ჯეჯიმის მოქსოვაც ვიცი, საჩოხე შალისაც... ძაფს კიდევა იმდენი შრომა სჭირდება. ჯერ ჩეჩვაო, მერე დართვა, დაგრეხა, ხიფებიც გინდა შესაღებად, საღებავიც ხომ გითხარი, შენვე უნდა დაამზადო, აბა, მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური ჭყეტელებით ხო არ გავაფუჭებ ნაწვალევ მატყლს. ჰოო, ეს შეღებვა-გაშრობაო, ეს გორგლებად დახვევაო...

- თქვენს სოფელზე რას იტყვით?

- სოფელ მუსხიდან მოვედით, / ჩვენზე არა სთქვათ ავია, / მაშინ მოგიკვდეთ მუსხელნი / არ მოგაწონოთ თავია... მაინცდამაინც არ გვილხინს მუსხელებს, მაგრამ ბედს არ ვემდურით. რომ დავემდუროთ, რა გამოვა... ცოტა მეტი დახმარება და ხელის წამოშველება გვჭირდება და არც ჩვენ შევირცხვენთ თავს. ხო ამ ხნის ქალი ვარ, მზე ვერ მასწრებს ადგომას. ეთნოგრაფიული მუზეუმიც მაქვს სოფელში, ძველი შენობა დაგვენგრა და საბავშო ბაღს შევეკედლეთ, ისიც დანგრევის პირასაა. მერე რო იცოდე, რა ექსპონატები გვაქვს, სუ ჩვენი ძველების ნაკეთებ-ნაფერები, ახლებსაც ვუმატებთ. მარტო ტირიფისგან და თხილისგან ისეთ ჭურჭელსა "ქსოვენ" ჩვენს სოფელში... იმ ყველაფერს ხო მოვლა და შენახვა უნდა.

მარო ბაბოს ფოტოების "კოლექციას" კიდევ რამდენიმეს ვუმატებთ.

...მეც გამომიგზავნეთ სურათები, ჩემ მოსწავლეებს ვაჩვენებ, ნახეთ, როგორ მოსწონთ ჩვენი ძველებური ხელსაქმე-მეთქი, ვეტყვი და ისინიც უფრო გულს დაუდებენ ქსოვას, თორემ მარტო ერთი ქალი რას გავწვდები ამოდენა სართავ-საქსოვსაო...

2.500-დოლარიანი "პრეზიდენტის დანა"

როლანდ ოდიშელიძე მეიარაღეა, უფრო ზუსტად, მჭედელ-მესაჭურვლე. დუშეთში გაზრდილს ნადირობაც უყვარს და სანადირო დანების კეთებაც. ფესტივალის დაარსებიდანვე მისი უცვლელი "გმირია".

- რომ მკითხოთ, როდის ისწავლე დანების დამზადებაო, ვერ გიპასუხებთ, რადგან რაც თავი მახსოვს, ხელში სულ დანა მიჭირავს (ოღონდ ხუმრობითაც არავინ დამიკეჭნავს). ძალიან მინდოდა ქართული იარაღის დამზადების ხალხური წესები მცოდნოდა და ხან ერთ მჭედელთან მივდიოდი, ხან მეორესთან. ამ სიარულში მოვხვდი კახა ზარნაძის სახელოსნოში და იმდენად მრავალფეროვანი ნაკეთობები ვიხილე, გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებდი. მე კი ერთი დანები გამომყავდა და გრდემლიც არ მქონდა საკუთარი. ჰოდა, გრდემლს რომ თვალი ვერ მოვწყვიტე, მიხვდა, რაც მაწუხებდა. წაიღე, შენი იყოს, მე მეორეც მაქვსო, - მითხრა და ძალით გამომატანა. კახა მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან სრულიად ახალგაზრდა და მთელ საქართველოს, "არტგენის" ყველა გულშემატკივარს დაწყვიტა გული...

- მითხრეს, პრეზიდენტისთვის აპირებდა თავისი გამოჭედილი დანის ჩუქებასო...

- ვინ მიმიშვებდა პრეზიდენტთან დანით. კი ვიძახე, უნდა ვაჩუქო-მეთქი, მაგრამ...

რომ იცოდეთ, მართლა საპრეზიდენტო დანა დავამზადე, ე.წ. ლეგირებული ფოლადისგან. ქარქაში კაკლის ხისა ჰქონდა, ტარიც კაკლის ხისა. ბაჯაღლო ვერცხლით იყო ინკრუსტირებული და მოსევადებული. ინკრუსტაცია გიგა გორდიაშვილის ნახელავი გახლდათ... ერთი სიტყვით, მაგარი სანადირო დანა იყო.

