კიმ ჩენ ინმა პუტინს, თუკი მართლაც 100 ათასი სამხედრო მიაშველა, მაშინ...
დასავლეთის მასმედიაში გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თითქოს აპირებს 100 ათასამდე სამხედრო გააგზავნოს რუსეთში,უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად...
ეს ძალიან დიდი ციფრია და ფაქტობრივად ოთხი,სრულად დაკომპლექტებული არმიის ტოლფასია,რაც აჩენს ეჭვს,რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გაზვიადებული იყოს...
თუმცა,მეორე მხრივ,თავიდან ასევე ბევრს არ სჯეროდა,რომ გასულ წელს კიმ ჩენ ინმა პუტინს 11 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო გაუგზავნა კურსკის ოლქიდან უკრაინული საექსპედიციო კორპუსის გასადევნად და ფაქტია,რომ სწორედ ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი იმაში,რომ რუსეთის კურსკის ოლქის თითქმის რვა თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინელ სამხედროებს მოუწიათ ბრძოლებით უკან დახევა მშობლიურ სუმის ოლქში.
ასე,რომ ბოლომდე გამორიცხული არაფერია...
ამასთან,რამდენიმე ათასმა ჩრდილოკორეელმა სამხედრომ უკვე მიიღო რუსეთ-უკრაინის თანამედროვე ომის საბრძოლო გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გაუზიარებს რუსეთის საოკუპაციო არმიის დასახმარებლად მომზადებული ახალი ჩრდილოკორეული დანაყოფებისა და შენაერთების პირად შემადგენლობას და ისინიც უკრაინის დამცველებთან ბრძოლებში ბევრად უფრო მომზადებულები ჩაერთვებიან.
100 ათასიანზე მეტი სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა საბჭოთა კავშირს 1979-89 წლებში ავღანეთში და იმავე ავღანეთში,ოღონდ 2001-2021 წლების პერიოდში ამერიკელი და სხვა ქვეყნების(მათ შორის საქართველოს)სამხედროების საერთო რიცხვიც ასცდა ამ რაოდენობას,მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არც კრემლისთვის და არც თეთრი სახლისთვის, რომ მათ სრულად გაეკონტროლებინათ ავღანეთის მთელი ტერიტორია.
რაც შეეხება უკრაინას,მის წინააღმდეგ პუტინს ისედაც დარაზმული ჰყავს მილიონამდე სამხედრო,რომლებიც ორი ათას კმ-მდე სიგრძის ფრონტის ხაზზე არიან განაწილებულნი და კიდევ 100 ათასის დამატება თითქოს არაფერს შეცვლის.
მაგრამ, ასი ათასი,ერთი ეროვნების მქონე სამხედროების(ამ შემთხვევაში კი ჩრდილოეთკორეელების,რომლებიც ისედაც გამოირჩევიან დიდი ფანატიზმით) თავმოყრა ფრონტის ერთ კონკრეტულ უბანზე და კარგად დაგეგმილ შეტევით ოპერაციაში მათი ერთდროული გამოყენება უდიდეს პრობლემას გაუჩენს უკრაინის დამცველებს ფრონტის ხაზის ღრმა გარღვევის დიდი საფრთხის სახით...
ფაქტია,რომ მაშინ,როდესაც ევროპა ტრადიციულად ჭოჭმანობს უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნეს კი,მიუხედავად იმისა,რომ მათი უშუალოდ ბრძოლებში ჩართვა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან არც კი განიხილება,ხოლო ამერიკელები თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავენ ერთი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნასაც კი კიევის დასახმარებლად, კიმ ჩენ ინი რეალურ დახმარებას უწევს სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ...
P.S. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეიძლება ეს ნაბიჯი პროპაგანდისტულად ჩაუთვალონ,მაგრამ უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებული მისი არმიის პირველი ნაკადის სამხედროებს და მათ შორის დაჭრილებს ის პირადად შეხვდა და დააჯილდოვა,ხოლო დაღუპულების სურათებს და მათ ჭირისუფლებს პატივი მიაგო და არა ისე,როგორც ეს პუტინს აქვს ერთი-ორჯერ გაკეთებული.
ფხენიანი ოფიციალურად არ ამჟღავნებს უკრაინის ფრონტზე დაღუპული ჩრდილოკორეელი სამხედროების რაოდენობას,მაგრამ კიმ ჩენ ინს მათი სურათები გრძელ კედელზე ჩამოკიდებული დახვდა.სამხრეთ კორეის დაზვერვა(რომელსაც საკუთარი პროპაგანდისტული ინტერესები ამოძრავებს) კი ამტკიცებს,რომ უკრაინასთან ომში დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების საერთო რაოდენობა 600-ს აღემატება,რაც არცთუ ისე დიდი რიცხვია 11 ათასიანი ჩრდილოკორეული იმ სამხედრო კონტინგენტისთვის,რომელიც კურსკის ოლქში რამდენიმე თვე იბრძოდა.