ახალი გეოპოლიტიკური სენსაცია: ტრამპი და ლუკაშენკო საიდუმლო გარიგებას დადებენ?! - "გაექცევა" თუ არა "ბატკა" პუტინს - კვირის პალიტრა

ახალი გეოპოლიტიკური სენსაცია: ტრამპი და ლუკაშენკო საიდუმლო გარიგებას დადებენ?! - "გაექცევა" თუ არა "ბატკა" პუტინს?

„იმ დროს, როცა ყველა უკრაინას უყურებს, გეგმავს თუ არა დონალდ ტრამპი საიდუმლო გარიგების დადებას ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან?“ - ასეთი სათაური აქვს გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ჰანა ვაგნერი), რომელშიც გაანალიზებული და პროგნოზირებულია ვაშინგტონ-მინსკის ურთიერთობები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ირგვლივ მოლაპარაკების ჩრდილში აშშ-ის პრეზიდენტმა უეცრად რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან თამაშები დაიწყო და ქვეყნის საპყრობილეებში მყოფი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ცდილობს. რა დგას დონალდ ტრამპის მოქმედების უკან?

ამერიკელმა ლიდერმა ისევ გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი ურთიერთობის ექსპანსიური სტილი: გასულ კვირას დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა, რომ ტელეფონით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა „ბელარუსის პატივცემულ პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან“, რომელიც ქვეყნის მეთაურის პოსტზე 1994 წლიდან იმყოფება. ტრამპი აღნიშნავს, რომ მან მადლობა გადაუხადა თავის ბელარუს კოლეგას 16 პოლიტპატიმრის ციხიდან გათავისუფლებისათვის და იმედი აქვს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კოლონიებიდან კიდევ 1600 პატიმარს გამოუშვებს. ტრამპ-ლუკაშენკოს საუბრის ფაქტი, ტრამპ-პუტინის ალასკური შეხვედრის ფონზე, საკმაოდ შეუმჩნეველი დარჩა.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა ხდება ვაშინგტონსა და მინსკს შორის?

მოულოდნელი შეწყალება

რამდენიმე თვის წინათ ალექსანდრე ლუკაშენკომ უეცრად დაიწყო ცალკეული პატიმრების შეწყალებები. თავდაპირველად ბევრი ექსპერტი ასეთ „საქველმოქმედო ჟესტებს“ იმის ერთგვარ მცდელობად მიიჩნევდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, საჭირო იყო მოსახლეობის დამშვიდება და ლუკაშენკოსთვის საკუთარი იმიჯის გადემოკრატიულება. მაგრამ ამნისტიები გრძელდებოდა - 2024 წლიდან, დაახლოებით, 300-მდე პატიმარი გათავისუფლდა. განსაკუთრებით ივნისის ბოლოს, როცა მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკიც აღმოჩნდა. როგორც მინსკი იტყობინებოდა, ეს მოხდა დონალდ ტრამპის პირადი თხოვნის საფუძველზე. ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა მინსკში თავისი სპეცდესპანი - კიტ კელოგი გაგზავნა.

„სერგეი ტიხანოვსკის შეწყალება იყო ის „ფასი“, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკომ გადაიხადა ამერიკელი მაღალჩინოსანი სტუმრის ვიზიტისთვის“, - განაცხადა „ტაგესშპიგელთან“ საუბარში ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტემ შრაიბმანმა, რომელიც დევნილობაში ცხოვრობს, - „ლუკაშენკოს მიზანი საკმაოდ ნათელია - მას სურს დასავლეთის ყურადღების მიპყრობა და დიალოგის დაწყება იმ იზოლაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა 2020 წლიდან იმყოფება“.

პუტინზე დამოკიდებულების მძიმე ტვირთი

ბელარუსი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან არის დამოკიდებული მეზობელ რუსეთზე. დასავლურმა სანქციებმა ბოლო წლებში ეს დინამიკა კიდევ უფრო გააღრმავა - 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, უკრაინაზე თავდასხმის წინ, ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ჯარების განლაგებისათვის თავისი ტერიტორია დაუთმო, საიდანაც 24 თებერვალს მასშტაბური შეტევა დაიწყო უკრაინაზე. ლუკაშენკო, ასევე, დათანხმდა რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას ბელარუსის ტერიტორიაზე.

მაგრამ, როგორც ექსპერტები მუდმივად აღნიშნავდნენ, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მტკიცე მეგობრობა მაცდუნებელია და არავინ არ უნდა მოტყუვდეს. უბრალოდ, გარემოებათა გამო, ბელარუსი ლიდერი იძულებულია, მოსკოვის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შეინარჩუნოს.