- იყო და აღარ არის?

- ასე გამოდის! ხომ იცი, მეიარაღეებს მაინცდამაინც არ გვილხინს. ერთ მშვენიერ დღეს მეც გამიჭირდა და ერთ უკრაინელ ბიზნესმენს მივყიდე ჩემი საპრეზიდენტო დანა.

- ფასი ალბათ საიდუმლოა...

- არა, რატომ! 2.500 დოლარი გადამიხადა! არც ცოტაა და არც ბევრი. არც შემვაჭრებია, ალბათ ხუთი ათასიც რომ დამეფასებინა, უსიტყვოდ გადამიხდიდა... აგერ, ფოტო დამრჩა იმ დანის... ისე, დიდხანს კი ვამზადებდი...

- "არტგენზე" თუ ყიდით დანებს?

- ძალიან იშვიათად. სხვათა შორის, აქ უფრო ისეთი ხალხი ამოდის, ხელოვნება და კულტურა რომ უყვართ, ტრადიციას რომ დიდ პატივს სცემენ. მაგრამ ასეთების უმეტესობას, ხომ იცით, იმდენი ფული არ აქვთ, ძვირფასი სუვენირები რომ შეიძინონ...

- თქვენს ხელობას ვინ განაგრძობს?

- სანდრო, ჩემი 9 წლის შვილიშვილი! მისი იმედი მაქვს. ორწლინახევრისა იყო, რომ "დამპირდა", - პაპა, მიმიშვი, დანებს ახლა მე გავაკეთებო!

ხუთი ათასი რომ გამოვთალე, მერე აღარც დამითვლია...

დემურ ჯალაღონია ჩხოროწყუელია, სოფელ სარაქონიდან. ხალხურ საკრავებს ამზადებს. მისი ნახელავი ფანდური და ჩონგური (როგორც კლასიკური, ასევე ხალხური), ჩანგი, სალამური არაერთ ქართულ ოჯახს ამშვენებს, საზღვარგარეთაც უკვე პოპულარული გამხდარა. ჩემი ხელით გამოთლილი და ამღერებული 350 ცალი ჩონგური მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში "გავამგზავრეო", გვიმხელს ოსტატი. სალამურს ჯონჯოლის, კაკლისა და თუთის ხისგან თლის, სხვა საკრავებისთვის ვერხვი საუკეთესოა, კიდევ ერთი ხეა, იშვიათი ჯიშის, ღრუხეს ეძახიან სამეგრელოში, ჭანისწყლის პირას ხარობს. საუკეთესო მასალა გამოდის საკრავებისთვისო...

- ჩანს, დიდი მოთხოვნაა თქვენს ნახელავზე...

- ასე გამოდის. ხუთი ათასი ჩონგური და ფანდური რომ გამოვთალე, მერე აღარ დამითვლია... მარტო ქართველები კი არა, უცხოელებიც ყიდულობენ ჩვენებურ საკრავებს. 350 ცალი ჩონგური მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში "გავამგზავრე" ბოლო წლებში. ინტერნეტით მიკავშირდებიან საფრანგეთიდან, თურქეთიდან... ხუთას ცალამდე გაჩუქებულიც მაქვს.

- ისეთ ციფრებს ასახელებთ, ძალიან ბევრი არ არის?

- ბევრი კი არა, ცოტაა. აბა, რამდენი ოჯახია საქართველოში. ხალხური საკრავი კი ყველას როდი აქვს. არადა, ხომ უნდა ჰქონდეთ... ფანდურსა და ჩონგურს თითზე ჩამოსათვლელი ოსტატები თლიან. ბევრი ხანში შესულია, მათ საქმეს კი გამგრძელებელი არ ჰყავს. ამ მხრივ მე გამიმართლა, ჩემი ვაჟი კლასიკურ ფანდურებს ამზადებს და მგონი ჩემზე უკეთესადაც.

- ფესტივალზე თუ ყიდით ფანდურებს?

- იშვიათად. აქ უფრო ჩემი ძველი მეგობრების სანახავად ჩამოვდივარ. "არტგენმა" მთელი საქართველოს ოსტატები დაგვაძმაკაცა... თან ამ ბოლო დროს რაიონებშიც გადმოინაცვლა ფესტივალის დღეებმა და ხომ იცით, ქართველ კაცს ყველაზე მეტად ერთად ყოფნა და ერთმანეთისთვის გულის გადაშლა უყვარს... ღია ცის ქვეშ მუზეუმი კი გვაერთიანებს ამ მართლა ღია ცის ქვეშ თავმოყრილ ხალხური ხელოვნების ოსტატებს, ისე რომ, შეიძლება ითქვას, ფესტივალიდან ფესტივალამდე ლოდინით ვცოცხლობთ...

კალიგრაფები "მოდიან"...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია "წამთან" (წარსული, აწმყო, მომავალი) ერთად მეორე წელია აწყობს კონკურსს "ქართული კალიგრაფია". კონკურსის მიზანია ქართული კალიგრაფია მხოლოდ ფურცელზე კი არ დარჩეს, არამედ გადავიდეს ტყავზე, კერამიკაზე, ქსოვილზე...

ახალგაზრდა კალიგრაფები ფესტივალზეც ამოსულან და დამთვალიერებელთა ყურადღების ცენტრშიც მოქცეულან.

ჭრელი ფესტივალი

იზოლდა გაბიტაშვილი (ხალხური რეწვის ოსტატი): - რაც ეს ფესტივალი არსებობს, ყოველი ზაფხული ჩემთვის "არტგენით" იწყება... ვქსოვ, ვქარგავ, ყველა ნამუშევარში ვიცავ ხალხური, ტრადიციული ხელსაქმის სხვადასხვა მეთოდს. ორნამენტებიც ტრადიციული გამომყავს თუშურ თუ ხევსურელ ჩითებზე, ქუდებზე, ჩანთებზე, ხელთათმანებზე... ეთნოგრაფიულ თოჯინებსაც "ვქსოვ", სამაჯურებსაც, ყელსაბამებსაც. ახლახან, მექსიკაში, სანტა-ფეს ფესტივალზე წაიღეს ჩემი თოჯინები და ყველა გაიყიდა... ძირითადად სელის ძაფითა და აბრეშუმით ვმუშაობ. სულ ძველი მასალით. ჯერ ისევ არის აქა-იქ შემორჩენილი და ხან ვყიდულობ, ხან მჩუქნიან. არადა, ერთი ქუდის მოსაქსოვი ახალშემოტანილი მასალისთვის 20 ლარი მაინც გჭირდება. ჩემს ნამუშევრებს ძირითადად მშრალ ხიდთან და სხვადასხვა გამოფენაზე თუ გავყიდი, "არტგენს" მყიდველი არ ჰყავს. აქ უმთავრესად უფულო ხალხი მოდის. ძალიან უნდათ ჩემი ნაქსოვ-ნაქარგის ყიდვა, მაგრამ... ამიტომაც მყიდველი ძირითადად უცხოელია. გული მწყდება, ზოგჯერ ისეთ ლამაზ ჩითებს "ვიმეტებ" სხვა ქვეყანაში გასასტუმრებლად.

ნელი არაბული (სუვენირების ოსტატი): - ვამზადებ მოზაიკურ პანოებსა და ქალაქურ ხედებს ძვირფასი ქვებითა და მძივებით. "ჩემს სფეროში" პოპულარობა არ მაკლია. მთელი წლის დაღლილი, "არტგენზე" ვისვენებ. აქ ყველას ვიცნობ და თავსაც შინაურულად ვგრძნობ. სუვენირების გაყიდვაზე არც ვფიქრობ. უფესტივალოდ ზაფხული ვერ წარმომიდგენია...

შინდისფერ კაბებში გამოწყობილი ქალები ღია სცენისკენ მიეშურებოდნენ, თუმცა დიქტოფონისა და ფოტოაპარატის დანახვისას სიამოვნებით დაგვთანხმდნენ ბლიცინტერვიუზე და გვითხრეს, რომ მათაც გურიიდან ხალისით მოეჩქარებათ მუზეუმში. სახელდახელოდ რამეს ხომ არ გვიმღერებთ-მეთქი, უბრალოდ ვიკითხე და რამდენიმე წამში უკვე ზარივით დასჭექეს "მარიკელა, ჯაშის ქალო". ჩვენც სახელდახელოდ შემოერთებულ მაყურებელთან ერთად სიამოვნებით დავუკარით ტაში მშვენიერ მომღერალ ქალებს და მათი გვარ-სახელით თანამიმდევრობით ჩავიწერეთ: დალი კეკელიძე, მაკა ჩხიკვაძე, ლონდა ჭკუასელი, ნანა საჯაია, ლედი რამიშვილი, ლეილა კოტრიკაძე (ანსამბლის ხელმძღვანელი), ზოია გოგოლაძე და მთვარისა კეკელიძე.

სალომე შოშიტაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”