„რუსეთზე დამოკიდებულების სპირალიდან ამოვარდნის მიზნით, დიქტატორი ფსონებს დებს უფრო ინტენსიურ კონტაქტებზე ვაშინგტონთან“, - განმარტავს არტემ შრაიბმანი, - "მისი მიზანი იმაში გამოიხატება, რომ გააფართოვოს თავისუფლად მოქმედების არეალი და არ იყოს მთლიანად დამოკიდებული რუსეთზე და მის ეკონომიკაზე“.

ექსპერტის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც ჩანს, სამი სავარაუდო სცენარის იმედი აქვს: აშშ-ის სანქციების შესუსტება, ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩაბმა - საერთაშორისო არენაზე, საკუთარი მნიშვნელობის გაზრდის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ: „ფეთქებადსაშიში ხმები: კაცი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუპირისპირდება" - Bild

მთავარი გეოპოლიტიკური დილემა: ევროპული ჯარები თუ უსუსური დამკვირვებლები უკრაინაში - როგორ მისცემენ ამ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს?!

ზელენსკის უმძიმესი არჩევანი და პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი - რატომ "ჩაიციკლა" კრემლის ბინადარი დონეცკის ოლქის დათმობაზე?!

The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: "ცირკი დასრულდა - პუტინმა ტრამპისაგან სწორედ ის მიიღო, რაც სურდა"

ტრამპს „გარიგებების დადება უყვარს“

და რას ფიქრობს ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი? „დონალდ ტრამპის მომატებეული ინტერესი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად არის მოტივირებული ადამიანის უფლებების გრძელვადიან პროგრამასთან. ტრამპის მოქმედება პირველ რიგში უფრო სტრატეგიული კუთხით უნდა განვიხილოთ“, - ამბობს ქრისტიან ლამბერტი, ბერლინის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის ინსტიტუტის პროფესორი. მისი აზრით, რესპუბლიკელ პრეზიდენტს ერთდროულად შეუძლია საკუთარი თავი „დასავლური ფასეულობათა დამცველად წარმოაჩინოს და იმავდროულად იზოლაციაში მყოფ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პრივილეგირებული მოსაუბრის როლშიც გამოვიდეს: „თანაც თუ ტრამპი გარიგების დადების ხელოვნებას ბელარუსის მიმართაც გამოავლენს, მაშინ ის მიაღწევს იმას, რაც მისი წინამორბედებისათვის მიუღწეველი იყო“.

„პოლიტპატიმრების საკითხში ჩარევა დონალდ ტრამპს შესაძლებლობას აძლევს ირიბი ზეწოლა მოახდინოს ვლადიმერ პუტინის მოკავშირეზე, თანაც ისე, რომ მინსკთან კონტაქტების დროს უკრაინის კონფლიქტის დელიკატურ მოლაპარაკებებს არ შეეხოს“, - ამბობს ქრისტიან ლამბერტი.

რეჟიმის მოწინააღმდეგეთა დიდი იმედები

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საბოლოოდ დონალდ ტრამპის მოტივები, ბევრი ბელარუსი დისიდენტი პირდაპირ გაოცებული დარჩა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯით. ნობელის პრემიის 19 ლაურეატმა, მათ შორის სვეტლანა ალექსიევიჩმა და ჰერტა მიულერმა, რამდენიმე დღის წინ მადლობა გადაუხადეს დონალდ ტრამპს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო და სთხოვეს, რომ მიღწეულზე არ შეჩერდეს.

მაგრამ, როგორც ქრისტიან ლამბერტი ამბობს, ნაკლებადსავარაუდოა, რომ დამატებით ერთდროულად კიდევ 1300 პატიმარი იქნება გათავისუფლებული. ამისათვის დონალდ ტრამპს მოუწევს ალექსანდრე ლუკაშენკოს წინაშე მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება აშშ-ევროკავშირის შორის დაძაბულობა გამოიწვიოს: ბრიუსელს მინსკთან რიგი მიზეზების გამო დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს.

და მაინც, თანდათანობითი ამნისტია, უკრაინასთან მოლაპარაკების პროგრესის ფონზე, სრულიად შესაძლებელია. არტემ შრაიბმანის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა ნებისმიერი გარიგებისათვის, თუ მისთვის ფასი მისაღები იქნება. ამ თვალსაზრისით ბელარუსი ლიდერი ნამდვილი ბიზნესმენია - ისევე როგორც თვითონ დონალდ ტრამპი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.tagesspiegel.de/internationales/wahrend-alle-auf-die-ukraine-blicken-plant-trump-einen-geheimdeal-mit-belarus-diktator-lukaschenko-14202719.html